ახალი თაობა
რას (გვ)ერჩიან ახალ თაობას? რა დაუშავეს ამ ხალხს ჩემი ასაკის გოგო – ბიჭებმა? რატომ ისმის მუდამ რომ ახალი თაობა არ ვარგა? რომ გამოთაყვანებული, უზრდელი, თავხედი ბავშვები ვართ? რა წაიღეს ტვინი ბლიააააად?
ყოველთვის ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, ძალიან კარგი ახალი თაობა გვყავს, ძალიან მაგარი მომავალი გვეზრდება და სულ არ მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, რომელიც ახალგაზრდობის ავკარგიანობას იმის მიხედვით ზომავენ, მათ დაკრულზე ცეკვავენ თუ არა.
როგორ მინდა ვკითხო ასეთებს: – კი მაგრამ ბავშვობა არ გქონიათ? ახალგაზრდობა არ გამოგივლიათ? თქვენი აზრი არასოდეს გქონიათ? თუ სათამაშოების ნაცვლად “პრავდა” და “იზვესტია” გეჭირათ ხელში და აღუს მაგივრად მენტორულ აზრებს აფრქვევდით გარშემო?
არააა, გრძელი თმები რატომ გაქვთო, როკს რატომ უსმენთო, ეკლესიაში რატომ არ დადიხართო, იმ ნეტარხსენებულ დროზე რატომ არ გაბოდებთ, ყველანი ძმურად რომ ვცხოვრობდითო და ა.შ.
ბოდიში და რა თქვენი საქმეა???
ტრანსპორტში ადგილის დათმობა უკვე კლასიკადაა ქცეული. მე, როდესაც ვიცი, რომ ფეხზე დგომა არ მინდა და მეზარება, კილომეტრზე მეტს გავდივარ იმისთვის, რომ წყნარად ვიჯდე, ნორმალურად ვისუნთქო, ვიღაცის ღრიალმა “გადავიწიოთ” ყურები არ გამიხეთქოს და ლექციაზე შესვლამდე რაიმეს გადაკითხვა მოვასწრო და მერე ვიღაცა ყეყეჩის გულისთვის, რომელსაც ორი ნაბიჯის გადადგმაც კი ეზარება ავდგე და ნახევარი საათი დე – ფაქტო ჯოჯოხეთში გავატარო? არა, მერეც მეყოფა “მაი ამბავი” მე.
ამასაც აიტანდა კაცი, რაიმე მადლიერების გრძნობას რომ იღებდეს საპასუხოდ, არა და პირიქით კი ხდება. ერთხელ ერთ ქალს, რომელიც რატომღაც მეტად დაღლილად მომეჩვენა ადგილი დავუთმე და იმის მაგივრად რომ მადლობა მაინც ეთქვა, ისეთი თვალებით შემომხედა და ისე მედიდურად დაეძნეყა სკამზე, რომ კინაღამ ბოდიში მოვუხადე იმისთვის, დროზე ადრე რომ არ ვიფრინე მისი უმაღლესობისთვის ადგილის დასათმობად.
თუ ზიხარ და ვინმე “ქალბატონი” ფეხზე დგას, აუცილებლად ატყდება ჩურჩული: “ხოოო, ესენი ეგრე ყავთ მომართული, რომ ადგილი არ დაუთმოო, მკვდარი რომ ნახო გადააბიჯე და გაიარეო, აი იმაში წერია ლომაიას გამოცდა რომ არის, უნარები. მანდ ასწავლიან ეგეთებს” ერთხელ ამაზე სერიოზულად გავჭედე. მითხარით ერთი სად წერია ასეთი რამ, უნარები ჩაბარებულები მაქვს და იქ ასეთი რამ არ შემხვედრია მეთქი, მიედ – მოედნენ და ბოლოს დარწმუნებული ვარ, მათ გულებში “სოროსის გოჭად” დავრჩი
როგორ მინდა ერთი დიდი ჩაქუჩი ვიშოვო რომ ყველა ეგეთ ადამიანს, ჩავურაკუნო კარგად, რომ შეიგნონ: ა) ახალგაზრდაც ადამიანია ბ) ახალგაზრდასაც აქვს უფლებები გ) და გრძნობები დ) და შეხედულებები ე) და თქვენი აზრები ახატიათ ვ) მაგრამ რა თაობა მიდისო არ ამბობენ ზ) და დაეტიეთ თქვენ ადგილზე რა
დიდად დაგვავალებთ….
