საჯარო ლექციებზე სიარული დიდად არ მხიბლავს, რატომღაც მგონია რომ ახალს და ღირებულს ვერაფერს გავიგებ, ის 2 საათი კი უფრო ნაყოფიერად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. თუმცა, როდესაც შევიტყვე რომ 9 მაისს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა აპირებდა სტუდენტების წინაშე წარდგომას, უყოყმანოდ გადავწყვიტე დასწრება.
ორიოდ სიტყვით ქალბატონ ფრეიბერგაზე. მას ლატვიის პრეზიდენტის პოსტი 1999-2007 წლებში ეკავა, ანუ მაშინ, როდესაც ქვეყანამ ბევრისთვის სანუკვარ მიზანს (ჰმ!) მიაღწია, შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, ანუ გახდა დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი. ხსენებული ქალბატონის წვლილი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია. მისმა მტკიცე და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და იმ ფაქტმა რომ იგი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის პირველი ქალი მმართველი იყო, გამოიწვია ის რომ საკმაოდ ხშირად ადარებდნენ მარგარეტ ტეტჩერს.
ქალბატონ პრეზიდენტს არ დაუგვიანია და ლექცია ზუსტად მითითებულ დროს დაიწყო. იქამდე კი, რა დროსაც დარბაზში შემოაბიჯა, ერთი კითხვა ამეკვიატა: არის თუ არა ზოგიერთ ადამიანში თანდაყოლილი ის გრაციოზულობა, მოხდენილი მანერები და არისტოკრატიულობა რასაც ეს ადამიანი ასხივებდა, თუ ეს დროთა განმავლობაში პრაქტიკის და უნარ-ჩვევების დახვეწის ამბავია. რაც არ უნდა იყოს, ვიკე-ფრეიბერგას გამომეტყველება უმალ აღუძრავს ადამიანს მოწიწების და პატივისცემის გრძნობას.
თავის 40 წუთიან გამოსვლაში ლატვიის მეექვსე პრეზიდენტი ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხო, ისაუბრა მკაფიოდ, გარკვევით და რაც მთავარია არაორაზროვნად. ვეცდები, გავიხსენო მისი რამდენიმე ფრაზა და მოკლედ დავწერო შინაარსი.
1) ‘ევროპა ვერასოდეს იქნება ბედნიერი, ვერ განაგრძობს ცხოვრებას სიმდიდრეში, სიმშვიდესა და ბედნიერებისკენ სწრაფვაში, თუკი იგი ყურადღებას არ მიაქცევს მის აღმოსავლეთ საზღვრებს, თუკი არ დასრულდება ევროპის გაერთიანება’
2) ‘დღევანდელ ევროპაში მოდურია ამერიკის, მისი ცხოვრების სტილის და დემოკრატიის გავრცელების სურვილის კრიტიკა. მინდა შეგახსენოთ, ათწლეულები მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც თავისუფლების შუქურა, იბრძოდა ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ, ქმნიდა, ზრდიდა და იცავდა ევროპულ დემოკრატიას ევროპის კონტინენტზე რომელიც დღეს ბევრისთვის საოცნებო მიწად იქცა’
3) ‘რამდენიმე დღის წინ ერთმა ლატვიელმა ოლიგარქმა საჯაროდ მოითხოვა ჩემი დაპატიმრება იმის გამო, რომ ლატვია ევროკავშირში შეყვანით ეკონომიკურად ვაზარალე. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის იმაზე დიდი კომპლიმენტი, ვიდრე ხალხის სურვილის შესრულებაში ‘ბრალის დადებაა’ არ არსებობს. ეს იყო ბრალის დადება იმაში, რომ ჩემი ხალხი, აღარასოდეს აღარ მიიღებს დირექტივებს მოსკოვიდან’
4) ევროპამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ტირანიასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპის ნახევარს მიეცა საკუთარი ბედის და მომავლის თავად შექმნის შესაძლებლობა, მეორე ნახევარი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ჩათვლით, ბოროტების იმპერიას ჰყავდა დამონებული. ჩვენ მათ არჩევანი მოგვისპეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს’
5) დღეს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ სოლიდარობის გრძნობა თითქოს იკარგება. ადამიანებს საკუთარი პენსია, შემოსავალი და სითბო უფრო აღელვებთ. მე გეკითხებით, რა სოლიდარობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი, გაზპრომის რიგითი მუშაკი ხდება?
6) დღეს 9 მაისია, რუსეთში ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გამარჯვების დღეს. ალბათ ამ წუთებშიც, რიგაში მოსკოვის საელჩოს დაფინანსებით ცას ფოიერვერკები ანათებს, ხოლო მავანნი კი ტანსაცმელზე მიკრული წმინდა გიორგის სამფეროვანი კოკარდებით დაიარებიან, ლატვიის გათავისუფლების აღსანიშნავად. მინდა შეგახსენოთ, ნაციზმის დამარცხებით ლატვია არ გათავისუფლებულა, საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დაიწყო ლატვიის 50 წლიანი ოკუპაცია, დღეს კი რიგის მერს ძალითაც ვერ წამოაცდენინებ სიტყვა ოკუპაციას.’
სტუმრის სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ციტატების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მან მკაცრად დაგმო ჩინეთის ტოტალიტარული ხელისუფლება და მის მიერ აფრიკის კონტინენტის ექსპლუატაცია, რასაც სხვა ევროპელი ფუნქციონერებისგან ხშირად ვერ მოვისმენთ. ყურადღება გაამახვილა მზარდ საფრთხეებზე, როგორიცაა მაგალითად ბრაზილია-ინდოეთ-რუსეთ-ჩინეთის ბლოკი და ხაზი გაუსვა საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება დასავლურ, ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც ზუსტად 61 წლის წინ, შუმანის დეკლარაციაში გახმოვანდნენ და ერთიანი ევროპის ქვაკუთხედად იქცნენ.
ვაირა ვიკე-ფრაიბერგას მოსმენისას, იმის მიუხედავად რომ იგი ქალია, ნებისმიერი ღირსეული ჯარისკაცი ინატრებდა მის მთავარსარდლობას. ალბათ რამდენიმე სხვა ღირსეულ პოლიტიკოსთა შორის, მასაც შეგვიძლია სამართლიანად ვუწოდოთ ‘ევროპის სინდისი’. სამწუხაროა, რომ იგი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ თაობის წარმომადგენელთა შორის, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს დანგრეული და შემდგომ აღდგენილი ევროპა, ბრძოლა სიბნელესთან და სინათლის ტრიუმფი ამ სიბნელეზე. მტკიცე მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით აირჩიეს სწორი კურსი და საკუთარი ქვეყნების ისტორიაში ახალი, დიდებული ფურცლები ჩაწერეს.
ფრეიბერგას მოსმენისას ხვდები, რომ თავისუფლებისთვის ამგვარად მებრძოლი ადამიანების იმედის გაცრუება არ შეიძლება და თავისუფლების დროშა არ უნდა დაეშვას. ქალბატონ პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის და ამასთან ერთად აცნობიერებს იმასაც, რომ ამის მიღწევა ერთადერთი გზითაა შესაძლებელი, რომელიც საკუთარი გამოსვლის დასასრულს, ღიმილით დასძინა:
‘ჩემო სტუდენტებო, ჩემო ახალგაზრდებო, დაიკაპიწეთ ხელები და იშრომეთ!’
რა მაგარი ადამიანი ყოფილა!
ჩვენთან არ გამოუშვებენ რამდენიმე წლით პრეზიდენტად? 🙂