ომის ქრონიკები 8,9,10 აგვისტო
გავაგრძელო ამბავნარი…
8 აგვისტო
რადგან 7 – ში გვიან დავიძინე, 8 აგვისტოს დაახლოებით 11 – ის ნახევარზე გამეღვიძა დილით. ავდექი, ფანჯარასთან მივედი და უცებ ფანჯარა მთლიანად გაიღო და რაღაც ხმაურმაც მოაღწია. გუშინდელი ამბების გამო, გადავწყვიტე რომ ეს უბრალო რამ არ იქნებოდა და ტელევიზორი ჩავრთე, მართლაც აღმოჩნდა, რომ გორი პირველად დაიბომბა (ახალბაღის მიმდებარე ტერიტორია) გასაგები იყო, რომ კარგი რამ არ ხდებოდა.
უბანში, რომ გამოვედი ჩოჩქოლი შევნიშნე, მეზობლები შეშფოთებული აჰყურებდნენ ცას და ნერვიულად საუბრობდნენ, თუმცა ბიჭები მაინც მხნეობას ვინარჩუნებდით და უადგილოდ ვლაზღანდარობდით კოკოითსა და კულახმეტოვზე.
დედაჩემი წინა დღეს ბორჯომში იყო და მეტად შეშინებული ჩამოვიდა, ქარელთან მაშინ ჩამოუგდიათ ბომბი, სახლში რომ მოდიოდა უკვე და დაფეთებული შემოვარდა. შევეცადე მაქსიმალურად “გაქვავებული” სახე მიმეღო და დამემშვიდებინა.
ქალაქში განუწყვეტლივ ისმოდა სასწრაფოების სირენების ხმა და ელვისისწრაფით მიმქროლი მანქანების ხმაური, რეზერვისტების მწვანე კამუფლიაჟებს თვალს ვერ მოარიდებდი, ნათელი იყო რომ ქვეყანა კისრამდე გადაეშვა ომში, რომელიც, ვაგლახ რომ ასე ცუდად დამთავრდა ჩვენთვის.
ღამის 9 – ის ნახევარზე, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ რუსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, ქუჩის ბოლოში მეგობარმა ამოიარა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა კონტრდაზვერვის სამმართველოსთან და მითხრა: “თუ წასასვლელი გაქვს, წადი, ბიჭებმა დამირეკეს ძლივს გამოვასწარით რუსებს, უკან ვიხევთო” თვითონ წასვლას არ აპირებდა.
სახლში შევბრუნდი და ჰოი საოცრებავ, 9 საათიან კურიერში წამყვანებმა უდარდელი სახით გვამცნეს, რომ ქართული ჯარები ცხინვალს მთლიანად აკონტროლებდნენ და ჯავისკენ მიიწევდნენ. ერთი წყრომით გავიფიქრე იმ ჩემ მეგობარზე და დედაჩემს ვაიძულე უარით გაესტუმრებინა მეზობელი, რომელიც თბილისში წაყვანას გვთავაზობდა.
ამ პერიოდში ჩვენ სახლში უკვე მოგროვილი იყო სადღაც 10 – მდე ადამიანი, რომლებსაც ჩვენი სარდაფის კედლების სიმტკიცის იმედი ჰქონდათ, ხმები დაირხა ამ ღამით გორი დაიბომბებაო და ჩვენც ღამის გათევა სარდაფში მოგვიხდა. უგემური ღამე გავატარეთ, ღმერთმანი.
9 აგვისტო
ამ დღეს უკვე რეზერვისტების სრული მობილიზაცია გამოცხადდა, შადრევანპირველმაც ოფიციალურად გვამცნო, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების 58 – ე არმია გვიტევდა და გამძლეობისკენ და ერთობისკენ მოგვიწოდა. ქალაქში გაზი გამოირთო. ცოტა ხანში ჩემი მეგობარი ვანოც მოვიდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გაწვევა არ მოსვლია, რეზერვისტობის გამო კომისარიატში საკუთარი ინიციატივით მივიდა და რაკი იქ არავინ დახვდა ჩემთან შემოვლა გადაწყვიტა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და უკვე წასვლას რომ აპირებდა საშინელი გრუხუნის ხმა გავიგეთ, მომეჩვენა რომ სახლის კედლები შემოიწია და მერე გაიწია. როგორც გავარკვიეთ რუსებს დაუბომბავთ სატანკო ბაზის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. “ვერხვები”(დაახლოებით1200 მეტრი ჩემი სახლიდან) სადაც ვანოს სახლი იდგა. ვანო სწრაფად გაეშურა სახლისკენ და აღმოჩნდა ბომბი ზუსტად მის კორპუსს დაეცა, ბინა თითქმის განადგურდა. ეს კადრები კი ყველას აქვს ნანახი.
