პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

არსად ქელეხში

ქელეხებში, გასვენებებზე, დღეობებზე და ა.შ. სიარული ჭირის დღესავით მძულს, განსაკუთრებით სამგლოვიარო დანიშნულების პროცედურებზე და ყველა ღონეს ვხმარობ თავიდან ავიცილო ჩემთვის ასე უსიამოვნო ადგილებში სიარული და მართლა ცალ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებ ხოლმე დედაჩემის დიდაქტიკურ სენტენციებს: “რას იტყვის ხალხი შვილო”, “ეს საზოგადოების პატივისცემაა”, “ელემენტარული კულტურაა”, “ნათესავები არ მოიმდურო, უხერხულია” და ბლა ბლა ბლა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რომ ჩემი ბიძაშვილის დეიდაშვილის ქვისლის დის მაზლისცოლის ნათლულის მძახლის შვილიშვილი მომადგეს და “გულწრფელი სამძიმარი” გამომიცხადოს, შეიძლება გამეცინოს.

მაგრამ, სამწუხაროდ იქმნება ისეთი სიტუაციაც, როდესაც არწასვლა უბრალოდ გამორიცხულია და “სამეცადინო მქონდა, გორში ჩამოსვლა დამეზარა, ავად ვიყავი” და მსგავსი თიმფლეითები უძლურია და მეც იძულებული ვარ, გუგავას რომ დავესესხო “ნაჯახივით სახე მივიღო” და კბილებში გამოცრილი “ვიზიარებ” – ის აკომპანიმენტით ჩამოვუარო სასახლეში ჩასვენებული მიცვალებულის გარშემო შემომწკრივებულ უცნობ ადამიანებს. წესია ასეთი… დასწყევლოს ეშმაკმა…

ამ შაბათსაც ასეთი შემთხვევა მქონდა, თანაც კიდევ უფრო “სასიამოვნო” – ქელეხშიც მიწევდა დარჩენა. წინა დღით საგანგებოდ შევამზადე ჩემი თავი და როდესაც ჩვენ წასაყვანად გამოგზავნილი დანჯღრეული “ნივა” სახლის კართან გაჩერდა ვაჟკაცურად შევხტი შიგნითა “სიდენიაზე”, ბოულინგის ბურთებივით ავაყირავე ქელეხისათვის გამზადებული ლავაშები და ლაზათიანად ამოვიგანგლე ფქვილში.

მძღოლი მეტად საინტერესო პიროვნება გამოდგა, მთელი გზა (გორის რაიონის ერთ – ერთი მაღალმთიანი სოფლისაკენ) მანქანის სიგნალი არ გაუჩერებია, ყველას ესალმებოდა. შემდეგ ერთი კასეტა შეაცურა მანქანის მაგნიტოფონში და უცნობის სიმღერების ჰანგებით დამატკბო. თავგადაკლული ოპოზიციონერი აღმოჩნდა. შესაბამისად მთელი გზა უნისონში “ვამკობდით” ხელისუფლებას და სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომლის წყალობითაც რამდენჯერმე თავით შევამოწმე “ნივას” სახურავის გამძლეობა, ისე საშინელიც აღარ მეჩვენებოდა.

ჩავედით “დანიშნულების ადგილზე” და მოგცლია, ვის ახსოვს შენი მიცვალებული? ხალხი დაკავებულია “პალატკების” გაშლით, ქვაბების მორევით, სუფრის გაწყობით და სხვა “სტომაქური” საქმიანობებით. ნაცნობი ჯარისკაცი დავინახე, ომის ამბები მინდოდა გამომეკითხა, მაგრამ საქმიანობდა და აღარ შემიწუხებია. ის იყო, ვნანობდი, ნეტავ რაიმე წიგნი წამომეღო მეთქი, რომ საქმეც გამომიჩნდა. როგორც “თბილისში ნასტავლ ბალღს”, რომელსაც “ანგარიში ეყურება”, შესაწევრის აკრება შემომაჩეჩეს. ჰოდა ვისხედით მე და ერთი პაპაკაცი მაგიდასთან, ვიწერდით გვარებს და შემოწირულობებს. ღმერთმანი, პურის დაჭრას და ღვინის ჩამოსხმას ნამდვილად მერჩივნა, მოხმარებაშიც ხომ ჩამეთვალა.

სანამ მიცვალებული მიწაში ჩადეს და ღვინის შხაპი მიაღებინეს, უკვე რამდენიმე ათეული ჭიანჭველა მყავდა დახოცილი. მაგიტომ ვერ ვიტან ბუნებას და ასფალტის და ცემენტის ჯუნგლი მირჩევნია ყველაფერს. ნელ – ნელა სასოწარკვეთა მეპარებოდა და იმ წამზე ვოცნებობდი, გორში რომ დავადგამდი ფეხს.

საოცარი სანახავი იყო ქელეხის სუფრა – ლურჯად აბრდღვიალებული პალატკები, მაგიდის ქვეშ ფეხმორთხმული ძაღლები, გაურკვეველი სოციალური და რასობრივი წარმოშობის მქონე ბავშვები, ხელაკანკალებული მოხუცები, ქალების კრიახი და ალაგ – ალაგ წამოსროლილი ფრაზები: “ვერა გიო (ზურა, ნუგზარ, გურამ, ჯემალ) ძმა, ვერ დავლევ, საჭესთანა ვაარ”

ლიმონათი თბილი, ღვინო ტკბილი, ტკბილეულში ჭიანჭველა, ხილში მატლი…

და რაც ყველაზე მთავარია, თამადა! თამადა – კაცი ლეგენდა! მასწავლებელიაო ვიღაცამ თქვა და მაშინვე გავიფიქრე ნამდვილად ფიზკულტურისაა მეთქი, რადგან დაზეპირებულივით ისროდა: “ავდგეთ მეგობრებო, დავსხდეთ მეგობრებო, დაასხით მეგობრებო” და ა.შ. მერე გაირკვა, რომ ისტორიის მასწავლებელი ყოფილა, თანაც სკოლის დირექტორი და როდესაც განსაკუთრებული ხავილით და იოგების ბერვით შესვა არც მეტი არც ნაკლები, დიახ – იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სადღეგრძელო აფეთქებას ცოტაღა მიკლდა, მაგრამ ყურებში მესმოდა ისევ დედაჩემის ნათქვამი: “საზოგადოება ვერ გაგიგებს შვილო”…

მთელმა სუფრამ მორჩილად გაიმეორა და შესვა ეს სადღეგრძელო, მე კი გულში ისევ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, რომელთაც მაგ ოჯახაშენებულმა ისტორია უნდა ასწავლოს და ჯანსაღი გონება დაუმახინჯოს. ძალიან დამიმძიმდა გუნება, ყოველთვის ასეა, როდესაც რაღაც ნერვებს გიშლის და შენ ამ ნერვების მოშლის გულში ჩაკვლა გიხდება. თითქოს არაფერი, რა ბედენაა, მაგრამ კარგით რა, ოეეეეეე, სტალინი “აღარ დაიბადება გლეხიკაცითვინა აღაააააარ!”

ბევრი დაწერილა ქელეხის თემატიკაზე მაგრამ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ და შესაბამისად აღარ მახსოვდა მისი სიტკბოება მთელი სისავსით. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, რომ აღარასოდეს წავალ ქელეხში (ყველანაირად ვეცდები) მითუმეტეს შორეულ სოფელში, სადაც მოყაყანე მოხუცები, აბეზარი მწერები და სტალინზე შეყვარებული თამადა მეგულება.

June 8, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო | , , , , | 9 Comments

ქსენოფობი ვარ?

იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც გულწრფელად მწამდა, რომ მთელ სამყაროში, მხოლოდ ჩემი საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც არსებობას ნამდვილად იმსახურებდა. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ისეთი წარსული, რომელსაც სხვა ვერც ინატრებდა. მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა იყო რელიგია, რომელიც ფლობდა ჭეშმარიტების ექსკლუზივს და მხოლოდ ქართველი (არავინ ქართველის გარდა) იყო ნამდვილი ადამიანი. სხვა დანარჩენებს ვერ ვიტყვი რომ ზიზღით ან ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ქართული ისტორიისა და პროპაგანდის საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი ვიყავი. ახლაც არ ვარ მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ ასეთი აქოთებული აზრები აღარ მაწუხებს. პირიქით, ერთი პერიოდი იმასაც კი ვოცნებობდი, მთელ მსოფლიოს ერთად ეცხოვრა და ერთი ხელისუფალი ჰყოლოდა. ამაზე კი ერთმა ახლო ნაცნობმა უხეშად მომიჭრა, ეგეთი სამყარო მარტო ჯონ ლენონის სიმღერებში არისო. მართალი იყო ის ადამიანი, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დალახვროს ეშმაკმა :)

ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება აქვს მინიჭებული და ეს განუხრელად უნდა სრულდებოდეს, ამაზე არავინ დავობს. ამაზრზენია ადამიანთა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გამორჩევა და ამის გამკეთებელი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა…

ნამდვილად არ ვაპირებ კუდიანებზე გამოდევნებას და შეთქმულების თეორიის აპოლოგეტობას, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ ეთნიკური უმცირესობათა დაცვის მოტივით, ძალიან ხშირად მოქმედებენ ამ უკანასკნელთა სახელმწიფოების სპეცსამსახურები. ისინი ქმნიან სხვადასხვა ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლუბებს ერთი შეხედვით მეტად დადებითი ფუნქციით, მაგრამ სინამდვილეში მათ მთავარ ფუნქციას ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს და როდესაც ამას ვიაზრებ, ნამდვილად მაქვს ბრაზის საფუძველი.

ძალიან ხშირად მათი სამიზნე ხდებიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველები, რომელთაც ვერ მოუსწრიათ ლიბერალიზმის პრინციპების ჯეროვნად გადახარშვა თავში და ყველაფერს ურჩევნიათ თუ ქართველების უხეშობაზე, ნაციზმზე და არატოლერანტობაზე ალაპარაკებ. ეს მათ გმირული საქციელი ჰგონიათ და შეიძლება უკვირთ, რატომ არავინ უმშვენებს მკერდს მედლით “საბრძოლო მამაცობისათვის”

განა ქართველებს საკრიტიკო არა გვაქვს? არა ბატონო, ბევრი. ძალიან ბევრი. განა არ უნდა ვაკრიტიკოთ? ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ დაე ყველას ახსოვდეს რომ “სახელმწიფო ესე მაინც არის საქართველო” და ლიბერალიზმის პრინციპების დაცვისკენ მიმართული გულმხურვალე ზრუნვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისაკენ მოქნეულ მახვილად არ უნდა გვექცეს.

ნებისმიერი შეგნებული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს, სხვა მისგან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ ეს ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებით, მუდმივი ცდით, რომ ასეთ მოქალაქეებს კარგად ჰქონდეთ შეგნებულნი, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან გადმონერგილი სიმსივნე კი არა, მრავალფეროვანი, მულტიკულტურალური და მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს ბურჯები არიან და თავი შორს დაიჭირონ იმ აზრებისა და იდეებისაგან, (აქ პირველობას არავის უთმობენ სომხები) რასაც როგორც უკვე ვთქვი სხვადასხვა ენჯეოების სახელს ამოფარებული ჩვენი სამშობლოს მტრები ქადაგებენ (სამწუხაროდ უნდა დავძინო, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებია)

ვისთვის გამომდგარა კარგი და სასარგებლო პაპზე დიდი კათოლიკობა ჩვენ რომ გამოგვადგეს? მაგრამ, მოსწონთ ამ ახლადგამოჩეკილ ადამიანის უფლებათა დამცველებს სულიშემძვრელი იდეებისა და აზრების დეკლარირება “ჩაგრულ რუსზე, უსამართლოდ შეურაცხყოფილ სომეხზე, ცინიკურად მოხსენიებულ თათარზე, დაბომბილ ოსზე” და ა.შ. იმას კი არ უფიქრდებიან, რა მდგომარებაში არიან საქართველოს მოქალაქენი იმ ქვეყნებში… არ ვიძახი, რომ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ, ეს არც ხდება ასე და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით პროგრესი აშკარაა. რა თქმა უნდა სასურველისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ რეგიონის მასშტაბით უდავოდ ლიდერები ვართ და ეს ძალიან მახარებს. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და წინ ვიაროთ.

პ.ს.ამ პოსტის დაწერა, ერთ – ერთ ასეთ “ენჯეოში” მომუშავე ჩემ მეგობართან გამართულმა არაერთმა დისკუსიამ მომაფიქრებინა, რომლებიც როგორც წესი “ქსენოფობოს” ტიპის სიტყვის მოძახებით მთავრდებოდა მისი მხრიდან, ჩემი ცოდვით კი, უდაბნოში მღაღადებელიც დაიწვებოდა :) მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას: შენ შეიძლება, სისულელედ გეჩვენება რასაც გეუბნები, მაგრამ ისე არ გაგიხდეს საქმე, საფლავში ჩამომძახო, რა მართალი ყოფილხარო :)

პ.პ.ს ისე მე ხომ არ ვარ ქსენოფობი და ჩემ თავსაც კი ვერ ვუტყდები? :)

June 2, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო, ჩემები | , , , , , , , , , | 11 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.