1 / 10

რატომ 1/10? დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც საქართველოდან წამოვედი და კიდევ 9 ამდენი უნდა გავიდეს, სანამ კიდევ შევძლებ მის მიწაზე ფეხის დადგმას. საქართველოსგან შორს მყოფი, სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ მასზე, მის წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე. ამ პოსტსაც ზუსტად ეს ფიქრები მაწერინებს. ახლა კი თუ ვინმე აპირებს პათეტიკურობაში დამდოს ბრალი, ჯობია პოსტის წაკითხვის მაგივრად სხვა, უკეთესი საქმით დაკავდეს.

1 თვე, არა თუ ქვეყნიდან, ჩემი სახლიდანაც არასოდეს წავსულვარ და რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ჩემ სამშობლოსთან მაკავშირებს უზომოდ მენატრება. მენატრება ჩემი ლამაზი მთები, მენატრება ჩემი მტვრიანი ქუჩა, მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი,  ჩვენი ონკანიდან წამოსული წყალი, ჩვენი კერძები, ჩემი ქართველები მენატრებიან, ჩემი ხალხი, ზოგი ცუდი, მეტი კარგი, ღიმილიანი, გამრჯე, ხმაურიანი და უკეთესი მომავლის რწმენით აღვსილი.

არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე შენი სამშობლოა, იქ სადაც შენი სახლია, სადაც ყოველი ადგილი შენ ღიმილიან და უდარდელ (ჰმ, 90 – იანი წლების საქართველოს კრიტერიუმებით) ბავშვობას გახსენებს.

ერთი რამ რაც აქ მაძლებინებს, ის იმედია, რომ მომავალში შეიძლება ჩემ ქვეყანას და ქალაქს რამეში გამოვადგე, თორემ მიმიფურთხებია ამათი ლამაზი და ვიწრო ქუჩებისთვის, ლამაზი არქიტექტურისთვის და გამართული ინფრასტრუქტურისთვის, აქაურ მაღალი ხარისხის ასფალტსაც ჩემი უბნის წინ რომ “იამკაა” ეგ მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ ჩემია!

აქამდე გაზვიადებულად მეჩვენებოდა ჩვენი ბუნების სილამაზისთვის ნამღერი დითირამბები, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ თუკი მოვუვლით და მივხედავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენც არა ნაკლები სილამაზით შეგვეძლება ვიტრაბახოთ, თუკი უაზრო კრიტიკის და სნობურად ენით ზურგის ფხანის გარდა რაიმე ხელშესახებს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. საოცრად, ძალიან გვჭირდება ერთად დგომა, რომ მცირედით მაინც დავიძრათ წინ, დავძლიოთ ჩამორჩენა სახელმწიფოებთან, დღეს რომ განვითარებულებად მიიჩნევიან. ოღონდ ერთად დგომა არა მონურად, ვინმეს უღლის ან მათრახის ქვეშ, არამედ როგორც ევროკავშირის დევიზი ღაღადებს: United in Diversity! ეს ერთობა კი რა თქმა უნდა მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო ნაციონალური ინტერესების გასატარებლად, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ფორმებით.

ამ ყველაფრისთვის კი მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია უმთავრესი კომპონენტი – ეს არის მოტივაცია. მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, მოტივაცია იმისათვის რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და შემდგომი თაობების მომავალი იყოს დაცული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს (და არის) ისტორიული ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ “თუ არ გამოგვდის დღეს, აუცილებლად (აუცილებლად!) გამოგვივა ხვალ”.

ყველა უსწორებს თვალს იმ საზარელ კულტურულ დამღას, რაც საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ დაგვიტოვა, მაგრამ დღეს XXI საუკუნეა, ინფორმაციის და ტექნოლოგიების ხანა, რაც საშუალებას გვაძლევს სწორი ორიენტირების აღების და შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩამორჩენა სწრაფად დავძლიოთ, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი უნდა შეეწყოს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით, რომელშიც არა მარტო კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება მოიაზრება, არამედ ისიც, რომელსაც ბავშვი საკუთარი განვითარების პირველ ეტაპზე, პიროვნებად ჩამოყალიბებისას იღებს და რომელიც საქართველოში სამწუხაროდ  ან  დიდწილად იგნორირებულია ან იმდენად ქაოტური და არაორგანიზებული ხასიათი აქვს, რომ განათლებას ნაკლებად თუ ვუწოდებთ. ძლიერი ოჯახის კულტურა და ოჯახში მიღებული განათლება ადამიანის მსოფლმხედველობის ერთ – ერთი მთავარი საყრდენი ბოძი უნდა იყოს.

დიახ, მე მინდა რომ საქართველოში ყველა დედა, შვილს ანბანის სწავლის მერე წასაკითხად აძლევდეს, მაგალითად სანიკიძის “დედა ისტორიას” და უნერგავდეს ეროვნული სიამაყის გრძნობას, ასწავლიდეს, რომ ეს ქვეყანა კრიტიკის და განქიქების შედეგად კი არ შემორჩა ცისფერ პლანეტას, არამედ იმის გამო რომ მისი წინაპრები “რკინას კვნეტდნენ კბილებით”. ასწავლოს, რომ მატერიალური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რაც დღეს მას სიამოვნებას ანიჭებს, ყველა ის პერსპექტივა რაც მას ცხოვრებაში მოელის, ყველაფერი რაც მის გარშემოა, ფასს დაკარგავს და არარად შეიქმნება, თუკი მას არ ექნება ყველაზე ძვირფასი და ღირებული ამ ქვეყანაზე – საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!

გაუგებარია კრიტიკის და კრიტიკანარევი ღლიცინის ის ნიაღვარი რაც პრეზიდენტის ინიციატივებს, სკოლაში სამხედრო სწავლების  და ქართული ცეკვის გაკვეთილების (ეს უკანასკნელი არც ჩემთვის იქნებოდა ურიგო :D) შემოღების შესახებ დაატყდა თავს. თუმცა პირიქით კი უნდა იყოს: ერი სახელმწიფოს ჩასახვისა და განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის გამოტოვების და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში ყოფნის გამო, ყველას ვალია ხელი შეუწყოს ეროვნული იდენტიფიკაციის იმ ელემენტების შენარჩუნებას და წახალისებას რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, იქნება ეს ქართული სიამაყის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ცეკვა, თუ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საამაყო საქმე – საქართველოს დროშით დამშვენებული ხაკისფერი მუნდირის ტარება. შენი კულტურა და პოლიტიკური სუვერენეტიტეტია ის რასაც ჰქვია საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!

გენერალი პატონი მეორე მსოფლიო ომის საბრძოლოს ოპერაციებში ჩართვის წინა ღამეს, თავის ჯარისკაცებს ეუბნებოდა, რომ ყველაზე ღირებული რაც მათ ამ ომში მონაწილეობის მერე შემორჩებოდათ, იქნებოდა ის, რომ 20 წლის მერე ბუხრის წინ მოკალათებულები, კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომში, ამაყად მიუგებდნენ მათ მუხლებზე მოკალათებულ შვილიშვილებს, რომ ისინი გენერალ პატონთან და მესამე არმიასთან ერთად იბრძოდნენ.

ჩემი ოცნებაც მას ეხმაურება: როდესაც მოვა დრო და შვილიშვილი დამეკითხება, თუ რა მიკეთებია, მსურს რომ პატონის ჯარისკაცივით თვალებში ჩავხედო და ისე ვუპასუხო: მე საკუთარ, თავისუფალ სამშობლოს ვემსახურებოდი!

ჩემ სამშობლოს, თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს გაუმარჯოს!

5 thoughts on “1 / 10

  1. ლევან ძმა ხარ. საღოლ მაგარი იყო. დაგლიჯა 🙂

  2. ლევან ჩემდა თავად სისხლის ბოლო წვეთამდე მანდ ვარ !!!!!!!! ორი დღეა აქ ვარ უკვე მენატრება ჩემი ვითომ მოძულებული ქვეყანა და სუუუუუუუუულ ფეხებად მჭირდება ამათი ქერა ნაშებიც და დალაგებული ქუჩებიც !!!! ჩემი დამპალი კრწანისი და ჩემი თბილის მირჩევნია ყველაფერს !!!!

  3. ვაჰ, გემრიელი პოსტი იყო. ეეჰ, ჩემ დროსაც ესწავლებინათ ცეკვა სკოლაში და წესიერი სამხედრო გაკვეთილები ჩატარებულიყო, რა იქნებოდა. მარტო შაგაობა გვასწავლეს სკოლაში და მაშინაც სვეტაფორს ვეშაგავებოდით. 🙂

  4. რომ იცოდე, როგორ გამიხარდა, ცინიზმის და “ეს სად ვკვდები, ბლინ” ტიპის გამონათქვამების მორევში ამ პოსტის ნახვა! მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, როგორც შემიძლია – ვარ სპეციალისტუი და ვაკეთებ ჩემს საქმეს! 24 საათი ყველაფრის ირონიზირების ნაცვლად, უფრო მეტი რომ იქცეოდეს ასე, ბევრად კარგად ვიქნებოდით!

  5. ვეთანხმები ამხანაგ ლიუვენელი ჯღიბას გამონათქვამებს 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s