ამ პერიოდიდან მოყოლებული გორთან მიმოსვლა უაღრესად გართულდა და იმატა ჩვენ ტელეფონებზე შემოსული ზარების რაოდენობამ. ჩემი ძმა და მამაჩემი კიევიდან უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავშირებას. ქალაქიდან ვისაც შეეძლო ყველა გადიოდა, საინფორმაციო ცენტრიდანაც გვირჩიეს, დაგვეტოვებინა ქალაქი, ვინაიდან მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ. მოკლედ სიტუაცია ქაოსისკენ მიემართებოდა.
სწორედ ამ დროს გორის რაიონის სოფელი სკრიდან, მანქანით რაღაც სასწაულით შემოაღწია ჩვენმა ნათესავმა და იქ წასვლა შემოგვთავაზა, ჩვენც გადავწყვიტეთ რომ უკეთესი იქნებოდა თუ გორიდან დროებით მაინც გავიდოდით. დეიდაჩემმა კი სასტიკად იუარა წამოსვლა, მე მაინც აქ დავრჩებიო. სწრაფად გავიარეთ ქალაქის ცარიელი ქუჩები და ის ღამე სკრაში გავათიეთ. მთელი ღამე აღწევდა ყრუ გრუხუნის ხმა სახლში.
10 აგვისტო
სკრაში ჩასულები, ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ძველი ტელევიზორი თითქმის ვერ იჭერდა ვერცერთ არხს, ხოლო თუკი ვინმე მოახერხებდა ტელეფონებზე დაკავშირებას, მხოლოდ შეშინებული ხმით გვამცნობდნენ ხოლმე, თუ სად რამდენი ადამიანი დაიღუპა და რომელი დასახლებული პუნქტი დაიბომბა. ამ ზარებს თან ერთვოდა ბომბდამშენების ზუზუნი და აფეთქებების ხმა, რომელიც გორიდან მოდიოდა. ერთი ბომბი ჩამოვარდა სკრასთანაც, ტრასის ახლოს.
ეს კადრები ახლაც შენახული მაქვს.
მოკლედ 10 აგვისტო ჩვეულებრივი დღე გამოდგა, რომლის დროსაც კიდევ უფრო მატულობდა სასოწარკვეთილების და საკუთარი უძლურების შეგრძნებით გამოწვეული ზიზღის გრძნობა, როგორც გამოირკვა, ყველაზე საინტერესო და დრამატული სწორედ მომდევნო დღეები აღმოჩნდა.
ქსენოფობი ვარ?
იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც გულწრფელად მწამდა, რომ მთელ სამყაროში, მხოლოდ ჩემი საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც არსებობას ნამდვილად იმსახურებდა. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ისეთი წარსული, რომელსაც სხვა ვერც ინატრებდა. მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა იყო რელიგია, რომელიც ფლობდა ჭეშმარიტების ექსკლუზივს და მხოლოდ ქართველი (არავინ ქართველის გარდა) იყო ნამდვილი ადამიანი. სხვა დანარჩენებს ვერ ვიტყვი რომ ზიზღით ან ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ქართული ისტორიისა და პროპაგანდის საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი ვიყავი. ახლაც არ ვარ მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ ასეთი აქოთებული აზრები აღარ მაწუხებს. პირიქით, ერთი პერიოდი იმასაც კი ვოცნებობდი, მთელ მსოფლიოს ერთად ეცხოვრა და ერთი ხელისუფალი ჰყოლოდა. ამაზე კი ერთმა ახლო ნაცნობმა უხეშად მომიჭრა, ეგეთი სამყარო მარტო ჯონ ლენონის სიმღერებში არისო. მართალი იყო ის ადამიანი, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დალახვროს ეშმაკმა
ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება აქვს მინიჭებული და ეს განუხრელად უნდა სრულდებოდეს, ამაზე არავინ დავობს. ამაზრზენია ადამიანთა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გამორჩევა და ამის გამკეთებელი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა…
ნამდვილად არ ვაპირებ კუდიანებზე გამოდევნებას და შეთქმულების თეორიის აპოლოგეტობას, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ ეთნიკური უმცირესობათა დაცვის მოტივით, ძალიან ხშირად მოქმედებენ ამ უკანასკნელთა სახელმწიფოების სპეცსამსახურები. ისინი ქმნიან სხვადასხვა ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლუბებს ერთი შეხედვით მეტად დადებითი ფუნქციით, მაგრამ სინამდვილეში მათ მთავარ ფუნქციას ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს და როდესაც ამას ვიაზრებ, ნამდვილად მაქვს ბრაზის საფუძველი.
ძალიან ხშირად მათი სამიზნე ხდებიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველები, რომელთაც ვერ მოუსწრიათ ლიბერალიზმის პრინციპების ჯეროვნად გადახარშვა თავში და ყველაფერს ურჩევნიათ თუ ქართველების უხეშობაზე, ნაციზმზე და არატოლერანტობაზე ალაპარაკებ. ეს მათ გმირული საქციელი ჰგონიათ და შეიძლება უკვირთ, რატომ არავინ უმშვენებს მკერდს მედლით “საბრძოლო მამაცობისათვის”
განა ქართველებს საკრიტიკო არა გვაქვს? არა ბატონო, ბევრი. ძალიან ბევრი. განა არ უნდა ვაკრიტიკოთ? ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ დაე ყველას ახსოვდეს რომ “სახელმწიფო ესე მაინც არის საქართველო” და ლიბერალიზმის პრინციპების დაცვისკენ მიმართული გულმხურვალე ზრუნვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისაკენ მოქნეულ მახვილად არ უნდა გვექცეს.
ნებისმიერი შეგნებული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს, სხვა მისგან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ ეს ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებით, მუდმივი ცდით, რომ ასეთ მოქალაქეებს კარგად ჰქონდეთ შეგნებულნი, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან გადმონერგილი სიმსივნე კი არა, მრავალფეროვანი, მულტიკულტურალური და მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს ბურჯები არიან და თავი შორს დაიჭირონ იმ აზრებისა და იდეებისაგან, (აქ პირველობას არავის უთმობენ სომხები) რასაც როგორც უკვე ვთქვი სხვადასხვა ენჯეოების სახელს ამოფარებული ჩვენი სამშობლოს მტრები ქადაგებენ (სამწუხაროდ უნდა დავძინო, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებია)
ვისთვის გამომდგარა კარგი და სასარგებლო პაპზე დიდი კათოლიკობა ჩვენ რომ გამოგვადგეს? მაგრამ, მოსწონთ ამ ახლადგამოჩეკილ ადამიანის უფლებათა დამცველებს სულიშემძვრელი იდეებისა და აზრების დეკლარირება “ჩაგრულ რუსზე, უსამართლოდ შეურაცხყოფილ სომეხზე, ცინიკურად მოხსენიებულ თათარზე, დაბომბილ ოსზე” და ა.შ. იმას კი არ უფიქრდებიან, რა მდგომარებაში არიან საქართველოს მოქალაქენი იმ ქვეყნებში… არ ვიძახი, რომ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ, ეს არც ხდება ასე და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით პროგრესი აშკარაა. რა თქმა უნდა სასურველისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ რეგიონის მასშტაბით უდავოდ ლიდერები ვართ და ეს ძალიან მახარებს. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და წინ ვიაროთ.
პ.ს.ამ პოსტის დაწერა, ერთ – ერთ ასეთ “ენჯეოში” მომუშავე ჩემ მეგობართან გამართულმა არაერთმა დისკუსიამ მომაფიქრებინა, რომლებიც როგორც წესი “ქსენოფობოს” ტიპის სიტყვის მოძახებით მთავრდებოდა მისი მხრიდან, ჩემი ცოდვით კი, უდაბნოში მღაღადებელიც დაიწვებოდა
მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას: შენ შეიძლება, სისულელედ გეჩვენება რასაც გეუბნები, მაგრამ ისე არ გაგიხდეს საქმე, საფლავში ჩამომძახო, რა მართალი ყოფილხარო
პ.პ.ს ისე მე ხომ არ ვარ ქსენოფობი და ჩემ თავსაც კი ვერ ვუტყდები?
მოვალეობა, ღირსება, სამშობლო
სადღაც ერთი წლის თუ წელიწადნახევრის წინ, მახსოვს ინტერნეტში დავძვრებოდი, რაღაც მასალებს ვეძებდი ცნობილ ამერიკელ (ღმერთმა დალოცოს ამერიკა) გენერლებზე. რა თქმა უნდა ერთ – ერთი პირველი ძიებაში დუგლას მაკარტური ამომიგდო გუგლმა და რამდენიმე ლინკს თან მოჰყვა მისი ორი სიტყვით გამოსვლის ტრანსკრიპტი (ქართულად როგორ არის არ ვიცი) რომლებმაც უმალ მიიქციეს ჩემი ყურადღება. ერთს ერქვა Old soldiers never die,they just fade away ხოლო მეორეს “Duty, Honor, Country” – ამ უკანასკნელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ასე ლამაზად, ასე დახვეწილად, ხოტბის შესხმა ამერიკელი ჯარისკაცისადმი სადაც თითოეული სტრიქონი მისი სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთია გამსჭვალული, ნამდვილად იშვიათობაა.
დღესაც, როდესაც მომინდება, ხშირად ამოვქექავ ხოლმე უჯრიდან ამ სიტყვას (რომელიც იმდენად მომეწონა რომ გავკადნიერდი და გადავაქართულე) და კიდევ ერთხელ ვკითხულობ იმ უკვდავ სტრიქონებს, რომელიც ყველა ღირსეულ ჯარისკაცს და არა მარტო ჯარისკაცს, გულისფიცარზე უნდა ეწეროს. გენერალ მაკარტურის ეს სიტყვა, ნამდვილი კოდექსია, რამდენიმე გვერდზე შეჯამებული ცხოვრების ფილოსოფიაა, პირადად მე, მისი სიტყვიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, აქ მინდა დავწერო რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი ციტატა, თუმცა ერთი უკვე მიწერია ბლოგის სათაურში: “ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული” – ეს მოხუცი გენერლის სიტყვებია.
“ამერიკელი ჯარისკაცი ისტორიის საკუთრებაა, როგორც წარმატებული პატრიოტიზმის ერთ – ერთი უბრწყინვალესი მაგალითის შემოქმედი. იგი შთამომავლობის საკუთრებაა, როგორც საძირკველი მომავალი თაობებისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაფუძნებით. იგი ეკუთვნის აწმყოსაც, გვეკუთვნის ჩვენც, მთელი თავისი ღირსებებითა და მიღწევებით”
“მე არ ვიცი მათი დაბადების ღირსება, მაგრამ მე მესმის მათი დაღუპვის სიდიადე. ისინი დაიღუპნენ ისე, რომ არ დაუსვამთ კითხვები, არ უწუწუნიათ და არ უკვენესიათ, დაიღუპნენ რწმენით აღსავსე გულებით და ტუჩებზე აღბეჭდილი იმედით, რომელიც ჩვენ გამარჯვებისკენ მიგვიძღოდა. მუდამ მათთვის: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!“
“ჯარისკაცი, რომელიც მოწოდებულია, რომ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნას და შესწიროს სამშობლოს, ჭეშმარიტად კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილებაა”
“თქვენი პროფესია ჯარისკაცობაა, გამარჯვების ჟინია, უყოყმანო შეგნებაა იმისა, რომ ომში გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რომ თუ დამარცხდები სამშობლო დაინგრევა და შენი სამსახურის თანმდევი აზრი, შენი მრწამსი და შეგნება მუდამ უნდა იყოს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!“
“თქვენი უზენაესი კანონი, რომელიც თავისი ბრწყინვალე ნათელით შუქს ფენს სიბნელეს, უდრეკად ჟღერს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!“
და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი ციტატა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც სამშობლოსთვის, წრფელი გულით და იმედით იღუპება, მუდამ ცოცხლობს თავისი ქვეყნისთვის.
“ჩვენ არასოდეს შევუშინებივართ გრძელ ნაცრისფერ მწკრივებს. თუკი იქნებოდა ბრძანება, ყავისფერსა და ხაკისფერ, ლურჯსა და ნაცრისფერ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მილიონობით აჩრდილი, ამაყად წამოდგებოდა მათ გულებზე დადგმული თეთრი ჯვრებიდან და დედამიწას შეარყევდა მათი გულებიდან ამოხეთქილი გუგუნი: “მოვალეობა, ღირსება, სამშობლო”“
რამდენჯერაც შევათვალიერებ ამ სიტყვებს, იმდენჯერ მეამაყება, რომ დედამიწაზე არსებობს და მოღვაწეობს ასეთი ხალხი. სამხედრო საქმე წმინდა საქმეა და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩემს გულთბილ დამოკიდებულებას იმსახურებს.
და რა თქმა უნდა, როდესაც ვკითხულობ ამ ყველაფერს, ერთი სურვილი მკლავს – მინდა საქართველოშიც იყვნენ ასეთი გენერლები, ასეთი დიადი ოფიცრები, რომელთათვისაც სამშობლო და მუნდირის ღირსება უპირველესია, რომელიც კი არ უყვირის, თავსლაფს ასხამს და ამცირებს ჯარისკაცს, არამედ საკუთარ სისხლად და ხორცად მიიჩნევს მას, საკუთარი ხალხის საუკეთესო ნაწილად თვლის, ეფერება, უყვავებს, გულში იკრავს და სამშობლოს შეგნებულ დამცველად ამზადებს.
რა სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი გენერლის რიგითი ჯარისკაცი…
სტალინი
დღეს არაფრის დაწერას აღარ ვაპირებდი, იმიტომ, რომ გამოუძინებელი როცა ვარ, ჭამაც კი მეზარება, არამც თუ ბლოგზე აზრების ფრქვევა, მაგრამ ერთმა ფაქტმა მოსვენება არ მომცა და ისე შემიკიკინა, გადავწყვიტე აქ გამერჩია ეგ საკითხი.
საოცრად ბანალური თემა, საოცრადვე ბანალურ კონტექსტში – სტალინი და მისი “დამსახურება ქართველების მიმართ”… (ვერაფერს იტყვი, ქვას ხეთქავს უკვე დასაწყისი)
საღამოს, როდესაც ბიძაჩემი სახლში დაბრუნდა, ჰაერში გამიშეშდა მისასალმებლად გაწვდილი ხელი და ხველა ამიტყდა მას შემდეგ, რაც მან გაღიმებული სახით მომაწოდა ქაღალდის ფურცელი, რომელსაც თავიდან “with simple curiosity” დავხედე, შემდეგ კი სასოწარკვეთილი მზერა ავაპარე ბიძაჩემისაკენ და დიდი გულთმისნობა არ უნდოდა იმას, რომ თვალებში დიდი ასოებით “შეეენც ბრუტუს (ახლა ვიტირებ)” მეწერა. ეს კი იმიტომ, რომ ქაღალდის ფურცელი წარმოადგენდა ქსეროასლს ქართული პრესის ფლაგმანის (ენა მომტყდეს ამ სიტყვებს რომ ვწერ, ან ენა რა შუაშია და კლავიატურა ადუღდეს) “ასავალ – დასავალის” მორიგი სტატია – პანეგრიკისა სტალინის შესახებ, სადაც დატანილი იყო 1950 – იანი წლების დასაწყისის საქართველოს რუკა (როდესაც 6 თუ 7 წლით ქლუხორი და ახალხევი მოგვიერთა სტალინმა) და “ასავალ – დასავალისთვის” დამახასიათებელი მონუმენტური, გამყინავი ტონით ედო სათაური – “ეს ტერიტორიები სტალინის დამსახურებით საქართველოს ეკუთვნოდა”
ვაიმე ბეჩააა…
“ასავალ – დასავალთან” პრობლემა არა მაქვს, თავისი გაჭირვებაც ეყოფა და ისიც ყველამ იცის რომ “ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა”, სტალინისტებზეც არ ვჯავრობ, იმიტომ, რომ “ნეტარ არიან მორწმუნენი” (მამენტ გლახაკნიც ნეტარ არიან) მაგრამ იმაზე ვდარდობ და ვწუხვარ, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ახალგაზრდა, ან ძველგაზრდა, რომელიც უკრიტიკოდ მიიღებს “ასავალ – დასავალის” მაღალპოლიგრაფიულ ფურცლებზე (რაღაც კლავიატურას ორთქლი ასდის) დაბეჭდილ ამ მართლაც პრიმიტიული, უტიფარი და მე ვიტყოდი თაღლითური პუბლიცისტიკის “მარგალიტს”… ხოლო შემდეგ, ქუჩებში კვლავ ივლიან ისეთები, რომლებიც მენტორული ტონით მოგვახსენებენ, რომ თურმე სტალინი “დიდი ადამიანი” იყო, “ქართველები უყვარდა”,”მსოფლიო დააჩოქა”, “ფაშისტები გატენა”, “რელიგიურობა დააბრუნა” (ვფიცავ, გამიგია ესეც) და ამასთან გათანაბრებულ სისულელეებს… ამნაირი ქართველების შემყურეს იმედი გიჩნდება, რომ იქნებ ინგლისელებმა ჩერჩილი უკუღმა დამარხეს (კი, მაგ საქმისთვის) რომელმაც მიმიქარავს ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, ისეთი ჭეშმარიტება თქვა, როდესაც “სტალინს და ჰიტლერს რა განასხვავებთ” – ო ჰკითხეს და პირში სიგარაგაჩრილმა (ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია) უპასუხა – “ულვაშები” – ო
ჩემი საყვარელი გორელების დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ სხვა საკითხია…სიმართლე რომ ვთქვა, რაკი ჩემ სამეგობროში სტალინი სირცხვილის სინონიმია, კარგა ხანი მეგონა, რომ გორელებიც არ იკლავდნენ თავს მისი სიყვარულით…ეეე, ფირუზჯაან, შამაგილაწუნო?… ახალი თაობისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ცივმა ოფლმა დამასხა მაშინ, სტალინის სახლმუზეუმის წინ მშვიდად მოსიარულე ბიჭუნას (იქნებოდა მეხუთე – მეექვსე კლასელი) რომ ჩავეკითხე, სტალინი როგორი პიროვნება იყო მეთქი და პანტელეიმონ გიორგაძე რომ მოჯვა პასუხში… აღარ მინდა გახსენება, გაიზრდება და მიხვდება, ან ვერ მიხვდება და იყოს სტალინის “სიდიადეში” დარწმუნებული…
აღარაფერს ვამბობ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სტალინის ძეგლის ქვეშ შეკრებილ დიდი ფეხბურთის მომზირალთა (დიდი ეკრანიდან სხვათაშორის) მიერ ლუდით შესმულ სადღეგრძელოზე: “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სტალინის ძეგლის ქვეშ რომ დგას და გერმანიას ბალელშჩიკობს” – ო
რა თქმა უნდა ბიძაჩემმა ეგ რუკა ჩემ გასახალისებლად მოიტანა (რა ეგონა, თუ პირიქით მოხდებოდა) მაგრამ არის ხალხი, რომელიც მაგ რუკას საწოლის თავზე გაიკრავს (სავარაუდოდ სტალინისა და ილია მეორის ხატების გვერდით) და დილა – საღამოს ლოცვას აღუვლენს მოწყალე ბელადს….
სანთელი მაინც აანთეთ… ჭრაქი მაინც გვიბოძოს ვინმე მადლიანმა…
ყველა გორელის ნაცვლად, მე მრცხვენია ქალაქის ცენტრში წამოჭიმულ იმ სიმახინჯეზე, სტალინის ძეგლი რომ ჰქვია და რომელიც ვითომ ტურისტული მიზნებისთვისაა ზედგამოჭრილი… მე კი არ მსურს, ჩემი ქალაქს, კაციჭამიების დაბადების ადგილად სცნობდნენ და სტუმრობდნენ…არ მსურს, იმ ადამიანის ძეგლი იყოს ჩემი ქალაქის სიმბოლო, რომელმაც ჩემს სამშობლოს უღელი დაადგა და მაგრად გაუყარა აპეურები… არ მსურს “ბოროტი გენიის” ქვაში განსხეულებული სული ზემოდან მიცქერდეს, ხოლო მისი ძეგლის წინ, მისივე ბოროტების მარცვლებით ნაზარდი ხალხის მიერ ნასროლი კასეტური ბომბისგან დატოვებულ ორმოში ფეხი მივარდებოდეს და ყოველ დანახვაზე მოსიარულე ზიზღად მაქცევდეს…
ვოცნებობ იმ დღეს მოვესწრო, როცა მაგ არამზადის ძეგლს ნაწილ – ნაწილ დაამტვრევენ, ხოლო მაგ ადგილას, აგვისტოს ომში ჩვენი, მართლაც რომ გმირულად დაღუპული ბიჭების მემორიალს აღმართავენ…
მეღირსება ვითომ ლაშარის გორზე შადგომა?
