ჯორჯ პატონის უკვდავი მიმართვა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი

ერთ – ერთი უმაგრესი Speech კაცობრიობის ისტორიაში. ცოტა დიდია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, პირობას ვაძლევ რომ არ ინანებს. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილები გამუქებული მაქვს.
1944 წლის 5 ივნისი (სადღაც ინგლისში)

ჯარისკაცებო! მთელი ეს მოარული ჭორები, რომ ამერიკა თავს არიდებს ომს, ამერიკას არ სურს ბრძოლა და ა.შ. სულელური მონაჩმახია. ამერიკელებს ტრადიციულად უყვართ ბრძოლა. ყველა ამერიკელს უყვარს ბრძოლის ეშხი და სიმაფრე. თქვენ დღეს აქ სამი მიზეზის გამო იმყოფებით: პირველი იმიტომ, რომ აქ თქვენი სახლების და საყვარელი ადამიანების დასაცავად ხართ, მეორე იმიტომ, რომ აქ თქვენი პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის დგახართ, რადგან არ ისურვეთ სხვაგან ყოფნა, მესამე იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ და ყველა ნამდვილ მამაკაც უყვარს ბრძოლა. როდესაც თქვენ, ყველა აქ მყოფი ბავშვები იყავით, ყველანი აღმერთებდით ყველაზე დაკუნთულ მოვარჯიშეს, ყველაზე სწრაფ სპრინტერს, ყველაზე მაგარ მოკრივეს, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის ლიგის ყველაზე ძლიერ მოთამაშეს. ამერიკელებს გამარჯვებული უყვართ. ამერიკელებმა არ იციან დამარცხებული შეწყნარება. ამერიკელებს სძულთ მშიშრები. ამერიკელები მუდამ მოსაგებად თამაშობენ. ჯოჯოხეთში, ზედაც არ შევაფურთხებდი ისეთ კაცს, რომელიც დამარცხდა და გაიცინა. სწორედ ამიტომაც ამერიკელები არასოდეს დამარცხებულან ომში და არც არასდროს დამარცხდებიან. ამერიკელთათვის დამარცხების იდეაც კი საძულველია.
ყველა თქვენგანი არ დაიხოცება. მხოლოდ თქვენი 2 პროცენტი ემსხვერპლება მთავარ ბრძოლას. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს ეწვევა. დიახ, ნებისმიერ ადამიანს ეშინია თავისი პირველი ბრძოლის წინ და თუკი იძახის, რომ არ ეშინია, ესე იგი მატყუარაა. ზოგი ადამიანი მშიშარაა, მაგრამ ისე იბრძვის, როგორც მამაცი, ანდაც პირდაღებული შესცქერის, როგორ იბრძვიან მისსავით შეშინებული ჯარისკაცები და ჯოჯოხეთიდანაც ლანძღვით უმასპინძლდებიან. ნამდვილი გმირი ისაა, რომელიც მაინც იბრძვის იმის მიუხედავად, რომ ეშინია. ზოგი ტყვიების წვიმაში ერთ წუთში ახერხებს ხოლმე თავისი შიშის დაძლევას, ზოგს ერთი საათი ჭირდება, ზოგსაც ერთი დღე. მაგრამ ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ სიკვდილის შიშმა დაჯაბნოს მისი ღირსება, მოვალეობის გრძნობა და თანდაყოლილი ვაჟკაცობა. ბრძოლა ყველაზე დიდებული შეჯიბრია, სადაც ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს. მას მოაქვს ყოველივე საუკეთესო და ანადგურებს ყოველივე სულმდაბლურსა და ბილწს. ამერიკელები ამაყობენ საკუთარი მაგარი ბიჭობით (He man) და არიან კიდეც მაგარი ბიჭები. დაიმახსოვრეთ, რომ მტერს თქვენი არა ნაკლებ ეშინია, თუ მეტად არა. ისინი სუპერმენები არ არიან.

