პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

პოსტგიორგობისეული ფიქრები

კი ჩავიფიქრე პოლიტიკურ პოსტებს აღარ დავწერ, ან მარტო მაშინ დავწერ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდება მეთქი, მაგრამ გუშინ ამტყდარმა აურზაურმა, კვლავ პოლიტიკურ რელსებზე მომართა ჩემი ბედკრული გონება.

ღმერთია მოწამე, არასოდეს ვყოფილვარ ძმები გაჩეჩილაძეების ფანი და 7 ნოემბრის მერე ჩემი სიმპატიები თუ კიდევ “ყურცქვიტასკენ” გადაიხრებოდა აღარ მეგონა, მაგრამ ზუსტად ეგრე მოხდა, გაჩეჩილაძეზე (ლევანზე) კი მაშინ დამეკარგა საბოლოოდ წარმოდგენა, ჟურნალისტს რომ უთხრა პარლამენტში რომ შევალ რა კოდექსებს ხომ არ წავიკითხავო, გეგონება პარლამენტარის მოვალეობა მარტო თვის ბოლოს ხელფასის აღება იყოს…

მაგრამ 2008 წელს საქართველოში დატრიალებულმა უბედურებამ, ფრთხილი სკეპტიკოსიდან მგზნებარე ოპოზიციონერად მაქცია და ნამდვილად გამიხარდა ალასანიას “გაოპოზიციონერება” იმიტომ, რომ სააკაშვილს რეალური ალტერნატივა გამოუჩნდა. მის მიერ შემოთავაზებული რეფერენდუმი ნამდვილად ოპტიმალური გამოსავალი იყო და არც ამ ბაკხანალიას მივიღებდით, ხელისუფლებას რომ მისი იდეა გაეზიარებინა. ბოლოს და ბოლოს წაგებული ომის შემდეგ, მთავარსარდლის თუნდაც სულ მცირე მორალური ლეგიტიმაციის საკითხი მაინც არ დგება?????????????

მაგრამ, რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ესენი ძალაუფლების ნებით, პატიოსანი არჩევნების გზით დამთმობნი არ არიან და სწორად უწოდებენ “ნეობოლშევიკებს”. უბრალოდ ზიზღით მავსებს მათი ჯიბის ტელევიზიებით მოწოდებული სიუჟეტები, სადაც მე და ჩემნაირების საპროტესტო მუხტს, ცინიკურად ოპოზიციის ლიდერების და რუსეთის აგენტურის სამსახურად მოიხსენიებენ.

ვისაც სანოძის კადრების ნახვის მერე კიდევ სწამს ჩვენი “ნაცმოს” წევრების ცივილიზებულობის და “დიალოგისკენ მზადყოფნის” მისი ნებაა, კიდევ ერთხელ ვიტყვი “ნეტარ არიან მორწმუნენი”, მე კი არ მინდა “მასტერას” და “მაიმუნას”, ახალაიების, გოგორიშვილის, ბექაურის, კირკიტ – კეზერას, ზაზა ბეგაშვილ – ტალეირანისას სახელმწიფოში ცხოვრება და ვინაიდან არჩევნების გზით ეს არ გამოვა ამ ბილწების ხელში, ამიტომაც იწერება ისევ სტატიები “რუსთაველის გეოპოლიტიკაზე”

კი, ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მომეწონა უცნობის საქციელი, ძალადობას ძალადობით ვერ შეებრძოლები, მაგრამ როგორ უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას, რომელმაც პროვოკატორი ჟურნალისტის გალახვაში ეჭვმიტანილნი სასწრაფოდ დააკავა და “ტელეიმედის” დარბევასა (რასაც რამდენიმე მილიონი დოლარის აპარატურა ემსხვერპლა) და გათახსირებაში მონაწილეთ პრემიები არგუნა… არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტები? ის ბოლშევიკური ფარისევლობა, რითაც უკვე ვეღარავის ატყუებენ რუსთავი 2 – ის ერთგული მაყურებლების გარდა?

მუხროვანის “ვითომ ამბოხს” არც შევეხები, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია და კადნიერება მარტო “რუსთავების” მოწოდებული მასალების საფუძველზე ვაკეთო დასკვნები, უბრალოდ ერთი რამე მომხვდა გულზე – გაქცეული მთავარსარდალი რიხით ესაუბრებოდა იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველაზე მამაცურად იომეს აგვისტოში და დარწმუნებული ვარ, ბევრს ასხამდა სისხლი თავში იმ მენტორულ შეგონებებზე, დიდი ბელადის ბაგეთაგან რომ მოსჩქეფდა.

ავბედითი ფიქრები მაწუხებდა გუშინდელი კადრების ცქერისას, ხანდახან მგონია რომ ჩვენთან დემოკრატია მართლა არასოდეს იქნება და ოპოზიციაც სულ ტყუილად ირჯება, მაგრამ მერე ვესაუბრები ჩემ მეგობრებს, ვათვალიერებ სხვადასხვა ბლოგებს (სადაც როგორც წესი ოპოზიციის განქიქება მიდის) ვეცნობი ფორუმელთა მოსაზრებებს და მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა!

მაისი 7, 2009 Posted by polkovniki | პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო | , , , , , , , , , | 6 კომენტარი

9 აპრილი

გუშინ მინდოდა 9 აპრილის შესახებ დამეწერა ჩემი მოსაზრება, მაგრამ ინტერნეტი გაითიშა და ვერ მოვახერხე. არა უშავს, აქცია ჯერ არ დაწყებულა, ასე რომ შემიძლია მაინც გავაკეთო გარკვეული პასაჟები პროგნოზის სტილში (ლელა კონკურენტი გამოგიჩნდა, იგლოვე)

ინტერნეტ სივრცის გადათვალიერებისას, ნამდვილად არაერთგვაროვანი განწყობა გხვდება თვალში, მომხმარებელთა ნაწილი უჭერს ამ აქციას მხარს, ნაწილი კი (უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი) მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფს და გმობს ამ აქციის მიზეზსა და მის ორგანიზატორთა როგორც პიროვნებებს, ასევე განზრახვებს. მიზეზები მრავალფეროვანია: “აქციებით არაფერი გვეშველება, ოპოზიცია მოღალატეა, ცუდი პრეცედენტი დამკვიდრდება, რუსები წაგვითაქებენ, ჩემი მანქანით რუსთაველზე ვეღარ გავისეირნებ, ეგენი რომ მოვიდნენ ანარქია დაიწყება” და ა.შ. ყველა მკვეთრად აფიქსირებს, რომ აქციების გზა მიუღებელია და რომ “ბრბოში გარევა არ სურთ” :ვამეე სმილე:

არა, სერიოზულად დაამანდრაჟა ხალხი ვანიკოს სერიალებმა და გივის ბუხუნმა… გუშინ ჩემ ტუტორს კინაღამ მივეფერე, ისეთი შეშინებული ჩანდა ქალი…უგაზობა და უშუქობა მოგენატრაო, ისე მკითხა, ცოტაც და ნაცმოძრაობის უახლოეს ოფისს მივაკითხავდი პარტიაში გაწევრიანების თხოვნით…

როგორ მინდა მწამდეს, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც შეგნებული აქვთ, რომ თავისუფლება ჭეშმარიტად “ლომთა ხვედრია” და შუქი, გაზი, ასფალტი, შადრევანი და ცენტრალურ უბნებში შეღებილი ფასადები არ არის საკმარისი (საერთოდ არ არის საკმარისი) მათი ღირსეული ცხოვრებისათვის, საკუთარი ნიჭისა და უნარის დაფასებისათვის, შთამომავლობისათვის თვალებში უშფოთველად შეხედვისათვის… რომ მათ არ სურთ, ისეთი ხალხის სახელი დაიმკვიდრონ ისტორიაში, რომელმაც მონურად აიტანა ომის წაგება, შერცხვენა, მთავარსარდლის სიმხდალე, სახელმწიფოს ლეგიტიმურობის ფარგლებს მნიშვნელოვნად გადაცდენილი ძალადობა, სულში ჩაფურთხება (გაიხსენეთ ბოლო 2 არჩევნები, როგორც მინიმუმ) და ეს ყველაფერი “სახელმწიფოს ჩამოყალიბების” და “დემოკრატიული გარდაქმნების” დამცინავი სახელით, რადგან ამ ყველაფერს სახელმწიფოში რეალურ დემოკრატიულ გარდაქმნასთან და პროგრესთან საერთო იმდენივე ჰქონდა, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს თომას ჯეფერსონთან.

“სახელმწიფო, მთელი თავისი ინსტიტუტებით ეკუთვნის ხალხს და როდესაც ხალხს მობეზრდება არსებული ხელისუფლება, მას შეუძლია გამოიყენოს მისი შეცვლის კონსტიტუციური ან მისი დამხობის რევოლუციური უფლება” – ეს უკვე აბრაამ ლინკოლნის სიტყვებია, რომელსაც გუშინ წავაწყდი…

დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც მივა 9 აპრილის მიტინგზე, მივა შეგნებულად, მივა იმ აზრით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ცვლილება საჭიროზე საჭიროა, მივა წრფელი განზრახვით, რომ თაობებს გადასცეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ერთიანობის დროშა, მივა იმაზე ფიქრით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ერთია, მივა საკუთარ დაზე და ძმაზე ფიქრით, საკუთარი სახელმწიფოს ნათელ მომავალზე ფიქრით – ჩემთვის უკვე გმირია…მე ქედს მოვიხრი მათ წინაშე… ჩემთვის მართლა დიდი პატივია ვიყო ამ უდრეკი, თავისუფლების ეგზომ მოყვარე ხალხის შვილი…

არავის ეგონოს, რომ ხალხი იქ გაჩეჩილაძის ემოციების, ძიძიგურის მჭევრმეტყველების, ნოღაიდელის დემაგოგიის ან ბურჯანაძის თვალის ფერის გამო მიდის… არა ბატონებო… ხალხი იქ საკუთარი ღირსების სადარაჯოზე სადგომად მიდის, რათა ნებისმიერმა ხელისუფალმა კარგად იცოდეს, ცინიზმი და დანაშაული არავის შერჩება… ჩემი ზოგიერთი მეგობრის ირონიულ კითხვაზე – “ხალხში უფრო მეტი სულელია თუ ჭკვიანი” პასუხს, აქციების მერე გავცემ, თუმცა პასუხი მე ძალიან კარგად ვიცი….

მართალია ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, უკვე მოდადაა ქცეული ოპოზიციის კრიტიკა, ანუ თუ რაღაც გესმის ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციას “კატოკივით” უნდა გადაუარო, ეს აქსიომაა. თუმცა ბევრს, ოპოზიციის აგენტობაზე და მოღალატეობაზე საუბრით ენა პერპეტუუმ მობილედ რომ გადაქცევიათ, მცირე ამნეზია ემართებათ ხოლმე, 7 ნოემბრის, 20 იანვრის, ანაც აგვისტოს შუა რიცხვების გახსენებისას, როდესაც ოპოზიციამ, ჭეშმარიტად სამოქალაქო შეგნება გამოვლინა და დაძაბულობის შექნა არ უცდია, განსხვავებით Mr President – ისგან, რომელიც რუსთაველისკენ დაძრული ხალხის ვერტმფრენებიდან დაცხრილვით დაემუქრა ოპოზიციის ლიდერებს :მიშა! მიშა!:

არავის არ სიამოვნებს რუსთაველის მორიგი გადაკეტვა, მორიგი სკანდირება, იგივე საპატრიარქოს გაზრდილი ავტორიტეტი, მაგრამ ხელისუფლებამ უბრალოდ არ დატოვა ჯანსაღი პოლიტიკური დიალოგის გზა, ეს ცხადზე უცხადესია…რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ მტკიცედ დაიჯერეს რომ ამ “ველურსა და ჩამორჩენილ” ქვეყანას, მათი მტკიცე ხელი სჭირდებოდა და “რა დროს დემოკრატია” იყო…

უკაცრავად, უზბეკებში ან თურქმენებში ხომ არ აგერიათ ქართველები ბატონებო? (ჩემი დიდი პატივისცემა ორივე ხალხის მიმართ)

მესმის, დიახ მესმის, რომ ქართველებს ბევრი უარყოფითი თვისება გვაქვს, დიახ მესმის, რომ საზოგადოების პოლიტიკური კულტურა ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ ეს ხალხი მაინც არ არის ამ დამნაშავეების ცქერის ღირსი… მე ასე მჯერა… ბუშის ქუჩა მახსენდება, სირცხვილის ოფლში ვიწურები… მაშინ ვერ გავაცნობიერეთ რა მოხდა ალბათ….

გული მწყდება, ამ ბიჭების ცქერისას, რადგან მეც მათი რიგითი მხარდამჭერი ვიყავი 2003 – ში, მაგრამ ვნახეთ, რა შეუძლია მოიტანოს ხალხის უპირობო მხარდაჭერის ბოროტად გამოყენებამ, კონსიტუციის შებღალვამ, დემოკრატიის უკანა პლანზე გადაწევამ, საკუთარ შეუმცდარობაში დარწმუნებამ, ოპოზიციის მარგინალიზაციამ…ვერ ივარგეთ ვერა…მაგრამ, რა გარანტია მაქვს რომ ოპოზიცია ივარგებს???

ეს შეკითხვა უკვე მაღიზიანებს…

ამაში ისევ ჩანს ის მითიური ბელადომანია, ის ქარიზმის ძიება, ის მესიის მოლოდინი, რამაც აქმდე ასე მწარედ გაგვიცრუა იმედები… ოპოზიციამ კი არა, ქართველმა ხალხმა უნდა ივარგოს, რომ ჩატარდეს ნორამლური არჩევნები, ხელისუფლებას გააჩნდეს ლეგიტიმაცია, სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები არ იქცეს ერთი რომელიმე პარტიის დანამატად ხოლო ბიუჯეტი უმაღლეს ხელისუფალთა ქისად… ხალხი ფხიზლად უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს და არ დაუშვას ერთი რომელიმე ოპოზიციური ძალის მიერ winner takes all – ის დაშვება და ეს ასეც იქნება… ამ 6 წლის მანძილზე საკმაოდ გავიზარდეთ ვგონებ…

მე მჯერა, რომ წლევანდელი 9 აპრილი, ღირსებისა და პატივისათვის გამართული ბრწყინვალე ბრძოლის სახელით დაგვამახსოვრდება… მე მჯერა, რომ თავისუფლების, სიყვარულის ჩანჩქერი მაინც გადმოიფრქვევა… მე მჯერა, რომ ქართული ჯარი, დღეს იმ ღირსეულ პოზიციას დაიკავებს, რომლის გამოც მუდამ მიმიწევდა და ახლაც მიმწევს გული, ქართულ არმიაში სამსახურისკენ…

გავა დრო და ჩვენ პატარა შვილიშვილებს, დინჯად ვუამბობთ, თუ როგორი იყო საქართველო ამ დროს, რას ვუყურებდით, რისი გვჯეროდა და რაზე ვოცნებოდით… და რა გავაკეთეთ იმისათვის რომ მათ და მათ თანატოლებს, საქართველოს მომავალს, მუდამ ბუნებრივი, თანდაყოლილი სიამაყის გრძნობით წარმოეთქვათ: “მე ქართველი ვარ”….

აპრილი 9, 2009 Posted by polkovniki | პოლიტიკა, საზოგადოება | , , , , , , | 8 კომენტარი