Et tu, Britain?

როდესაც 2009 წელს, აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ჰკითხეს სჯეროდა თუ არა ამერიკული განსაკუთრებულობის, მან ტრადიციული, ანტიამერიკული და თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის შეუფერებელი პასუხი გასცა:  „დიახ, მე მჯერა ამერიკის განსაკუთრებულობის, ისევე როგორც ვეჭვობ ბრიტანელებს სჯერათ საკუთარი განსაკუთრებულობის და ბერძნებს ბერძნული განსაკუთრებულობის.“ 2016 წლის 23 ივნისს აღმოჩნდა, რომ როდესაც საქმე ბრიტანეთის განსაკუთრებულობას ეხება, საქმე მართლაც სერიოზულადაა.

მართლაც რა იყო 23 ივნისის რეფერენდუმზე, ევროკავშირისთვის შუა თითის მაჩვენებელთა მთავარი არგუმენტი? მოკლედ თუ შევაჯამებთ, ის ჟღერს როგორც  „ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ“ და რატომ იციან სხვებზე უკეთ ცხოვრება? „ამას მოწმობს მაგნა კარტა, ვესტმინსტერული დემოკრატია, ეკონომიკური ლიბერალიზმი და 900 წლოვანი ფუნტი სტერლინგი“, როგორც ბრიტანეთის განსაკუთრებულობის, მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

ერთი შეხედვით ამ არგუმენტებში არაფერია საკამათო. თუ ზედაპირულად შევხედავთ, ევროკავშირის გაბერილი ბიუროკრატია, ბრიუსელის დიქტატი და განსხვავებული კულტურულ/ფასეულობრივი გარემოდან წამოსულ მიგრანტთა შემოდინება ლეგიტიმურად იწვევს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა გულისწყრომას, რომელთა წინაპარსაც იმისთვის არ უშრომია ბელგიის დამოუკიდებლობისთვის, რომ ახლა ბელგიის დედაქალაქიდან მართავდნენ, ან მის მიერ გამომუშავებულ თანხას რუმინეთისა და ბულგარეთის მსგავსი ქვეყნების ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ხარჯავდნენ.

Brexit-cc-cc-565x402_thumb[2]

მაგრამ რამდენად სამართლიანია ამ ყველაფერში ევროკავშირის დადანაშაულება? რამდენად მიზანშეწონილია ამ მიზეზების გამო ევროპული ოჯახიდან გაქცევა? რამდენად რეალისტურია „გასვლის“ მომხრეთა ოპტიმიზმი ბრიტანეთის ნათელ მომავალთან დაკავშირებით?

სამწუხაროდ, ბრიტანელი ამომრჩევლის ქცევამ დაგვანახა, რომ საყოველთაო დემოკრატია, მისი ყველა დადებითი მხარის მიუხედავად, კვლავ რჩება პოპულისტებისა და დემაგოგების უკანასკნელ თავშესაფრად. დიახ, ქვეყანაში სადაც ცინიზმი თამამად შეიძლება გავიდეს ეროვნული სპორტის კატეგორიაში, თურმე მაინც შესაძლებელია მხარი დაუჭირონ ისეთ პათეტიურ შარლატანს როგორიც ნაიჯელ ფარაჯია, ან „მინდა-ვიყო-XXI-საუკუნის-მაკიაველი“-ს, ბორის ჯონსონს. ეს კი კიდევ უფრო მძაფრად მიგვანიშნებს იმ ხიფათზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ბორის ჯონსონზე გაცილებით უწიგნური, მოუქნელი და ბრიყვული აკვიატებებით შეპყრობილი მეგალომანიაკის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას

სინამდვილეში, „ბრექსიტის“ მომხრე დაჯგუფებამ დიდებულად გამოიყენა ევრობიუროკრატების სრული ჩავარდნა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით და არ დაუკონკრეტებიათ, როგორ აპირებენ ამ პროცესის შეჩერებას. შეიძლება, ისლინგტონში მცხოვრებ ერთ-ერთი ბაბუ ფიქრობდა კიდეც, რომ ავიამზიდით მიადგებოდა ლევანტის სანაპიროებს და ისე აიძულებდა დანებებას ურჯულოებს, როგორც 1898 წელს ზანზიბარში, მაგრამ შემდეგ ტკბილ ძილში წასულს გამოეღვიძა.

დემაგოგიის კლასიკური ნიმუში ასევე იყო ციფრებით მანიპულირებით მოსახლეობისთვის ოსტატურად გზის აბნევა. მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირისთვის წლიურად გადასახდელი 20 მლრდ ფუნტი სტერლინგის (სინამდვილეში 2015 წელს ეს არ აღემატებოდა 8.5 მლრდ ფუნტს სტერლინგს, რაც გაერთიანებული სამეფოს მშპ-ის დაახლოებით 0.4%-ია) ან „ყოველ კვირას ბრიუსელისთვის გასაგზავნი 350 მლნ ფუნტი სტერლინგის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში დაბრუნების“ დაპირების მითი, რომელიც ნაიჯელ ფარაჯმა მეორე დღესვე გადათქვა.

ის, რომ დიდმა ბრიტანეთმა ზურგი აქცია კაციობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უკეთილშობილეს, ერთიანი ევროპის (არსებული ხარვეზების მიუხედავად) იდეას, შეგვიძლია ასევე ჩავთვალოთ როგორც გაქცევა იმ პასუხისმგებლობიდან, რაც ეკისრებოდა ერთიან ევროპას. რა იქნება პოსტ-ევროკავშირული ბრიტანეთის როლი მსოფლიოში? ავსტრალიასთან ახალ ზელანდიასთან და თანამეგობრების სხვა „ზესახელმწიფოებთან“ კავშირების გაღრმავების გზით ახალი ალიანსის ჩამოყალიბება? თუ საკუთარი ვალდებულებების შეკვეცა და „ბრწყინვალე იზოლაციონიზმის“ ეპოქასთან ფლირტი?

სამწუხაროდ, ჩანს რომ მეორე…

არანაკლებ სამწუხაროა, რომ „ბრექსიტელთა“ ბანაკის მიერ გაჟღერებულ, ემოციაზე დაყრდნობილ და ძირითადად „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება“-ზე დამყარებულ არგუმენტებს იზიარებს ქართველთა ნაწილიც, სადაც დომინირებს ის აზრი რომ ბრიუსელის კანჭებისგან თავდახსნილი ბრიტანეთი შეძლებს საკუთარ კუნძულზე ლიბერტარიანული სამოთხის ჩამოყალიბებას ყველა თანმდევი სიკეთით. სინამდვილეში, ბრიტანეთი ზუსტად ისე შეძლებს ამის გაკეთებას, როგორც 1970-იანების დასაწყისში, როდესაც არაევროკავშირის წევრი (და ბრიუსელის მარწუხებიდან თავისუფალი) ქვეყანა ამაყად ატარებდა „ევროპის ავადმყოფი კაცის“ სტატუსს, ეკონომიკური სტაგნაციისა და სრული უპერსპექტივობის გამო.

მეორე, ასევე კომიკური არგუმენტი ბრიტანეთის მიერ ძველი ძლევამოსილების დაბრუნება და გლობალური როლის აღდგენაა. კანონმორჩილ ბრიტანელებს  ამ საკითხზე საფრანგეთის ნებართვის აღება მოუწევთ, რადგან მათი ერთადერთი მოქმედი ავიამზიდი საფრანგეთთან ერთობლივ მმართველობაშია (დაგამშვიდებთ: ნელსონმა ტრაფალგარზე მეორე თვალიც ამოითხარა და ამას ვერ ხედავს).

ვითარების საერთო შეფასება გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ბრიტანეთს არ გააჩნია არც ეკონომიკური არც სამხედრო და პოლიტიკური წინაპირობა რაც შექმნიდა „ბრიტანული აღორძინების“ პერსპექტივას. პირიქით, ქვეყანას მოუწევს უფრო მკაცრ პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება, საბოლოოდ მისი მოთხოვნების დიდი ნაწილის მიღება და ეს მაშინ, როდესაც მას აღარ ექნება ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბრიტანეთის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ერთის მხრივ, ეს გააძლიერებს გერმანიის გავლენას და შეასუსტებს მგზნებარე ევროფედერალისტების დამაბალანსებელი ევროსკეპტიკოსების პოზიციებს ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ევროპაში მოქმედი ნაციონალისტური და უმეტეს შემთხვევაში პრო-პუტინისტური ძალების გააქტიურებას, რომლებიც დღის წესრიგში დააყენებენ საკუთარი ქვეყნების გასვლის საკითხსაც და საფრთხეს შეუქმნიან საერთო ევროპულ სტაბილურობას.

ბრიტანეთის, როგორც ამ ეტაპზე მკაფიოდ ანტირუსული პოზიციების მატარებელი აქტორის გასვლა, ასევე შეასუსტებს ევროკავშირის ერთიან პოზიციას რუსეთთან დღეს არსებული სასაცილო, მაგრამ მაინც სანქციების გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებაში იზოლაციონისტურად განწყობილი ძალების მოსვლის შემთხვევაში, მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილოს „გულითადი შეთანხმება“ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის.

ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც „ბრექსიტი“ წარმოადგენს პუტინის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას არის ის, რომ ამით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის, როგორც რუსეთის საპირწონე მძლავრი იდეოლოგიური პოლუსის რღვევა. სუკ-ის ვიცე-პოლკოვნიკისთვის გაცილებით მარტივი და მისაღებია დანაწევრებულ ევროპასთან საქმის დაჭერა, ვიდრე მონოლითურ, თუნდაც სუსტი პოზიციით მოსაუბრე გაერთიანებასთან. აღმართეთ ბოკალი ვლადიმირ ვლადიმის ძევ, თქვენმა მოწინააღმდეგემ თავად დაიხალა ფეხში ტყვია.

საბოლოოდ, ჩემნაირი ანგლოფილისთვის საკმაოდ მძიმე სანახავია, თუ როგორ იწყება რღვევის პროცესები თვითონ გაერთიანებული სამეფოს შიგნით. დღეს შოტლანდიას აქვს ლეგიტიმური მიზეზი კვლავ დააყენოს საკითხი გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ და იგივე შეუძლია ჩრდ.ირლანდიასაც. შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ იმ ქვეყნის დანაწევრება რომლის შექმნილ იმპერიაში „მზე არასოდეს ჩადიოდა“.

შეჯამებისთვის:

  • 23 ივნისის რეფერენდუმზე საღ აზრს აჯობა პოპულიზმმა და დემაგოგიამ;
  • ბრიტანეთის გასვლით დარტყმას მიიღებს ევროპული იდეა;
  • ევროპული იდეაზე დარტყმით იხეირებს რუსეთი და იზარალებს საქართველო/უკრაინა;
  • დღის წესრიგში დგება გაერთიანებული სამეფოს დაშლა;
  • ბრიტანეთი ვერ გახდება ეკონომიკური გიგანტი;
  • ბრიტანეთი ვერ გახდება სამხედრო გიგანტი;
  • ბრიტანეთის ხელისუფლებაში შესაძლოა მოვიდნენ იზოლაციონისტები;
  • ბრიტანეთის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რითაც ისარგებლებენ ნაციონალისტურ/პრო-მოსკოვური ძალები, რომლებიც მზად იქნებიან გავლენის სფეროების გადასანაწილებლად (ეს რას ნიშნავს? იხ. XIX საუკუნე. ჩვენ ვის გავლენის სფეროში მოვხვდებით? იხ. ჩვენი ახალი და უახლესი ისტორია).

აწმყო არ გვწყალობს?

უკვე ერთ წელიწადზე მეტი იქნება, ჩვენ თვალწინ გაშლილია ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, თავისუფლებასა და მონობას, უკრაინასა და რუსეთს შორის.

ერთ წელიწადზე მეტია, უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. იბრძვის ფაქტობრივად მარტო და ებრძვის სიკვდილისა და ნგრევის მანქანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიწრთო „ხალხთა ჟანდარმად“.

მსოფლიო ისტორიის იღბლიანი პერიოდების განმავლობაში, ცივილიზებული სამყარო ერთობლივი ძალისხმევით უპირისპირდებოდა რუსული დიდმპყრობელობისა და იმპერიალიზმის ავადმყოფურ იდეებს და ამარცხებდა კიდეც. სწორედ ამ დამარცხებას სდევდა ხოლმე თან დამონებული ერების დილეგის მსხვრევა. სამწუხაროდ, ჰიენისთვის თავის გაჩეჩქვა და მისი საბოლოო განადგურება, გამარჯვებულთა სიფრთხილის ან იქნებ სიბეცის გამო, ვერ მოხერხდა.

Featured image

ამის გამო, დღეს როდესაც კიდევ ერთხელ ავბედითად გამჟღავნდა გორჩაკოვისეული „რუსეთი კონცენტრირებას ახდენს“ ფრაზის შინაარსი, უკრაინა მარტო აღმოჩნდა „ტაიგის ბატონ-პატრონის“ რევიზიონისტული ამბიციების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავისუფალი სამყარო, რიტორიკული ერთობის მიუხედავად, საკმაოდ დანაწევრებულია იდეოლოგიურად იმისთვის, რომ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი გახსნას. გამქრალია ერთობის ქვაკუთხედი – საერთო იდეალები. ან შეიძლება კი საერთოდ იდეალებზე საუბარი, როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი გაზპრომის რიგითი მუშაკი ხდება, საფრანგეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი კი ფულს იღებს იმ ქვეყნიდან, რომელი ქვეყნის ნაციონალისტური პარტიის ლიდერიც კმაყოფილებით იხსენებს პარიზში დამპყრობელი რუსი სამხედროების ჩექმების ბრაგუნს?

ფუნდამენტური ღირებულებების რესტავრაციის პროცესს ართულებს თავისუფალ სამყაროში გამოკვეთილი ლიდერის არ არსებობაც. წინათ, როდესაც ინგლისის პრემიერ-მინისტრი ან ამერიკის პრეზიდენტი უყოყმანოდ იღებდა ხელში ტოტალიტარიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის დროშას, დღეს სახეზეა ნების ეროზია, რაც შემდგომი დასუსტების გარდაუვალობის უტყუარი ნიშანია.

თუმცა,  ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მარცხისთვის ვართ განწირულნი, ბოროტება კი აუცილებლად იზეიმებს. კი, დღეს უკრაინა, ჩვენი სამშობლოს მსგავსად სისხლითა და ცრემლითაა მორწყული, მაგრამ სწორედ ეს სისხლი და ცრემლის სიკეთის გამარჯვებისთვის ჩაყრილი საძირკველი. წარმოუდგენლად რთულია, დღეს, ცეცხლის ალში გახვეული სამყაროს ცქერისას ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის რწმენა შეინარჩუნო, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელია რაც დღეს გვასულდგმულებს.

ადამიანი მომავალზე მოფიქრალი ცხოველია. ჩვენი ფიქრისა და საქმიანობის უმთავრესი განმსაზღვრელი სწორედ მომავალია. ალბათ ამიტომაც არ მომწონს წარსულზე და აწმყოზე ზედმეტად კონცენტრირებული ადამიანები – პირველები უიმედო რომანტიკოსებად მესახებიან და მეორენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებით მოაზროვნე ჰედონისტებად. ჩვენი ოცნებებიც ხომ მომავლის იდეალიზებული და საუკეთესო სცენარის ხორშესხმის რეფლექსიაა.

გაივლის წლები და ჩვენ, მილიონობით სხვა თანამოაზრესთან ერთად სევდით გავიხსენებთ ტრაგედიის იმ მორევს, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით ჩაძირულნი. გავიხსენებთ თავისუფლებისმოყვარე ერის ბრძოლას მთელი კაცობრიობის სახელით. გავიხსენებთ მათ, ვინც უდრტინველად, მოვალეობისა და ღირსების გრძნობით აღვსილებმა გაიარეს ეკლიანი გზა და აუცილებლად, აუცილებლად (!) გავიხსენებთ მათაც, ვინც ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის ამ გზის გავლაში.

თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა ადვილი, მაგრამ არც არასოდეს ყოფილა ამაო. ამას ადასტურებს პრეზიდენტი ბუშის სიტყვებიც, რითაც მან სამყაროს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის დაწყება ამცნო: „თავისუფლება და შიში,  სამართლიანობა და სისასტიკე ყოველთვის ებრძვიან ერთმანეთს და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ამ ბრძოლაში ნეიტრალური არ არის“.

ტირანიის დასასრული: რატომ არის უკეთესი რესპუბლიკელთა გამარჯვება ნოემბერში?

დაწერილია 21/10/2012

„ჩვენი ერი ჩაბმულია თავისუფლებასა და ტირანიას, სამართლიანობასა და ჩაგვრას, სასოწარკვეთილებასა და იმედს შორის გამართულ ბრძოლაში და ჩვენ ამ ბრძოლიდან უკან არასოდეს დაგვიხევია.“

მიტ რომნი.

 Featured image

22 ოქტომბერს, აშშ-ში რიგით მესამე საპრეზიდენტო დებატები გაიმართება, სადაც კანდიდატები მიტ რომნი და ბარაქ ობამა, ამერიკელი ამომრჩევლის ამჯერად უკვე საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვების უპირატესობაში დარწმუნებას შეეცდებიან. ამასთან, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება იმის განსჯა თუ რა შეიცვლება ამა თუ იმ პრეტენდენტის არჩევის შემთხვევაში, რა გავლენას იქონიებს ეს მსოფლიო წესრიგზე,  და მათ შორის ისეთ პატარა ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ხედვა პოსტზე მისი ოთხი წლის ყოფნის მანძილზე მეტ-ნაკლებად მკაფიოდ გამოიკვეთა და სერიოზული ჩავარდნებითაც გამოირჩა. ნათელია, რომ პრეზიდენტი ობამა უნილატელარიზმს და ამერიკის განსაკუთრებულობას ფუნდამენტურად მცდარ ცნებებად მიიჩნევს და ამერიკის ჰეგემონობის დაკნინების ფაზაში ყოფნით შეძრწუნებული სულაც არ ჩანს. საბედისწერო მსგავსებები ამერიკის დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ ქცევასა და 1970-იანი წლების „დიდ ამერიკულ უკანდახევას“ შორის კი თანდათან უფრო ნათელი ხდება. ეს კი თანაბარმნიშვნელოვანი საფრთხეა როგორც ზოგადად დემოკრატიისთვის, ისევე დასავლური ლიბერალურ დემოკრატიული ფასეულობების გამზიარებელი დიდი თუ პატარა ქვეყნებისთვის.

ძნელი სათქმელია შეძლებს თუ არა მიტ რომნი ისეთივე გამაერთიანებელ ფიგურად მოევლინოს ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, როგორც ეს 1970-იანი წლების აურზაურით გამოფიტული მსოფლიოსთვის რონალდ რეიგანი გახდა და „რომნის დოქტრინაზე“ საუბარიც ჯერ საკმაოდ ნაადრევია, თუმცა რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რომელთა განუხრელად დაცვის პირობასაც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იძლევა, ნამდვილად იმედისმომცემია.

აღნიშნულ პრინციპთაგან ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო, 2005 წელს საკუთარ მეორე საინაუგურაციო მიმართვაში აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ უოკერ ბუშმა დაასახელა. „ტირანიის დასასრული“ – სწორედ ამ ორ სიტყვაში შეჯამდა რესპუბლიკელთა იმჟამინდელი ადმინისტრაციის ძალისხმევა, რომელიც დიქტატორული რეჟიმების დამხობისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გავრცელებას ისახავდა მიზნად. ეს ითვალისწინებს არა მხოლოდ უხეში სამხედრო ძალით ჩარევას, არამედ ტრანზიციულ პერიოდში მყოფი, დემოკრატიულ პროცესებთან ახლად ნაზიარები ქვეყნების უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას. რომნი მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანიზიციის პროცესში  დისტანცირება და შორიდან დაკვირვება მცდარი მიდგომაა. მისი აზრით ასეთ ქვეყანას უნდა დაეხმარო, ხელი შეუწყო და სწორი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარო. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბევრი კრიტიკოსი მსგავს მიდგომას იმპერიალიზმად და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევად ახასიათებს, რის გამოც მოქმედმა პრეზიდენტმა დაუნანებლად დაარიგა ბოდიშები სხვადასხვა ავტორიტარული და ტირანიული რეჟიმების საამებლად.

რესპუბლიკელები შეცდომად მიიჩნევენ სხვადასხვა ტიპის არადემოკრატიულ სუბიექტებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დათმობას არ ითვალისწინებს. მიტ რომნი წარუმატებლად მიიჩნევს დემოკრატთა მიერ ინიცირებულ ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკას მოსკოვთან, რუსეთს „აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქედ“ მიიჩნევს და საქართველოს ოკუპაციას პუტინის მზარდი ავტორიტარიზმის გამოვლინებას უწოდებს. ასევე, მისი აზრით ნატოს გაფართოების საკითხის დაბლოკვა მიუღებელია და აშშ-ის მოკავშირეები სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით უნდა გაწევრიანდნენ.

საკუთარ ოპონენტთან შედარებით უფრო მტკიცე პოზიცია აქვს მიტ რომნის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებითაც. ცხადია, ირანი ბირთვულ იარაღს მისი დაუფლებიდან მეორე დღეს არ გამოიყენებს, თუმცა თურქეთის და ეგვიპტის ანალოგიური სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეგიონი უაღრესად ფეთქებადსაშიშ ადგილად იქცევა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის იდეალურ ვარიანტს არ წარმოადგენს. რესპუბლიკელთა კანდიდატი მზადაა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება არ დაუშვას.

ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკის სხვა ფუძემდებლური პრინციპები გვხვდება რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკური პლატფორმის სხვა ასპექტებშიც. რომნის გაცხადებული მიზანი XXI საუკუნის, „ახალ ამერიკულ საუკუნედ“ ქცევაა, სადაც წმინდა საგარეო პოლიტიკურ კომპონენტებს ერწყმის ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიცაა მაგალითად ამერიკის ენერგოდამოუკიდებლობა და „მთავრობის შეკვეცა“.  ამერიკაში არსებული ნავთობსაბადოების ათვისება, ქვეყანას ხელს შეუწყობს სხვა (როგორც წესი არადემოკრატიული) ქვეყნებიდან იმპორტირებული ენერგორესურსების რაოდენობის შემცირებაში და უფრო მეტ სივრცეს მისცემს საგარეო პოლიტიკური მანევრირებისთვის.

ბრიტანელი ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი თავის წიგნში: „ცივილიზაცია: დასავლეთი და დანარჩენი“ ოსმალეთისა და ჩინეთის იმპერიების დაცემას აღნიშნული ქვეყნების მიერ იზოლაციონისტური კურსის არჩევას და მის შედეგად გამოწვეულ შინაგან ხრწნას უკავშირებს. ამ არგუმენტს ამერიკელ ამომრჩეველთა „იზოლაციონისტები“-ს სახელით ცნობილი ერთი სეგმენტი არ იზიარებს და აშშ-ის ყველა საგარეო და სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებებიდან გამოსვლას და სამხედრო ბიუჯეტის უკიდურესად შემცირებას მოითხოვენ. მიტ რომნის პოზიცია ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია, მას კარგად ესმის მარტივი ჭეშმარიტება რომ „თუკი ამერიკა უარს იტყვის ლიდერობაზე, ამ როლში სხვები მოგვევლინებიან. ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენ ინტერესებსა და ფასეულობებს და მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს“. ამის გამო, იგი უარზეა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შენარჩუნების მიზნით, შეკვეცოს ამერიკის გლობალური დომინანტობისათვის საჭირო სამხედრო დანახარჯების რაოდენობა. სწორედ იმ გლობალური დომინანტობისა, რომელმაც მსოფლიოს ბოლო 70 წლის მანძილზე ჯერ არნახული კეთილდღეობა და აყვავება მოუტანა.

აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, 2011 წელს, თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში აღნიშნა:

„თუკი ისტორია და რელიგია რამეს გვასწავლის, ნათელია რომ ამ სამყაროში ყოველთვის იარსებებს ბოროტება, იქნება ხალხი, რომელიც მიდრეკილია აგრესიისკენ და ჩაგვრისკენ, რომელთა სურვილიც იქნება საკუთარი სიხარბის ნაძარცვი სიმდიდრით, ძალაუფლებით და წართმეული ტერიტორიებით დაკმაყოფილება, ანაც საკუთარი იდეოლოგიის ძალადობრივი გზით მოხვევა სხვებისთვის და ადამიანთათვის თავისუფლების წართმევა. […] მაგრამ დაე ნურავის შეეშლება ის, რომ აგრესორების, დიქტატორებისა და ტერორისტების წინააღმდეგ, XXI საუკუნეში, ისევე როგორც XX-ში არის უხეში ძალა – აშშ-ის შეიარაღებული ძალების სიდიდე, სიძლიერე და მსოფლიო წვდომა“

მიტ რომნის ამერიკა ეჭვგარეშეა, რომ შეეცდება დახმარების ხელი გაუწოდოს ყველა იმ მოკავშირეს, რომელიც იზიარებს იმ ფასეულობებს, რომლებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს შეადგენს და მტკიცე მორალური, პოლიტიკური თუ სამხედრო პასუხი გასცეს ყველა იმ რეჟიმს, რომელიც ხსენებული ფასეულობებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკული ფასეულობებიდან გამომდინარე და ამერიკული სამხედრო სიძლიერით ზურგგამაგრებული აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, იქნება მშვიდი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის გარანტი.

ამისთვის მიტ რომნი, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბოდიშს არავის მოუხდის.

რწმენის ძალა

დღევანდელ სამყაროში რწმენის დეფიციტი ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომური ეკვივალენტია. უხილავი, მაგრამ ვერაგი დაავადება ერთიანად ხრავს ორგანიზმს და შედეგი კი ყოველთვის ლეტალურია. ინდივიდის შემთხვევაში სიკვდილი, ცივილიზაციის შემთხვევაში კი მისი კოლაფსი.

ცხადია, რწმენის დეფინიცია უშუალოდ რელიგიურ რწმენას არ უკავშირდება, თუმცა ხშირად სწორედ მისგანაა ნასაზრდოები. რწმენა საკუთარი მორალური პრინციპების, რწმენა კეთილისა და ბოროტის გარჩევის, რწმენა ტყუილისა და მართალის შეფასების უნარის, რწმენა საკუთარი უპირატესობისა და რწმენა კეთილშობილური იდეალებისა ერთნაირად მოიაზრება ზოგადად რწმენის ცალკეულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებად.

ზოგადად, გამოიყოფა რწმენის ორი ფართო კატეგორია – 1) შეუგნებელი, ზედაპირული რწმენა და 2) შეგნებული, სიღრმისეული რწმენა. პირველი ტიპის რწმენა ყოველთვის საშიში და მყიფეა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ადამიანის შეგნების მანიპულაციით ადვილადაა შესაძლებელი მისი შეუგნებელი რწმენის სრულიად საპირისპირო მახასიათებლების მქონე მსოფლმხედველობის განვითარება, რომელიც ადრე თუ გვიან წინააღმდეგობაში მოვა ინტელექტუალური საფუძვლის არმქონე რწმენასთან და დაჯაბნის კიდეც მას. ადამიანები, რომლებიც ბიბლიას კოცნიან და არ კითხულობენ, მსგავსი ზედაპირული რწმენის მქონე ხალხია. ისინი ვერასოდეს შეძლებენ მორალური უნივერსალიზმისთვის და იდეალებისთვის ბრძოლას, თუკი მუდმივ იზოლაციაში არ იქნებიან და მათ გონებას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების წყაროს და განვითარების შესაძლებლობას არ მოუსპობ. ადამიანების მუდმივ იზოლაციაში ყოფნა კი პრინციპულად გაუმართლებელი, ამორალური და მიუღებელია. იგი ვერასდროს იქნება კეთილშობილური ბრძოლის ნაწილი.

მეორე ტიპის, სიღრმისეული რწმენა, რომელიც გაცნობიერებულ, დოქტრინალურად მომზადებულ ხალხს გააჩნია, ნებისმიერი ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი ცივილიზაციის ქვაკუთხედია, რომელზეც დაშენებულია ყველა ის ინსტიტუტი რომელიც ევოლუციური პროცესის შედეგად ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამგვარი რწმენის მატარებლები არიან საკუთარი კულტურის მეციხოვნეთა ელიტური ნაწილი, ადამიანები რომელთაც დიდი ხანია ეჭვი აღარ ეპარებათ იმაში, რომ სწორედ ცნობიერება განაპირობებს ყოფიერებას და არა პირიქით. შეგნებული რწმენის მატარებელს, ყოველთვის აქვს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი ცივილური ბრძოლის საწარმოებლად და ყოველთვის აქვს საკმარისზე მეტი შეგნება იმისთვის, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკუთარ კულტურაზე განხორციელებული შეტევის მოსაგერიებლად და საკუთარივე, ცივილური პრინციპების მძევლობიდან თავის დასაღწევად.

არავისთვის უცხო არ არის, რომ ადამიანმა საკუთარი არსებობის უდიდესი ნაწილი ცივილიზაციური განვითარების ქვედა საფეხურზე გაატარა და ჩვენთვის ბუნებრივია ძალადობა, გარყვნილება, ინსტინქტებს მინდობა, წუთიერ სიამოვნებაზე ფიქრი და მოკლევადიან, ჰედონისტურ ვნებებზე აყოლა. ეს ჩვენი ბიოლოგიური მექანიზმის ნაწილია და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენთან. თუმცა, ადამიანური განვითარების აღმავალი ეტაპი, ჩვენი ცივილიზაციური წინსვლა, ისტორიული საათის წიკწიკი იწყება სწორედ იმ დროიდან, როდესაც კულტურა ამარცხებს ბიოლოგიას.

ეს გამარჯვება საბოლოო და ყოვლისმომცველი არ ყოფილა, ისევე როგორც არც ერთი რევოლუცია არ არის დასასრული და პირიქით, წყალგამყოფის, დასაწყისის, მასშტაბური ცვლილებების შემამზადებელი ეტაპის ფუნქცია უფრო აქვს. შესაბამისად, ბიოლოგიაზე კულტურის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ადამიანური პროგრესის ახალ ეპოქას, როდესაც განტკიცდა და დაიხვეწა სოციალური ინსტიტუტები, მოხდა კეთილისა და ბოროტის მკაფიო გარჩევა და დაიწყო ჩანასახოვანი მორალური კოდექსის ჩამოყალიბება. სწორედ აქ, მრავალათასწლოვან ბრძოლაში გამოიწრთო ის ცივილიზაცია, რომლის პრინციპების დაცვის გარანტსაც სწორედ ამ ცივილიზაციის პოზიტიური ასპექტებით განმტკიცებული რწმენა წარმოადგენს.

Image

გასაკვირი არ არის, რომ კაცობრიობის ისტორიაში მდგრადი განვითარების ყველაზე მასშტაბური ეტაპები უკავშირდება იმ ადგილებსა და საზოგადოებებს სადაც რწმენა უნივერსალურად იყო გავრცელებული საზოგადოების ყველა ფენაში. ეს იყო დრო, როდესაც მღვდელი, მეფუნთუშე, ჟურნალისტი, ჯარისკაცი, ექიმი, მასწავლებელი, სპორტსმენი და პოლიტიკოსი თანაბრად იზიარებდა რწმენის საკვანძო პრინციპებს და მტკიცედ სჯეროდა საკუთარი უპირატესობის. ეს იყო დრო, როდესაც ადამიანური რასა ტრიუმფალურად მიაბიჯებდა განვითარების საფეხურებზე და როდესაც მომავალი კი არ მიდიოდა ადამიანებთან, არამედ ადამიანები მიდიოდნენ მომავალთან.

ეს ყველაფერი ადამიანთა აზროვნებისა და აღქმის მიღმა არ დარჩენილა. დროთა განმავლობაში ბუნებრივად გამოიკვეთა გამოცდილი და ისტორიულად შემოწმებული ინსტიტუტების ვარგისიანობა და მათ მიერ მოტანილი სარგებელიც ფართოდ გავრცელდა. ამიტომაც მათ წინააღმდეგ დაწყებული შეტევა ჯერაც შორსაა საბოლოო გამარჯვების მიღწევამდე. სამწუხაროდ, გამონათქვამს „ბოროტების გამარჯვებისთვის საჭიროა კარგი ადამიანების უმოქმედობა“ ვალიდურობა ჯერაც არ დაუკარგავს და თუკი შეგნებული რწმენის მქონე ხალხს ამ რწმენის დეფიციტი გაუჩნდება, იგი ნელ-ნელა უარს იტყვის საკუთარი პრინციპების დაცვაზე და მარცხი არც ისე შორეული მომავლის პერსპექტივა იქნება.

რწმენის დეფიციტის საფუძვლები მრავალგვარი შეიძლება იყოს: არასაკმარისი ინტელექტუალური მზაობა, ზოგადი გადაღლა, უარყოფითი ტენდენციების გამო პესიმიზმს მიცემა, რამდენიმე ლოკალური დამარცხების გამო იმედგაცრუება და გულგატეხილობა, ნიჰილისტური დამოკიდებულება მომავლის მიმართ, ზედმეტი ეგოიზმი და ა.შ.რწმენის დეფიციტი ავტომატურად იწვევს აპათიას, აპათიის მომდევნო ეტაპი კი უკვე ლეთარგიაა.

მართლაც, თითქოსდა რთულია დაუშალო 12 წლის მოზარდს სიგარეტის/მსუბუქი ნარკოტიკების მოწევა, რადგან შენ თვითონაც ეწევი და სხვების კრიტიკის უფლებას კარგავ, რთულია იბრძოლო აბორტის წინააღმდეგ, რადგან რთულია გაუძლო ყიჟინას „ქალთა უფლებების“ შესახებ, რთულია ებრძოდე კვოტირების მავნე პრაქტიკას, რადგან უმალ გაბატონებული ელიტის მსახურად შეგრაცხავენ. რთულია უპირობოდ უჭერდე მხარს კერძო საკუთრებას რადგან, მშიერთა და უპოვართა სიძულვილში დაგდებენ ბრალს, რთულია ასწავლიდე სწორ მორალურ ფასეულობებს, რადგან უმალ მოითხოვენ სხვა ტიპის ფასეულობების გამორჩევასაც და მათ გათანაბრებასაც.

შეგნებული რწმენის მქონე ადამიანებზე განხორციელებული მსგავსი ტიპის ფსიქოლოგიური იერიშები გარკვეული შედეგის მომტანია. ადამიანთა უმრავლესობა ბუნებრივად ეძებს უსაფრთხოებას, კომფორტს, სიმშვიდეს, პრესტიჟსა და სიყვარულს ცხოვრებაში და ისინი მტკივნეულად აღიქვამენ დაცინვას, გამუდმებულ ზეწოლას, აროგანტულობაში ბრალის დადებას და ტალახის სროლას. მხოლოდ ერთეულები იბადებიან უმტკიცესი ფსიქიკითა და შეუპოვრობით, უმრავლესობა კი შეიძლება მოდუნდეს, რწმენა შეერყეს და დანებდეს კიდეც.

საბედნიეროდ, კეთილშობილური ბრძოლის გაგრძელებას აზრი ყოველთვის აქვს, იმის მიუხედავად თუ რამდენი თანამებრძოლი იტყვის ბრძოლის გაგრძელებაზე უარს. საჭიროა გვახსოვდეს, რომ იქ სადაც არიან გრენდელისგან შეშინებული ჰროთგარები, აუცილებლად გამოჩნდებიან ბეოვულფებიც, რომლებიც არ შეუშინდებიან ხიფათისა და განსაცდელის გზას, რადგან სწორედ ასე შეიძლება ჰქონდეს აზრი ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებას.

ამიტომაც, დაე ნურასოდეს შეგვეშინდეს ხმამაღლა ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. დაე ნურასოდეს დაგვაბრკოლოს მეგობართა და ახლობელთა სკეპტიციზმმა. დაე ნურასოდეს მოგვერიდოს ჩვენი რწმენის პრინციპების გამჟღავნება. დაე ნურასოდეს დაგვეზაროს კამათი და მტკიცება იმისა, რაც სწორად მიგვაჩნია. დაე ნურასოდეს დაგვაბნიოს მოწინააღმდეგეთა თვალთმაქცობამ და ფარისევლობამ. დაე ნუ შეგვეშინდება სიმარტოვისა და გარიყულობის. დაე ნუ ვიფიქრებთ, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს!

შეგნებული რწმენის მქონე ადამიანებს, უნდა უხაროდეთ რომ სწორედ მათ ერგოთ იმ ყველაფრის დასაცავად ბრძოლა, რისთვისაც ღირდა ადამიანად გაჩენა. რწმენა, რომ უკეთესი მომავალი ჯერ კიდევ წინაა და მის შესაქმნელად შენც უნდა შეიტანო წვლილი, საჩუქარია, რომელიც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას გაძლევს.

ამ ბრძოლას კი მხოლოდ გამარჯვების ღიმილი უხდება.

“Old soldiers never die, they just fade away”

გენერალ დუგლას მაკარტურის სიტყვა „ძველი ჯარისკაცები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ უჩინარდებიან“

Image

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო კონგრესის წევრებო,

ამ ტრიბუნასთან მდგომს, ერთდროულად მიპყრობს თავმდაბლობისა და სიამაყის გრძნობა. მე მოწიწებით ვუხრი თავს ჩვენი ერისა და ისტორიის შემოქმედებს, რომლებიც ჩემამდე მდგარან ამ ტრიბუნასთან და ამაყი ვარ იმის გაცნობიერებისას, რომ საკანონმდებლო სამსჯავროს სწორედ ეს სასახლე განასახიერებს ადამიანურ თავისუფლებას ყველაზე წმინდა ფორმით, რაც კი აქამდე არსებულა.

აქ თავი მოუყრიათ ადამიანური მოდგმის იმედებს, მისწრაფებებსა და რწმენას.

მე აქ რომელიმე პარტიული ინტერესის დასაცავად არ ვდგავარ. ჩვენი განსახილველი საკითხები პარტიული დაპირისპირების მიღმა დგას და ფუნდამენტურ გააზრებას მოითხოვს. მათი გადაჭრა უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების უზენაესი ნების გათვალისწინებით, რადგან სწორედ ასე შევინარჩუნებთ ჩვენ მიერ არჩეული კურსის სისწორეს და დავიცავთ მომავალს.

შესაბამისად, მე მწამს, რომ გამიწევთ ფასდაუდებელ სამსახურს და ყველაფერს რასაც აქ ვიტყვი, ერთი უბრალო ამერიკელის მოსაზრებად მიიჩნევთ.

მე მოგმართავთ არა როგორც ცხოვრების ჩრდილში გადასული ღვარძლიანი ბერიკაცი, არამედ როგორც ჯარისკაცი, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს: ემსახუროს სამშობლოს.

განსახილველი საკითხები გლობალური მასშტაბებისაა და იმდენადაა ერთმანეთში დაკავშირებული და გადახლართული, რომ ერთი მათგანის ხარჯზე მეორისთვის ყურადღების დათმობა, აუცილებლად გამოიწვევს მთლიან კრახს. ცნობილია, რომ აზიას ხშირად მოიხსენებენ, როგორც ევროპის ჭიშკარს. თუმცა, არანაკლებ მართალია გამოთქმა, რომ ევროპაა აზიის ჭიშკარი და ერთის გავლენამ არ შეიძლება მეორე დაჩრდილოს.

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორივე ფრონტის დაცვის უნარი არ შეგვწევს და ჩვენი ძალები არ უნდა გავყოთ. ამაზე მასშტაბური სილაჩრე მე ნამდვილად არ მახსენდება.

თუკი პოტენციური მოწინააღმდეგე ორ ფრონტს გაგვიხსნის, ჩვენი ვალია ორივე ფრონტზე დავუპირისპირდეთ მას. კომუნისტური საფრთხე ნამდვილად გლობალურია. მისი გამარჯვება დედამიწის რომელიმე ნაწილში, განადგურებით ემუქრება ყველა დანარჩენს. შეუძლებელია დააშოშმინო ან დანებდე კომუნიზმს აზიაში და ამავდროულად შეაჩერო მისი წინსვლა ევროპაში.

ამ ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბრის შემდეგ მინდა აზიასთან დაკავშირებულ სხვა, უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადავიდე.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის დასახმარებლად ინტერვენციის გადაწყვეტილება ჩემთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით ეს ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იყო.

ეს სისწორე დადასტურდა იმით, რომ ჩვენ უკუვაქციეთ მტერი და საგრძნობი ზიანი მივაყენეთ მის შეირაღებულ ძალებს. გამარჯვება უკვე ხელთ გვქონდა და მიზნების მიღწევამდეც არ რჩებოდა შორი, როდესაც ომში წითელი ჩინეთი თავისი მრავალრიცხოვანი სახმელეთო ჯარებით ჩაერთო.

ამ ახალმა გარემოებამ, სრულიად ახალი საომარი სიტუაცია შექმნა. სიტუაცია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო ჩრდილოეთ კორეელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისას. სიტუაცია, რომელიც მოითხოვდა სრულიად ახალი ტიპის გადაწყვეტილებებს დიპლომატიის სფეროში, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სამხედრო სტრატეგიაში საჭირო ცვლილებების შეტანას. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა.

იმის მიუხედავად, რომ საღ ჭკუაზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ მოითხოვდა ჩვენი სახმელეთო ჯარების მიერ კონტინენტურ ჩინეთზე შეტევის განხორციელებას და ამაზე არც არავის უფიქრია, ახალი სიტუაცია დაუყოვნებლივ მოითხოვდა არსებული სტრატეგიული დაგეგმარების გადახედვას, თუკი ჩვენი მიზანი ძველი მოწინააღმდეგის განადგურების შემდეგ უკვე ახალი მოწინააღმდეგის დამარცხება იყო.

იმ სამხედრო საჭიროების გარდა, რომელიც მოითხოვდა მდინარე იალურს ჩრდილოეთით განლაგებული მტრის თავშესაფრების განადგურებას, მიმაჩნდა, რომ სამხედრო აუცილებლობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო შემდეგი ნაბიჯები

(1)     ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის გაძლიერება

(2)     ჩინეთის სანაპიროზე საზღვაო ბლოკადის დაწესება

(3)     ჩინეთის სანაპიროებზე და მანჯურიის ტერიტორიაზე განსახორციელებელ სადაზვერვო საქმიანობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმება

(4)     კუნძლ ფორმოზაზე განლაგებული ჩინეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმება და მათთვის ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენა კონტინენტურ ჩინეთზე ჩასატარებული ოპერაციების ეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით.

სწორედ ამ შეხედულებებისთვის, რომლებიც გამომდინარეობდა წმინდა სამხედრო გათვლებიდან და  რომელთა მიზანიც იყო კორეაში მებრძოლი ჩვენი ჯარებისთვის დახმარების გაწევა და ომის უსწრაფესად დამთავრება რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით, მე კრიტიკის ქარცეცხლის გამატარეს ზოგიერთ საქმიან წრეებში, ძირითადად საზღვარგარეთ. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ზემოთქმულ შეხედულებებს სამხედრო კუთხით იზიარებდა ყველა სამხედრო ხელმძღვანელი, ვისაც კი კორეის კამპანიასთან რაიმე შეხება ჰქონდა, ამერიკის გაერთიანებული შტაბების ჩათვლით.

მე მოვითხოვე დამატებითი ძალები, მაგრამ მალევე მიპასუხეს, რომ დამატებითი ძალების გამოგზავნა შეუძლებელი იყო.

მე მკაფიოდ განვმარტე, რომ თუკი არ მომცემდნენ იალუს ჩრდილოეთით მდებარე მტრის ბაზების დანგრევის, კუნძულ ფორმოზაზე განლაგებული ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი 600 000 კაციანი ჩინური კონტინგენტის გამოყენების, ჩინელი კომუნისტების მიერ საზღვარგარეთული დახმარების აღსაკვეთად ჩინური სანაპიროების ბლოკადის ნებართვას და არ დამახმარდნენ დამატებით ძალებს, სამხედრო თვალსაზრისით ამ ომის მოგება უკვე შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენ შეგვეძლო კორეაში გამაგრება, იმ შემთხვევაში მივმართავდით მუდმივი მანევრირების ხერხს ხოლო ჩვენი და ჩვენი მოწინააღმდეგის მომარაგების ხაზები მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იქნებოდა. მაგრამ, თუკი მოწინააღმდეგე სრულად აამოქმედებდა მის სამხედრო პოტენციალს, ჩვენი მეომრები განწირულები იქნებოდნენ მუდმივი უკანდახევის, დაღუპვისა და საომარი მოქმედებების მარცხით დასრულებისთვის.

მე მუდმივად მოვუწოდებდი ამ პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ. ჩემი პოზიციის დამახინჯებაზე დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. ისიც ითქვა, რომ მე ომის გამჩაღებელი ვიყავი. ეს სიმართლისგან ძალიან შორს დგას.

დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებიდან ალბათ ძალიან ცოტას ესმის თუ რა არის ომი ისე კარგად, როგორც მე და ჩემთვის ომზე უფრო საძულველი არაფერია.

მე დიდი ხანი ვითხოვდი ომის გაუქმებას. იგი ერთნაირად დამღუპველია როგორც მტრისთვის, ისე მეგობრისთვის და დიდი ხანია აბსოლუტურად გამოუყენებელი გახდა საერთაშორისო დავების მოგვარებისთვის.

მართლაც, 1945 წლის სექტემბრის მეორე დღეს, ხომალდ მისურიზე იაპონელთა დანებების შემდეგ, მე ვამბობდი: „უხსოვარი დროიდან, ადამიანები ისწრაფვიან მშვიდობისკენ. საუკუნეთა განმავლობაში, მრავალჯერ სცადეს ისეთი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, რომელიც გადაჭრიდა, ან თავიდან აიცილებდა კონფლიქტებს სახელმწიფოთა შორის. ინდივიდებმა მიაღწიეს კიდეც გარკვეულ წარმატებებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში, მაგრამ მსგავსი მოდელების საერთაშორისო ასპარეზზე დანერგვა ყოველთვის წარუმატებლობით დამთავრდა.

„სამხედრო ალიანსების, ძალთა ბალანსისა და ერთა ლიგის წარუმატებლობის შემდეგ ამ დავების მოგვარების ერთადერთი, უმძიმესი და განსაცდელით აღსავსე გზა მხოლოდ ომი დარჩა. ომიანობით გამოწვეული ნგრევის უსაზღვრო მასშტაბები ამ ალტერნატივასაც აქრობს. თუკი ვერ შევძლებთ უფრო დიდი და სამართლიანი სისტემის შექმნას, არმაგედონი კარზე მოგვიკაკუნებს. ეს ძირითადად თეოლოგიური პრობლემაა და მოითხოვს ადამიანის სულიერ განვითარებას, რომელმაც მხარი უნდა აუბას ჩვენს მიერ ბოლო 2000 წლის მანძილზე მიღწეულ უდიდეს წარმატებებს მეცნიერებაში, კულტურაში, ლიტერატურაში. სწორედ სულიერებით უნდა ვიხსნათ თავი ფიზიკური განადგურებისგან. მაგრამ, როდესაც ომის გარდა სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება, მაშინ მის უმოკლეს ვადებში დასამთავრებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ომის უმთავრესი მიზანი გამარჯვებაა და არა ხანგრძლივი ყოყმანი.

ომში გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს.

არიან ისეთებიც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო წითელი ჩინეთის დაშოშმინება ურჩევნიათ. ისეთები, რომელთაც არ ესმით ისტორიის უპირველესი გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელიც გვასწავლის, რომ დაშოშმინების გარდაუვალი შედეგი ახალი და უფრო სისხლისმღვრელი ომია. არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ მიზანმა გაამართლა მის მისაღწევად გამოყენებული საშუალება. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაშოშმინებას თვალთმაქცური მშვიდობის გარდა რაიმე სხვა შედეგი მოჰყვა.

შანტაჟის მსგავსად, აქაც ვხვდებით ახალსა და სულ უფრო დიდ მოთხოვნებს, სანამ, ისევე როგორც შანტაჟის შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ძალის გამოყენება არ გახდება. ჯარისკაცები მეკითხებიან, რატომ არ ვიყენებთ ჩვენს სამხედრო უპირატესობას მტრის წინააღმდეგ. მე პასუხი არ მაქვს.

ვიღაც უპასუხებს, რომ ეს ჩინეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. სხვები საბჭოთა ინტერვენციის თავიდან აცილების საჭიროებას დაასახელებენ. ამ ორი განმარტებიდან არც ერთია სარწმუნო, რადგან ჩინეთი უკვე მთელი ძალებით იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, ხოლო საბჭოთა კავშირი აუცილებლად ჩვენ წინააღმდეგ არ გაილაშქრებს. კობრას მსგავსად, ნებისმიერი ახალი მტერი დარტყმას სწორედ მაშინ განახორციელებს, როდესაც დარწმუნდება მსოფლიო დონეზე სამხედრო ან სხვა ტიპის რესურსების ბალანსი მის სასარგებლოდაა.

კორეის რესპუბლიკის ტრაგედიას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ საომარი მოქმედებები მის ტერიტორიაზეა გაჩაღებული. ამის გამო, ერს, რომლის დაცვაც ჩვენი ამოცანაა, უხდება სრულმასშტაბიანი საზღვაო და საჰაერო დაბომბვებისთვის გაძლება, მაშინ როდესაც მტრის ბაზები სრულადაა დაცული მსგავსი თავდასხმებისა და ნგრევისაგან.

მსოფლიოს ერებიდან, კორეა ერთადერთია, რომელმაც გარისკა და მთლიანად დაუპირისპირდა კომუნიზმს. კორეელი ხალხის თავგანწირვას, სიმამაცეს და მხნეობას ადამიანის ენა ვერ გადმოსცემს. ეს არის ერი, რომელმაც მონობას, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა არჩია.  მომაკვდავი კორეელებისგან მე მესმოდა: „არ წახვიდეთ წყნარი ოკეანის რეგიონიდან“

მე დავტოვე კორეაში მებრძოლი თქვენი ვაჟები. მათ იქ ყველანაირ განსაცდელს გაუძლეს. მინდა სიამაყით მოგახსენოთ, რომ ისინი ყოველმხრივ ბრწყინვალე მეომრები არიან.

მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის, ამ ბარბაროსული კონფლიქტის უსწრაფესად და მინიმალური დანაკარგებით დასრულებისთვის მე ძალისხმევა არ დავიშურე. ამ ომში დაღვრილი სისხლი გამოუთქმელ ტანჯვასა და სევდას მაყენებს. ეს დიდებული ბატონები მუდამ დარჩებიან ჩემს ფიქრებში და მე ვილოცებ მათთვის.

მე ვასრულებ ჩემს 52 წლიან სამხედრო კარიერას. როდესაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში არმიაში სამსახური დავიწყე, ეს ჩემი ბიჭური სურვილებისა და ოცნებების ახდენა იყო.

მას შემდეგ, რაც ვესტ-პოინტის მდელოზე ფიცი დავდე, მსოფლიო მრავალჯერ შეიცვალა და იმედებიც და ოცნებებიც თან გაჰყვა მას, მაგრამ მე კვლავ მახსოვს ჩვენს ბარაკებში მოსმენილი ერთი ძველი და ცნობილი ბალადის მისამღერი: „ძველი ჯარისკაცები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ უჩინარდებიან“

იმ ბალადის ძველი ჯარისკაცის მსგავსად, მეც ვამთავრებ სამხედრო სამსახურს და ვუჩინარდები. ეს მოხუცი ჯარისკაცი ყოველთვის ცდილობდა თავისი მოვალეობის აღსრულებას, ხოლო ღმერთი კი უნათებდა გზას ამ მოვალეობის დასანახად. მშვიდობით!

რატომ ვერ გახდება საქართველო ირანი

2013 წლის 17 მაისის მოვლენები, ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა. პირველ რიგში სინანულის მომგვრელია ის ფაქტი, რომ შენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მეორეს მხრივ, სამწუხაროა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მისი ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ელიტის ჩათვლით ერთგვარად მოწყდა ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, ვიდრე ეს 17 მაისის აქცია გახლდათ (იქნებოდა ეს კანონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებების შეტანა, დიპლომატიური წარმატება ვანუატუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და სხვა) და არაფრისმომცემ თვითგვემას მიჰყო ხელი.

საინტერესოა, რომ ამ თვითგვემის ვერბალური ასპექტის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის პარალელების გავლება იქცა. ჩვენმა თანამემამულეებმა განგაშის ზარები დაარისხეს: „მართლმადიდებლური აიათოლიზაცია“, „ილია მეორე ადგილობრივი ხომეინი“, „მსგავსი რელიგიური სიბნელე ირანიზაციას გვიქადის“ და ა.შ. რა საკვირველია, მსგავსი შედარებების ზედაპირულობის, უსაფუძვლობისა და აბსურდულობის დასამტკიცებლად ანალიზის ელემენტარული უნარი და ირანის რევოლუციამდელი ისტორიის რამდენიმე ასპექტის გახსენებაც იკმარებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც 1979 წლის ირანსა და 2013 წლის საქართველოს შედარებისას შეიძლება დავუშვათ, ამ ორ ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური გარემოებების უგულებელყოფაა. ეს გამოიხატება პოლიტიკური ელიტისადმი დამოკიდებულებაში, სოციალურ ატმოსფეროში, რელიგიურ-კულტურული ფასეულობების არსებით სხვაობაში, მოსახლეობაში არსებულ აღქმასა და განწყობაში და ოპოზიციური სუბიექტების კოორდინაციაში. ქვემოთ შედარებული ასპექტები ცხადჰყოფს, რომ ამ მონაცემებით 1979 წლის ირანი და 2013 წლის საქართველო აბსოლუტურად განსხვავებულ სიბრტყეებში იმყოფებიან.

1. 1979 წელს, ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი უკვე რამდენიმე ათწლეულია მართავს ქვეყანას. მისი ექსცენტრიულობით, პარანოიკული მართვის სტილით, დასავლეთთან „ზომაზე მეტი კავშირით“ და ა.შ. ხალხში მისდამი ნდობა განუზომლად დაბალია, სპორადული ძალადობა უკვე წლებია მიმდინარეობს.

2013 წელს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩეულია ძირითადად სწორედ ტრადიციონალისტურად და რეაქციულად განწყობილი მოსახლეობის მიერ, რომელიც პრემიერს დასავლური გავლენისგან თავისუფლად, „ეროვნულ კაცად“ და „ჭეშმარიტ ქართველად“ მიიჩნევს. მისი რეიტინგი 75% აღწევს.

2.  1979 წელს, შაჰის დესპოტიზმი, ერთპარტიულობა, პოლიტიკურ ოპონენტთა ჩაგვრა და შევიწროება და სოციალური დაძაბულობა მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.

2013 წელს, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა ვერ გამოირჩევა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებით, თუმცა მსგავსი მასშტაბის უკანონობა აქ წარმოუდგენელია.

3. 1979 წელს, ირანის შაჰი ოფიციალურად აღქმულია როგორც „ანტიისლამური“, „დასავლური იმპერიალიზმის პაიკი“. ამის საფუძველს შაჰის მიერ ირანის ზოროასტრულ წარსულზე ხაზის გასმა და პრეისლამური ირანის რელიგიური ისტორიისადმი გულთბილი დამოკიდებულება იძლევა.

2013 წელს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიჩნეულია როგორც „სარწმუნოების დამცველი“, მის აქტივშია საქართველოს უმთავრესი საკათედრო ტაძრის აგება და ზოგადად ქრისტიანულ ძეგლებზე ზრუნვა. მის პასივში არ მოიძებნება აღფრთოვანება არმაზით, გაცით ან გაიმით. ასევე, იგი არ მოითხოვს რევ მართალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ბავშვების მსხვერპლშეწირვის შესახებ (ეს უკანასკნელი ხუმრობით).

4. 1979 წელს, შაჰს აქტიურად და ღიად უპირისპირდება გავლენიანი და რეიტინგული ფიგურა აიათოლა ჰომეინი. იგი ბრალს სდებს მას დესპოტიზმში, ისლამთან ბრძოლაში და ირანის ყველა უბედურებაში. ჰომეინის ავტორიტეტი აძლევს მას საშუალებას რევოლუციის შემდეგ ირანი ისლამურ სახელმწიფო ყაიდაზე გადაიყვანოს.

2013 წელს, საქართველოს პრემიერმინისტრს ძირითადად ნორმალური ურთიერთობა აქვს საეკლესიო ელიტასთან. არც ერთი გავლენიანი იერარქი საჯაროდ არ გმობს მის მმართველობას და არ სდებს ბრალს ანტიქრისტიანულობაში. ამასთანავე, საქართველოს ყველაზე გავლენიანი საეკლესიო მოღვაწე, პატრიარქი ილია მეორე, არასოდეს დათანხმდება მართლმადიდებლურ თეოკრატიას, რისი ანალოგიც დღევანდელ მსოფლიოში არ მოიძებნება.

5.  1979 წელს, ღრმად კრიზისულ მდგომარეობაშია ირანის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურები. „სავაკი“ ვერ ახერხებს ქვეყნის შიგნით არსებული ისლამურ ქსელში ინფილტრაციას და მათ გაუვნებელყოფას. ამასთანავე, შაჰის დესპოტიზმით შეწუხებული ოპოზიციური ჯგუფები, როგორც სეკულარი ლიბერალები, ისე რელიგიური ფუნდამენტალისტები „უწმინდურ ალიანსს“ კრავენ შაჰის წინააღმდეგ.

2013 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტ-ნაკლებად ეფექტურად აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მძლავრი ექსტრემისტული დაჯგუფებების ჩამოყალიბების საშიშროება არ არსებობს.

6. გავრცელებულ მოსაზრებების საპირისპიროდ, ისლამური ირანი არასოდეს ყოფილა სრულად სეკულარული სახელმწიფო. ამაში თავის როლს ისლამიც თამაშობდა, რომელიც რელიგიურის გარდა პოლიტიკურ დოქტრინასაც მოიცავს და თავისი ბუნებით ყოველთვის მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ მაშინ როდესაც საქართველო, ბოლო დროს მზარდი რელიგიური გამოღვიძების მიუხედავად, არ გამოირჩევა მსგავსი რელიგიურ-პოლიტიკური ორიენტირებისადმი ბრმა თაყვანისცემით.

ჩამოთვლილი მაგალითების გათვალისწინებით, ცხადია, რომ წუხილი საქართველოს „ირანიზაციის“ შესახებ, როგორც მინიმუმ გადაჭარბებულია. ამავე დროს, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტსაც, რომ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რელიგიური სენტიმენტები კვლავაც დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის მობილიზაციის საკითხებში ერთი შეხედვით უწყინარი და მორალურად სრულიად გამართლებული ღონისძიებების წინააღმდეგ. მაგალითისთვის რუმინეთის შემთხვევაც იკმარებს, სადაც 2001 წლამდე ჰომოსექსუალობა ისევ კრიმინალიზებული იყო, თუმცა 3 წელიწადში ეს ქვეყანა ნატოში, ხოლო 6 წელიწადში კი ევროკავშირში მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს, ვარშავის მერი და მოგვიანებით პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა გეი აღლუმს ვარშავაში და „ჰომოსექსულური ცხოვრების წესის პროპაგანდა“ დაუშვებლად მიაჩნდა. (საინტერესოა, რამდენად პოლიტკორექტულად მიიჩნევა კაჩინსკის ქუჩაზე გავლეა?)

დასკვნისა და მცირე გადახვევის სახით, უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთქმული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანის მეორე ადამიანზე ძალადობას (საკანონმდებლო გამონაკლისების გარდა) რაიმე გამართლება აქვს და შესაბამისად კანონის დამრღვევთა ჯგუფმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. თუმცა, ჩვენი ვალია უკიდურესი სიფრთხილე გამოვიჩინოთ მეორე უკიდურესობის თავიდან ასაცილებლად და ორგანიზებული რელიგიის ცალკეული ასპექტების კრიტიკისას, მებრძოლი ათეისტების კოჰორტაში არ გავერიოთ. ამერიკის დამფუძნებელ მამათა მიერ წმიდათაწმიდა პრინციპად მიჩნეული სახელმწიფოსა და ეკლესიის გაცალკევების პრინციპის შეცდომით გაგება, კარგის მომტანი არ შეიძლება გამოდგეს, რადგან მათი ხედვით რელიგია სახელმწიფოსგან, სწორედ ამ უკანასკნელის ზედმეტი ჩარევისგან თავის დასაცავად უნდა გამიჯნულიყო, ხოლო ადამიანთა სოციალური ცხოვრებიდან რწმენის განდევნა არავის უფიქრია. შესაბამისად, როდესაც გულმოდგინედ გვახსენებენ ერთ ლოყაში გარტყმის მერე, მეორის მიშვერის პრინციპს, ნუ დაგვავიწყდება რომ ეს პირად ცხოვრებას და პირად მტერს ეხება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ნებისმიერ ქრისტიანს აქვს უფლება და მოვალეობა, ილიას განდეგილის მსგავსად კი არ მოიბუზოს მიწურში, არამედ ღიად, აქტიურად და რაც მთავარია ქრისტიანული სიყვარულით გამოხატოს პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

ტოპ 15 ევროპული მომენტი

აგერ უკვე 1 წელი გავიდა, რაც ბებერი კონტინენტიდან მშობლიურ ქვეყანას დავუბრუნდი, თუმცა სტუდენტური მოგონებები სიტკბოსა და სიცხადეს არ კარგავენ. ეს 15 მომენტი სწორედ იმ წუთების ასახვაა, როდესაც ყველაზე ძალუმად “მოჰქონდა” ევროპას.

№15 საკონცენტრაციო ბანაკი დახაუში.

ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულთა უტყვი მემატიანე. გაზის კამერები, ხის ბარაკები, მავთულხლართები, ტუსაღთა ტანჯვა-წამების ამსახველი სურათები, უზარმაზარი, ცარიელი, გაყინული სივრცე და შესასვლელ ჭიშკარზე დაწერილი Arbeit Macht Frei ერთბაშად აცოცხლებს ისტორიასა და იმ საშინელებას რაც 1933-1945 წლებში ამ ბანაკის მკვიდრთ ხვდათ წილად.

№14 ხმამაღალი „კუილი“ მაასტრიხტი-უტრეხტის მატარებელში.

მატარებლის დახურულ კაბინაში, რამდენიმე სანდომიანი და სოლიდური მოხუცის მიერ ჰაერის ტრიუმფალური მოწამვლა, ხმამაღალი ყიჟინისა და სიცილ-ხორხოცის (და ჩვენი გაოგნებული გამომეტყველების) თანხლებით ერთის მხრივ საინტერესო იყო. ალბათ ასეთივე ყიჟინა გაჰქონდათ ჰოლანდიელ მეამბოხეებს ჰერცოგი ალბას არმიების დამარცხებისას.

№13 წმინდა გიორგის „შებილწული“ შადრევანი ბრატისლავაში.

იაფი სასმელისა და იაფი ქერა ქალების მოყვარული ინგლისელი ჯენტლმენების სამიზნე, ბრატისლავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, წმინდა გიორგის (სახელის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ) შადრევანი გახდა. მთვრალმა ბრიტებმა შადრევანში მოისაქმეს და მერე გაოგნებული უხსნიდნენ ადგილობრივ პოლიციას, რომ სლოვაკმა ნაციონალისტებმა აბსოლუტურად უმიზეზოდ და უმოწყალოდ ბერტყეს.

№12 „ჩაიცვით მოკრძალებულად“ პარიზში.

როდესაც ტვინი გაქვს გახვრეტილი ქართველი ლიბერალების წუწუნით, რომ ქართული ფაშისტი სამღვდელოება მოკლეკაბიანი და დეკოლტიანი ნაშობის ეკლესიაში შეშვების წინააღმდეგია, უნებურად გულზე საამურად გვხდება პარიზის საკრე კურის ცნობილ ეკლესიაში შესასვლელშივე გამოკრული წარწერა „Dress Decently

№11 იმპერიული წარწერა ვენაში.

ერთ-ერთი დიდებულ იმპერიულ მომენტთაგანი. ჰაბსბურგ მონარქთა სასახლის წინ აღმართულ სვეტზე გოროზად მოკიაფე წარწერა Iustitia Regnorum Fundamentum (სამართლიანობა ზეობის საფუძველია). კმაყოფილებით რომ ამოიოხრებ, ის მომენტი.

№10 წრიული მეტრო ლონდონში.

იმის გამო, რომ წრიული მეტროს გამოცდილება არ მქონდა და ლოგიკამ და ორიენტაციამ ერთსულოვნად მიიძინეს, მანდ უბრალოდ დავიკარგე და დროც დავკარგე.

№9 ბულგარული წიწაკა ბუდაპეშტში.

ბოდიშს მოვითხოვ უნგრეთის პარლამენტთან და ევროპული ისტორიის სხვა ბრწყინვალე ნიმუშებთან, მაგრამ უნგრეთი ჩემ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა როგორც წიწაკის ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს რაც იჭმევა ან იღეჭება წიწაკას უშვრებიან. უნგრეთის დევიზი In paprika we trust უნდა იყოს.

№8 ნაყინი ფლორენციაში.

იტალიაში „არა მარტო პიცითა შენითა სცხონდების“ კაცი. ნაყინიც ბრწყინვალეა, თუმცა როდესაც გაჯგიმული შეაბიჯებ სანაყინეში, შეუკვეთ ნაყინს, რომლის ფასი ევროპის სხვა წერტილებში საშუალოდ 2 ევროა და შავტუხა იტალიელი ყურებამდე გაკრეჭილი მოგთხოვს 20 ევროს (ბოლო 25-დან), ისღა დაგრჩენია ნაყინის ჭამით ბოლომდე ისიამოვნო!

№7 პოლიციის დაკეტილი შენობა სტოკჰოლმში.

სტოკჰოლმის იმ უბანში, სადაც მოსახლეთა დიდი უმრავლესობა ოსამა ბინ ლადენის ბიძაშვილს წააგავს,  პოლიციის შენობა დაკეტილი და ჩაბნელებული დაგვიხვდა. ჩემმა ბიძაშვილმა კი აუღელვებლად განმიმარტა, რომ კვირა დღეს ყველა სულიერი, მათ შორის პოლიციელიც ისვენებს.

№6 ფრანგი მარშლების ძეგლები პარიზში.

ფერდინანდ ფოშისა და ჟოზეფ ჟოფრის ძეგლებს ერთმანეთისგან ეიფელის კოშკად წოდებული სიმახინჯე და რამდენიმე ასეული მეტრი ჰყოფს. საფრანგეთის დამცველი ეს ორი ერთგული ოფიცერი თვალებში უმზერს ერთმანეთს იმის მინავლებული იმედით, რომ ოდესმე მათი სამშობლო კვლავ დაიბრუნებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში.

№5 გემრიელი ქაბაბი „წითელი ფარნების უბანში“

5 ევრო ღირს და შედარებით პატარაა, მაგრამ განა ბევრი დაიკვეხნის წითელი ფარნების უბანში დონერ ქაბაბის ჭამით?!

№4 ევროპის ჰიმნი მაასტრიხტში

როდესაც თანამედროვე ევროპის აკვანში ჩამოსულს მეორე დღეს, ბეთჰოვენის „ოდა სიხარულს“-ის ანუ ევროპის ჰიმნის მოსმენით გეღვიძება (და თუკი ჯერ ისევ გულუბრყვილოდ გჯერა ევროკავშირის ბრწყინვალების!) და თვალებს მოიფშვნეტ, დაახლოებით ლიონელ მესის ჰოსპიტალიზაციის ამბის შეტყობისას დაუფლებული გრძნობის მსგავსია.

№3 კოლუმბის ძეგლი ბარსელონაში.

კი ვეცადე ამ სიაში ძეგლები და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნავობები მინიმუმამდე დამეყვანა, მაგრამ კოლუმბის ძეგლი მის კუთვნილ ადგილს იმსახურებს. დასავლური ცივილიზაციის აღმასვლის გარიჟრაჟის წარმოდგენა და ქრისტეფორე დომინიკის ძის ამაყად აღმართული ხელი, მონუსხულს დატოვებს დასავლეთის ნებისმიერ ტრფიალს.

№2 „კაპეზე“ ჰააგაში

ჰააგის საკანში ჯდომა ის მომენტია, რაც თავგადასავლების მოყვარულმა თითოეულმა ადამიანმა უნდა განიცადოს. ამიტომაც, იმგზავრეთ უბილეთოთ ჰააგის ტრამვაიში, მცირედი ბუზღუნით გაჰყევით თქვენ დასაკავებლად მოსულ ველოსიპედიან პოლიციელს და იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ დაჭერამდე ჰააგის საკნებს მილოშევიჩი, მლადიჩი, კარაჯიჩი, გოტოვინა და ძმანი მათნი ხეხავდნენ.

№1 თურქული საშაურმე ბრაუნაუში

ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კომენტარის გარეშე.