თქვენი სამხედრო კარიერის განმავლობაში, არასოდეს მოგწონდათ ეს “უაზრო წვრთნები” (Chicken shit drilling) როგორც თქვენ მას უწოდებდით. ამას, ისევე როგორც სხვა ყველაფერს არმიაში, განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ეს მიზანი იყო სიფხიზლე. სიფხიზლე ყოველ ჯარისკაცში უნდა იყოს ჩანერგილი. არაფრად მიღირს ის ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თითისწვერებზე არ დგას. ბიჭებო, თქვენ უკვე ვეტერანები ხართ, სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებოდით. თქვენ მზად ხართ იმისათვის, რაც გელით. ჯარისკაცი მუდამ უნდა ფხიზლობდეს, თუკი სურს რომ ცოცხალი გადარჩეს. თუ მოადუნებთ სიფხიზლეს, მაშინ რომელიმე გერმანელი ნაბიჭვარი უკნიდან მოგეპარებათ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ.

სადღაც სიცილიაზე 400 აკურატულად გათხრილი საფლავია და ეს იმიტომ, რომ ერთ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა. მინდა გითხრათ, რომ ისინი გერმანული საფლავებია, რადგან იმ ნაბიჭვარს ჩვენ უფრო ადრე მივაგენით, ვიდრე იმათ. არმია ერთი გუნდია. იგი ცხოვრობს, იძინებს, ჭამს და იბრძვის როგორც გუნდი. ეს ინდივიდუალური გმირობის ამბები ყურითაა მოთრეული. იმ ყეყეჩმა ნაბიჭვრებს, რომლებიც ამ უაზრობებს შაბათის “ივნინგ პოსტისთვის” თხზავენ, იმდენი გაეგებათ ნამდვილ ბრძოლაზე, ცეცხლის წვიმის ქვეშ, რამდენიც ჟიმაობაზე.

ჩვენ საუკეთესო საკვები, საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო საბრძოლო სული გვაქვს და საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს. ღმერთმანი, ნამდვილად მეცოდებიან ის საცოდავი ნაბიჭვრები, რომლებიც ჩვენ უნდა შეგვებრძოლონ. ღმერთმანი, ეს ნამდვილად ასეა.

