ქართული ტოლერანტობის კრიზისი?

თუ გვსურს ქართული საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, ფორუმ.გე სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. ქვეყანაში მომხდარი თუნდაც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აქ შესაძლოა უმწვავესი დისკუსიის თემად იქცეს და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა “კლავიატურის ლომების” კბილთა ღრჭენა გამოიწვიოს. იქ გახსნილი თემების მიხედვით კი ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ თუ რა თემაა ამჟამად საქართველოში აქტუალური, რა აწუხებს და ტკივა საქართველოს მოქალაქეს.

ეს თემაც http://forum.ge/?f=29&showtopic=34217046 ერთი შეხედვით გადაღეჭილ და გადამღერებულ საკითხს ეხება: ქართველთა ტოლერანტობა, მათი დამოკიდებულება ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა მიმართ. ანალიზიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს – ან “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” ანაც “ქართული ტოლერანტობა მითია, ეს სად ვკვდები ამის…”. ერთი მხარე ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილ და დღემდე არსებულ უპირობო შემწყნარებლობაზე საუბრობს, მეორეს კი ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის და იდეაფიქსად დაუსახავს ამ ყალბი სტერეოტიპის ნგრევა.

რაიმე მოვლენის ან საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვის მოწინააღმდეგე არასოდეს ვყოფილვარ. არსებობს შავი და თეთრი, არსებობს ბოროტი და კეთილი, არსებობს სიმართლე და სიცრუე. თუმცა, ამ შემთხვევაში ზემოთხსენებულ ორ მიმართულებას მოვლენის ასახსნელად ტერმინოლოგიური და მორალური სიცხადე აკლია და ხელიდან უსხლტებათ მთავარი აზრი, ანუ რას ვგულისხმობთ ტოლერანტულობით და სად გადის ზღვარი  სასურველ ტოლერანტობასა და არასასურველ იდიოტიზმს შორის.

სიტყვა ტოლერანტობა, რომელიც შემწყნარებლობას ნიშნავს და რომელსაც თავდაპირველად ვიწრო რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვა რელიგიური კონფესიების “გულდანდობილ სუფევას” უმრავლესობის რელიგიასთან ერთად, თანდათან იქცა ზოგადად ყოველივე განსხვავებულის შეწყნარების აღმნიშვნელ სიტყვად და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე ლიბერალის ლექსიკაში. მაგრამ არის კი ეს სიტყვა იმ დატვირთვის მატარებელი რასაც დღეს მივაკუთვნებთ?

რა თქმა უნდა ამ პოსტში ლინგვისტურ – სემანტიკური კვლევებს ვერ შემოგთავაზებთ, საამისოდ არც თავხედობა და არც კომპეტენცია არ მეყოფა. მე უბრალოდ მინდა რომ მეტნაკლებად გავფანტოთ ის მისტიციზმის ღრუბელი რაც ამ სიტყვას აჰკიდებია და ყველაფერს თავისი (შეიძლება არც ისე ისე სასიამოვნოდ გასაგონი) სახელი დავარქვათ.

1) ტოლერანტობა როგორც ასეთი, მოიაზრებს იმას, რომ რელიგიურ, პოლიტიკურ ან სხვა სახის დოქტრინას, იდეებს ან მოძღვრებას, აქვს უფლება რომ იარსებოს მის დომინანტ ანალოგთან ერთად. იარსებოს და არამც და არამც ძირი გამოუთხაროს ან ფარულ კონკურენციაში ჩაებას. მას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის მიუნიჭებია გაბატონების ან საკუთარი მრწამსის თავსმოხვევის უფლებას.

