ვიქტორ ორბანი – ეული ჯვაროსანი ევროპის შუაგულში

ხვალ, 26 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრეთი მდიდარი ისტორიის მქონე, თუმცა ამჟამად პერიფერიული სტატუსის მქონე ქვეყანაა და მისი პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ ფიგურათა რიცხვს არ განეკუთვნება. შესაბამისად, ბევრისთვის გაუგებარია თუ რით შეიძლება იყოს გამორჩეული პრემიერი ორბანი, რომელიც ბოლო 2 წელიწადია ბრიუსელის ბიუროკრატიის, მემარცხენე ინტელექტუალთა და შიდა კრიტიკოსების იერიშის მუდმივი ობიექტია. ამის მიზეზი მარტივია: ეს ორბანის მიერ წამოწყებული და მეინსტრიმის წინააღმდეგ მიმართული დიდი უნგრული ექსპერიმენტია.

მეოცე საუკუნის დასაწყისში უნგრეთი ერთხელ უკვე იქცა ექსპერიმენტულ ქვეყნად, როდესაც I მსოფლიო ომის შემდეგ, ხელისუფლება ძალადობრივი გზით მიითვისა რადიკალ კომუნისტთა ერთმა ფრთამ ბელა კუნის მეთაურობით. აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო კომუნისტურ ინტერნაციონალში კრემლის აგენტი და ე.წ. “კულტურული ტერორის” დოქტრინის შემოქმედი გეორგ ლუკაჩი, რომელიც ყოველივე ბოროტების პირველწყაროს დასავლურ ცივილიზაციაში, კაპიტალიზმსა და ტრადიციულ მორალში ხედავდა. მის მიერ ინიცირებული იქნა ახალი უნგრული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც დაინერგა რადიკალური სექსუალური განათლება, განხორციელდა შეტევა ქრისტიანულ ეკლესიასა და მონოგამიური ოჯახის წინააღმდეგ, მოხდა გალაშქრება საზოგადოებაში არსებული მორალური კოდექსისა და პრინციპების დისკრედიტაციისთვის. ლუკაჩი და მისი დაჯგუფება ღიად მოუწოდებდნენ უნგრელ ახალგაზრდებს ამბოხისაკენ და უფროსი თაობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარებისკენ. უნგრეთის კომუნისტური ექსპერიმენტი იყო პირველსახე ყველა იმ სიავისა, რომელიც 60-იან წლებში დასავლეთ ევროპა და ამერიკა სრულად მოიცვა პოლიტიკურ კორექტულობაში განსხეულებული კულტურული მარქსიზმის სახით.

საბედნიეროდ, ძალაუფლების უზურპატორთა დაჯგუფება მალევე მოიშორა უნგრეთის შეგნებულმა მოსახლეობამ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა დიდი ხნით აღმოჩნდა რკინის ფარდის მიღმა და კომუნისტური გავლენის ქვეშ. სისტემის რღვევა 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო, როდესაც ტოტალიტარულ კომუნიზმს ღიად გამოუცხადა წინააღმდეგობა უნგრელ ახალგაზრდათა ჯგუფმა ვიქტორ ორბანის მეთაურობით, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა შეურიგებელი ანტიკომუნისტისა და პრინციპული პოლიტიკოსის სახელი.

Image

ისევე როგორც სხვა მრავალ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, ტრანზიციული პროცესი არც უნგრეთისთვის აღმოჩნდა ხავერდოვანი, რადგან ხალხმა რომელიც გუშინ კომუნისტურ პარტიაში ირიცხებოდა, დღეს სოციალისტური პარტიის რიგები შეავსო, ხოლო ლენინის დაბადების დღის აღნიშვნის ნაცვლად ახლა უკვე დედამიწის დღის აღნიშვნა დაიწყო (რომელიც ლენინის დაბადების დღეს ემთხვევა). ორბანის პარტიამ თავიდანვე მტკიცე პოზიცია დაიკავა და სწორედ მისი პრემიერობის პირველ ვადაში გაწევრიანდა უნგრეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) და სოლიდურად აქცია უნგრეთის ევროამბიციები,  რაც დღეს ბევრ მის კრიტიკოსს, რომელიც ორბანის ავტორიტარიზმსა და იზოლაციონიზმზე მიუთითებს, აღარ ახსოვს.

2010 წელს, ორბანის პარტიამ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, მიიღო რა ხმების 53%-ზე მეტი და საპარლამენტო ადგილების 68%. სოციალისტური პარტიის 8 წლიანი მმართველობით დაღლილი უნგრელებისთვის ბოლო წვეთი, სოციალისტი პრემიერი ძიურჩანის დასაფასებელი გულახდილობა გახდა, რომელმაც საკუთარი პარტიის წევრების წინაშე გამოსვლისას აღიარა, რომ მათ ბოლო წლები არაფერი უკეთებიათ და მხოლოდ ხალხის მოტყუების ხარჯზე გადიოდნენ ფონს. ფარული კამერები მხოლოდ საქართველოში არ მუშაობს.

ორბანი იმ გამორჩეულ ევროპელ ლიდერთაგანია, რომელიც ღიად აცხადებს და ამაყობს საკუთარი ქრისტიანული მრწამსით, უნგრეთის სიყვარულით და მტკიცე მორალური პრინციპებით. სწორედ ამან აქცია იგი მსოფლო ლიბერალთა საძულველ პიროვნებად, რომელთათვისაც ვერნორ ლოვეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა იმ მაგიდის ქვეშ, სადაც ბიბლია დევს, ფაშისტი ტირანი იმალება.

ორბანი ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ეკონომიკის, სოციალური სახელმწიფოს (welfare state) შეკვეცისა და ტრანსპარენტულობის მომხრეა. ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ამას უნგრეთშიც მოჰყვა ე.წ. ინტელიგენციის რეაქცია, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან იყო მიჩვეული გარკვეულ პრივილეგიებსა და ზედმეტ უფლებებს. 60-იანი წლების მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ორბანიც უმალ შერაცხეს ფაშისტად, დესპოტად და ტირანად, თუმცა ფაქტებზე უბრალოდ დაკვირვებაც კი საკმარისია ამ ზედაპირული ბრალდებების უარსაყოფად.

უნგრეთის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ბევრისთვის სატანიზმის ბიბლიასთან ასოცირდება, სინამდვილეში ანაცვლებს 1949 წელს მიღებულ სტალინურ კონსტიტუციას და ქრისტიანულ პრინციპებზე დაყრდნობით ადგენს, რომ ქორწინება არის ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის, სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე და უნგრეთი პატივს სცემს საკუთარ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, რაც ისევე უთანაბრდება ტოტალიტარიზმს, როგორც ბუში ჰიტლერს.

ყბადაღებული მედია-კანონი, რომელიც უნგრულ ტელეარხებზე მოზღვავებული ძალადობისა და პორნოგრაფიის შეჩერებას ისახავდა მიზნად და საერთო არაფერი ჰქონდა ცენზურასთან,  გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად მკაცრი აღმოჩნდა და ისინი სწორედ იმ სასამართლომ გააუქმა, რომელიც კრიტიკოსთა აზრით ორბანის ყურმოჭრილი ყმებითაა დაკომპლექტებული. თუმცა ნამდვილად ამაზრზენი იყო იმ კადრების ხილვა, თუ როგორ აკრიტიკებდა დანიელ კონ ბენდიტი ვიქტორ ორბანს ევროპარლამენტში. ნათელია, რომ იქ სადაც ყოფილი მაოისტი და “წითელი ბენდიტი” თავისუფლების შეზღუდვის მოტივით აკრიტიკებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უნგრეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პატრიოტს, რაღაც ნამდვილად დალპა.

კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, ასევე ძალიან ხშირად აღიქმება უნგრეთის რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად. რეალურად, როგორც ცნობილია რელიგიური ორგანიზაციები უნგრეთში სახელმწიფო სუბსიდიებითა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რის გამოც ქვეყანაში ძალიან ბევრი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია დაფუძნდა. სწორედ მსგავსი წარმონაქმნებისთვის რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების გამო (რაც სახელმწიფო ხარჯვითი ნაწილის შემცირების კამპანიის ნაწილია) უნგრეთის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სინამდვილეში კი უნგრეთში რელიგიური თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული და არავის საკუთარი მრწამსის საჯაროდ გამოხატვის შეზღუდვა არ შეხებია, იქნება ეს ქრისტიანული, ებრაული თუ ისლამური დენომინაციები.

კიდევ ერთი ირონიული მომენტი, ორბანის კრიტიკოსთა ლეგიტიმაციაა. ძალიან ხშირად ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი უნგრეთის პრემიერს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც იგივე ეშტონი არასოდეს ყოფილა არჩეული ხალხის მიერ, ხოლო ევროკომისიის ბიუროკრატთა დიდი ნაწილი ასევე ელექტორალური ლეგიტიმაციის არმქონე ხალხის მასაა. ორბანი და ორბანის პარტია კი ამ ორ წელიწადში გატარებული მტკივნეული რეფორმების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ მაღალ პოპულარობას უნგრელ ამომრჩეველთა დიდ ნაწილში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ტოტალიტარიზმის გზაზე შემდგარი” უნგრეთის პრეზიდენტმა პალ შმიტმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და ამის მიზეზი მის დისერტაციაში აღმოჩენული წვრილმანი პლაგიატიზმი აღმოჩნდა, რასაც ცხადია საერთო არაფერი ჰქონდა მისი პოლიტიკური და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებასთან. როდესაც “ავტორიტარიზმის კლანჭებში აღმოჩენილი” ქვეყნის პრეზიდენტი ისეთივე პოლიტიკურ კულტურას იჩენს, როგორსაც მაგალითად გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ნათელია რომ უნგრული დემოკრატიის კრიტიკოსები სულ ცოტა, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ.

ყველაფერი ზემოთქმულიდან, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობაში მხოლოდ წმინდანები მსახურობენ. ნდობის მაღალი მანდატი და ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია, ხშირად იწვევს საქმის ნაჩქარევად და გარკვეული პროცედურების დაცვის გარეშე კეთების ცდუნებას, რადგან დრო არ იცდის და ლოკალური პრობლემები ხშირად ექსტრაორდინარული ზომების მიღებისკენაც გიბიძგებს. ეჭვსგარეშეა, რომ უნგრეთის პარლამენტში შეიძლება მტკიცდებოდეს ისეთი კანონი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ უვარგისია, რაც ხშირად ხდება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა უნგრეთის დემოკრატიულ რწმუნებულებათა გაქილიკების მიზეზს. ეს გაუგებარია მსოფლიო მემარცხენეთათვის, რომელთათვისაც მისაღებია თუკი დედამიწის სხვა ნახევარსფეროში მცხოვრებ არაბს გული შესტკივა პალესტინელთათვის, მაგრამ უნგრეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მილიონობით თანამემამულეზე ზრუნვას ორბანს ფაშიზმად უთვლის. გაუგებარია მათთვის, რომლებიც მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვის აკრძალვას მოითხოვენ, მაგრამ უნგრული მედიისთვის გონივრული შეზღუდვების დაწესებას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრებად თვლიან. გაუგებარია იმ პოლიტიკოსთათვის, რომლებიც ორბანის მცდელობას დააბრუნოს უნგრეთი წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა რიგებში, აქციოს იგი წარმატებულ, ძლიერ და ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნად, ერთი კაცის ახირებად მიიჩნევენ და უშედეგო აჯანყება ჰგონიათ. ამოუხსნელი ფენომენია მათთვისაც, რომლებიც ვერ შეჯერებულან ორბანს ანტისემიტიზმში დადონ ბრალო (რაც სიცრუეა) თუ ბოშად და მოძალადედ გამოიყვანონ (რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს).

სინამდვილეში კი ორბანი შემოქმედია ახალი უნგრული ექსპერიმენტისა, რომელიც ევროპის შუაგულში სწორედ იმ ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობს, რომელიც ევროპის დღევანდელი აკადემიური თუ პოლიტიკური ელიტისთვის ნამდვილი ანათემაა. განვლილმა ორმა წელმა გვიჩვენა, რომ იგი უკან არ დაიხევს, რადგან წარმოუდგენელია უკან დაიხიო ბაროზუს, ეშტონისა და ევროპარლამენტ/ევროკომისიაში მყოფ სხვა ევროპელ ტროცკისტთა და მაოისტთა წინაშე, როდესაც რეალურად გამოგიცდია რას ნიშნავს მათზე უფრო ძლიერსა და დაუნდობელ ტირანიასთან ბრძოლა.

ნება და პრინციპები! სწორედ ეს გამოარჩევს ორბანს სხვა ევროპელი ლიდერებისგან და ევროპის შუაგულში მებრძოლ ეულ ჯვაროსნად წარმოაჩენს.

აგვისტოს 5 დღე

ფილმების დიდი მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, შესაბამისად არც რაიმე კომპეტენცია გამაჩნია მათ შესაფასებლად. ნებისმიერ ფილმს ვუყურებ მხოლოდ უბრალო მაყურებლის თვალით, რომელიც ‘კომანდოზე’, ‘დამოუკიდებლობის დღეზე’ და ‘მეხუთე ელემენტზე’ გაიზარდა და ალბათ ბევრისთვის განვეკუთვნები იმ უფერულ მასას, რომელსაც არ დახვეწილი კინოგემოვნება გააჩნია და არც შარფის ყელზე მოხდენილად შესწორების უნარი.

ამის მიუხედავად თავს უფლებას ვაძლევ დავწერო ჩემი პირადი მოსაზრება იმ ფილმზე, რომელმაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბევრ ჩემ მეგობარში. სწორედ ეს მომენტი იყო ჩემთვის უცნაური და არა ვთქვათ რომელიმე კინოკრიტიკოსის ან ზეინტელექტუალი გვამის შეფასება, რომელთაც გული დაწყდათ რომ ფილმის სიუჟეტი ორი ტრანსსექსუალის ურთიერთობას არ დაეფუძნა, ან არასაკმარისად იყო ნაჩვენები გეების როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრთა სახე, ანაც ცხოველთა დახოცვის სცენამ აღაშფოთათ.

გასაკვირი არაა, რომ უარყოფითად შემფასებელთა უდიდესი ნაწილი თბილისიდანაა. იმის მიუხედავად რომ აგვისტოს რეალურმა ხუთმა (და მეტმა) დღემ მთელი საქართველო შეძრა, თბილისს არ უხილავს უწყვეტი დაბომბვა, ჯარის უკან დახევა, დამპყრობლების ტანკების შლიგინი საკუთარი სახლების წინ, გადამწვარი სახლები და დაქირავებულ სისხლისმსმელთა მხეცობა. ძალიან ხშირად, ტრაგედიის გასაცნობიერებლად, საჭიროა თავად იყო ტრაგედიის ნაწილი. სხვაგვარად, კი როგორც ვხედავთ თანაგრძნობის ხარისხი უკიდურესად დაბალია.

ფილმი რა თქმა უნდა არ არის პანაცეა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ შესაძლებელია ყველაფრის გაუმჯობესება და დახვეწა. ჩემი აზრით საინტერესო იქნებოდა ჰარლინს ეჩვენებინა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა შინდისთან, რომელიც ფილმის სიუჟეტს უფრო დაძაბულსა და სევდიანს გახდიდა და ა.შ. ცოტა ღიმილისმომგვრელია დამტვრეული ქართულის და აქცენტიანი რუსულის მოსმენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ წვრილმანებია. ამას სავსებით ფარავს ხაზგასმა ქართველების სათუთ დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ და წმინდა გიორგის იდეალებით მცხოვრებ ერად წარმოჩენა. ქართული კულტურული ნიშან-თვისებების ჩვენება, ფილმის უდავო პლიუსია.

თუმცა, რაც განსაკუთრებით მომეწონა, ფილმში არაა გამოტოვილი ის მნიშვნელოვანი მომენტები რაც ამ ომს ახლდა თან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულ მცირე გაგონილი მაინც უნდა გქონდეს როგორ მუშაობს კონფლიქტის ზონაში პოლიცია, რომ გაიაზრო ის მომენტი, რატომ კლავენ გამორჩევით პოლიციის უფროსს სოფლის აღებისას, ყურმოკვრით მაინც უნდა გსმენოდეს იმ იმ ქართულ სოფლებში მცხოვრებ ხალხზე კბილებით და მუშტებით რომ იცავდნენ ქართულ სულს მტრებით გარემოცული და თავისი ქონება (და სიცოცხლეც) ბოლო გროშამდე რომ დაკარგეს. ერთხელ მაინც უნდა ჩასულიყავი სარდაფში, როდესაც ცას რუსული ავიაცია სერავდა და ‘ნაკურთხ’ ბომბებს გვაყრიდა, რომ ელემენტარულად აღიქვა და გაიაზრო ის ტრაგედია რაც მაშინ დაგვატყდა თავს. ალბათ თუ გორელი არ ხარ ძნელია გაიგო, რატომ მომერია ცრემლები მაშინ, როდესაც  კაპიტანი ავალიანი ამბობს, მე არ წავალ რადგან გორი დაეცემაო… ღვთის ანაბარად მიტოვებულ, დამალულ ოჯახზე გული არავის შეეძრა? როდესაც თათია ჟურნალისტს ეკითხება სად არიან ამერიკელებიო, საქართველოს მთელი ისტორია წინ არავის დაუტრიალდა? და ასეთი მძიმე მომენტები რამდენია ნახეთ? ბოლო კადრებში, ლტოლვილების თავსდამტყდარ უბედურებაზე მეტი ტრაგედია რა გინდათ? ესეც პროპაგანდაა? არის ვინმე ვინც ამ კადრების ყურებამ ბოღმით არ დაახრჩო?

ეს ყველაფერი ქართველებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელსაც პირველ რიგში მოეთხოვება ამ ფილმის ჯეროვნად აღქმა და შეფასება.

უცხოელი მაყურებელს კი რომლის დიდ უმრავლესობასაც თავი არ შეუწუხებია ტალიავინის დასკვნის კითხვით, ვერ ვიტყვი რომ ბრმად, მაგრამ ემოციურად მაინც დადგება ჩვენ მხარეზე და სულ მცირე სხვა პროპაგანდისტულ სატყუარას მაინც არ გადაყლაპავს. ფილმის მოქმედი გმირების გარდა, იქ არაფერია ცრუ ან გამოგონილი და სულაც არ აღწერს ისეთი დამახინჯებით ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ბევრი გაჰკივის. რა, ვითომ არ ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ისეთი ცინიკური რეაქცია ‘ევროკავშირის მინისტრების საგანგებო სხდომის მოწვევის’ ამბის შეტყობისას სინამდვილეში, როგორც ეს ფილმში ჩანს?

ჯობდა თუ არა ამ ფილმის გადაღება ფილმის არგადაღებას? პასუხი ცალსახად დადებითია.

შევძელით თუ არა გვეჩვენებინა 3 წლის წინანდელი ტრაგედიის სიმართლესთან ყველაზე ახლოს მყოფი ანუ ჩვენეული ვერსია? შევძელით.

შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი ვერსიის გადაღება? მჯობნის მჯობნი არ დაილევა.

მოვახერხეთ აღქმა და გააზრება იმ ყველაფრისა რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და დღემდე ხდება? აი აქ მწარედ ჩავისვარეთ!

ვაირა ვიკე-ფრეიბერგა: უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ მოკავშირე

საჯარო ლექციებზე სიარული დიდად არ მხიბლავს, რატომღაც მგონია რომ ახალს და ღირებულს ვერაფერს გავიგებ, ის 2 საათი კი უფრო ნაყოფიერად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. თუმცა, როდესაც შევიტყვე რომ 9 მაისს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა აპირებდა სტუდენტების წინაშე წარდგომას, უყოყმანოდ გადავწყვიტე დასწრება.

ორიოდ სიტყვით ქალბატონ ფრეიბერგაზე. მას ლატვიის პრეზიდენტის პოსტი 1999-2007 წლებში ეკავა, ანუ მაშინ, როდესაც ქვეყანამ ბევრისთვის სანუკვარ მიზანს (ჰმ!) მიაღწია, შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, ანუ გახდა დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი. ხსენებული ქალბატონის წვლილი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია. მისმა მტკიცე და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და იმ ფაქტმა რომ იგი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის პირველი ქალი მმართველი იყო, გამოიწვია ის რომ საკმაოდ ხშირად ადარებდნენ მარგარეტ ტეტჩერს.

ქალბატონ პრეზიდენტს არ დაუგვიანია და ლექცია ზუსტად მითითებულ დროს დაიწყო. იქამდე კი, რა დროსაც დარბაზში შემოაბიჯა, ერთი კითხვა ამეკვიატა: არის თუ არა ზოგიერთ ადამიანში თანდაყოლილი ის გრაციოზულობა, მოხდენილი მანერები და არისტოკრატიულობა რასაც ეს ადამიანი ასხივებდა, თუ ეს დროთა განმავლობაში პრაქტიკის და უნარ-ჩვევების დახვეწის ამბავია. რაც არ უნდა იყოს, ვიკე-ფრეიბერგას გამომეტყველება უმალ აღუძრავს ადამიანს მოწიწების და პატივისცემის გრძნობას.

თავის 40 წუთიან გამოსვლაში ლატვიის მეექვსე პრეზიდენტი ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხო, ისაუბრა მკაფიოდ, გარკვევით და რაც მთავარია არაორაზროვნად. ვეცდები, გავიხსენო მისი რამდენიმე ფრაზა და მოკლედ დავწერო შინაარსი.

1) ‘ევროპა ვერასოდეს იქნება ბედნიერი, ვერ განაგრძობს ცხოვრებას სიმდიდრეში, სიმშვიდესა და ბედნიერებისკენ სწრაფვაში, თუკი იგი ყურადღებას არ მიაქცევს მის აღმოსავლეთ საზღვრებს, თუკი არ დასრულდება ევროპის გაერთიანება’

2) ‘დღევანდელ ევროპაში მოდურია ამერიკის, მისი ცხოვრების სტილის და დემოკრატიის გავრცელების სურვილის კრიტიკა. მინდა შეგახსენოთ, ათწლეულები მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც თავისუფლების შუქურა, იბრძოდა ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ, ქმნიდა, ზრდიდა და იცავდა ევროპულ დემოკრატიას ევროპის კონტინენტზე რომელიც დღეს ბევრისთვის საოცნებო მიწად იქცა’

3) ‘რამდენიმე დღის წინ ერთმა ლატვიელმა ოლიგარქმა საჯაროდ მოითხოვა ჩემი დაპატიმრება იმის გამო, რომ ლატვია ევროკავშირში შეყვანით ეკონომიკურად ვაზარალე. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის იმაზე დიდი კომპლიმენტი, ვიდრე ხალხის სურვილის შესრულებაში ‘ბრალის დადებაა’ არ არსებობს. ეს იყო ბრალის დადება იმაში, რომ ჩემი ხალხი, აღარასოდეს აღარ მიიღებს დირექტივებს მოსკოვიდან’

4) ევროპამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ტირანიასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპის ნახევარს მიეცა საკუთარი ბედის და მომავლის თავად შექმნის შესაძლებლობა, მეორე ნახევარი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ჩათვლით, ბოროტების იმპერიას ჰყავდა დამონებული. ჩვენ მათ არჩევანი მოგვისპეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს’

5) დღეს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ სოლიდარობის გრძნობა თითქოს იკარგება. ადამიანებს საკუთარი პენსია, შემოსავალი და სითბო უფრო აღელვებთ. მე გეკითხებით, რა სოლიდარობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი, გაზპრომის რიგითი მუშაკი ხდება?

