გუშინ

გუშინ ქართული სპორტის მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო დღე იყო, რადგან საქართველოს ორი ნაკრები გუნდი თამაშობდა. 2 საათზე 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ისლანდიას მასპინძლობდა, ხოლო 4 საათზე ქართველი მორაგბეების გუნდი არგენტინის “ა” ნაკრებს უნდა დახვედროდა.

მოხდა ისე, რომ ორივე თამაშზე მომიწია ყოფნა – ფეხბურთის პირველ და რაგბის მეორე ტაიმზე. საერთოდ ხშირად ვერ ვახერხებ ნაკრების თამაშზე სიარულს, სულ 5 – 6 ჯერ ვარ ნამყოფი (მხოლოდ ფეხბურთზე) და არასოდეს გამჩენია სურვილი ტაშის დაკვრის გარდა, რაიმე სხვა მოქმედებით ან ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება, ალბათ ცუდი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მინდორზე დუნედ მოძუნძულე ფეხბურთელებს მთელი გულით ვუქომაგო. არც ის იქნება ახალი, თუ დავამატებ, რომ მორაგბეების შემთხვევაში საქმე სრულებით სხვაგვარადაა. ჰოდა მეგობართან თამაშების დროს რომ ვაზუსტებდი ჩემდა უნებურად წამომცდა:  “ფეხბურთი ლოკომოტივზეა და ნაკრები დინამოზე თამაშობს არა?” მეთქი და მერე გამეცინა.

აქვე მინდა დავამატო, რომ გუშინ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო (პირველ ტაიმში) არაფერი მქონია, პირიქით, მაგრამ რაც მე გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე ვნახე, მართლა არასოდეს დამავიწყდება…

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მეორე ტაიმს მაინც მივუსწარი.

აი რას ჰქვია ნაკრები! აი, რას ჰქვია თამაში, როდესაც შენ ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს! აი რას ჰქვია მონდომება, როდესაც იცი, რომ სრულიად საქართველო შენ შემოგყურებს და შენი წარმატებით ხარობს! აი რას ნიშნავს იმის გაცნობიერება რომ შენ საქართველოს ღირსებას იცავ!

დასაჯდომის მოძებნა არც მიცდია, თვალი მოვკარი თუ არა ყველაფერი დამავიწყდა.

გუშინ გავაცნობიერე რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყანა გამარჯვებულია. ჯერ არასოდეს არ მენახა ცოცხლად, როგორ იმარჯვებდა საქართველოს ნაკრები…

იმარჯვებდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და იმარჯვებდა ისე, რომ ნებისმიერ მორაგბეს ეტყობოდა – უმალ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერდა ხელს, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის მოედანზე რაიმის დათმობაზე.

საოცარი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ.

გუშინვე მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონს “დამატებით მოთამაშეს” უწოდებენ. არც ერთი ტრიბუნა არ გაჩერებულა! დიახ, სწორედ მორაგბეები იმსახურებენ ასეთ მხარდაჭერას ასეთ შეუპოვარი და ჯიგრიანი ბრძოლისთვის!

გუშინ მე გამარჯვებული საქართველო ვნახე…

 

გმადლობთ ბიჭებო! საქართველო ამაყობს თქვენით!

მოვალეობა, ღირსება, სამშობლო

სადღაც ერთი წლის თუ წელიწადნახევრის წინ, მახსოვს ინტერნეტში დავძვრებოდი, რაღაც მასალებს ვეძებდი ცნობილ ამერიკელ (ღმერთმა დალოცოს ამერიკა) გენერლებზე. რა თქმა უნდა ერთ – ერთი პირველი ძიებაში დუგლას მაკარტური ამომიგდო გუგლმა და რამდენიმე ლინკს თან მოჰყვა მისი ორი სიტყვით გამოსვლის ტრანსკრიპტი (ქართულად როგორ არის არ ვიცი) რომლებმაც უმალ მიიქციეს ჩემი ყურადღება. ერთს ერქვა Old soldiers never die,they just fade away ხოლო მეორეს “Duty, Honor, Country” – ამ უკანასკნელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ასე ლამაზად, ასე დახვეწილად, ხოტბის შესხმა ამერიკელი ჯარისკაცისადმი სადაც თითოეული სტრიქონი მისი სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთია გამსჭვალული, ნამდვილად იშვიათობაა.

