აწმყო არ გვწყალობს?

უკვე ერთ წელიწადზე მეტი იქნება, ჩვენ თვალწინ გაშლილია ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, თავისუფლებასა და მონობას, უკრაინასა და რუსეთს შორის.

ერთ წელიწადზე მეტია, უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. იბრძვის ფაქტობრივად მარტო და ებრძვის სიკვდილისა და ნგრევის მანქანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიწრთო „ხალხთა ჟანდარმად“.

მსოფლიო ისტორიის იღბლიანი პერიოდების განმავლობაში, ცივილიზებული სამყარო ერთობლივი ძალისხმევით უპირისპირდებოდა რუსული დიდმპყრობელობისა და იმპერიალიზმის ავადმყოფურ იდეებს და ამარცხებდა კიდეც. სწორედ ამ დამარცხებას სდევდა ხოლმე თან დამონებული ერების დილეგის მსხვრევა. სამწუხაროდ, ჰიენისთვის თავის გაჩეჩქვა და მისი საბოლოო განადგურება, გამარჯვებულთა სიფრთხილის ან იქნებ სიბეცის გამო, ვერ მოხერხდა.

Featured image

ამის გამო, დღეს როდესაც კიდევ ერთხელ ავბედითად გამჟღავნდა გორჩაკოვისეული „რუსეთი კონცენტრირებას ახდენს“ ფრაზის შინაარსი, უკრაინა მარტო აღმოჩნდა „ტაიგის ბატონ-პატრონის“ რევიზიონისტული ამბიციების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავისუფალი სამყარო, რიტორიკული ერთობის მიუხედავად, საკმაოდ დანაწევრებულია იდეოლოგიურად იმისთვის, რომ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი გახსნას. გამქრალია ერთობის ქვაკუთხედი – საერთო იდეალები. ან შეიძლება კი საერთოდ იდეალებზე საუბარი, როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი გაზპრომის რიგითი მუშაკი ხდება, საფრანგეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი კი ფულს იღებს იმ ქვეყნიდან, რომელი ქვეყნის ნაციონალისტური პარტიის ლიდერიც კმაყოფილებით იხსენებს პარიზში დამპყრობელი რუსი სამხედროების ჩექმების ბრაგუნს?

ფუნდამენტური ღირებულებების რესტავრაციის პროცესს ართულებს თავისუფალ სამყაროში გამოკვეთილი ლიდერის არ არსებობაც. წინათ, როდესაც ინგლისის პრემიერ-მინისტრი ან ამერიკის პრეზიდენტი უყოყმანოდ იღებდა ხელში ტოტალიტარიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის დროშას, დღეს სახეზეა ნების ეროზია, რაც შემდგომი დასუსტების გარდაუვალობის უტყუარი ნიშანია.

თუმცა,  ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მარცხისთვის ვართ განწირულნი, ბოროტება კი აუცილებლად იზეიმებს. კი, დღეს უკრაინა, ჩვენი სამშობლოს მსგავსად სისხლითა და ცრემლითაა მორწყული, მაგრამ სწორედ ეს სისხლი და ცრემლის სიკეთის გამარჯვებისთვის ჩაყრილი საძირკველი. წარმოუდგენლად რთულია, დღეს, ცეცხლის ალში გახვეული სამყაროს ცქერისას ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის რწმენა შეინარჩუნო, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელია რაც დღეს გვასულდგმულებს.

ადამიანი მომავალზე მოფიქრალი ცხოველია. ჩვენი ფიქრისა და საქმიანობის უმთავრესი განმსაზღვრელი სწორედ მომავალია. ალბათ ამიტომაც არ მომწონს წარსულზე და აწმყოზე ზედმეტად კონცენტრირებული ადამიანები – პირველები უიმედო რომანტიკოსებად მესახებიან და მეორენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებით მოაზროვნე ჰედონისტებად. ჩვენი ოცნებებიც ხომ მომავლის იდეალიზებული და საუკეთესო სცენარის ხორშესხმის რეფლექსიაა.

გაივლის წლები და ჩვენ, მილიონობით სხვა თანამოაზრესთან ერთად სევდით გავიხსენებთ ტრაგედიის იმ მორევს, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით ჩაძირულნი. გავიხსენებთ თავისუფლებისმოყვარე ერის ბრძოლას მთელი კაცობრიობის სახელით. გავიხსენებთ მათ, ვინც უდრტინველად, მოვალეობისა და ღირსების გრძნობით აღვსილებმა გაიარეს ეკლიანი გზა და აუცილებლად, აუცილებლად (!) გავიხსენებთ მათაც, ვინც ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის ამ გზის გავლაში.

თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა ადვილი, მაგრამ არც არასოდეს ყოფილა ამაო. ამას ადასტურებს პრეზიდენტი ბუშის სიტყვებიც, რითაც მან სამყაროს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის დაწყება ამცნო: „თავისუფლება და შიში,  სამართლიანობა და სისასტიკე ყოველთვის ებრძვიან ერთმანეთს და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ამ ბრძოლაში ნეიტრალური არ არის“.