ვიქტორ ორბანი – ეული ჯვაროსანი ევროპის შუაგულში

ხვალ, 26 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრეთი მდიდარი ისტორიის მქონე, თუმცა ამჟამად პერიფერიული სტატუსის მქონე ქვეყანაა და მისი პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ ფიგურათა რიცხვს არ განეკუთვნება. შესაბამისად, ბევრისთვის გაუგებარია თუ რით შეიძლება იყოს გამორჩეული პრემიერი ორბანი, რომელიც ბოლო 2 წელიწადია ბრიუსელის ბიუროკრატიის, მემარცხენე ინტელექტუალთა და შიდა კრიტიკოსების იერიშის მუდმივი ობიექტია. ამის მიზეზი მარტივია: ეს ორბანის მიერ წამოწყებული და მეინსტრიმის წინააღმდეგ მიმართული დიდი უნგრული ექსპერიმენტია.

მეოცე საუკუნის დასაწყისში უნგრეთი ერთხელ უკვე იქცა ექსპერიმენტულ ქვეყნად, როდესაც I მსოფლიო ომის შემდეგ, ხელისუფლება ძალადობრივი გზით მიითვისა რადიკალ კომუნისტთა ერთმა ფრთამ ბელა კუნის მეთაურობით. აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო კომუნისტურ ინტერნაციონალში კრემლის აგენტი და ე.წ. “კულტურული ტერორის” დოქტრინის შემოქმედი გეორგ ლუკაჩი, რომელიც ყოველივე ბოროტების პირველწყაროს დასავლურ ცივილიზაციაში, კაპიტალიზმსა და ტრადიციულ მორალში ხედავდა. მის მიერ ინიცირებული იქნა ახალი უნგრული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც დაინერგა რადიკალური სექსუალური განათლება, განხორციელდა შეტევა ქრისტიანულ ეკლესიასა და მონოგამიური ოჯახის წინააღმდეგ, მოხდა გალაშქრება საზოგადოებაში არსებული მორალური კოდექსისა და პრინციპების დისკრედიტაციისთვის. ლუკაჩი და მისი დაჯგუფება ღიად მოუწოდებდნენ უნგრელ ახალგაზრდებს ამბოხისაკენ და უფროსი თაობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარებისკენ. უნგრეთის კომუნისტური ექსპერიმენტი იყო პირველსახე ყველა იმ სიავისა, რომელიც 60-იან წლებში დასავლეთ ევროპა და ამერიკა სრულად მოიცვა პოლიტიკურ კორექტულობაში განსხეულებული კულტურული მარქსიზმის სახით.

საბედნიეროდ, ძალაუფლების უზურპატორთა დაჯგუფება მალევე მოიშორა უნგრეთის შეგნებულმა მოსახლეობამ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა დიდი ხნით აღმოჩნდა რკინის ფარდის მიღმა და კომუნისტური გავლენის ქვეშ. სისტემის რღვევა 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო, როდესაც ტოტალიტარულ კომუნიზმს ღიად გამოუცხადა წინააღმდეგობა უნგრელ ახალგაზრდათა ჯგუფმა ვიქტორ ორბანის მეთაურობით, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა შეურიგებელი ანტიკომუნისტისა და პრინციპული პოლიტიკოსის სახელი.

Image

ისევე როგორც სხვა მრავალ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, ტრანზიციული პროცესი არც უნგრეთისთვის აღმოჩნდა ხავერდოვანი, რადგან ხალხმა რომელიც გუშინ კომუნისტურ პარტიაში ირიცხებოდა, დღეს სოციალისტური პარტიის რიგები შეავსო, ხოლო ლენინის დაბადების დღის აღნიშვნის ნაცვლად ახლა უკვე დედამიწის დღის აღნიშვნა დაიწყო (რომელიც ლენინის დაბადების დღეს ემთხვევა). ორბანის პარტიამ თავიდანვე მტკიცე პოზიცია დაიკავა და სწორედ მისი პრემიერობის პირველ ვადაში გაწევრიანდა უნგრეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) და სოლიდურად აქცია უნგრეთის ევროამბიციები,  რაც დღეს ბევრ მის კრიტიკოსს, რომელიც ორბანის ავტორიტარიზმსა და იზოლაციონიზმზე მიუთითებს, აღარ ახსოვს.

2010 წელს, ორბანის პარტიამ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, მიიღო რა ხმების 53%-ზე მეტი და საპარლამენტო ადგილების 68%. სოციალისტური პარტიის 8 წლიანი მმართველობით დაღლილი უნგრელებისთვის ბოლო წვეთი, სოციალისტი პრემიერი ძიურჩანის დასაფასებელი გულახდილობა გახდა, რომელმაც საკუთარი პარტიის წევრების წინაშე გამოსვლისას აღიარა, რომ მათ ბოლო წლები არაფერი უკეთებიათ და მხოლოდ ხალხის მოტყუების ხარჯზე გადიოდნენ ფონს. ფარული კამერები მხოლოდ საქართველოში არ მუშაობს.

ორბანი იმ გამორჩეულ ევროპელ ლიდერთაგანია, რომელიც ღიად აცხადებს და ამაყობს საკუთარი ქრისტიანული მრწამსით, უნგრეთის სიყვარულით და მტკიცე მორალური პრინციპებით. სწორედ ამან აქცია იგი მსოფლო ლიბერალთა საძულველ პიროვნებად, რომელთათვისაც ვერნორ ლოვეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა იმ მაგიდის ქვეშ, სადაც ბიბლია დევს, ფაშისტი ტირანი იმალება.

ორბანი ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ეკონომიკის, სოციალური სახელმწიფოს (welfare state) შეკვეცისა და ტრანსპარენტულობის მომხრეა. ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ამას უნგრეთშიც მოჰყვა ე.წ. ინტელიგენციის რეაქცია, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან იყო მიჩვეული გარკვეულ პრივილეგიებსა და ზედმეტ უფლებებს. 60-იანი წლების მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ორბანიც უმალ შერაცხეს ფაშისტად, დესპოტად და ტირანად, თუმცა ფაქტებზე უბრალოდ დაკვირვებაც კი საკმარისია ამ ზედაპირული ბრალდებების უარსაყოფად.

უნგრეთის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ბევრისთვის სატანიზმის ბიბლიასთან ასოცირდება, სინამდვილეში ანაცვლებს 1949 წელს მიღებულ სტალინურ კონსტიტუციას და ქრისტიანულ პრინციპებზე დაყრდნობით ადგენს, რომ ქორწინება არის ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის, სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე და უნგრეთი პატივს სცემს საკუთარ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, რაც ისევე უთანაბრდება ტოტალიტარიზმს, როგორც ბუში ჰიტლერს.

ყბადაღებული მედია-კანონი, რომელიც უნგრულ ტელეარხებზე მოზღვავებული ძალადობისა და პორნოგრაფიის შეჩერებას ისახავდა მიზნად და საერთო არაფერი ჰქონდა ცენზურასთან,  გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად მკაცრი აღმოჩნდა და ისინი სწორედ იმ სასამართლომ გააუქმა, რომელიც კრიტიკოსთა აზრით ორბანის ყურმოჭრილი ყმებითაა დაკომპლექტებული. თუმცა ნამდვილად ამაზრზენი იყო იმ კადრების ხილვა, თუ როგორ აკრიტიკებდა დანიელ კონ ბენდიტი ვიქტორ ორბანს ევროპარლამენტში. ნათელია, რომ იქ სადაც ყოფილი მაოისტი და “წითელი ბენდიტი” თავისუფლების შეზღუდვის მოტივით აკრიტიკებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უნგრეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პატრიოტს, რაღაც ნამდვილად დალპა.

კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, ასევე ძალიან ხშირად აღიქმება უნგრეთის რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად. რეალურად, როგორც ცნობილია რელიგიური ორგანიზაციები უნგრეთში სახელმწიფო სუბსიდიებითა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რის გამოც ქვეყანაში ძალიან ბევრი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია დაფუძნდა. სწორედ მსგავსი წარმონაქმნებისთვის რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების გამო (რაც სახელმწიფო ხარჯვითი ნაწილის შემცირების კამპანიის ნაწილია) უნგრეთის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სინამდვილეში კი უნგრეთში რელიგიური თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული და არავის საკუთარი მრწამსის საჯაროდ გამოხატვის შეზღუდვა არ შეხებია, იქნება ეს ქრისტიანული, ებრაული თუ ისლამური დენომინაციები.

კიდევ ერთი ირონიული მომენტი, ორბანის კრიტიკოსთა ლეგიტიმაციაა. ძალიან ხშირად ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი უნგრეთის პრემიერს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც იგივე ეშტონი არასოდეს ყოფილა არჩეული ხალხის მიერ, ხოლო ევროკომისიის ბიუროკრატთა დიდი ნაწილი ასევე ელექტორალური ლეგიტიმაციის არმქონე ხალხის მასაა. ორბანი და ორბანის პარტია კი ამ ორ წელიწადში გატარებული მტკივნეული რეფორმების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ მაღალ პოპულარობას უნგრელ ამომრჩეველთა დიდ ნაწილში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ტოტალიტარიზმის გზაზე შემდგარი” უნგრეთის პრეზიდენტმა პალ შმიტმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და ამის მიზეზი მის დისერტაციაში აღმოჩენული წვრილმანი პლაგიატიზმი აღმოჩნდა, რასაც ცხადია საერთო არაფერი ჰქონდა მისი პოლიტიკური და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებასთან. როდესაც “ავტორიტარიზმის კლანჭებში აღმოჩენილი” ქვეყნის პრეზიდენტი ისეთივე პოლიტიკურ კულტურას იჩენს, როგორსაც მაგალითად გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ნათელია რომ უნგრული დემოკრატიის კრიტიკოსები სულ ცოტა, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ.

ყველაფერი ზემოთქმულიდან, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობაში მხოლოდ წმინდანები მსახურობენ. ნდობის მაღალი მანდატი და ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია, ხშირად იწვევს საქმის ნაჩქარევად და გარკვეული პროცედურების დაცვის გარეშე კეთების ცდუნებას, რადგან დრო არ იცდის და ლოკალური პრობლემები ხშირად ექსტრაორდინარული ზომების მიღებისკენაც გიბიძგებს. ეჭვსგარეშეა, რომ უნგრეთის პარლამენტში შეიძლება მტკიცდებოდეს ისეთი კანონი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ უვარგისია, რაც ხშირად ხდება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა უნგრეთის დემოკრატიულ რწმუნებულებათა გაქილიკების მიზეზს. ეს გაუგებარია მსოფლიო მემარცხენეთათვის, რომელთათვისაც მისაღებია თუკი დედამიწის სხვა ნახევარსფეროში მცხოვრებ არაბს გული შესტკივა პალესტინელთათვის, მაგრამ უნგრეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მილიონობით თანამემამულეზე ზრუნვას ორბანს ფაშიზმად უთვლის. გაუგებარია მათთვის, რომლებიც მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვის აკრძალვას მოითხოვენ, მაგრამ უნგრული მედიისთვის გონივრული შეზღუდვების დაწესებას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრებად თვლიან. გაუგებარია იმ პოლიტიკოსთათვის, რომლებიც ორბანის მცდელობას დააბრუნოს უნგრეთი წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა რიგებში, აქციოს იგი წარმატებულ, ძლიერ და ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნად, ერთი კაცის ახირებად მიიჩნევენ და უშედეგო აჯანყება ჰგონიათ. ამოუხსნელი ფენომენია მათთვისაც, რომლებიც ვერ შეჯერებულან ორბანს ანტისემიტიზმში დადონ ბრალო (რაც სიცრუეა) თუ ბოშად და მოძალადედ გამოიყვანონ (რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს).

სინამდვილეში კი ორბანი შემოქმედია ახალი უნგრული ექსპერიმენტისა, რომელიც ევროპის შუაგულში სწორედ იმ ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობს, რომელიც ევროპის დღევანდელი აკადემიური თუ პოლიტიკური ელიტისთვის ნამდვილი ანათემაა. განვლილმა ორმა წელმა გვიჩვენა, რომ იგი უკან არ დაიხევს, რადგან წარმოუდგენელია უკან დაიხიო ბაროზუს, ეშტონისა და ევროპარლამენტ/ევროკომისიაში მყოფ სხვა ევროპელ ტროცკისტთა და მაოისტთა წინაშე, როდესაც რეალურად გამოგიცდია რას ნიშნავს მათზე უფრო ძლიერსა და დაუნდობელ ტირანიასთან ბრძოლა.

ნება და პრინციპები! სწორედ ეს გამოარჩევს ორბანს სხვა ევროპელი ლიდერებისგან და ევროპის შუაგულში მებრძოლ ეულ ჯვაროსნად წარმოაჩენს.