ღმერთო, დედოფალს რომ დაიფარავ, არც ბრიტანეთი დაივიწყო

მართლა გეუბნები ღმერთო, გულწრფელად.

შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის და იქაური ცოდნის ქალაქის, ოქსფორდის მონახულების შემდეგ. სიმპათიები და კეთილგანწყობა ამ პატარა კუნძულის და მისი მაცხოვრებლების მიმართ არც აქამდე მაკლდა, თუმცა გაგონილს ნანახი რომ ჯობია, ამ გამოთქმამ აქაც ივარგა.

დავიწყებ იმით, რომ პირველი სასიამოვნო შეგრძნება საფრანგეთ – ინგლისის დამაკავშირებელი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბიდან ამოსვლის შემდეგ გეუფლება. ქრება ყურების ტკივილი, მოსაბეზრებელი სიბნელე და კაშკაშა სინათლის ფონზე მწვანედ ახასხასებული ცამოწმენდილი (!) ალბიონი გეგებება, მინდორზე ცხვრების სიმრავლეა, რომელთა დიდი წინაპრებიც ევროპას ამარაგებდნენ მატყლით, კიდევ ცოტაც წმინდა პანკრასის სადგურზე ვჩერდებით, რომელსაც სტერეოტიპულად წმინდა ინგლისური იერი დაჰკრავს შიგნიდანაც და გარედანაც, ოლიმპიური 5 რგოლი კი შეგვახსენებს, რომ ერთ წელიწადში სამყაროს დაღუპვის კი არა, ადამიანთა ძალის, ნიჭის, მოხერხებულობის და სიმტკიცის კიდევ ერთხელ ზეიმის მომსწრენი გავხდებით.

შთაბეჭდილებების ძებნამ დიდხანს არ მოგვიწია. წმინდა პანკრასის სადგურს კინგს კროსის ის სადგური ესაზღვრება, რომელსაც ჯოან როულინგის მიხედვით ლონდონელი ჯადოქრები იყენებდნენ ჰოგვორსტში გასამგზავრებლად. თუმცა მე როგორც მაგლს, რა ხეირი?

პირველი დღე სეირნობას მივუძღვენით, მოვინახულეთ ცნობილი ჰაიდ პარკი და ბუკინგემის სასახლე, გავისეირნეთ ოქსფორდსტრიტზე და პიკადილის მოედანზე და რა თქმა უნდა წუთით არ შეგვიწყვეტია ტკბობა შთამბეჭდავი ინგლისური არქიტექტურით. ვიმგზავრეთ გადაჭედილი ‘Double – Decker’ – ით (საოცარი დეჟავიუს გრძნობა: ავტობუსმა რომ გააჩერა, უკანა კარიდან ავედით, მძღოლმა კი გამოგვძახა, რომ ყოველთვის წინიდან უნდა ავსულიყავით. დაახლოებით იმის მსგავსი იყო, თბილისში რომ ყვიროდნენ: უკანა კარი გააღე და გადავიხდი)

ლონდონის მეტრო, ეს კიდევ ცალკე საოცრებაა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ მსოფლიოში უძველესია, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილიცაა და ალბათ ტრაგიკულიც 2005 წლის ტერაქტების შემდეგ, რომლის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალური დაფა, სწორედ კინგს კროსის სადგურზეა, აფეთქება კი ამ სადგურსა და ჩვენი ჰოსტელის უკან მდებარე მეტროსადგურ ‘Russel Square’  – ს შორის მომხდარა.

თუმცა, ნებისმიერ ისეთ ქალაქში ჩასვლისას, რომელსაც სულ მცირე ისტორიული ღირებულება მაინც გააჩნია, მოუთმენლად ველი იმ შეგრძნებას, რასაც ისტორიის გაცოცხლება ჰქვია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მასშტაბებისაა ეს შეგრძნება ლონდონში. უაითჰოლზე სიარულისას ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამსახურის (მოკლედ foreign office) გრანდიოზული შენობა, გოროზად გიმზერს და მკაფიოდ, დამარცვლით გეუბნება: ‘დიახ, სწორედ აქ, ჩემ ტალანებში იჭედებოდა ევროპის და მსოფლიოს ბედი, აქ იქმნებოდა და ნადგურდებოდა ქვეყნები, აქედან ნაწილდებოდა სიმდიდრე, აქ იწერებოდა ისტორია!’ გაიხედავ გვერდით და თვალს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პირმოქუფრული შენობა მოგხვდება, რომლის წინაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის გმირთა წარბშეჭმუხნული სახეებია ნაქანდაკები. დაუნინგ სტრიტი კი ტურისტებისთვის დაკეტილია, ბატონი პრემიერი არ უნდა შეწუხდეს.

ისტორია აქ ყველგან იგრძნობა, იმპერიული ისტორია თითქმის ყველგან. თავიდან ვცადე, მსოფლიო ომებისათვის მიძღვნილი მემორიალების დათვლა, მაგრამ 15 რომ ავცდი სათვალავი ამერია და თავი გავანებე. ბრიტანეთში ამაყობენ საკუთარი დიდებული ისტორიით და გმირებით. ის სიტყვები და ფრაზები, რასაც მადლიერი ბრიტანელი ხალხი სამშობლოს და მეფის დამცველებს უძღვნის, ნებისმიერი ადამიანის გულის შეძვრას შეძლებს.

ამ დიდებული ადგილის გვერდითაა პარლამენტი, ბიგ ბენი და ვესტმინსტერი, როგორც დიდი ბრიტანეთის დემოკრატიის, გამძლეობის, რწმენისა და სიდიადის სიმბოლოები. ჩერჩილის ძეგლის წინ გახსენდება მისი მონუმენტური სიტყვები: “I have nothing to offer but blood, toil, tears and sweat.” და ნაცისტური გერმანიის გაუჩერებელი სამხედრო საჰაერო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და მათი საყვარელი კუნძულის დამცველი ერთი მუჭა, თავგანწირული ბრიტანელი პილოტები.

რადგან ჩემს იქ ყოფნას ბზობის კვირადღე დაემთხვა, შანსი ხელიდან არ გამიშვია და ვესტმინსტერში წირვასაც დავესწარი. სანახაობა და ცერემონია დიდებულია, კათოლიციზმის ბრწყინვალება, პროტესტანტული ელფერით და პასტორის ხავერდოვანი, თბილი ბრიტანული აქცენტით. შეგრძნებას ისიც ამძაფრებდა, იმ ადგილას სადაც მე ვიჯექი, ერთ კვირაში ბრიტანეთის სამეფო ქორწილის დროს, რომელიმე ლორდი ან თავად სამეფო ოჯახის წევრი დაიკავებდა.

ლონდონური ცხოვრების რიტმი გასაოცარია. ჩემთვის, როგორც გორში დაბადებულ გაზრდილი კაცისთვის ეს ნამეტანი აღმოჩნდა. აქ მართლა იგრძნობა სამყაროს ცენტრობა და იგებ ბრიტანულ ევროსკეპტიციზმსაც  – მართლაც და როგორ შეიძლება ბრიუსელიდან მომავალი დირექტივები არ გეზიზღებოდეს, ამაყად მოფრიალე ‘იუნიონ ჯეკის’ შემხედვარეს, როდესაც იცი, რომ ეგ ქალაქი ერთ დროს იმიტომ იქცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად, რომ შენ პაპის პაპას სურდა ასე.

პოსტი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ორი სიტყვით ოქსფორდსაც შევეხები. ადგილი სადაც ცოდნის და სიძველის ნაზავი ქმნიდა და ქმნის თანამედროვეობას. ჯერ იმ დონეზე არ გავთავხედებულვარ, რომ ოქსფორდის აღწერის ტვირთი ვიკისრო. უბრალოდ გაგაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მანდაურ წიგნების მაღაზიაში სავსე ჯიბით შესვლა, რადგან ჩემი თვიური სტიპენდიის 15% მანდ დავტოვე.

ამ პოსტით ჩემ ბრიტანულ შთაბეჭდილებებს ვერ ამოვწურავ. იმედია მექნება დრო, რომ დავწერო სხვა კუთხით დანახულ ბრიტანეთზე და იმ სასაცილო შემთხვევებზე რაც იქ გადაგხვდა (როგორიც იყო ‘ასეთია ქურდი კაცის ბედის’ მღერა ოქსფორდის ქუჩებში და უსახლკაროდ დარჩენილი ორი ქართველის ღამის თავგადასავალი ლონდონში)