6) დღეს 9 მაისია, რუსეთში ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გამარჯვების დღეს. ალბათ ამ წუთებშიც, რიგაში მოსკოვის საელჩოს დაფინანსებით ცას ფოიერვერკები ანათებს, ხოლო მავანნი კი ტანსაცმელზე მიკრული წმინდა გიორგის სამფეროვანი კოკარდებით დაიარებიან, ლატვიის გათავისუფლების აღსანიშნავად. მინდა შეგახსენოთ, ნაციზმის დამარცხებით ლატვია არ გათავისუფლებულა, საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დაიწყო ლატვიის 50 წლიანი ოკუპაცია, დღეს კი რიგის მერს ძალითაც ვერ წამოაცდენინებ სიტყვა ოკუპაციას.’

სტუმრის სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ციტატების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მან მკაცრად დაგმო ჩინეთის ტოტალიტარული ხელისუფლება და მის მიერ აფრიკის კონტინენტის ექსპლუატაცია, რასაც სხვა ევროპელი ფუნქციონერებისგან ხშირად ვერ მოვისმენთ. ყურადღება გაამახვილა მზარდ საფრთხეებზე, როგორიცაა მაგალითად ბრაზილია-ინდოეთ-რუსეთ-ჩინეთის ბლოკი და ხაზი გაუსვა საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება დასავლურ, ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც ზუსტად 61 წლის წინ, შუმანის დეკლარაციაში გახმოვანდნენ და ერთიანი ევროპის ქვაკუთხედად იქცნენ.

ვაირა ვიკე-ფრაიბერგას მოსმენისას, იმის მიუხედავად რომ იგი ქალია, ნებისმიერი ღირსეული ჯარისკაცი ინატრებდა მის მთავარსარდლობას. ალბათ რამდენიმე სხვა ღირსეულ პოლიტიკოსთა შორის, მასაც შეგვიძლია სამართლიანად ვუწოდოთ ‘ევროპის სინდისი’. სამწუხაროა, რომ იგი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ თაობის წარმომადგენელთა შორის, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს დანგრეული და შემდგომ აღდგენილი ევროპა, ბრძოლა სიბნელესთან და სინათლის ტრიუმფი ამ სიბნელეზე. მტკიცე მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით აირჩიეს სწორი კურსი და საკუთარი ქვეყნების ისტორიაში ახალი, დიდებული ფურცლები ჩაწერეს.

ფრეიბერგას მოსმენისას ხვდები, რომ თავისუფლებისთვის ამგვარად მებრძოლი ადამიანების იმედის გაცრუება არ შეიძლება და თავისუფლების დროშა არ უნდა დაეშვას. ქალბატონ პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის და ამასთან ერთად აცნობიერებს იმასაც, რომ ამის მიღწევა ერთადერთი გზითაა შესაძლებელი, რომელიც საკუთარი გამოსვლის დასასრულს, ღიმილით დასძინა:

‘ჩემო სტუდენტებო, ჩემო ახალგაზრდებო, დაიკაპიწეთ ხელები და იშრომეთ!’

გუშინ

გუშინ ქართული სპორტის მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო დღე იყო, რადგან საქართველოს ორი ნაკრები გუნდი თამაშობდა. 2 საათზე 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ისლანდიას მასპინძლობდა, ხოლო 4 საათზე ქართველი მორაგბეების გუნდი არგენტინის “ა” ნაკრებს უნდა დახვედროდა.

მოხდა ისე, რომ ორივე თამაშზე მომიწია ყოფნა – ფეხბურთის პირველ და რაგბის მეორე ტაიმზე. საერთოდ ხშირად ვერ ვახერხებ ნაკრების თამაშზე სიარულს, სულ 5 – 6 ჯერ ვარ ნამყოფი (მხოლოდ ფეხბურთზე) და არასოდეს გამჩენია სურვილი ტაშის დაკვრის გარდა, რაიმე სხვა მოქმედებით ან ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება, ალბათ ცუდი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მინდორზე დუნედ მოძუნძულე ფეხბურთელებს მთელი გულით ვუქომაგო. არც ის იქნება ახალი, თუ დავამატებ, რომ მორაგბეების შემთხვევაში საქმე სრულებით სხვაგვარადაა. ჰოდა მეგობართან თამაშების დროს რომ ვაზუსტებდი ჩემდა უნებურად წამომცდა:  “ფეხბურთი ლოკომოტივზეა და ნაკრები დინამოზე თამაშობს არა?” მეთქი და მერე გამეცინა.

აქვე მინდა დავამატო, რომ გუშინ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო (პირველ ტაიმში) არაფერი მქონია, პირიქით, მაგრამ რაც მე გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე ვნახე, მართლა არასოდეს დამავიწყდება…

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მეორე ტაიმს მაინც მივუსწარი.

აი რას ჰქვია ნაკრები! აი, რას ჰქვია თამაში, როდესაც შენ ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს! აი რას ჰქვია მონდომება, როდესაც იცი, რომ სრულიად საქართველო შენ შემოგყურებს და შენი წარმატებით ხარობს! აი რას ნიშნავს იმის გაცნობიერება რომ შენ საქართველოს ღირსებას იცავ!

დასაჯდომის მოძებნა არც მიცდია, თვალი მოვკარი თუ არა ყველაფერი დამავიწყდა.

გუშინ გავაცნობიერე რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყანა გამარჯვებულია. ჯერ არასოდეს არ მენახა ცოცხლად, როგორ იმარჯვებდა საქართველოს ნაკრები…

იმარჯვებდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და იმარჯვებდა ისე, რომ ნებისმიერ მორაგბეს ეტყობოდა – უმალ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერდა ხელს, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის მოედანზე რაიმის დათმობაზე.

საოცარი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ.

გუშინვე მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონს “დამატებით მოთამაშეს” უწოდებენ. არც ერთი ტრიბუნა არ გაჩერებულა! დიახ, სწორედ მორაგბეები იმსახურებენ ასეთ მხარდაჭერას ასეთ შეუპოვარი და ჯიგრიანი ბრძოლისთვის!

გუშინ მე გამარჯვებული საქართველო ვნახე…

 

გმადლობთ ბიჭებო! საქართველო ამაყობს თქვენით!

თუთბერიძე, ვიდეო, პატრიარქი

დარწმუნებული ვარ ამ თემაზე ბევრი დაიწერებოდა და ბევრი განსხვავებული აზრიც გამოითქმებოდა და შესაბამისად მეც მსურს რამდენიმე სიტყვით ჩემი შეხედულება დავაფიქსირო ამ საკითხზე. რა საკითხზე? აბა ყველამ ერთად გავიმეოროთ საკვანძო სიტყვები: “თუთბერიძე, ვიდეო, პატრიარქი”…. (არადა ძმობა, ერთობა, თავისუფლება ჯობია დასწყევლოს ეშმაკმა)

სხვათაშორის ბევრი ჩემი ნაცნობიც და უცნობიც აფიქსირებდა იმ აზრს, რომ არ ღირდა ამ ვიდეოების გამო ასეთი ამბის ატეხა. ვეთანხმები. ის გამოთქმა მახსენდება “ჭიქაში ატეხილი ქარიშხალიო” თუ რაღაც ეგეთი, ოღონდ ეგ კლერიკალების რეაქციაზე და თუთბერიძის ქმედება პანდორას ყუთის გახსნას მაგონებს, საიდანაც დავით ისაკაძე ამოვარდა :))) ნუ კოლექტიური დავით ისაკაძე 🙂

საქმე იმაშია, რომ საერთოდ არ ვეთანხმები პატრიარქის კრიტიკას იმ განცხადების გამო რაც გააკეთა. ნამდვილად არ მჭირდება საკრალურ საწებელმოსხმული სიტყვები იმის დასაჯერებლად რაც ისედაც ცხადია ჩემთვის: აგვისტოს ტრაგედიის თავიდან არიდება ნამდვილად შეიძლებოდა.

თუმცა, თუმცა…

მოქალაქე თუთბერიძეს სრული უფლება აქვს:

ა) არ მოეწონოს ეს განცხადება

ბ) საპირისპირო აზრი ჰქონდეს და გამოხატოს ეს აზრი.

გ) მოახდინოს იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ პატრიარქი ნამდვილად არ არის ღმერთი

დ) ჰქონდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია მხოლოდ ჩვენი სულის ცხონებისთვის არ არის დაკავებული

ე) ფიქრობდეს, რომ ეკლესიაში შესაძლოა არსებობდეს რუსული აგენტურა (გავიხსენოთ, რამდენმა სასულიერო პირმა აღიარა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ეკლესიაში ყველა რუსეთის დასაყრდენია, თუმცა არც გულის დაარხეინების საშუალებას გვაძლევს)

ვ) პოპულარულ სოციალურ ქსელში, ანთავსებდეს ისეთ მასალას, რომლის გამოქვეყნება არ არის აკრძალული.

ზ) მასთან მისული მუქარის წერილების და მსგავსი ფაქტების გამო, საქმის კურსში ჩააყენოს სამართალდამცავი ორგანოები.

თავის მხრივ ჩვენს სასიქადულო სტუდენტობას, სრული უფლება აქვს გამოვიდეს და მოითხოვოს… ნეტავ რას ითხოვენ?

გააპროტესტოს… რას აპროტესტებენ?

თურმე პატრიარქი ყოფილა საყოველთაოდ პატივსაცემი ადამიანი და მას დაცვა ჭირდება…. აგრესიული, მძლავრი, თავზარდამცემი, შეუპოვარი, მძლეთამძლე, რკინისმკვნეტავი

თეა თუთბერიძისგან…..

და ამას აყოლილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელთათვისაც პატრიარქი კანონზე მაღლა დგას (პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს ერთთ – ერთმა წევრმა თქვა “დიდი ათეულის” აკრძალვასთან დაკავშირებით გასულ გადაცემაში)

არ ვაპირებ ახლა თვითგვემას: ეს რა დღეში ვართ, რა საზოგადოებაა, ირანიზაცია მიდის, გურჯისტანი, არაფერი გვეშველება და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული მუშაობა საზოგადოების აღზრდის, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უკეთ გააზრების მხრივ.