მამებო მოვედიიიიიიიიით (გრეჩიხას ხმით)
რას ერჩიან ევროპელებს?
ქართველი კაცის ბუნება ყველამ ხუთი თითივით იცის… როგორ ურჩევნია საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება, ჭუჭყიანი ხელების სხვაზე შეწმენდა, საკუთარ წარუმატებლობაში ვინმე გადამთიელის დადანაშაულება…ხანდახან საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ პილატე, პონტოელი კი არა, სადღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მდებარე ტერიტორიიდან ჩამოთრეული პიროვნება იყო
თუ სწორად მახსოვს “თეთრ ბაირაღებში” მიდის საუბარი იმ საკითხზე, რომ სწორედ ქართველებს გვაქვს საკუთარ ფრიად მდიდარ ლექსიკურ მარაგში ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: “შემომეჭამა” შემომეფცქვნა” “შემომეხია” და ა.შ. სადაც ერთი შეხედვით გაუმართლებელ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვაში, გამართლების და “მამა აბრამის ბატკნობის” ქვეტექსტი დევს…
მხოლოდ ქართველს შეუძლია გამოცდაზე წარუმატებლობა მოშორებით მჯდომი ადამიანის მიერ ტესტის სწრაფად ფურცვლას და მისგან გამოწვეულ “ხმაურს” აჰკიდოს…
მხოლოდ ქართველს შეუძლია ქუჩაში ქვაზე ფეხის წამოკვრა სხვა გამვლელის “ავ თვალს” მიაწეროს…
და ასევე მხოლოდ ქართველს შეუძლია, საკუთარი უნიათობა და ჩამორჩენილობა იმ “ბოროტი, გაზულუქებულ, კარგი ცხოვრებით გამოლენჩებულ” ევროპელების დანაშაულად მონათლოსს, რომელთაც, ცოდვა გამხელილი ჯობს და ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით იმ ცოდვის კალოში, ჩვენ თავზე რომ ილეწება ამჟამად.
ჩემი უბნისგან ოდნავ მოშორებით, რამდენიმე “ევრომონიტორი” ცხოვრობს, ყოველ დილით დაბარებულივით ჩაივლიან ჩემი სახლის წინ, არც კეთილი სალამი ენანებათ და არც კითხვებზე პასუხის გაცემა, მათი საუბრიდან კი ჩვენი ქვეყნისადმი აშკარა სიმპატია სახეზეა… რა არის გაუგებარი იმაში, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც უხარიათ სიტყვაზე ის, რომ ვიღაც ხელს დაუქნევს ან ერთი ჭიქის დასალევად მიიპატიჟებს საქართველო – ევროკავშირის მეგობრობის დასალოცად…
მაგრამ ხალხის სამწუხაროდ დიდი ნაწილი, აშკარა აგრესიით ეკიდება მათ და უნდობლობითაა გამსჭვალული… არ იშურებენ არანაირს დამცინავ ეპითეტებს, რომელთა შორის “შეშფოთებული” “აღშფოთებული” “დამგმობი” და ამგვარი ზედსართავი სახელები ჭარბობს… არასოდეს დამავიწყდება, როგორ ჩამოართვა ხელი ერთმა შუახნის მამაკაცმა მონიტორს და ღიმილით უთხრა: “მოდი ერთი ჯიგრულად შევშფოთდეთო” ხოლო ჩემი ნათარგმნი შეკითხვა ასე ჟღერდა: “გეკითხებათ, როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა”