ჩემი ჯარისკაცები არ ნებდებიან. არ მსურს გავიგოს ის ამბავი, რომ რომელიმე ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაჭრილი იყო. და თუნდაც დაიჭრათ, მაინც შეგიძლიათ ბრძოლის გაგრძელება, არც ესაა წარმოუდგენელი უაზრობა. მე მინდა ისეთ ჯარისკაცებს ვუსარდლო, როგორიც იყო მაგალითად ლიბიაში მებრძოლი ერთი ლეიტენანტი, რომელმაც პისტოლეტი მკერდზე მიიბჯინა, ჩაფხუტი მოიხადა, თოფი გვერდზე დააგდო და მოახლოებულ გერმანელს ჩაფხუტის ჩარტყმით გაუტეხა თავი. შემდეგ თოფს დაავლო ხელი და კიდევ ერთი გერმანელი გაისტუმრა საიქიოს, სანამ გერმანელებმა გაიგეს რა ეშმაკები ხდებოდა მათ თავს. და მთელი ეს მომენტი, ამ ადამიანს ტყვია ფილტვში ჰქონდა გაჩერებული და ისე იბრძოდა. ის ნამდვილი ჯარისკაცი იყო! ყველა ნამდვილი გმირი სულაც არაა ზღაპრის მებრძოლი. თითოეულ ადამიანს არმიაში სასიცოცხლო როლი აკისრია. არასოდეს მოეშვათ. არასოდეს დაუშვათ იმაზე ფიქრიც კი, რომ თქვენი საქმე უმნიშვნელოა. ყველა ჯარისკაცს თავისი საქმე აკისრია და მან ეს საქმე უნდა შეასრულოს. ყველა ჯარისკაცი დიდი საქმის მნიშვნელოვანი რგოლია. რა მოხდებოდა მაშინ, სატვირთო მანქანის ყველა მძღოლმა მოულოდნელად რომ გადაწყვიტოს, რომ ვეღარ უძლებს დაბომბვისა და აფეთქების გრუხუნს, გაყვითლდეს და თავით გადაეშვას ორმოში? მშიშარა არაკაცი იტყვის: “ჯანდაბას, ათას ჯარისკაცში მე არ მომისაკლისებენ”, მაგრამ რა მოხდება ყველა ჯარისკაცმა რომ ასე იფიქროს? რა ჯოჯოხეთში ვიქნებოდით ახლა? რას დაემსგავსებოდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი სახლები ან თუნდაც მსოფლიო? არა, ღმერთმა დასწყევლოს ამერიკელები ასე არ ფიქრობენ. ყოველი ჯარისკაცი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ყველა ჯარისკაცი ემსახურება საერთო საქმეს. ყველა განყოფილება, ყველა შენაერთია მნიშვნელოვანია ომის ამ ფართო სქემაში. იარაღით მომარაგება საჭიროა, ჩვენი თოფების და არტილერიის მუდმივი მზადყოფნისათვის, რათა მუდამ წინ ვიაროთ. კვარტერმაისტერი საკვებისა და ტანისამოსითვისაა საჭირო, რადგან იქ, სადაც მივდივართ, ბევრი არაფერია მოსაპარი. ყველა ჯარისკაცს თავისი მოვალეობა აქვს, იქნება ეს მზარეულობა, მრეცხავობა თუ წყლის გაცხელება.

ყველა ჯარისკაცმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მის გვერდით მებრძოლ მეგობარზეც უნდა იფიქროს. ამ არმიაში ყბამოქცეული მხდალები არ გვჭირდება. ისინი ვირთხებივით უნდა გაიჟუჟონ. თუ ასე არ მოხდება, ისინი ამ ომის მერე სახლებში დაბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტ მშიშარას გაამრავლებენ. ჩააძაღლეთ ეს მშიშარა ნაბიჭვრები და ჩვენ მამაცთა ერი გვეყოლება. ერთ – ერთი უმამაცესი ჯარისკაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ, იყო ტუნისში, გააფთრებული ღამის ბრძოლის დროს, ტყვიების წვიმაში ტელეგრაფის ბოძზე ამძვრალი ყმაწვილი. როდესაც შევჩერდი მის წინ და ვკითხე რა ეშმაკებს აკეთებდა იქ, მან გადმომძახა: “კაბელს ვაკეთებ სერ” მე შევეკითხე: “არ ფიქრობ, რომ ახლა ეს ცოტა სახიფათოა?” მან მიპასუხა: “სერ, დიახ სერ! მაგრამ წყეული კაბელი უნდა შეკეთდეს სერ!” მე ვკითხე: “ეს თვითმფრინავები, გზას განუწყვეტლივ რომ ბომბავენ ხელს არ გიშლიან?” მან კი მიპასუხა: “არა სერ, მაგრამ აუტანლად კი ხმაურობენ სერ!” აი ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი ჯარისკაცი! ეს იყო ადამიანი, რომელმაც მოვალეობას მიუძღვნა ყველაფერი რაც გააჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა, შედარებით როგორ უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს მისი მოვალეობა დროთა განმავლობაში, მნიშვნელობა არა აქვს დეტალებს.

