ომის ქრონიკები 8,9,10 აგვისტო
გავაგრძელო ამბავნარი…
8 აგვისტო
რადგან 7 – ში გვიან დავიძინე, 8 აგვისტოს დაახლოებით 11 – ის ნახევარზე გამეღვიძა დილით. ავდექი, ფანჯარასთან მივედი და უცებ ფანჯარა მთლიანად გაიღო და რაღაც ხმაურმაც მოაღწია. გუშინდელი ამბების გამო, გადავწყვიტე რომ ეს უბრალო რამ არ იქნებოდა და ტელევიზორი ჩავრთე, მართლაც აღმოჩნდა, რომ გორი პირველად დაიბომბა (ახალბაღის მიმდებარე ტერიტორია) გასაგები იყო, რომ კარგი რამ არ ხდებოდა.
უბანში, რომ გამოვედი ჩოჩქოლი შევნიშნე, მეზობლები შეშფოთებული აჰყურებდნენ ცას და ნერვიულად საუბრობდნენ, თუმცა ბიჭები მაინც მხნეობას ვინარჩუნებდით და უადგილოდ ვლაზღანდარობდით კოკოითსა და კულახმეტოვზე.
დედაჩემი წინა დღეს ბორჯომში იყო და მეტად შეშინებული ჩამოვიდა, ქარელთან მაშინ ჩამოუგდიათ ბომბი, სახლში რომ მოდიოდა უკვე და დაფეთებული შემოვარდა. შევეცადე მაქსიმალურად “გაქვავებული” სახე მიმეღო და დამემშვიდებინა.
ქალაქში განუწყვეტლივ ისმოდა სასწრაფოების სირენების ხმა და ელვისისწრაფით მიმქროლი მანქანების ხმაური, რეზერვისტების მწვანე კამუფლიაჟებს თვალს ვერ მოარიდებდი, ნათელი იყო რომ ქვეყანა კისრამდე გადაეშვა ომში, რომელიც, ვაგლახ რომ ასე ცუდად დამთავრდა ჩვენთვის.
ღამის 9 – ის ნახევარზე, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ რუსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, ქუჩის ბოლოში მეგობარმა ამოიარა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა კონტრდაზვერვის სამმართველოსთან და მითხრა: “თუ წასასვლელი გაქვს, წადი, ბიჭებმა დამირეკეს ძლივს გამოვასწარით რუსებს, უკან ვიხევთო” თვითონ წასვლას არ აპირებდა.
სახლში შევბრუნდი და ჰოი საოცრებავ, 9 საათიან კურიერში წამყვანებმა უდარდელი სახით გვამცნეს, რომ ქართული ჯარები ცხინვალს მთლიანად აკონტროლებდნენ და ჯავისკენ მიიწევდნენ. ერთი წყრომით გავიფიქრე იმ ჩემ მეგობარზე და დედაჩემს ვაიძულე უარით გაესტუმრებინა მეზობელი, რომელიც თბილისში წაყვანას გვთავაზობდა.
ამ პერიოდში ჩვენ სახლში უკვე მოგროვილი იყო სადღაც 10 – მდე ადამიანი, რომლებსაც ჩვენი სარდაფის კედლების სიმტკიცის იმედი ჰქონდათ, ხმები დაირხა ამ ღამით გორი დაიბომბებაო და ჩვენც ღამის გათევა სარდაფში მოგვიხდა. უგემური ღამე გავატარეთ, ღმერთმანი.
9 აგვისტო
ამ დღეს უკვე რეზერვისტების სრული მობილიზაცია გამოცხადდა, შადრევანპირველმაც ოფიციალურად გვამცნო, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების 58 – ე არმია გვიტევდა და გამძლეობისკენ და ერთობისკენ მოგვიწოდა. ქალაქში გაზი გამოირთო. ცოტა ხანში ჩემი მეგობარი ვანოც მოვიდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გაწვევა არ მოსვლია, რეზერვისტობის გამო კომისარიატში საკუთარი ინიციატივით მივიდა და რაკი იქ არავინ დახვდა ჩემთან შემოვლა გადაწყვიტა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და უკვე წასვლას რომ აპირებდა საშინელი გრუხუნის ხმა გავიგეთ, მომეჩვენა რომ სახლის კედლები შემოიწია და მერე გაიწია. როგორც გავარკვიეთ რუსებს დაუბომბავთ სატანკო ბაზის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. “ვერხვები”(დაახლოებით1200 მეტრი ჩემი სახლიდან) სადაც ვანოს სახლი იდგა. ვანო სწრაფად გაეშურა სახლისკენ და აღმოჩნდა ბომბი ზუსტად მის კორპუსს დაეცა, ბინა თითქმის განადგურდა. ეს კადრები კი ყველას აქვს ნანახი.
ამ პერიოდიდან მოყოლებული გორთან მიმოსვლა უაღრესად გართულდა და იმატა ჩვენ ტელეფონებზე შემოსული ზარების რაოდენობამ. ჩემი ძმა და მამაჩემი კიევიდან უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავშირებას. ქალაქიდან ვისაც შეეძლო ყველა გადიოდა, საინფორმაციო ცენტრიდანაც გვირჩიეს, დაგვეტოვებინა ქალაქი, ვინაიდან მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ. მოკლედ სიტუაცია ქაოსისკენ მიემართებოდა.
სწორედ ამ დროს გორის რაიონის სოფელი სკრიდან, მანქანით რაღაც სასწაულით შემოაღწია ჩვენმა ნათესავმა და იქ წასვლა შემოგვთავაზა, ჩვენც გადავწყვიტეთ რომ უკეთესი იქნებოდა თუ გორიდან დროებით მაინც გავიდოდით. დეიდაჩემმა კი სასტიკად იუარა წამოსვლა, მე მაინც აქ დავრჩებიო. სწრაფად გავიარეთ ქალაქის ცარიელი ქუჩები და ის ღამე სკრაში გავათიეთ. მთელი ღამე აღწევდა ყრუ გრუხუნის ხმა სახლში.
10 აგვისტო
სკრაში ჩასულები, ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ძველი ტელევიზორი თითქმის ვერ იჭერდა ვერცერთ არხს, ხოლო თუკი ვინმე მოახერხებდა ტელეფონებზე დაკავშირებას, მხოლოდ შეშინებული ხმით გვამცნობდნენ ხოლმე, თუ სად რამდენი ადამიანი დაიღუპა და რომელი დასახლებული პუნქტი დაიბომბა. ამ ზარებს თან ერთვოდა ბომბდამშენების ზუზუნი და აფეთქებების ხმა, რომელიც გორიდან მოდიოდა. ერთი ბომბი ჩამოვარდა სკრასთანაც, ტრასის ახლოს.
ეს კადრები ახლაც შენახული მაქვს.
მოკლედ 10 აგვისტო ჩვეულებრივი დღე გამოდგა, რომლის დროსაც კიდევ უფრო მატულობდა სასოწარკვეთილების და საკუთარი უძლურების შეგრძნებით გამოწვეული ზიზღის გრძნობა, როგორც გამოირკვა, ყველაზე საინტერესო და დრამატული სწორედ მომდევნო დღეები აღმოჩნდა.
სააკაძის უბანი
ახლა 5 აპრილის 23 საათი და 50 წუთია (პოსტის წერის დასაწყისი) 10 წუთში, 6 აპრილი, ანუ ორშაბათი დღე დადგება, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ დილით ადრე უნდა ავეთრე და საქართველოს თვალწარმტაც (!!!) დედაქალაქში გავემგზავრო, რაც ასევე ლოგიკის კანონზომიერების სრული დაცვით ნიშნავს იმასაც, რომ ჩემ უსაყვარლეს სააკაძის უბანს, მინიმუმ ერთი სამუშაო კვირა ვეღარ ვნახავ (სურათები არ ითვლება)
ამ არც თუ ისე მთვარიან ღამეს, არც თუ ისე რომანტიკული განწყობით, ჩემი არც თუ ისე თბილი ოთახიდან მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემ სააკაძის ქუჩას.
ნაციზმის იმდენივე სახეობის შესახებ მსმენია, რამდენი ჯიშის სოსისსაც გერმანიაში ამზადებენ და რამდენი სახეობის მწერიც ამაზონის ჯუნგლებში ბზუის, მაგრამ ახალი ტერმინის შემოტანა მინდა – უბნის ნაცისტი ვარ… კი, კი, ვიფიქრე ამაზე და მართლა ეგრეა…
15 წელზე ოდნავ მეტია, რაც პირველად ჩავისუნთქე ამ უბნის ჰაერი და იმის შემდეგ, დედამიწის ზურგზე უკეთესი ადგილი (ჩემთვის რა თქმა უნდა) აღარ მეგულება…აქ ყველაფერი ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლობელი, თითოეული სახლი, თითოეული გახუნებული ჭიშკარი, ქუჩაზე თბილად დაცემული მზის სხივები, გაზაფხულის მიწურულს ატეხილი ფოთლების შრიალი, მეზობლების ხმაური, უბნის თავსა და ბოლოში მოწყობილი პატარა ბირჟები, საღამოს გამოშლილი ბავშვების წკრიალა ხმა, ქუჩაზე დარბაისლურად მოსეირნე მოხუცთა ალერსიანი სალამი, ზუსტად ჩვენ უბანს გადმომზირალი პატარა ეკლესია და საოცარი, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება, როდესაც ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პატარა, მდუმარე კუნძულზე გამოიღვიძე, სადაც ტრასაზე მიმქროლი მანქანების ხმაური, ნაპირს მოხეთქებული ტალღების მსგავსად ჩაგესმის…
ასეთია ჩემი პატარა სააკაძე, თავისი ტკივილითა და სიხარულით, სიცილითა და ცრემლით…
ხანდახან მგონია რომ ქუჩა ცოცხლობს და ერთხელაც იქნება გამომელაპარაკება კიდეც, როდესაც ერთი ან მეორე ბოლოდან ღიმილით გავყურებ ხოლმე და ვცდილობ სულ უფრო და უფრო უკეთ აღვიბეჭდო გონებაში… აქ ყველა კედელი ნაცნობია, ყველა “იამა” გათელილია, ყველა სახლის კარებთან გვითამაშია ბურთი ბავშვობაში და ჩვენი ანცობისაგან დაუზიანებელი ფანჯრების მქონე სახლის მოძებნა ჩინურ გრამატიკასავით ძნელია…
შეავლებ მზერას სახლის კედლებზე მიწერილ სახელებს და უცებ წარმოიდგენ უბნის ისტორიას, გაცოცხლდება იმ ბიჭების თუ გოგონების პატარაობა, ჩვენზე უწინ რომ ავსებდნენ სიცოცხლით ამ უბანს, დღეს უკვე ყველა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა და დარწმუნებული ვარ ამ კედელზე შეხედვისას, საკუთარი არც თუ ისე ლამაზი კალიგრაფიის დანახვისას, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ეძალებათ…
ალბათ გავა დრო და ჩვენც ანალოგიური ფიქრებით მიველაციცებით სააკაძის უბნის ბებერ კედლებს…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებლებსაც ასე უყვართ იგი…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის ყველა მაცხოვრებელსაც აქ უნდა ცხოვრება…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებელიც მას საკუთარ ბლოგზე ერთ (ჯერჯერობით) პოსტს უძღვნის…
გაგვიმარჯოს სააკაძელებს!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS