ფილმების დიდი მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, შესაბამისად არც რაიმე კომპეტენცია გამაჩნია მათ შესაფასებლად. ნებისმიერ ფილმს ვუყურებ მხოლოდ უბრალო მაყურებლის თვალით, რომელიც ‘კომანდოზე’, ‘დამოუკიდებლობის დღეზე’ და ‘მეხუთე ელემენტზე’ გაიზარდა და ალბათ ბევრისთვის განვეკუთვნები იმ უფერულ მასას, რომელსაც არ დახვეწილი კინოგემოვნება გააჩნია და არც შარფის ყელზე მოხდენილად შესწორების უნარი.
ამის მიუხედავად თავს უფლებას ვაძლევ დავწერო ჩემი პირადი მოსაზრება იმ ფილმზე, რომელმაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბევრ ჩემ მეგობარში. სწორედ ეს მომენტი იყო ჩემთვის უცნაური და არა ვთქვათ რომელიმე კინოკრიტიკოსის ან ზეინტელექტუალი გვამის შეფასება, რომელთაც გული დაწყდათ რომ ფილმის სიუჟეტი ორი ტრანსსექსუალის ურთიერთობას არ დაეფუძნა, ან არასაკმარისად იყო ნაჩვენები გეების როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრთა სახე, ანაც ცხოველთა დახოცვის სცენამ აღაშფოთათ.
გასაკვირი არაა, რომ უარყოფითად შემფასებელთა უდიდესი ნაწილი თბილისიდანაა. იმის მიუხედავად რომ აგვისტოს რეალურმა ხუთმა (და მეტმა) დღემ მთელი საქართველო შეძრა, თბილისს არ უხილავს უწყვეტი დაბომბვა, ჯარის უკან დახევა, დამპყრობლების ტანკების შლიგინი საკუთარი სახლების წინ, გადამწვარი სახლები და დაქირავებულ სისხლისმსმელთა მხეცობა. ძალიან ხშირად, ტრაგედიის გასაცნობიერებლად, საჭიროა თავად იყო ტრაგედიის ნაწილი. სხვაგვარად, კი როგორც ვხედავთ თანაგრძნობის ხარისხი უკიდურესად დაბალია.
ფილმი რა თქმა უნდა არ არის პანაცეა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ შესაძლებელია ყველაფრის გაუმჯობესება და დახვეწა. ჩემი აზრით საინტერესო იქნებოდა ჰარლინს ეჩვენებინა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა შინდისთან, რომელიც ფილმის სიუჟეტს უფრო დაძაბულსა და სევდიანს გახდიდა და ა.შ. ცოტა ღიმილისმომგვრელია დამტვრეული ქართულის და აქცენტიანი რუსულის მოსმენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ წვრილმანებია. ამას სავსებით ფარავს ხაზგასმა ქართველების სათუთ დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ და წმინდა გიორგის იდეალებით მცხოვრებ ერად წარმოჩენა. ქართული კულტურული ნიშან-თვისებების ჩვენება, ფილმის უდავო პლიუსია.
თუმცა, რაც განსაკუთრებით მომეწონა, ფილმში არაა გამოტოვილი ის მნიშვნელოვანი მომენტები რაც ამ ომს ახლდა თან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულ მცირე გაგონილი მაინც უნდა გქონდეს როგორ მუშაობს კონფლიქტის ზონაში პოლიცია, რომ გაიაზრო ის მომენტი, რატომ კლავენ გამორჩევით პოლიციის უფროსს სოფლის აღებისას, ყურმოკვრით მაინც უნდა გსმენოდეს იმ იმ ქართულ სოფლებში მცხოვრებ ხალხზე კბილებით და მუშტებით რომ იცავდნენ ქართულ სულს მტრებით გარემოცული და თავისი ქონება (და სიცოცხლეც) ბოლო გროშამდე რომ დაკარგეს. ერთხელ მაინც უნდა ჩასულიყავი სარდაფში, როდესაც ცას რუსული ავიაცია სერავდა და ‘ნაკურთხ’ ბომბებს გვაყრიდა, რომ ელემენტარულად აღიქვა და გაიაზრო ის ტრაგედია რაც მაშინ დაგვატყდა თავს. ალბათ თუ გორელი არ ხარ ძნელია გაიგო, რატომ მომერია ცრემლები მაშინ, როდესაც კაპიტანი ავალიანი ამბობს, მე არ წავალ რადგან გორი დაეცემაო… ღვთის ანაბარად მიტოვებულ, დამალულ ოჯახზე გული არავის შეეძრა? როდესაც თათია ჟურნალისტს ეკითხება სად არიან ამერიკელებიო, საქართველოს მთელი ისტორია წინ არავის დაუტრიალდა? და ასეთი მძიმე მომენტები რამდენია ნახეთ? ბოლო კადრებში, ლტოლვილების თავსდამტყდარ უბედურებაზე მეტი ტრაგედია რა გინდათ? ესეც პროპაგანდაა? არის ვინმე ვინც ამ კადრების ყურებამ ბოღმით არ დაახრჩო?
ეს ყველაფერი ქართველებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელსაც პირველ რიგში მოეთხოვება ამ ფილმის ჯეროვნად აღქმა და შეფასება.
უცხოელი მაყურებელს კი რომლის დიდ უმრავლესობასაც თავი არ შეუწუხებია ტალიავინის დასკვნის კითხვით, ვერ ვიტყვი რომ ბრმად, მაგრამ ემოციურად მაინც დადგება ჩვენ მხარეზე და სულ მცირე სხვა პროპაგანდისტულ სატყუარას მაინც არ გადაყლაპავს. ფილმის მოქმედი გმირების გარდა, იქ არაფერია ცრუ ან გამოგონილი და სულაც არ აღწერს ისეთი დამახინჯებით ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ბევრი გაჰკივის. რა, ვითომ არ ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ისეთი ცინიკური რეაქცია ‘ევროკავშირის მინისტრების საგანგებო სხდომის მოწვევის’ ამბის შეტყობისას სინამდვილეში, როგორც ეს ფილმში ჩანს?
ჯობდა თუ არა ამ ფილმის გადაღება ფილმის არგადაღებას? პასუხი ცალსახად დადებითია.
შევძელით თუ არა გვეჩვენებინა 3 წლის წინანდელი ტრაგედიის სიმართლესთან ყველაზე ახლოს მყოფი ანუ ჩვენეული ვერსია? შევძელით.
შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი ვერსიის გადაღება? მჯობნის მჯობნი არ დაილევა.
მოვახერხეთ აღქმა და გააზრება იმ ყველაფრისა რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და დღემდე ხდება? აი აქ მწარედ ჩავისვარეთ!