2) ნებისმიერი ინდივიდი მოვალეა პირველ რიგში საკუთარი კულტურის და სახელმწიფოს მიმართ იყოს ტოლერანტული და მის არსებობას უჭერდეს მხარს უპირობოდ. თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი კულტურის (საკუთარში ვგულისხმობ იმ კულტურას, რომელშიც იგი გაიზარდა და მისთვის მშობლიურია) დაცვა და პატივისცემა, მისი ტოლერანტობა სხვა დანარჩენი კულტურისა თუ რელიგიის მიმართ საპნის ბუშტზე უფრო მყიფე და დემოკრატიულ რუსეთზე უფრო არარეალურია.

3) როდესაც ნათელი ხდება, რომ ტოლერანტობის უბასრესი მორალური მახვილით შეიარაღებული ელემენტები იმას უქადიან საფრთხეს, რაც შენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია (კიდევ ერთი დაზუსტება: აქ იგულისხმება ნამდვილი საფრთხე და არა ჭიქაში შექმნილი ქარიშხალი ‘გარყვნილი დასავლეთის’ წინააღმდეგ, რაც უბრალოდ სასაცილოა) საპასუხო რეაგირების მექანიზმი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს და არსებული საფრთხის განეიტრალებას ცდილობს. ცდილობს მის ხელთ არსებული საშუალებებით და მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით და ეს მცდელობა ბუნებრივი და ლოგიკურია.

ვცადოთ და მოვარგოთ ეს მსჯელობა დღევანდელ ქართულ რეალობას. სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მდგომსა და სამხედრო წარუმატებლობით დათრგუნულ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება ძლიერი საერთო მორალური და კულტურული ფასეულობები, რომლებიც შეკრავს და სათანადო მიმართულებას მიუჩენს იმ ნაციონალისტურ სენტიმენტებს, რომლის ნაკლებობასაც ჩვენნაირი პატარა და ბედისგან არც თუ განებივრებული ერები არასოდეს განიცდიან. ტოლერანტობა ჭეშმარიტად ამ ფასეულობათა შემადგენელი ნაწილია და მისი უარყოფა ძნელია აზრად გაივლო. დღევანდელი ევროპული სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოში არასოდეს ყოფილა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი დევნა და დღესაც შეუწყნარებლობის და რეალური დისკრიმინაციის ნებისმიერ მცდელობას საზოგადოების ყველაზე კონსერვატიულად მოაზროვნე ნაწილიც კი უარყოფითად ეკიდება.

ამავე დროს, ძნელია ხელაღებით დაგმო ის ნაკლებად პოლიტკორექტული გამონათქვამები, რომელიც იმ თემაში დაიწერა. მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს ქართული კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების აშკარა და ხელაღებით მიტაცება ან ფალსიფიკაცია, თანაც იმ ფასეულობების, რომელთა მიმართაც ქართველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა (მხედველობაში მაქვს ‘მოძმე’ სომეხი ერის “საქმენი სამამაცონი”) ძნელია ამის ჩამდენებს ტოლერანტობის ურღვევი ჯაჭვის პერანგი მოარგო და დაიცვა.

ტოლერანტობა ამას არ ითვალისწინებს!

ტოლერანტობა არ გულისხმობს გულხელდაკრეფით ჯდომას და იმის ყურებას როგორ უჩინარდება ის ყველაფერი (დიახ ყველაფერი, დაივიწყეთ ვიწრო კულტურული გაგება) რაც სხვა ქართველებმა შექმნეს!

ტოლერანტობა არ გულისხმობს მოყვრულად მოსული მტრის გულში ჩაკვრას. მის მიერ შემოთავაზებული სატყუარის გადაყლაპვას!