ვინ უწყის, იქნებ ეს შემთხვევა, მძლავრი ბიძგი აღმოჩნდეს ამ მადლიან საქმეში…

ჩემი დამოკიდებულება თეა თუთბერიძის და საერთოდ მსგავსი მოქმედების მიმართ, ალბათ ყველაზე კარგად ვოლტერის ერთი ცნობილი ფრაზით შეფასდება:

“მე არ ვიზიარებ თქვენ შეხედულებებს, მაგრამ სიცოცხლეს შევწირავ, რომ გქონდეთ მათი გამოხატვის უფლება”

არსად ქელეხში

ქელეხებში, გასვენებებზე, დღეობებზე და ა.შ. სიარული ჭირის დღესავით მძულს, განსაკუთრებით სამგლოვიარო დანიშნულების პროცედურებზე და ყველა ღონეს ვხმარობ თავიდან ავიცილო ჩემთვის ასე უსიამოვნო ადგილებში სიარული და მართლა ცალ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებ ხოლმე დედაჩემის დიდაქტიკურ სენტენციებს: “რას იტყვის ხალხი შვილო”, “ეს საზოგადოების პატივისცემაა”, “ელემენტარული კულტურაა”, “ნათესავები არ მოიმდურო, უხერხულია” და ბლა ბლა ბლა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რომ ჩემი ბიძაშვილის დეიდაშვილის ქვისლის დის მაზლისცოლის ნათლულის მძახლის შვილიშვილი მომადგეს და “გულწრფელი სამძიმარი” გამომიცხადოს, შეიძლება გამეცინოს.

მაგრამ, სამწუხაროდ იქმნება ისეთი სიტუაციაც, როდესაც არწასვლა უბრალოდ გამორიცხულია და “სამეცადინო მქონდა, გორში ჩამოსვლა დამეზარა, ავად ვიყავი” და მსგავსი თიმფლეითები უძლურია და მეც იძულებული ვარ, გუგავას რომ დავესესხო “ნაჯახივით სახე მივიღო” და კბილებში გამოცრილი “ვიზიარებ” – ის აკომპანიმენტით ჩამოვუარო სასახლეში ჩასვენებული მიცვალებულის გარშემო შემომწკრივებულ უცნობ ადამიანებს. წესია ასეთი… დასწყევლოს ეშმაკმა…

ამ შაბათსაც ასეთი შემთხვევა მქონდა, თანაც კიდევ უფრო “სასიამოვნო” – ქელეხშიც მიწევდა დარჩენა. წინა დღით საგანგებოდ შევამზადე ჩემი თავი და როდესაც ჩვენ წასაყვანად გამოგზავნილი დანჯღრეული “ნივა” სახლის კართან გაჩერდა ვაჟკაცურად შევხტი შიგნითა “სიდენიაზე”, ბოულინგის ბურთებივით ავაყირავე ქელეხისათვის გამზადებული ლავაშები და ლაზათიანად ამოვიგანგლე ფქვილში.

მძღოლი მეტად საინტერესო პიროვნება გამოდგა, მთელი გზა (გორის რაიონის ერთ – ერთი მაღალმთიანი სოფლისაკენ) მანქანის სიგნალი არ გაუჩერებია, ყველას ესალმებოდა. შემდეგ ერთი კასეტა შეაცურა მანქანის მაგნიტოფონში და უცნობის სიმღერების ჰანგებით დამატკბო. თავგადაკლული ოპოზიციონერი აღმოჩნდა. შესაბამისად მთელი გზა უნისონში “ვამკობდით” ხელისუფლებას და სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომლის წყალობითაც რამდენჯერმე თავით შევამოწმე “ნივას” სახურავის გამძლეობა, ისე საშინელიც აღარ მეჩვენებოდა.

ჩავედით “დანიშნულების ადგილზე” და მოგცლია, ვის ახსოვს შენი მიცვალებული? ხალხი დაკავებულია “პალატკების” გაშლით, ქვაბების მორევით, სუფრის გაწყობით და სხვა “სტომაქური” საქმიანობებით. ნაცნობი ჯარისკაცი დავინახე, ომის ამბები მინდოდა გამომეკითხა, მაგრამ საქმიანობდა და აღარ შემიწუხებია. ის იყო, ვნანობდი, ნეტავ რაიმე წიგნი წამომეღო მეთქი, რომ საქმეც გამომიჩნდა. როგორც “თბილისში ნასტავლ ბალღს”, რომელსაც “ანგარიში ეყურება”, შესაწევრის აკრება შემომაჩეჩეს. ჰოდა ვისხედით მე და ერთი პაპაკაცი მაგიდასთან, ვიწერდით გვარებს და შემოწირულობებს. ღმერთმანი, პურის დაჭრას და ღვინის ჩამოსხმას ნამდვილად მერჩივნა, მოხმარებაშიც ხომ ჩამეთვალა.

სანამ მიცვალებული მიწაში ჩადეს და ღვინის შხაპი მიაღებინეს, უკვე რამდენიმე ათეული ჭიანჭველა მყავდა დახოცილი. მაგიტომ ვერ ვიტან ბუნებას და ასფალტის და ცემენტის ჯუნგლი მირჩევნია ყველაფერს. ნელ – ნელა სასოწარკვეთა მეპარებოდა და იმ წამზე ვოცნებობდი, გორში რომ დავადგამდი ფეხს.

საოცარი სანახავი იყო ქელეხის სუფრა – ლურჯად აბრდღვიალებული პალატკები, მაგიდის ქვეშ ფეხმორთხმული ძაღლები, გაურკვეველი სოციალური და რასობრივი წარმოშობის მქონე ბავშვები, ხელაკანკალებული მოხუცები, ქალების კრიახი და ალაგ – ალაგ წამოსროლილი ფრაზები: “ვერა გიო (ზურა, ნუგზარ, გურამ, ჯემალ) ძმა, ვერ დავლევ, საჭესთანა ვაარ”

ლიმონათი თბილი, ღვინო ტკბილი, ტკბილეულში ჭიანჭველა, ხილში მატლი…

და რაც ყველაზე მთავარია, თამადა! თამადა – კაცი ლეგენდა! მასწავლებელიაო ვიღაცამ თქვა და მაშინვე გავიფიქრე ნამდვილად ფიზკულტურისაა მეთქი, რადგან დაზეპირებულივით ისროდა: “ავდგეთ მეგობრებო, დავსხდეთ მეგობრებო, დაასხით მეგობრებო” და ა.შ. მერე გაირკვა, რომ ისტორიის მასწავლებელი ყოფილა, თანაც სკოლის დირექტორი და როდესაც განსაკუთრებული ხავილით და იოგების ბერვით შესვა არც მეტი არც ნაკლები, დიახ – იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სადღეგრძელო აფეთქებას ცოტაღა მიკლდა, მაგრამ ყურებში მესმოდა ისევ დედაჩემის ნათქვამი: “საზოგადოება ვერ გაგიგებს შვილო”…

მთელმა სუფრამ მორჩილად გაიმეორა და შესვა ეს სადღეგრძელო, მე კი გულში ისევ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, რომელთაც მაგ ოჯახაშენებულმა ისტორია უნდა ასწავლოს და ჯანსაღი გონება დაუმახინჯოს. ძალიან დამიმძიმდა გუნება, ყოველთვის ასეა, როდესაც რაღაც ნერვებს გიშლის და შენ ამ ნერვების მოშლის გულში ჩაკვლა გიხდება. თითქოს არაფერი, რა ბედენაა, მაგრამ კარგით რა, ოეეეეეე, სტალინი “აღარ დაიბადება გლეხიკაცითვინა აღაააააარ!”

ბევრი დაწერილა ქელეხის თემატიკაზე მაგრამ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ და შესაბამისად აღარ მახსოვდა მისი სიტკბოება მთელი სისავსით. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, რომ აღარასოდეს წავალ ქელეხში (ყველანაირად ვეცდები) მითუმეტეს შორეულ სოფელში, სადაც მოყაყანე მოხუცები, აბეზარი მწერები და სტალინზე შეყვარებული თამადა მეგულება.

სააკაძის უბანი

ახლა 5 აპრილის 23 საათი და 50 წუთია (პოსტის წერის დასაწყისი) 10 წუთში, 6 აპრილი, ანუ ორშაბათი დღე დადგება, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ დილით ადრე უნდა ავეთრე და საქართველოს თვალწარმტაც (!!!) დედაქალაქში გავემგზავრო, რაც ასევე ლოგიკის კანონზომიერების სრული დაცვით ნიშნავს იმასაც, რომ ჩემ უსაყვარლეს სააკაძის უბანს, მინიმუმ ერთი სამუშაო კვირა ვეღარ ვნახავ (სურათები არ ითვლება)

ამ არც თუ ისე მთვარიან ღამეს, არც თუ ისე რომანტიკული განწყობით, ჩემი არც თუ ისე თბილი ოთახიდან მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემ სააკაძის ქუჩას.

ნაციზმის იმდენივე სახეობის შესახებ მსმენია, რამდენი ჯიშის სოსისსაც გერმანიაში ამზადებენ და რამდენი სახეობის მწერიც ამაზონის ჯუნგლებში ბზუის, მაგრამ ახალი ტერმინის შემოტანა მინდა – უბნის ნაცისტი ვარ… კი, კი, ვიფიქრე ამაზე და მართლა ეგრეა…

15 წელზე ოდნავ მეტია, რაც პირველად ჩავისუნთქე ამ უბნის ჰაერი და იმის შემდეგ, დედამიწის ზურგზე უკეთესი ადგილი (ჩემთვის რა თქმა უნდა) აღარ მეგულება…აქ ყველაფერი ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლობელი, თითოეული სახლი, თითოეული გახუნებული ჭიშკარი, ქუჩაზე თბილად დაცემული მზის სხივები, გაზაფხულის მიწურულს ატეხილი ფოთლების შრიალი, მეზობლების ხმაური, უბნის თავსა და ბოლოში მოწყობილი პატარა ბირჟები, საღამოს გამოშლილი ბავშვების წკრიალა ხმა, ქუჩაზე დარბაისლურად მოსეირნე მოხუცთა ალერსიანი სალამი, ზუსტად ჩვენ უბანს გადმომზირალი პატარა ეკლესია და საოცარი, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება, როდესაც ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პატარა, მდუმარე კუნძულზე გამოიღვიძე, სადაც ტრასაზე მიმქროლი მანქანების ხმაური, ნაპირს მოხეთქებული ტალღების მსგავსად ჩაგესმის…

ასეთია ჩემი პატარა სააკაძე, თავისი ტკივილითა და სიხარულით, სიცილითა და ცრემლით…

ხანდახან მგონია რომ ქუჩა ცოცხლობს და ერთხელაც იქნება გამომელაპარაკება კიდეც, როდესაც ერთი ან მეორე ბოლოდან ღიმილით გავყურებ ხოლმე და ვცდილობ სულ უფრო და უფრო უკეთ აღვიბეჭდო გონებაში… აქ ყველა კედელი ნაცნობია, ყველა “იამა” გათელილია, ყველა სახლის კარებთან გვითამაშია ბურთი ბავშვობაში და ჩვენი ანცობისაგან დაუზიანებელი ფანჯრების მქონე სახლის მოძებნა ჩინურ გრამატიკასავით ძნელია…

შეავლებ მზერას სახლის კედლებზე მიწერილ სახელებს და უცებ წარმოიდგენ უბნის ისტორიას, გაცოცხლდება იმ ბიჭების თუ გოგონების პატარაობა, ჩვენზე უწინ რომ ავსებდნენ სიცოცხლით ამ უბანს, დღეს უკვე ყველა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა და დარწმუნებული ვარ ამ კედელზე შეხედვისას, საკუთარი არც თუ ისე ლამაზი კალიგრაფიის დანახვისას, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ეძალებათ…

ალბათ გავა დრო და ჩვენც ანალოგიური ფიქრებით მიველაციცებით სააკაძის უბნის ბებერ კედლებს…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებლებსაც ასე უყვართ იგი…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის ყველა მაცხოვრებელსაც აქ უნდა ცხოვრება…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებელიც მას საკუთარ ბლოგზე ერთ (ჯერჯერობით) პოსტს უძღვნის…

გაგვიმარჯოს სააკაძელებს!