გუშინ ტოტალიზატორში სანამ ბილეთის შევსებაზე ვჯახირობდი, ტაიმებს შორის შესვენებაზე საინფორმაციო გადაცემაზე გადართეს, სადაც ხუთიოდე წამით ნიკოლა სარკოზიმ გაიელვა, თუმცა ეს ხუთი წამი საკმარისი აღმოჩნდა გინების იმ “საარტილერიო ცეცხლისათვის” რომელიც “ტოტალიზატორშიკებმა” გახსნეს, რასაც მოყვა მერკელის ხსენება ყველა ბრუნვაში და ობამა გემოვნებით… ამ ყველაფერს თან სდევდა “ჯანსაღი” პოლიტიკური დისკუსია… მთელი ამ ბზუილიდან კი ის დასკვნა გამოვიტანე, რომ აგვისტოში რუსულ ტანკებს სარკოზი მოუძღოდა, ხოლო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გერმანული საოკუპაციო ჯარები იდგნენ…
მართლა სასაცილოა რა…
ერთხელ მაინც თუ ჩაუხედავთ საკუთარ გულებში, როგორ ითხოვენ იგივე გერმანიისაგან საქართველოსადმი ისეთ ქცევას, როგორიც სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოს შეშვენის, როდესაც გერმანულ მაღაზიებში განცხადებები კიდია წარწერით: “ქართველებო არ მოიპაროთ”… ხოლო საფრანგეთში კი ქართველები მზად არიან “ოსების გენოციდის’ ამბავს ხელი მოაწერონ, ოღონდ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ… მერე გვიკვირს მეპს რატომ არ გვაძლევს გავასქელი მერკელი და ცოლის მონა სარკოზიო…
ქართველებში უკვე საფუძვლიანად დანერგეს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ევროპელები არაფრის მაქნისები არ არიან და იარაღის დანახვაზე ქალწულებივით თრთიან…ის კი ავიწყდებათ, რომ 1990 – იან წლებში, როდესაც ევროპის ზუსტად ყურისძირში, კარაჯიჩი, მლადიჩი და Co ბოსნიელ მუსულმანებს თავზე აფხრეწდა ყურანს (და მაგას ვინ ჩივის, ცოცხლად წვავდა) ევროპა მართლა გაყურსული იჯდა, სამაგიეროდ შენ, მართლაც გადამთიელს, უსწრაფესად გამოგიგზავნა დამკვირვებელთა მისია, რომლის დამსახურებითაც, დღეს ერგნეთში, ტყვიავში, კარალეთში, მეღვრეკისში და კიდევ სხვა სოფლებში ქართული ლაპარაკი კიდევ ისმის… გამოგიყო საკმაოდ დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება (კრიზისის პირობებში) და ა.შ. დანარჩენი წვრილამანებია უკვე….
არააა, ევროპელები რომ კარგები ყოფილიყვნენ ქუდზე კაცს დაუძახებდნენ და რუსებთან ომს დაიწყებდნენ (აი კარგი ევროპელი ქართველის გაგებით)
ამნაირ ევროპელებს უნდა აგინო, ლანძღო, გაქურდო ყველანაირად შეურაცხყო… ეგ ხომ “კაცი არ არის” (შენ ხარ სამაგიეროდ, სარკოზის ცოლზე რომ ხორხოცებ ხმამაღლა)
ყელში ამოვიდა უკვე ამდენი ცინიკური დამოკიდებულება, ბოლოს და ბოლოს საფრანგეთმა რომ ელზას – ლორენი დაკარგა ქართველებს სთხოვდა დაბრუნებაში დამეხმარეთო, თუ გერმანია იტყვის “ეკონომიკურ სასწაულში” ქართველებს გარეშე ჩვენ ფეხებს ვიზამდითო? რა ძნელია იმის გააზრება, რომ სახელმწიფოები “ლამაზი თვალების” გულისთვის არ იღწვიან არა?
ამ საუბარში ქართველი კაცის მეორე თვისებას მივადექი, წარმატებული ადამიანი რომ სძულს და შურით ივსება მისდამი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა ვგონებ…
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS