ახლა 5 აპრილის 23 საათი და 50 წუთია (პოსტის წერის დასაწყისი) 10 წუთში, 6 აპრილი, ანუ ორშაბათი დღე დადგება, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ დილით ადრე უნდა ავეთრე და საქართველოს თვალწარმტაც (!!!) დედაქალაქში გავემგზავრო, რაც ასევე ლოგიკის კანონზომიერების სრული დაცვით ნიშნავს იმასაც, რომ ჩემ უსაყვარლეს სააკაძის უბანს, მინიმუმ ერთი სამუშაო კვირა ვეღარ ვნახავ (სურათები არ ითვლება)
ამ არც თუ ისე მთვარიან ღამეს, არც თუ ისე რომანტიკული განწყობით, ჩემი არც თუ ისე თბილი ოთახიდან მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემ სააკაძის ქუჩას.
ნაციზმის იმდენივე სახეობის შესახებ მსმენია, რამდენი ჯიშის სოსისსაც გერმანიაში ამზადებენ და რამდენი სახეობის მწერიც ამაზონის ჯუნგლებში ბზუის, მაგრამ ახალი ტერმინის შემოტანა მინდა – უბნის ნაცისტი ვარ… კი, კი, ვიფიქრე ამაზე და მართლა ეგრეა…
15 წელზე ოდნავ მეტია, რაც პირველად ჩავისუნთქე ამ უბნის ჰაერი და იმის შემდეგ, დედამიწის ზურგზე უკეთესი ადგილი (ჩემთვის რა თქმა უნდა) აღარ მეგულება…აქ ყველაფერი ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლობელი, თითოეული სახლი, თითოეული გახუნებული ჭიშკარი, ქუჩაზე თბილად დაცემული მზის სხივები, გაზაფხულის მიწურულს ატეხილი ფოთლების შრიალი, მეზობლების ხმაური, უბნის თავსა და ბოლოში მოწყობილი პატარა ბირჟები, საღამოს გამოშლილი ბავშვების წკრიალა ხმა, ქუჩაზე დარბაისლურად მოსეირნე მოხუცთა ალერსიანი სალამი, ზუსტად ჩვენ უბანს გადმომზირალი პატარა ეკლესია და საოცარი, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება, როდესაც ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პატარა, მდუმარე კუნძულზე გამოიღვიძე, სადაც ტრასაზე მიმქროლი მანქანების ხმაური, ნაპირს მოხეთქებული ტალღების მსგავსად ჩაგესმის…
ასეთია ჩემი პატარა სააკაძე, თავისი ტკივილითა და სიხარულით, სიცილითა და ცრემლით…
ხანდახან მგონია რომ ქუჩა ცოცხლობს და ერთხელაც იქნება გამომელაპარაკება კიდეც, როდესაც ერთი ან მეორე ბოლოდან ღიმილით გავყურებ ხოლმე და ვცდილობ სულ უფრო და უფრო უკეთ აღვიბეჭდო გონებაში… აქ ყველა კედელი ნაცნობია, ყველა “იამა” გათელილია, ყველა სახლის კარებთან გვითამაშია ბურთი ბავშვობაში და ჩვენი ანცობისაგან დაუზიანებელი ფანჯრების მქონე სახლის მოძებნა ჩინურ გრამატიკასავით ძნელია…
შეავლებ მზერას სახლის კედლებზე მიწერილ სახელებს და უცებ წარმოიდგენ უბნის ისტორიას, გაცოცხლდება იმ ბიჭების თუ გოგონების პატარაობა, ჩვენზე უწინ რომ ავსებდნენ სიცოცხლით ამ უბანს, დღეს უკვე ყველა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა და დარწმუნებული ვარ ამ კედელზე შეხედვისას, საკუთარი არც თუ ისე ლამაზი კალიგრაფიის დანახვისას, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ეძალებათ…
ალბათ გავა დრო და ჩვენც ანალოგიური ფიქრებით მიველაციცებით სააკაძის უბნის ბებერ კედლებს…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებლებსაც ასე უყვართ იგი…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის ყველა მაცხოვრებელსაც აქ უნდა ცხოვრება…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებელიც მას საკუთარ ბლოგზე ერთ (ჯერჯერობით) პოსტს უძღვნის…
გაგვიმარჯოს სააკაძელებს!