პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

სიზარმაცეს მოუკვდა მომგონი

რაც ბლოგერის წმიდათაწმიდა საქმიანობას შევუდექი, ასეთი ხანგრძლივი პაუზა არასოდეს გამიკეთებია, არა და რა ენთუზიაზმით ვიწყებდი, ყოველდღე ახალი პოსტის დადებასაც ხომ ვაპირებდი ჩემი ჭკუით :) თურმე ფირუზასთვის სახეში შემოლაწუნების თემა ისევ აქტუალურია.

მაგრამ როგორ გინდა ბლოგზე აფქვიო სიბრძნეები, როდესაც მთელი სემესტრის მანძილზე გასაკეთებელ დავალებებს მორცხვი ღიმილით ვტენიდი ჩემი საწერი მაგიდის ბოლო უჯრაში და ეტყობა იმის იმედი მქონდა, რომ რეფერატები თავისით დაიწერებოდა… მერე მეტყვიან ურჯულო ხარო და ვინ გაიგებს, რომ მე თავისით შესრულებული დავალებების მწამს ხოლმე (როგორც მინიმუმ აპრილის ბოლომდე)

ახლაც ამ პოსტს რომ ვწერ, კიდევ იმდენი მაქვს საწერი, რომ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, სულ მცირე მაუსზე მაინც განახორციელებდა ძალადობას, მე კი ვზივარ და ჩემ ბლოგს ვეწუწუნები: ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ბლოგი, მე და ბლოგი

და ეს ყველაფერი რატომ???? იმიტომ, რომ თავის დროზე არავინ დამარტყმევინა თავი მაგიდაზე და მითხრა, რომ გიგლა ტიტინა სწორედ ჩემნაირებისთვის დაწერა ვიღაც მადლიანმა და არა იმიტომ, რომ ახლა მისი სახელი ბლოგში მეხსენებინა… მაგრამ არა, არა და არა, მე ავადმყოფი ვარ, სიზარმაცის განუკურნებელი სენით შეპყრობილი, ამ ავადმყოფობისაგან გატეხილი ადამიანი…

გუშინ ზვიკიმ მითხრა, რაღაც სახალისო კვლევა ჩაუტარებიათ ამერიკელებს (მაგათ ვენაცვალე) და აღმოუჩენიათ პიროვნება, რომელმაც ასე ვთქვათ გამოიწვია ფინანსური კრიზისი, ანუ ის ადამიანი რომელმაც პირველმა არ გადაიხადა იპოთეკური ვალი (თუ რაც არის) რომელიღაც ბანკში, ჰოდა მეც ვფიქრობდი გუშინ (მართლა ვფიქრობდი) თუ ვინ იყო ის მიწაგასახეთქი, პირველად რომ დაეზარა რაღაცის გაკეთება, პირობითად მიიხედ – მოიხედა წაიბურდღუნა ამას ხომ მერეც გავაკეთებო და წამოკოტრიალდა….

ჰოდა ახლა მივმართავ მაგ უნამუსოს და სტანდარტული ქართველი ბებიის წყევლის ვერბალურ არსენალში არსებული მთელი მარაგის გამოყენებით “ყოველივე კარგს ვუსურვებ” სადაც არის…

საინტერესო იდეა იქნებოდა სიზარმაცის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება (ამაზე ალბათ ბევრს უფიქრია) ასცხებდი ერთ ტაბლეტს და მერე მთელი დღე, თუკი საქმისაგან მოწყვეტას დააპირებდი, ერთი კაი “ჯიგრული” კრუნჩხვა დაგივლიდა თხემით ტერფამდე … ცოტა დასახვეწია, მაგრამ დრაფტად გამოდგება :) აბა სად ველოდო მე ახლა იმის შეგნების განვითარებას, რომ სიზარმაცე დამღუპველია :)

წავედი ახლა განვაგრძო ტანჯვა, მარტო ის მიკლავს გულს, რომ “წმინდა ლევან წამებულის” ტიტულს არავინ მომანიჭებს ;(

April 26, 2009 Posted by | საზოგადოება | , , , | 5 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.