შესაბამისად ქართველთა ლეგიტიმურ გულისწყრომას და სიბრაზეს იმ ერების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც ცნება ქართული ადვილად მოსანელებელი ჰგონიათ, არაფერი აქვს საერთო ქართული ტოლერანტობის კრიზისთან. ეს არის სავსებით კანონზომიერი რეაქცია მაშინ, როდესაც თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს. საინტერესოა რომ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში: საკუთარი უნიკალური კულტურის გაქრობით შეშფოთებული დასავლური სამყაროს წევრები, ხშირად ისეც იქცევიან რომ მსგავსი მოვლენა საქართველოში, ქართული ტოლერანტობის ყბედ კრიტიკოსებს დაახლოებით 6 თვე ეყოფოდათ თავის შესაქცევად.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედამიწაზე რაიმე სრულყოფილი შეიძლება არსებობდეს, ქართული ტოლერანტობაც შორს დგას მისგან, მაგრამ დროა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ქართული ტოლერანტობა მითი კი არა მრავალსაუკუნოვანი სინამდვილეა და ის, თუ როგორ პასუხობენ (რომელიც ვისურვებდი, რომ ბევრად მკაცრი იყოს) ქართველები უტიფრობაზე, ტოლერანტობის ცნებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ამყარებს.

2 thoughts on “ქართული ტოლერანტობის კრიზისი?

  1. ახლა შევიტყვე შენი ამბები, წარმატებებს გისურვებ!

  2. ეს ის თემაა, რასაც ალბათ სიამოვნებით არა, მაგრამ აუცილებლად დავამატებდი ორიოდე სიტყვას.
    პირველ რიგში იმას ვიტყოდი ლევან, რომ რაც წავიკითხე, ეს პოსტი ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან აქ, როგორც მოაზროვნე და თან ძალიან ღრმად მოაზროვნე კაცს, ისე გხედავ და პატივისცემა შენს მიმართ ერთი–ათად მემატება.
    ფორუმზე არ გადავდივარ შეგნებულად, ვიცი რაც დამხვდება და დავიღალე, მართალი რომ ვთქვა, ,,პასუხისგებით” იმისთვის, რაშიც ოდნავადაც კი არ მიმიძღვის წვლილი. მაქვს მეც მცირე ფორუმული გარჩევების გამოცდილება.
    სამართალი უნდა აღსრულდეს, გეთანხმები, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კეისარს კეისრის და ღმერთს ღმერთის უნდა მიეგოს, მაგრამ ამას ცალკეული ადამიანური ურთიერთობები არ უნდა შეეწიროს, მით უმეტეს არც სახელმწიფოთაშორისი.
    შენის ნებართვით გადმოვაკოპირებ ერთ–ერთ ასეთ ,,საფიხვნოზე” დაწერილ ჩემ კომენტარს და ჩემი პოზიცია იქ მაქვს გასაგებად ჩამოყალიბებული. დანარჩენი შენ იცი. აი, ის კომენტარიც:

    მოგესალმებით! ჩემი სახელი-გვარიდან არ გაგიჭირდებათ იმის დადგენა, რომ სომეხი წერს ამ კომენტარს. აღარ დავიწყე ყველა კომენტარის კითხვა, რადგან ეს ძალიან დამღლელი, დამთრგუნველი და არაფრისმომცემია. საქმე იმაშია, რომ ყველა ასეთ სტატიას პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე კომენტარები მოსდევს. არც იმის მტკიცებას დავიწყებ, როგორ ძალიან მიყვარს საქართველო (ვინც მიცნობს, მათთან რამის მტკიცება საერთოდ არ მჭირდება). ამ კომენტარების ავტორების საყურადღებოდ მინდა ერთი რამის თქმა: სომხური საზოგადოების შეგნებულ ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნის მთელ რიგ სომეხ მეცნიერთა ეს უაზრო ბოდვები. ყველა სომეხი არ იზიარებს ამ სისულელეებს და ერთ-ერთი პირველი ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, მეც გახლავართ (და მადლობა ღმერთს, არც-თუ ისე ცოტანი ვართ ამ პოზიციაზე).
    ერთი წელი სომხეთში ვიმუშავე და მანამდე რომ მეგონა, რომ მთელი სომხეთი მაგ ,,მეცნიერთა” მსგავსად ფიქრობდა, ჩემ-და სასიხარულოდ აღმოვაჩინე, რომ ბევრი სრულიად საპირისპირო აზრზე იდგა და არც არაფერს ედავებოდა საქართველოს. რათქმაუნდა იყვნენ რადიკალებიც და რამდენჯერმე ცხარე კამათიც მომიწია, მაგრამ არასოდეს გამჭირვებია სიმართლის დამტკიცება მათთვის. რადიკალურად აზროვნებით სომხეთში პრორუსული ორიენტაციის ადამიანები გამოირჩევიან, რადგან მათთვის მხოლოდ რუსული საინფორმაციო გამოშვებებია ხელმისაწვდომი, ქვევრის არ იყოს, კრემლიდან რასაც ჩასძახებენ, იმის ამოძახება ჩვევიათ. ისეთი ზომბირებულია დღეს სომხეთი რუსეთისგან, ვერ წარმოიდგენთ, ამაში დასარწმუნებლად სომხეთში ორდღიანი ვიზიტიც კმარა.
    ქართველების უბედურება იმაშია, რომ არ უფრთხილდებით იმას, რაც ღმერთმა ასე უხვად გიბოძათ, არც ენას, არც კულტურას და არც სხვა ფასეულობებს. მათი დაცვა მხოლოდ სიტყვების და სადღეგრძელოების ფონზე გიყვართ (ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა). მხოლოდ მაშინ ფხიზლდებით, როცა ვინმე შემოგედავებათ ამ ყველაფერში. არადა, ფასეულობებს ყოველ წამს ჭირდება დაცვა და მოფრთხილება, რაშიც სომხეთი არ შევაქო, არ შემიძლია, იმდენად გულმოდგინედ აკეთებს ამას.
    ძალიან სასაცილოა, რომ თურმე ,,თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ისტორიული მეგობრები(!) არიან და სომხეთი კი მტერია.”
    ვიტოვებ იმედს, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები აუცილებლად გამოსწორდება და ყველა სადავო საკითხიც აუცილელად გადაწყდება.
    კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მეზარება და არც ის მინდა ეს კომენტარი ვინმემ თავის მართლებად ჩამომართვას. ბოლოს კი იმას დავამატებდი, რომ ლანძღვა-გინების დაწერამდე იქნებ ისიც გეფიქრათ, რომ ჰოვანეს თუმანიანმა საქართველო-სომხეთის ომის დროს თავის ოფიცერ შვილს უთხრა: თუ ამ ძმათა სისხლისმღვრელ ომში წახვალ, სამუდამოდ დამკარგავო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა არაა გასალანძღი და როცა ასეთ კომენტარებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ,,მტერი ვარ”, ან ,,უნდა ამოვწყდეთ”, ან ,,კინწისკვრით ვართ გასაძევებელი საქართველოდან”, არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, როგორ ხასიათზე ვდგები ხოლმე. როგორც წესი, ასეთ დროს ჩემი ქართველი მეგობრები მიდგანან მხარში და მირჩევენ ხოლმე, იუმორით შევხედო ამ ყველაფერს (არადა სასაცილო არაფერია, დამეთანხმებით).
    ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ყველაფერი სპეციალური კომისიების შექმნით და ორმხრივი თანამშრომლობით და ამ უაზრო კინკლაობას წერტილი დაესვას.

    სულ ეს იყო, ლევან 🙂 და ბოლოს იმას დავამატებდი, რომ წამითაც არ მინდა იმის დაშვება, რომ შეიძლება შენი მოძმე არ ვიყო და მტერი ან სხვა ვინმე ვიყო (‘მოძმე’ სომეხი ერის “საქმენი სამამაცონი”).. მოდი ნურც შენ დაუშვებ ამას იდეაში მაინც და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა მხოლოდ მეგობრობა და პატივისცემა გვაკავშირებდეს ერთმანეთთან 🙂
    პ.ს. რუსთაველი ქართველი იყო!
    პ.ს.ს. ,,შუშანიკის წამება” ქართული ძეგლია!
    :დ :დ :დ
    აბა, მაგრად! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s