გორელი ბრაუნაუში

ისტორიის ნებისმიერი მოყვარული ავსტრო-უნგრეთის იმპერიის (სიტყვა ყოფილი არ გამომრჩენია, ჩემთვის ის კვლავ ძველი, მრისხანე ჰაბსბურგების იმპერიაა, მოდიფიცირებული ტერიტორიული დაყოფითა და ოდნავ სახეცვლილი ადმინისტრაციული სისტემით) მიწებზე ფეხის დადგმამაც კი შეიძლება სიამოვნებით შეაკანკალოს. იმის წარმოსადგენად, რომ ეს სწორედ ის ადგილია სადაც ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაშობი დასავლური ცივილიზაცია გაიფურჩქნა, თვალების მაგრად დახუჭვა და ფანტაზიებში წასვლა სულაც არაა საჭირო. პირიქით. უხეშად და ხარბად უნდა შეხედო იმ ნატიფ ნაგებობებსა და ადგილებს, რომელთა შესახებ მხოლოდ წიგნებიდან გსმენია და რომელთა სილამაზემაც შეიძლება დაახლოებით ისეთი ბგერები გამოგაცემინოს, როგორიც მეექვეკლასელს პლეიბოის უახლესი ნომრის ფურცვლისას.

ვენა ეს ქალაქი მუზეუმია. მისი ცენტრალური ნაწილი, სადაც განსაკუთრებით უხვადაა თავმოყრილი არქიტექტურული შედევრები, ესთეტიური ტკბობის გარდა კისრის კუნთების ტკივილსაც გჩუქნის, ვინაიდან შეუძლებელია  უემოციოდ, უმოძრაოდ უყურო იმ შედევრებს რომელთა ამგებებზე ფიქრისას სიტყვა დიდოსტატი ფერმკრთალდება, რადგან ეს სულაც არაა ის სიტყვა, მათ გენიას რომ სათანადოდ აღწერს. შედიხარ წმინდა სტეფანის საკათედრო ტაძარში და მომენტალურად აცნობიერებ თუ როგორ და რატომ იყო ეს ქვეყანა კათოლიციზმის ბურჯი და მადლიერებით იხსენებ ფიქრებში მამაც პოლონელებს იან სობიესკის მეთაურობით, რომელთაც ოტომანთა ველური ურდოებისგან იხსნეს ქრისტიანობის ეს მარგალიტი. ბავშვური აღფრთოვანების გრძნობა გეუფლება ვენის ოპერისა და თეატრის შენობების წინ ჩავლისას, როდესაც გულისფანცქალით და თავშეკავებული მღელვარებით უმზერ იმ გოროზ სახელებსა და მონუმენტებს, რომელთაც შექმნეს ცივილიზაცია, შექმნეს იმპერია, შექმნეს დასავლეთი!

და ამავდროულად თვალში საოცრად უშნოდ გეჩხირება საბჭოთა  „განმათავისუფლებლებისადმი“ მიძღვნილი ობელისკი, სადაც იმ ადამიანთა გვარებია ამოტვიფრული რომელთაც მილიონობით ქალი გააუპატიურეს მათი ბინძური ჩექმით დამორჩილებულ ქვეყნებში და ძარცვეს მდიდრული გერმანული მიწები, თუმცა საპასუხო რისხვის ნაცვლად, მადლიერება მიიღეს. ამაყი ჰაბსბურგების მიწაზე, უთავმოყვარეობის ამ სიმბოლოს არსებობა ნამდვილად გულსატკენია. თუკი ვინმეს აინტერესებს ხუროთმოძღვრული დემოტივატორი, შეუძლია იხილოს.

ვენის ბრწყინვალებასთან შედარებით ზალცბურგი შედარებით მოკრძალებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა როდესაც იქ მოცარტის დაბადების ადგილია ამასაც გადაიტან და იმასაც, რომ დაკავებული ჰოსტელების გამო, წვიმიან ზალცბურგში არც თუ ისე რომანტიკული ღამის გარეთ გატარება გიწევს. ამას დავუმატოთ ღამის სამ საათზე კლუბებიდან გამოშლილი ახალგაზრდობა, რომელთაც ჩემი მეგობრის ენამოსწრებული გამონათქვამის თანახმად, ზალცბურგი ‘ზასბურგად’ გადააქციეს და უშვერად არწყიეს იმ შენობების წინ სადაც ერთ დროს შთაგონებული მოცარტი და ძმანი მისნი დააბიჯებდნენ. ჭეშმარიტად: O tempora, o mores!

მოცარტის მუზეუმი პატარა, თუმცა დატვირთულია. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ამძაფრებს სახლის ყველა კუთხიდან გადმოღვრილი სასიამოვნო მელოდია, რა დროსაც სურვილი გიჩნდება ვინმე მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ავსტრიელი ბარონი დაიმარტოხელო და სადოვასთან წარუმატებელი ბრძოლის დეტალებზე სევდიანი გამომეტყველებით ესაუბრო, ანაც სასახლის კარის ინტრიგები გამოკითხო, რეალურად კი ხელში გაკრეჭილი და ფოტოაპარატის მომაბეზრებლად მოჩხაკუნე ჩინელი (იაპონელი/კორეელი/ტაივანელი/) ტურისტი შეგრჩება.  სასიამოვნოა, როდესაც დასავლური კლასიკური მუსიკის კორიფეს ამდენი ადამიანი აფასებს, სამწუხაროა, რომ მათი უმრავლესობა ევრაზიის აღმოსავლეთ სტეპებიდანაა.

ავსტრიული ოდისეის სანახაობრივად ყველაზე უინტერესო, თუმცა ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილი ბრაუნაუში ჩასვლა იყო, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია გორში დაბადებული ადამიანისთვის. ჰიტლერის დაბადების ადგილას მიყრდნობილს ანგარიშმიუცემლად მეცინებოდა (თუმცა სასაცილო არაფერი იყო, ნამდვილად) იმის წარმოდგენისას, თუ როგორ შეანარცხა ორი დიდი ერი ერთმანეთს, ამ ორ მიყრუებულ ადგილას დაბადებულმა არამზადამ. შესაძლოა სიცილის მიზეზი იმ ბრაუნაუელების გამომეტყველება იყო, რომელთაც ალბათ ვერ გაეგოთ რაში აინტერესებდა ორ წვერგაუპარსაც ქართველს ჰიტლერის დაბადების ადგილი, ან სულაც ბრაუნაუში გახსნილი თურქული საშაურმე (ო, წმინდაო ღმერთო!) მაგრამ მთავარი ეს სულაც არაა. მთავარი ისაა, რომ ის ოცნება ავისრულე, რომელსაც 1 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი და იმ ადგილას დავადგი ფეხი, სადაც პატარა ფიურერის ბღავილი მეზობლებს აწუხებდა.

პ.ს. სურათებს მოგვიანებით ავტვირთავ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s