თქვენ უნდა გეხილათ ტუნისის გზებზე მოძრავი ჩვენი სატვირთოები. ჩვენმა მძღოლებმა მართლაც რომ დიდებულად წარმოაჩინეს თავი. დღე და ღამე მოძრაობდნენ იმ წყეულ გზებზე სადაც განუწყვეტლივ სკდებოდა და ფეთქდებოდა ბომბები და მაინც, არასოდეს გაჩერებულან და არასოდეს გადაუხვევიათ გზიდან. ჩვენ ეს ყველაფერი ძველი, დიდებული ამერიკული სულის წყალობით გადავლახეთ. ამ მძღოლებიდან ბევრი 40 საათის განმავლობაში ზედიზედ იჯდა საჭესთან და მიჰქროდა. ისინი არ იყვნენ მებრძოლები, მაგრამ იყვნენ ჯარისკაცები, პირნათლად ასრულებდნენ თავის საქმეს ჯოჯოხეთურ პირობებში და შეძლეს კიდეც ეს. ისინი გუნდის შემადგენელი ნაწილები იყვნენ. გუნდური ძალისხმევის გარეშე, მათ გარეშე, ჩვენ დავმარცხებოდით. ჯაჭვის ყველა რგოლი მტკიცედ გადაეჭდო ერთმანეთს და ჯაჭვის გაწყვეტა ვერავინ შეძლო!!

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ იცით ჩემი აქ ყოფნის ამბავი. წერილებში არსად არ ახსენოთ ეს ფაქტი. მსოფლიომ არ უნდა იცოდეს თუ რა ეშმაკები ტრიალებს ჩემ თავს. არავინ არ მოელის იმას,რომ მე ვიქნები ამ არმიის სარდალი. არც იმას ელიან, რომ საერთოდ ინგლისში ვარ. დაე პირველები ვინც ამ ამბავს შეიტყობენ, გერმანელი ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც ერთ მშვენიერ დღესაც თავიანთ ჩაფსმულ უკანა ფეხებზე აეყუდებიან და შიშით ამოიკნავლებენ: “უფალო იესო, ეს ხომ ისევ წყეული მესამე არმია და ის ნაბიჭვარი პატონია!”

ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯოჯოხეთს აქ მოვუღოთ ბოლო. რაც უფრო სწრაფად გავწმენდთ აქაურობას ამ წყეული ნაგვისგან, მით უფრო სწრაფად მოვაწყობთ გასეირნებას წითელშარდიანი იაპონელებისაკენ და მათ ბუნაგსაც მოვასუფთავებთ დროულად, სანამ წყეულმა საზღვაო ქვეითებმა მთელი დიდება თავად მოიხვეჭეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა სახლებში დაბრუნება. გვინდა ამ ომის დამთავრება. ამ ომის დამთავრების უსწრაფესი საშუალება კი ამ ომის დამწყები ნაძირლების ჩაძაღლებაა. რაც უფრო მალე ვუტირებთ მაგათ დედას, მით მალე დავბრუნდებით სახლებში. უმოკლესი გზა სახლამდე ბერლინისა და ტოკიოს გავლით გადის და როდესაც ბერლინში შევაბიჯებთ, მე ვაპირებ, რომ პირადად დავახალო ტყვია იმ ნაბიჭვარ არამზადა ჰიტლერს! ზუსტად ისე, როგორც საზიზღარ ქვეწარმავალს!

როდესაც ჯარისკაცი მთელი დღე სანგარში ზის, მას ბოლოს გერმანელი მიაგნებს. ეშმაკსაც წაუღია ეს აზრი. ჩემი ჯარისკაცები სანგრებს არ თხრიან. მე არ მინდა, რომ მათ სანგრები თხარონ, ვინაიდან სანგრები მხოლოდ ანელებს შეტევას. იმოძრავეთ! და მტერსაც არ მისცეთ სანგრების გათხრის დრო და შესაძლებლობა. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ მოვიგებთ მხოლოდ ბრძოლით და იმის ჩვენებით გერმანელებისთვის, რომ ჩვენ უფრო მაგარი ვაჟკაცები ვართ, ვიდრე ისინი ახლა არიან, ან ოდესმე იქნებიან. ჩვენ უბრალოდ კი არ ვესვრით მაგ ნაბიჭვრებს, არამედ მთელ შიგნეულობას ამოვაცლით და მაგით ჩვენი ტანკების მუხლუხებს გავპოხავთ. ჩვენ ამ სულმდაბალ აქოთებულ ნაბიჭვრებს წარბშეუხრელად დავხოცავთ. ომი სისხლიანი, მომაკვდინებელი საქმეა. მოგიწევთ გერმანელების სისხლის დაქცევა, ან ისინი დაღვრიან თქვენ სისხლს. დაუხვრიტეთ სხეული, ესროლეთ პირდაპირ გულებში. როდესაც გარშემო ბომბები ფეთქდება, სახიდან ჭუჭყს იწმენდა და აღმოაჩენ, რომ ეს ჭუჭყი კი არა შენი საუკეთესო მეგობრის სისხლი და ნაწლავებია, რომელიც ერთი წუთის წინ შენ გვერდით იბრძოდა, მაშინ გეცოდინება რაც უნდა გააკეთო!

მე არ მივიღებ არანაირ შეტყობინებას შინაარსით: “პოზიცია მიკავია”. ჩვენ არ ვიკავებთ ამ წყეულ პოზიციებს. პოზიციები იმ ნაბიჭვარმა გერმანელებმა დაიკავონ. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ და მოწინააღმდეგის ყვერების გარდა არაფრის დაკავება და ხელში ჩაგდება არ გვაინტერესებს. მერე კი ყვერებით უნდა დავაბზრიალოთ და განავალი პირიდან ვაყრევინოთ. ჩვენი ოპერაციის მთავარი მიზანი არის წინსვლა და მუდამ წინსვლა. მტერზე გადაბიჯება, ქვეშ გასხლტომა ან მასში გავლაც რომ მოგვიხდეს, ჩვენ ისე უნდა გავიაროთ მასში, როგორც განავალი მოძრობა უკანალში.

დრო და დრო წამოვა საყვედურები, რომ ჩვენ ხალხს მკაცრად მივერეკებით. მე სულ ფეხებზე მკიდია მსგავსი საყვედურები, რადგან მწამს ერთი ძველი და ბრძნული წესისა, რომ ერთ უნცია ოფლს ერთი გალონი სისხლის გადარჩენა შეუძლია. რაც უფრო მაგრად მივაწვებით, მით მეტ გერმანელს მოვკლავთ, რაც უფრო მეტ გერმანელს მოვკლავთ, მით უფრო ნაკლები ჩვენიანი დაიღუპება. მიწოლა ნიშნავს ნაკლებ მსხვერპლს. მინდა ეს კარგად დაიხსომოთ.

არის კიდევ ერთი დიდებული რამ ჯარისკაცებო, რისი თქმაც ამ ომის დასრულების და სახლებში დაბრუნების შემდეგ შეგეძლებათ. თქვენ მადლობლები იქნებით იმისა, რომ, როდესაც 20 წლის შემდგომ, ბუხართან მჯდომს, მუხლებზე მოთამაშე შვილიშვილი გკითხავთ, თუ რას აკეთებდით დიდ, მეორე მსოფლიო ომში, თქვენ არ მოგიწევთ ჩახველება, შვილიშვილის მეორე მუხლზე გადასმა და წალუღლუღება: “იცი შენი ბაბუა ლუიზიანაში განაბალს ხვეტდა”. არა სერ! თქვენ მას თვალებში ჩახედავთ და ეტყვით: “შვილო! შენი ბაბუა დიად მესამე არმიასა და იმ წყეულ ნაბიჭვარ ჯორჯ პატონთან ერთად იბრძოდა!”

4 ივლისი

აგერ 4 ივლისიც დადგა და ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ჩემი ბლოგიდან ვუერთდები და მეც ვულოცავ ამერიკელებს და ქართველ ამერიკოფილებს ამ მშვენიერ დღეს.

საქართველოს გარდა ორად – ორი ქვეყანა მეგულება დედამიწაზე, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ეს ორი ქვეყანა ამერიკა და საფრანგეთია. ამ უკანასკნელს პოსტს დაახლოებით 10 დღეში მივუძღვნი 🙂 🙂 🙂 დღეს კი 4 ივლისია და მინდა ამერიკაზე ვთქვა ერთი ორი სიტყვა.

შეიძლება ძალიან იდეალისტური პრიზმიდან ვჭვრეტ ყველაფერს, რაც ამერიკას უკავშირდება, მაგრამ მართლა გულწრფელად მწამს, რომ ამ სახელმწიფოს გარეშე მსოფლიო ბევრად უარესი იქნებოდა და რომ ამერიკა ერთგვარად აკეთილშობილებს ამ ბიწიერ სამყაროს.

დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკის კონსტიტუცია, ლინკონის სიტყვები, ამერიკელი გენერლების სიდიადე, ამერიკული იდეალების ბრწყინვალება ჭეშმარიტად აღმაფრთოვანებს. ვიხსენებ, როგორი დაძაბული ვაკვირდებოდი ბოლო წინაასაარჩევნო კამპანიას და როგორ ვუკრავდი ტაშს 4 ნოემბერს ამ დიდებულ ხალხს, მას შემდეგ, რაც მათ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ჩაუტარეს დემოკრატიის მასტერკლასი.

ადგილი, საიდანაც მსოფლიოს ეფინება თავისუფლების, შემოქმედების, ინდივიდუალიზმის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის იდეები… ეს ამერიკაა…

მახსენდება 2004 წლის დემოკრატების ყრილობაზე ბარაქ ობამას გამოსვლის დროს ნათქვამი ფრაზა: “ჩვენი სიძლიერე გამომდინარეობს არა ჩვენი სამხედრო მანქანის სიმძლავრიდან, ჩვენი ცათამბჯენების სიმაღლიდან და ჩვენი ეკონომიკის მოცულობიდან, არამედ იმ უბრალო აზრიდან, რომელიც დიდოსტატურადაა შეჯამებული და გადმოცემული 200 წლის წინათ მიღებულ დეკლარაციაში: ჩვენ გვწამს იმის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რომ შემოქმედმა უბოძა მათ ერთიანი და განუყოფელი უფლებები და მათ შორისაა სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება” – ორი ხელით გეთანხმებით ბატონო პრეზიდენტო!

დიდებულად ემსახურებიან სამშობლოს ერაყის და ავღანეთის, კოსოვოსა და ბოსნიის მიწაზე მოსიარულე ამერიკელი ჯარისკაცები, რომელთაც თავისუფლების და სილაღის ჰაერი ჩააქვთ ამ ხალხებში. მამაცურად იცავენ იმ იდეალებს, რითაც მათი ქვეყანა მუდამ იდგა და იდგება სხვებზე მაღლა!

ფილმში “დამოუკიდებლობის დღე” ყველაზე მეტად მიყვარს პრეზიდენტ უაიტმორის სიტყვით გამოსვლის სცენა და ძალიან ხშირად ცრემლებიც წამომსვლია ამ სცენის ყურებისას….

მინდა რომ ეს ქვეყანა ისევ დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, დაივიწყოს ის 8 წლიანი პოლიტიკური წყვდიადი და ახალ, იმედისმომცემ პრეზიდენტთან ერთად, ახალი ძალით და ენერგიით გაუძღვეს მსოფლიოს საერთო მიზნებისთვის ბრძოლაში.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

60 წელიწადი

დღეს 4 აპრილია…დიახ 4 აპრილი, რა მერე? 19 ჯერ ვნახე უკვე 4 აპრილი და ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი დღეა რა.
მაგრამ დღეს…
დღეს მსოფლიო ისტორიაში უძლიერესსა და ყველაზე ეფექტურ სამხედრო – პოლიტიკურ გაერთიანებას – ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, მოკლედ კი ნატოს დაარსებიდან 60 წლისთავი შეუსრულდა.

დიახ, დიახ – ექვსმა ათწლეულმა განვლო… ექვსმა მჩქეფარე ათწლეულმა…

მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის დიდი ადამიანები, რომლებმაც ითავეს შეექმნათ მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მოქნილი და საიმედო სისტემა, სისტემა, რომელმაც დროის ქარტეხილებს გაუძლო და მჯერა დღეს არსებულ პრობლემებსაც წარმატებით გაართმევს თავს.
მაშ ასე, ეს ადამიანები არიან:
1 ) ბელგია – პოლ ანრი ჩარლზ სპააკი
2 ) კანადა – ლესტერ ბოულზ “მაიკ” პარსონი
3 ) დანია – გუსტავ რასმუსენი
4 ) საფრანგეთი – რობერტ შუმანი
5 ) ისლანდია – ბიარნი ბენედიქტსონი
6 ) იტალია – კარლო სფორცა
7 ) ლუქსემბურგი – იოზეფ ბეკი
8 ) ნიდერლანდები – დირკ უიპკო სტიკერი
9 ) ნორვეგია – ჰალვარდ მანთჰეი ლანგე
10 ) პორტუგალია – ხოსე კაერიო და მატა
11 ) გაერთიანებული სამეფო – ერნესტ ბევინი
12 ) ამერიკის შეერთებული შტატები – დინ აჩესონი

ამ ადამიანების ძალისხმევით, სახელმწიფოებმა შეკრეს ისეთი კავშირი, რომელმაც ბევრს გაუჩინა რწმენა ადამიანური იდეალებისადმი და გადაჰყარა ის პესიმიზმი, შავი ღრუბელივით რომ ჩამოსწოლდა სამყაროს 2 მსოფლიო “ცხელი” და ერთი “ცივი” ომის გამო…

ნატოს სახელმწიფოებმა დაამტკიცეს, რომ დიუმასეული პრინციპები, მარტო მამაცი ფრანგი მუშკეტერების ექსკლუზივი არ არის და სახელმწიფოებმაც შეიძლება გამოიყენონ…გამოიყენონ და თანაც როგორ გარემოში…

‘ნატოელებმა” აჩვენეს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ მშვიდობიანად მოაგვარონ სახელმწიფოებრივი დავები, აჩვენეს რომ ადამიანი, გონიერი, ცივილიზებული არსებაა, მაგრამ აჩვენეს ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში საფრთხეები ისევ არსებობს და ამ საფრთხეებს მტკიცედ და ერთად უნდა ებრძოლონ…

პირადად ჩემთვის ნატო იმედის სიმბოლოა…

დღეს, როდესაც მსოფლიოს 60 წლოვანმა Wind of Changes – მა გადაუარა, და ჩვენი პლანეტა აღარ არის ისეთი, როგორიც 60, 50, 25 ან თუნდაც 10 წლის წინ იყო, ნატო კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემებითა და სირთულეებით, შეიმჩნევა უთანხმოება ბლოკის შიგნით და საზღვარგარეთული მემარცხენე – ლიბერალური პრესა, სულ უფრო ხშირად აკერებს მას “უხერხემლოსა” და ”არაეფექტურის” იარლიყს…

მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს, როდესაც ნატოს რიგები კიდევ ორმა ახალმა სახელმწიფომ შეავსო, საფრანგეთმა უარი თქვა ტრადიციულ გოლიზმზე და დაბრუნდა სამხედრო სტრუქტურებში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც აცნობიერებს ევრო ატლანტიკური პარტნიორობის მონოლითურობის აუცილებლობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ღირსეულად ატარებს ნატოს წევრის სტატუსს, ნატოს უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება…და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც აფრიალდება…

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნატოელებო, მესამოცე იუბილეს!!!!!