დღესაც, როდესაც მომინდება, ხშირად ამოვქექავ ხოლმე უჯრიდან ამ სიტყვას (რომელიც იმდენად მომეწონა რომ გავკადნიერდი და გადავაქართულე) და კიდევ ერთხელ ვკითხულობ იმ უკვდავ სტრიქონებს, რომელიც ყველა ღირსეულ ჯარისკაცს და არა მარტო ჯარისკაცს, გულისფიცარზე უნდა ეწეროს. გენერალ მაკარტურის ეს სიტყვა, ნამდვილი კოდექსია, რამდენიმე გვერდზე შეჯამებული ცხოვრების ფილოსოფიაა, პირადად მე, მისი სიტყვიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, აქ მინდა დავწერო რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი ციტატა, თუმცა ერთი უკვე მიწერია ბლოგის სათაურში: “ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული” – ეს მოხუცი გენერლის სიტყვებია.

“ამერიკელი ჯარისკაცი ისტორიის საკუთრებაა, როგორც წარმატებული პატრიოტიზმის ერთ – ერთი უბრწყინვალესი მაგალითის შემოქმედი. იგი შთამომავლობის საკუთრებაა, როგორც საძირკველი მომავალი თაობებისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაფუძნებით. იგი ეკუთვნის აწმყოსაც, გვეკუთვნის ჩვენც, მთელი თავისი ღირსებებითა და მიღწევებით”

“მე არ ვიცი მათი დაბადების ღირსება, მაგრამ მე მესმის მათი დაღუპვის სიდიადე. ისინი დაიღუპნენ ისე, რომ არ დაუსვამთ კითხვები, არ უწუწუნიათ და არ უკვენესიათ, დაიღუპნენ რწმენით აღსავსე გულებით და ტუჩებზე აღბეჭდილი იმედით, რომელიც ჩვენ გამარჯვებისკენ მიგვიძღოდა. მუდამ მათთვის: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

“ჯარისკაცი, რომელიც მოწოდებულია, რომ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნას და შესწიროს სამშობლოს, ჭეშმარიტად კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილებაა”

“თქვენი პროფესია ჯარისკაცობაა, გამარჯვების ჟინია, უყოყმანო შეგნებაა იმისა, რომ ომში გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რომ თუ დამარცხდები სამშობლო დაინგრევა და შენი სამსახურის თანმდევი აზრი, შენი მრწამსი და შეგნება მუდამ უნდა იყოს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

“თქვენი უზენაესი კანონი, რომელიც თავისი ბრწყინვალე ნათელით შუქს ფენს სიბნელეს, უდრეკად ჟღერს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი ციტატა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც სამშობლოსთვის, წრფელი გულით და იმედით იღუპება, მუდამ ცოცხლობს თავისი ქვეყნისთვის.

“ჩვენ არასოდეს შევუშინებივართ გრძელ ნაცრისფერ მწკრივებს. თუკი იქნებოდა ბრძანება, ყავისფერსა და ხაკისფერ, ლურჯსა და ნაცრისფერ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მილიონობით აჩრდილი, ამაყად წამოდგებოდა მათ გულებზე დადგმული თეთრი ჯვრებიდან და დედამიწას შეარყევდა მათი გულებიდან ამოხეთქილი გუგუნი: “მოვალეობა, ღირსება, სამშობლო”

რამდენჯერაც შევათვალიერებ ამ სიტყვებს, იმდენჯერ მეამაყება, რომ დედამიწაზე არსებობს და მოღვაწეობს ასეთი ხალხი. სამხედრო საქმე წმინდა საქმეა და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩემს გულთბილ დამოკიდებულებას იმსახურებს.

და რა თქმა უნდა, როდესაც ვკითხულობ ამ ყველაფერს, ერთი სურვილი მკლავს – მინდა საქართველოშიც იყვნენ ასეთი გენერლები, ასეთი დიადი ოფიცრები, რომელთათვისაც სამშობლო და მუნდირის ღირსება უპირველესია, რომელიც კი არ უყვირის, თავსლაფს ასხამს და ამცირებს ჯარისკაცს, არამედ საკუთარ სისხლად და ხორცად მიიჩნევს მას, საკუთარი ხალხის საუკეთესო ნაწილად თვლის, ეფერება, უყვავებს, გულში იკრავს და სამშობლოს შეგნებულ დამცველად ამზადებს.

რა სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი გენერლის რიგითი ჯარისკაცი…