გენერალ დუგლას მაკარტურის სიტყვა „ძველი ჯარისკაცები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ უჩინარდებიან“
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო კონგრესის წევრებო,
ამ ტრიბუნასთან მდგომს, ერთდროულად მიპყრობს თავმდაბლობისა და სიამაყის გრძნობა. მე მოწიწებით ვუხრი თავს ჩვენი ერისა და ისტორიის შემოქმედებს, რომლებიც ჩემამდე მდგარან ამ ტრიბუნასთან და ამაყი ვარ იმის გაცნობიერებისას, რომ საკანონმდებლო სამსჯავროს სწორედ ეს სასახლე განასახიერებს ადამიანურ თავისუფლებას ყველაზე წმინდა ფორმით, რაც კი აქამდე არსებულა.
აქ თავი მოუყრიათ ადამიანური მოდგმის იმედებს, მისწრაფებებსა და რწმენას.
მე აქ რომელიმე პარტიული ინტერესის დასაცავად არ ვდგავარ. ჩვენი განსახილველი საკითხები პარტიული დაპირისპირების მიღმა დგას და ფუნდამენტურ გააზრებას მოითხოვს. მათი გადაჭრა უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების უზენაესი ნების გათვალისწინებით, რადგან სწორედ ასე შევინარჩუნებთ ჩვენ მიერ არჩეული კურსის სისწორეს და დავიცავთ მომავალს.
შესაბამისად, მე მწამს, რომ გამიწევთ ფასდაუდებელ სამსახურს და ყველაფერს რასაც აქ ვიტყვი, ერთი უბრალო ამერიკელის მოსაზრებად მიიჩნევთ.
მე მოგმართავთ არა როგორც ცხოვრების ჩრდილში გადასული ღვარძლიანი ბერიკაცი, არამედ როგორც ჯარისკაცი, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს: ემსახუროს სამშობლოს.
განსახილველი საკითხები გლობალური მასშტაბებისაა და იმდენადაა ერთმანეთში დაკავშირებული და გადახლართული, რომ ერთი მათგანის ხარჯზე მეორისთვის ყურადღების დათმობა, აუცილებლად გამოიწვევს მთლიან კრახს. ცნობილია, რომ აზიას ხშირად მოიხსენებენ, როგორც ევროპის ჭიშკარს. თუმცა, არანაკლებ მართალია გამოთქმა, რომ ევროპაა აზიის ჭიშკარი და ერთის გავლენამ არ შეიძლება მეორე დაჩრდილოს.
არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორივე ფრონტის დაცვის უნარი არ შეგვწევს და ჩვენი ძალები არ უნდა გავყოთ. ამაზე მასშტაბური სილაჩრე მე ნამდვილად არ მახსენდება.
თუკი პოტენციური მოწინააღმდეგე ორ ფრონტს გაგვიხსნის, ჩვენი ვალია ორივე ფრონტზე დავუპირისპირდეთ მას. კომუნისტური საფრთხე ნამდვილად გლობალურია. მისი გამარჯვება დედამიწის რომელიმე ნაწილში, განადგურებით ემუქრება ყველა დანარჩენს. შეუძლებელია დააშოშმინო ან დანებდე კომუნიზმს აზიაში და ამავდროულად შეაჩერო მისი წინსვლა ევროპაში.
ამ ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბრის შემდეგ მინდა აზიასთან დაკავშირებულ სხვა, უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადავიდე.
იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის დასახმარებლად ინტერვენციის გადაწყვეტილება ჩემთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით ეს ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იყო.
ეს სისწორე დადასტურდა იმით, რომ ჩვენ უკუვაქციეთ მტერი და საგრძნობი ზიანი მივაყენეთ მის შეირაღებულ ძალებს. გამარჯვება უკვე ხელთ გვქონდა და მიზნების მიღწევამდეც არ რჩებოდა შორი, როდესაც ომში წითელი ჩინეთი თავისი მრავალრიცხოვანი სახმელეთო ჯარებით ჩაერთო.
ამ ახალმა გარემოებამ, სრულიად ახალი საომარი სიტუაცია შექმნა. სიტუაცია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო ჩრდილოეთ კორეელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისას. სიტუაცია, რომელიც მოითხოვდა სრულიად ახალი ტიპის გადაწყვეტილებებს დიპლომატიის სფეროში, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სამხედრო სტრატეგიაში საჭირო ცვლილებების შეტანას. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა.
იმის მიუხედავად, რომ საღ ჭკუაზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ მოითხოვდა ჩვენი სახმელეთო ჯარების მიერ კონტინენტურ ჩინეთზე შეტევის განხორციელებას და ამაზე არც არავის უფიქრია, ახალი სიტუაცია დაუყოვნებლივ მოითხოვდა არსებული სტრატეგიული დაგეგმარების გადახედვას, თუკი ჩვენი მიზანი ძველი მოწინააღმდეგის განადგურების შემდეგ უკვე ახალი მოწინააღმდეგის დამარცხება იყო.
იმ სამხედრო საჭიროების გარდა, რომელიც მოითხოვდა მდინარე იალურს ჩრდილოეთით განლაგებული მტრის თავშესაფრების განადგურებას, მიმაჩნდა, რომ სამხედრო აუცილებლობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო შემდეგი ნაბიჯები
(1) ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის გაძლიერება
(2) ჩინეთის სანაპიროზე საზღვაო ბლოკადის დაწესება
(3) ჩინეთის სანაპიროებზე და მანჯურიის ტერიტორიაზე განსახორციელებელ სადაზვერვო საქმიანობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმება
(4) კუნძლ ფორმოზაზე განლაგებული ჩინეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმება და მათთვის ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენა კონტინენტურ ჩინეთზე ჩასატარებული ოპერაციების ეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით.
სწორედ ამ შეხედულებებისთვის, რომლებიც გამომდინარეობდა წმინდა სამხედრო გათვლებიდან და რომელთა მიზანიც იყო კორეაში მებრძოლი ჩვენი ჯარებისთვის დახმარების გაწევა და ომის უსწრაფესად დამთავრება რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით, მე კრიტიკის ქარცეცხლის გამატარეს ზოგიერთ საქმიან წრეებში, ძირითადად საზღვარგარეთ. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ზემოთქმულ შეხედულებებს სამხედრო კუთხით იზიარებდა ყველა სამხედრო ხელმძღვანელი, ვისაც კი კორეის კამპანიასთან რაიმე შეხება ჰქონდა, ამერიკის გაერთიანებული შტაბების ჩათვლით.
მე მოვითხოვე დამატებითი ძალები, მაგრამ მალევე მიპასუხეს, რომ დამატებითი ძალების გამოგზავნა შეუძლებელი იყო.
მე მკაფიოდ განვმარტე, რომ თუკი არ მომცემდნენ იალუს ჩრდილოეთით მდებარე მტრის ბაზების დანგრევის, კუნძულ ფორმოზაზე განლაგებული ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი 600 000 კაციანი ჩინური კონტინგენტის გამოყენების, ჩინელი კომუნისტების მიერ საზღვარგარეთული დახმარების აღსაკვეთად ჩინური სანაპიროების ბლოკადის ნებართვას და არ დამახმარდნენ დამატებით ძალებს, სამხედრო თვალსაზრისით ამ ომის მოგება უკვე შეუძლებელი იქნებოდა.
ჩვენ შეგვეძლო კორეაში გამაგრება, იმ შემთხვევაში მივმართავდით მუდმივი მანევრირების ხერხს ხოლო ჩვენი და ჩვენი მოწინააღმდეგის მომარაგების ხაზები მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იქნებოდა. მაგრამ, თუკი მოწინააღმდეგე სრულად აამოქმედებდა მის სამხედრო პოტენციალს, ჩვენი მეომრები განწირულები იქნებოდნენ მუდმივი უკანდახევის, დაღუპვისა და საომარი მოქმედებების მარცხით დასრულებისთვის.
მე მუდმივად მოვუწოდებდი ამ პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ. ჩემი პოზიციის დამახინჯებაზე დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. ისიც ითქვა, რომ მე ომის გამჩაღებელი ვიყავი. ეს სიმართლისგან ძალიან შორს დგას.
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებიდან ალბათ ძალიან ცოტას ესმის თუ რა არის ომი ისე კარგად, როგორც მე და ჩემთვის ომზე უფრო საძულველი არაფერია.
მე დიდი ხანი ვითხოვდი ომის გაუქმებას. იგი ერთნაირად დამღუპველია როგორც მტრისთვის, ისე მეგობრისთვის და დიდი ხანია აბსოლუტურად გამოუყენებელი გახდა საერთაშორისო დავების მოგვარებისთვის.
მართლაც, 1945 წლის სექტემბრის მეორე დღეს, ხომალდ მისურიზე იაპონელთა დანებების შემდეგ, მე ვამბობდი: „უხსოვარი დროიდან, ადამიანები ისწრაფვიან მშვიდობისკენ. საუკუნეთა განმავლობაში, მრავალჯერ სცადეს ისეთი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, რომელიც გადაჭრიდა, ან თავიდან აიცილებდა კონფლიქტებს სახელმწიფოთა შორის. ინდივიდებმა მიაღწიეს კიდეც გარკვეულ წარმატებებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში, მაგრამ მსგავსი მოდელების საერთაშორისო ასპარეზზე დანერგვა ყოველთვის წარუმატებლობით დამთავრდა.
„სამხედრო ალიანსების, ძალთა ბალანსისა და ერთა ლიგის წარუმატებლობის შემდეგ ამ დავების მოგვარების ერთადერთი, უმძიმესი და განსაცდელით აღსავსე გზა მხოლოდ ომი დარჩა. ომიანობით გამოწვეული ნგრევის უსაზღვრო მასშტაბები ამ ალტერნატივასაც აქრობს. თუკი ვერ შევძლებთ უფრო დიდი და სამართლიანი სისტემის შექმნას, არმაგედონი კარზე მოგვიკაკუნებს. ეს ძირითადად თეოლოგიური პრობლემაა და მოითხოვს ადამიანის სულიერ განვითარებას, რომელმაც მხარი უნდა აუბას ჩვენს მიერ ბოლო 2000 წლის მანძილზე მიღწეულ უდიდეს წარმატებებს მეცნიერებაში, კულტურაში, ლიტერატურაში. სწორედ სულიერებით უნდა ვიხსნათ თავი ფიზიკური განადგურებისგან. მაგრამ, როდესაც ომის გარდა სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება, მაშინ მის უმოკლეს ვადებში დასამთავრებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ომის უმთავრესი მიზანი გამარჯვებაა და არა ხანგრძლივი ყოყმანი.
ომში გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს.
არიან ისეთებიც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო წითელი ჩინეთის დაშოშმინება ურჩევნიათ. ისეთები, რომელთაც არ ესმით ისტორიის უპირველესი გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელიც გვასწავლის, რომ დაშოშმინების გარდაუვალი შედეგი ახალი და უფრო სისხლისმღვრელი ომია. არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ მიზანმა გაამართლა მის მისაღწევად გამოყენებული საშუალება. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დაშოშმინებას თვალთმაქცური მშვიდობის გარდა რაიმე სხვა შედეგი მოჰყვა.
შანტაჟის მსგავსად, აქაც ვხვდებით ახალსა და სულ უფრო დიდ მოთხოვნებს, სანამ, ისევე როგორც შანტაჟის შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ძალის გამოყენება არ გახდება. ჯარისკაცები მეკითხებიან, რატომ არ ვიყენებთ ჩვენს სამხედრო უპირატესობას მტრის წინააღმდეგ. მე პასუხი არ მაქვს.
ვიღაც უპასუხებს, რომ ეს ჩინეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. სხვები საბჭოთა ინტერვენციის თავიდან აცილების საჭიროებას დაასახელებენ. ამ ორი განმარტებიდან არც ერთია სარწმუნო, რადგან ჩინეთი უკვე მთელი ძალებით იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, ხოლო საბჭოთა კავშირი აუცილებლად ჩვენ წინააღმდეგ არ გაილაშქრებს. კობრას მსგავსად, ნებისმიერი ახალი მტერი დარტყმას სწორედ მაშინ განახორციელებს, როდესაც დარწმუნდება მსოფლიო დონეზე სამხედრო ან სხვა ტიპის რესურსების ბალანსი მის სასარგებლოდაა.
კორეის რესპუბლიკის ტრაგედიას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ საომარი მოქმედებები მის ტერიტორიაზეა გაჩაღებული. ამის გამო, ერს, რომლის დაცვაც ჩვენი ამოცანაა, უხდება სრულმასშტაბიანი საზღვაო და საჰაერო დაბომბვებისთვის გაძლება, მაშინ როდესაც მტრის ბაზები სრულადაა დაცული მსგავსი თავდასხმებისა და ნგრევისაგან.
მსოფლიოს ერებიდან, კორეა ერთადერთია, რომელმაც გარისკა და მთლიანად დაუპირისპირდა კომუნიზმს. კორეელი ხალხის თავგანწირვას, სიმამაცეს და მხნეობას ადამიანის ენა ვერ გადმოსცემს. ეს არის ერი, რომელმაც მონობას, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა არჩია. მომაკვდავი კორეელებისგან მე მესმოდა: „არ წახვიდეთ წყნარი ოკეანის რეგიონიდან“
მე დავტოვე კორეაში მებრძოლი თქვენი ვაჟები. მათ იქ ყველანაირ განსაცდელს გაუძლეს. მინდა სიამაყით მოგახსენოთ, რომ ისინი ყოველმხრივ ბრწყინვალე მეომრები არიან.
მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის, ამ ბარბაროსული კონფლიქტის უსწრაფესად და მინიმალური დანაკარგებით დასრულებისთვის მე ძალისხმევა არ დავიშურე. ამ ომში დაღვრილი სისხლი გამოუთქმელ ტანჯვასა და სევდას მაყენებს. ეს დიდებული ბატონები მუდამ დარჩებიან ჩემს ფიქრებში და მე ვილოცებ მათთვის.
მე ვასრულებ ჩემს 52 წლიან სამხედრო კარიერას. როდესაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში არმიაში სამსახური დავიწყე, ეს ჩემი ბიჭური სურვილებისა და ოცნებების ახდენა იყო.
მას შემდეგ, რაც ვესტ-პოინტის მდელოზე ფიცი დავდე, მსოფლიო მრავალჯერ შეიცვალა და იმედებიც და ოცნებებიც თან გაჰყვა მას, მაგრამ მე კვლავ მახსოვს ჩვენს ბარაკებში მოსმენილი ერთი ძველი და ცნობილი ბალადის მისამღერი: „ძველი ჯარისკაცები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ უჩინარდებიან“
იმ ბალადის ძველი ჯარისკაცის მსგავსად, მეც ვამთავრებ სამხედრო სამსახურს და ვუჩინარდები. ეს მოხუცი ჯარისკაცი ყოველთვის ცდილობდა თავისი მოვალეობის აღსრულებას, ხოლო ღმერთი კი უნათებდა გზას ამ მოვალეობის დასანახად. მშვიდობით!