60 წელიწადი
დღეს 4 აპრილია…დიახ 4 აპრილი, რა მერე? 19 ჯერ ვნახე უკვე 4 აპრილი და ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი დღეა რა.
მაგრამ დღეს…
დღეს მსოფლიო ისტორიაში უძლიერესსა და ყველაზე ეფექტურ სამხედრო – პოლიტიკურ გაერთიანებას – ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, მოკლედ კი ნატოს დაარსებიდან 60 წლისთავი შეუსრულდა.
დიახ, დიახ – ექვსმა ათწლეულმა განვლო… ექვსმა მჩქეფარე ათწლეულმა…
მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის დიდი ადამიანები, რომლებმაც ითავეს შეექმნათ მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მოქნილი და საიმედო სისტემა, სისტემა, რომელმაც დროის ქარტეხილებს გაუძლო და მჯერა დღეს არსებულ პრობლემებსაც წარმატებით გაართმევს თავს.
მაშ ასე, ეს ადამიანები არიან:
1 ) ბელგია – პოლ ანრი ჩარლზ სპააკი
2 ) კანადა – ლესტერ ბოულზ “მაიკ” პარსონი
3 ) დანია – გუსტავ რასმუსენი
4 ) საფრანგეთი – რობერტ შუმანი
5 ) ისლანდია – ბიარნი ბენედიქტსონი
6 ) იტალია – კარლო სფორცა
7 ) ლუქსემბურგი – იოზეფ ბეკი
8 ) ნიდერლანდები – დირკ უიპკო სტიკერი
9 ) ნორვეგია – ჰალვარდ მანთჰეი ლანგე
10 ) პორტუგალია – ხოსე კაერიო და მატა
11 ) გაერთიანებული სამეფო – ერნესტ ბევინი
12 ) ამერიკის შეერთებული შტატები – დინ აჩესონი
ამ ადამიანების ძალისხმევით, სახელმწიფოებმა შეკრეს ისეთი კავშირი, რომელმაც ბევრს გაუჩინა რწმენა ადამიანური იდეალებისადმი და გადაჰყარა ის პესიმიზმი, შავი ღრუბელივით რომ ჩამოსწოლდა სამყაროს 2 მსოფლიო “ცხელი” და ერთი “ცივი” ომის გამო…
ნატოს სახელმწიფოებმა დაამტკიცეს, რომ დიუმასეული პრინციპები, მარტო მამაცი ფრანგი მუშკეტერების ექსკლუზივი არ არის და სახელმწიფოებმაც შეიძლება გამოიყენონ…გამოიყენონ და თანაც როგორ გარემოში…
‘ნატოელებმა” აჩვენეს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ მშვიდობიანად მოაგვარონ სახელმწიფოებრივი დავები, აჩვენეს რომ ადამიანი, გონიერი, ცივილიზებული არსებაა, მაგრამ აჩვენეს ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში საფრთხეები ისევ არსებობს და ამ საფრთხეებს მტკიცედ და ერთად უნდა ებრძოლონ…
პირადად ჩემთვის ნატო იმედის სიმბოლოა…
დღეს, როდესაც მსოფლიოს 60 წლოვანმა Wind of Changes – მა გადაუარა, და ჩვენი პლანეტა აღარ არის ისეთი, როგორიც 60, 50, 25 ან თუნდაც 10 წლის წინ იყო, ნატო კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემებითა და სირთულეებით, შეიმჩნევა უთანხმოება ბლოკის შიგნით და საზღვარგარეთული მემარცხენე – ლიბერალური პრესა, სულ უფრო ხშირად აკერებს მას “უხერხემლოსა” და ”არაეფექტურის” იარლიყს…
მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს, როდესაც ნატოს რიგები კიდევ ორმა ახალმა სახელმწიფომ შეავსო, საფრანგეთმა უარი თქვა ტრადიციულ გოლიზმზე და დაბრუნდა სამხედრო სტრუქტურებში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც აცნობიერებს ევრო ატლანტიკური პარტნიორობის მონოლითურობის აუცილებლობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ღირსეულად ატარებს ნატოს წევრის სტატუსს, ნატოს უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება…და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც აფრიალდება…
კიდევ ერთხელ გილოცავთ ნატოელებო, მესამოცე იუბილეს!!!!!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS