ქართული ტოლერანტობის კრიზისი?

თუ გვსურს ქართული საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, ფორუმ.გე სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. ქვეყანაში მომხდარი თუნდაც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აქ შესაძლოა უმწვავესი დისკუსიის თემად იქცეს და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა “კლავიატურის ლომების” კბილთა ღრჭენა გამოიწვიოს. იქ გახსნილი თემების მიხედვით კი ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ თუ რა თემაა ამჟამად საქართველოში აქტუალური, რა აწუხებს და ტკივა საქართველოს მოქალაქეს.

ეს თემაც http://forum.ge/?f=29&showtopic=34217046 ერთი შეხედვით გადაღეჭილ და გადამღერებულ საკითხს ეხება: ქართველთა ტოლერანტობა, მათი დამოკიდებულება ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა მიმართ. ანალიზიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს – ან “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” ანაც “ქართული ტოლერანტობა მითია, ეს სად ვკვდები ამის…”. ერთი მხარე ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილ და დღემდე არსებულ უპირობო შემწყნარებლობაზე საუბრობს, მეორეს კი ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის და იდეაფიქსად დაუსახავს ამ ყალბი სტერეოტიპის ნგრევა.

რაიმე მოვლენის ან საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვის მოწინააღმდეგე არასოდეს ვყოფილვარ. არსებობს შავი და თეთრი, არსებობს ბოროტი და კეთილი, არსებობს სიმართლე და სიცრუე. თუმცა, ამ შემთხვევაში ზემოთხსენებულ ორ მიმართულებას მოვლენის ასახსნელად ტერმინოლოგიური და მორალური სიცხადე აკლია და ხელიდან უსხლტებათ მთავარი აზრი, ანუ რას ვგულისხმობთ ტოლერანტულობით და სად გადის ზღვარი  სასურველ ტოლერანტობასა და არასასურველ იდიოტიზმს შორის.

სიტყვა ტოლერანტობა, რომელიც შემწყნარებლობას ნიშნავს და რომელსაც თავდაპირველად ვიწრო რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვა რელიგიური კონფესიების “გულდანდობილ სუფევას” უმრავლესობის რელიგიასთან ერთად, თანდათან იქცა ზოგადად ყოველივე განსხვავებულის შეწყნარების აღმნიშვნელ სიტყვად და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე ლიბერალის ლექსიკაში. მაგრამ არის კი ეს სიტყვა იმ დატვირთვის მატარებელი რასაც დღეს მივაკუთვნებთ?

რა თქმა უნდა ამ პოსტში ლინგვისტურ – სემანტიკური კვლევებს ვერ შემოგთავაზებთ, საამისოდ არც თავხედობა და არც კომპეტენცია არ მეყოფა. მე უბრალოდ მინდა რომ მეტნაკლებად გავფანტოთ ის მისტიციზმის ღრუბელი რაც ამ სიტყვას აჰკიდებია და ყველაფერს თავისი (შეიძლება არც ისე ისე სასიამოვნოდ გასაგონი) სახელი დავარქვათ.

1) ტოლერანტობა როგორც ასეთი, მოიაზრებს იმას, რომ რელიგიურ, პოლიტიკურ ან სხვა სახის დოქტრინას, იდეებს ან მოძღვრებას, აქვს უფლება რომ იარსებოს მის დომინანტ ანალოგთან ერთად. იარსებოს და არამც და არამც ძირი გამოუთხაროს ან ფარულ კონკურენციაში ჩაებას. მას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის მიუნიჭებია გაბატონების ან საკუთარი მრწამსის თავსმოხვევის უფლებას.

2) ნებისმიერი ინდივიდი მოვალეა პირველ რიგში საკუთარი კულტურის და სახელმწიფოს მიმართ იყოს ტოლერანტული და მის არსებობას უჭერდეს მხარს უპირობოდ. თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი კულტურის (საკუთარში ვგულისხმობ იმ კულტურას, რომელშიც იგი გაიზარდა და მისთვის მშობლიურია) დაცვა და პატივისცემა, მისი ტოლერანტობა სხვა დანარჩენი კულტურისა თუ რელიგიის მიმართ საპნის ბუშტზე უფრო მყიფე და დემოკრატიულ რუსეთზე უფრო არარეალურია.

3) როდესაც ნათელი ხდება, რომ ტოლერანტობის უბასრესი მორალური მახვილით შეიარაღებული ელემენტები იმას უქადიან საფრთხეს, რაც შენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია (კიდევ ერთი დაზუსტება: აქ იგულისხმება ნამდვილი საფრთხე და არა ჭიქაში შექმნილი ქარიშხალი ‘გარყვნილი დასავლეთის’ წინააღმდეგ, რაც უბრალოდ სასაცილოა) საპასუხო რეაგირების მექანიზმი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს და არსებული საფრთხის განეიტრალებას ცდილობს. ცდილობს მის ხელთ არსებული საშუალებებით და მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით და ეს მცდელობა ბუნებრივი და ლოგიკურია.

ვცადოთ და მოვარგოთ ეს მსჯელობა დღევანდელ ქართულ რეალობას. სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მდგომსა და სამხედრო წარუმატებლობით დათრგუნულ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება ძლიერი საერთო მორალური და კულტურული ფასეულობები, რომლებიც შეკრავს და სათანადო მიმართულებას მიუჩენს იმ ნაციონალისტურ სენტიმენტებს, რომლის ნაკლებობასაც ჩვენნაირი პატარა და ბედისგან არც თუ განებივრებული ერები არასოდეს განიცდიან. ტოლერანტობა ჭეშმარიტად ამ ფასეულობათა შემადგენელი ნაწილია და მისი უარყოფა ძნელია აზრად გაივლო. დღევანდელი ევროპული სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოში არასოდეს ყოფილა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი დევნა და დღესაც შეუწყნარებლობის და რეალური დისკრიმინაციის ნებისმიერ მცდელობას საზოგადოების ყველაზე კონსერვატიულად მოაზროვნე ნაწილიც კი უარყოფითად ეკიდება.

ამავე დროს, ძნელია ხელაღებით დაგმო ის ნაკლებად პოლიტკორექტული გამონათქვამები, რომელიც იმ თემაში დაიწერა. მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს ქართული კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების აშკარა და ხელაღებით მიტაცება ან ფალსიფიკაცია, თანაც იმ ფასეულობების, რომელთა მიმართაც ქართველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა (მხედველობაში მაქვს ‘მოძმე’ სომეხი ერის “საქმენი სამამაცონი”) ძნელია ამის ჩამდენებს ტოლერანტობის ურღვევი ჯაჭვის პერანგი მოარგო და დაიცვა.

ტოლერანტობა ამას არ ითვალისწინებს!

ტოლერანტობა არ გულისხმობს გულხელდაკრეფით ჯდომას და იმის ყურებას როგორ უჩინარდება ის ყველაფერი (დიახ ყველაფერი, დაივიწყეთ ვიწრო კულტურული გაგება) რაც სხვა ქართველებმა შექმნეს!

ტოლერანტობა არ გულისხმობს მოყვრულად მოსული მტრის გულში ჩაკვრას. მის მიერ შემოთავაზებული სატყუარის გადაყლაპვას!

შესაბამისად ქართველთა ლეგიტიმურ გულისწყრომას და სიბრაზეს იმ ერების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც ცნება ქართული ადვილად მოსანელებელი ჰგონიათ, არაფერი აქვს საერთო ქართული ტოლერანტობის კრიზისთან. ეს არის სავსებით კანონზომიერი რეაქცია მაშინ, როდესაც თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს. საინტერესოა რომ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში: საკუთარი უნიკალური კულტურის გაქრობით შეშფოთებული დასავლური სამყაროს წევრები, ხშირად ისეც იქცევიან რომ მსგავსი მოვლენა საქართველოში, ქართული ტოლერანტობის ყბედ კრიტიკოსებს დაახლოებით 6 თვე ეყოფოდათ თავის შესაქცევად.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედამიწაზე რაიმე სრულყოფილი შეიძლება არსებობდეს, ქართული ტოლერანტობაც შორს დგას მისგან, მაგრამ დროა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ქართული ტოლერანტობა მითი კი არა მრავალსაუკუნოვანი სინამდვილეა და ის, თუ როგორ პასუხობენ (რომელიც ვისურვებდი, რომ ბევრად მკაცრი იყოს) ქართველები უტიფრობაზე, ტოლერანტობის ცნებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ამყარებს.