ორმაგი სტანდარტები

ეუფ, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, ობმოკიდებულია ჩემი ბლოგი….

ან ახალ წელზე დამეწერა რამე, ან სიახლეებზე, ან ისევ ობამასთვის მეკმია გუნდრუკი, ვერაფერმა ვერ შეძლო ჩემი სიზარმაცის უტეხი კედლის გაბზარვაც კი.

მაგრამ გუშინ გავიგე ერთი ამბავი, რამაც მოვალე გამხადა, რომ უბრალოდ ორი სიტყვით დამეწერა მის შესახებ.

მოკლედ ოპოზიციის წარუმატებელი გაზაფხულის აქციების შემდეგ, როდესაც სიტყვა ოპოზიცია უკვე რაღაც ნეგატიურთან ასოცირდება, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა შევიწროვება საგანგაშო მასშტაბებს იძენს, რეგიონებში თვალსაცემი ხდება პოლიციური ძალადობა და პირადად შემიძლია პოლიციელთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების უამრავი შემთხვევა გავიხსენო. თუმცა პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა წინააღმდეგ ამოქმედებულ პოლიციურ აპარატში არ არის. საკუთარი ძალაუფლების შეგრძნებით დამთვრალი სამართალდამცველები, უკვე ბეწვის ხიდზე გადიან იმ ორ ცნებას შორის, რასაც კანონის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების შელახვა ჰქვია.

დაახლოებით სამი თვის წინ ჩემი ორი მეგობარი შემეხმიანა. ღამის 3 საათი იქნებოდა. ბიჭებს ლუდის დალევა მოუნდათ და გადავწყვიტეთ გორის ცენტრში მდებარე ერთადერთ სადღეღამისო მაღაზიაში ჩავსულიყავით. ჩავედით კიდეც. ჩემი მეგობრები მაღაზიაში შევიდნენ, მე კი მაღაზიის წინ დავრჩი და ველოდებოდი. მაღაზიასთან სწრაფი გადახდის აპარატი დგას, სადაც იმ დროს სამი ბიჭი მივიდა და ფული ჩარიცხა. ამის შემდეგ სამივე მეტად წყნარად და უხმაუროდ (ხაზს ვუსვამ, წყნარად და უხმაუროდ) ქვემოთ გაუყვა გზას და პოლიციის მანქანის მუხრუჭების ხმამაც არ დააყოვნა.

„ბიჭებო რას აკეთებთ მანდ?“ გადმოსძახეს უკანა ფანჯრიდან

„სახლში მივდივართ“ უპასუხეს შეცბუნებულმა ბიჭებმა, რომლებმაც ორი აზრი არაა, იცნეს გორის პოლიციის მანქანა, რომლითაც ლამისაა უკვე დედებმა ბავშვები დააშინონ

„ჰოდა დროზე დაიშალეთ რა“ მოუჭრეს უკმეხად ფანჯრიდან

„კი, კი მივდივართ“ სწრაფად ჩაილაპარაკა სამივემ და ჩქარი ნაბიჯით ცალ – ცალკე გაემართნენ.

ამ სცენის შემყურეს სისხლმა ტვინში ამასხა. პოლიციელთა საქციელზე შემაძრწუნებელი ახალგაზრდების რეაქცია იყო: თავჩაღუნულები, მობუზულები ისე ჩუმად გაიძურწნენ, რომ ერთმაც ვერ გაბედა ეკითხა: „კი მაგრამ, თქვენი რა საქმეა ჩვენ როდის დავიშლებით?“ და ამავე დროს ძნელია გაამტყუნო კიდეც, ვინაიდან ასეთ კითხვას მინიმუმ გვარიანად ცემა და მაქსიმუმ რამის „ჩაგდება“ მოჰყვებოდა“

ამასობაში ჩემი მეგობრებიც გამოვიდნენ მაღაზიიდან. რაც ვნახე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ერთმა სწორი შეფასება მისცა, მაგრამ მეორემ მართლა გამაღიზიანა. მისი აზრით ეს აუცილებელი იყო წესრიგის და კანონის დასაცავად და ის პოლიციელები ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის იღწვოდნენ. (ალბათ ზედმეტია იმის დამატება, რომ ორთოდოქსი მიშმაკაკაა) ისედაც ნერვებმოშლილმა ხელი ჩავიქნიე და უბრალოდ ვუთხარი, რომ მთელი სისავსით მაშინ შეიგრძნობდა რაც მოხდა, როდესაც თვითონ აღმოჩნდებოდა ანალოგიურ სიტუაციაში.

ნეტავ ნატოში მიგვიღონ ისეთი სისწრაფით, როგორი სისწრაფითაც ჩემი სიტყვები ახდა…

ზუსტად 3 დღის წინ, ზუსტად იგივე 2 ადამიანი, დაახლოებით საღამოს 8 საათზე თეატრის ბაღში ისხდნენ და საუბრობდნენ. ავბედითმა (მართლაც!) პოლიციის მანქანამ ამჯერად მათთვის მოიცალა. „სამართალდამცავებმა“ ჯერ გვარ – სახელები და საცხოვრებელი კოორდინატები გამოჰკითხეს, იქ ჯდომის მიზეზებშიც ჩაეძიენ და ბოლოს საკმაოდ მკაცრად მოსთხოვეს იქაურობის მალე დატოვება.

აი მაშინ გენახათ ჩემი მეგობრის აღშფოთება, შეშფოთება თუ „ბეჯითი პროტესტი“….

ეს რა უბედურებააო, თავზე აქვთ „გადა…იო“, რა უფლებით მოვიდნენო, როგორ მითხრეს წადიო, ესაო და ისაო….

აი გულზე მომეშვა კი არა და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი რომ გავიგე. რადგან არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ნიმიოლერის ფრაზის ხმამაღლა და რამდენჯერმე გამეორება კედელზე ცერცვის შეყრის ტოლფასია და სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევენ ამა თუ იმ ბოროტებას, იქამდე მათი გონება 300 სპარტელივით ებრძვის უცხო აზრს.

ის ვინც გუშინ მედგრად იცავდა პოლიციელთა თავხედობას, დღეს ხმამაღლა აპროტესტებდა უსამართლობას.

კარგია ხომ?

დიდებული!

ამ პოსტით იმდენად პოლიციურ ძალადობაზე არ მინდოდა ყურადღების გამახვილება, რამდენადაც იმაზე, რაც პოსტის სათაურად დავწერე. იმ ორმაგ სტანდარტების გამოყენებაზე რომლებიც ადამიანთა გარკვეული კატეგორიას ნებას აძლევს იქიდან გამოაბას ქოთანს ყური, საიდანაც გაუხარდება, თუმცა ეს შეუმჩნეველი არავის რჩება და მეორეც მსგავსი წესებით თამაში, საბოლოოდ შენი უპირობო მარცხით მთავრდება. ისევე როგორც უპირობო მარცხით დამთავრდება პოლიციური საქართველოს შექმნის მცდელობა

პ.ს. რა თქმა უნდა ამით ერთი წუთით არ ვაკნინებ, პროფესიონალი და ღირსეული პოლიციელების საქმიანობას, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და კანონისა და წესრიგის სადარაჯოზე დგანან