პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

4 ნოემბერი

ეს წუთია კალენდარს შევხედე და რაღაცა სასიამოვნოდ მომხვდა თვალში. დღეს 4 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ჩემმა (და არა მარტო ჩემმა) ფავორიტმა კანდიდატმა – ბარაქ ობამამ.

დიდებული დღე იყო, მართლაც რომ შესანიშნავი.

ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუჭერ მხარს ამ პოლიტიკოსს, რა არის მისი დადებითი მხარე და რა პოზიტიური ნიშნების გამოკვეთა შეიძლება, მისი პრეზიდენტად ყოფნის ჯერ – ჯერობით არასრული ერთი წლის განმავლობაში.

მოდით ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრებები, რომ იგი “მასონების მოყვანილია, “მარიონეტია”, “მემარცხენე – კომუნისტია”, “გადაწყვეტილებას ვერ იღებს”, “აზრზე არ არ არის” და მივყვეთ პუნქტობრივად მის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებას. რა თქმა უნდა მხოლოდ მნიშნველოვან საკითხებში, რადგან სრულად ეს შეუძლებელია და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.

1) ეს არის ეკონომიკური კრიზისი – ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკური სტიმულირების მეტად თამამ გეგმას, ძალიან ბევრი კრახს უწინასწარმეტყველებდა. მოხდა პირიქით. ეკონომიკის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს დროულმა ჩარევამ თავიდან ააცილა ქვეყანას კრიზისის უფრო მეტად გამწვავება და მეტიც, ბოლო დროინდელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მ.შ.პ. და ეკონომიკა მატულობს და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას კი, რა თქმა უნდა კიდევ მეტი დრო დაჭირდება. მთავარი ერთია – ობამას ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება კრიზისს (აღსანიშნავია, რომ მიდის მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მისაღებად, რაც ნაკლებად მოწყვლადს გახდის ამერიკას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მხრივ)

2) უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა – არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ  როგორ ძარცვავენ ხალხს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები. ამ სფეროში ფაქტიურად არანაირი კონტროლი არ არსებობს და მსხვილი კორპორაციები მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. ამერიკის მილიონობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს დაზღვევით, მისი მეტად მაღალი ფასების ან კაბალური პირობების გამო. პრეზიდენტ ობამას გეგმა, ითვალისწინებს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას და დღეს – დღეობით გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც კონგრესში ასე კულისებს მიღმა. წინააღმდეგობა მეტად დიდია და მე უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ ობამას, ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. რეფორმისა, რომლის გატარებაც ვერც ერთმა პრეზიდენტმა აქამდე ვერ შეძლო.

3) ომები ერაყსა და ავღანეთში – დაპირებისამებრ, ერაყიდან ამერიკული კარების ნაწილობრივ გამოყვანა უკვე დაწყებულია და ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ამერიკელი სამხედროები დატოვებენ ერაყის მიწას. მათთვის კი ვისაც ეგონა, რომ ობამას ჯარები გაპრეზიდენტებიდან ნახევარ საათში უნდა გამოეყვანა, უნდა ვთქვა რომ არსებობს ტერმინი: Responsible withdrawal.

რაც შეეხება ავღანეთს, აქ მხოლოდ ამერიკის კი არა ნატოს პრესტიჟიც დევს სასწორზე. ობამა, რომელიც ბუშისგან განსხვავებით, პირადად ესწრება უცხო მიწაზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესს, ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე არავის დაავიწყდეს, რომ მთავარი თალიბანის აღგვა კი არ არის პირისაგან მიწისა, არამედ ავღანეთში მეტნაკლებად გამართული დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა და ამუშავებაა. ასე რომ ე.წ. “ქორების” რიტორიკა ხშირად უსაფუძვლო და გონივრულობას მოკლებულია. ავღანეთის ომი მოსაგებია და მას ცხელი თავი კი არა, ცივი გონება მოიგებს.

4) ურთიერთობები რუსეთთან – აღარ არის ისეთი კონფრონტაციული და მუქარის ტონით აღსავსე, როგორც უწინ. ობამამ ხელი აიღო არაპრაქტიკულ და უსარგებლო გეგმაზე პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, თუმცა იგი ჩაანაცვლა ბევრად უფრო მოქნილი და გამოსადეგი ანტისარაკეტო ფარით, რითაც ერთის მხრივ მოხერხებულად მოუსპო რუსეთს სპეკულირების თემა და ამავდროულად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ ობამას ძალისხმევით დიდწილად მოხერხდა ქართულ – რუსული სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია (კრიტიკოსებს შეუძლიათ წაისისინონ რომ ტერიტორიები ისევ დაკარგულია, მაგრამ ამაში ობამას იმდენი წვლილი მიუძღვის, რამდენიც მე ამერიკის აღმოჩენაში)

და როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ობამას სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში: კერძოდ, პრეზიდენტ მედვედევის მხარდაჭერა და პრემიერ პუტინის “ჩაჩოჩება”, პრაგმატულია. ღია კონფრონტაცია რუსეთთან არახელსაყრელია, საჭიროა შედარებით ლიბერალური, ხისტი “კგბ” – შნიკური აზროვნებისგან თავისუფალი, შედარებით რეფორმისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. ეგ ქვეყანა, შესაძლოა მხოლოდ შიგნიდან შექმნილი სირთულეების, “თავიდან აყროლების” გამო მოიდრიკოს. თეორიულად ეს მიდგომა გამართლებულია, პრაქტიკულ შედეგებს დრო ჭირდება.

5) ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან. ირანი. – ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მართალია ობამამ ნათლად დააფიქსირა, რომ ირანთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ბილწ განზრახვაზე როგორც ჩანს უარის თქმას არ აპირებს. ვფიქრობ პრეზიდენტს მუშაობის გაქტიურება სწორედ ამ მიმართულებით მართებს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ჩიხური სიტუაცია რაც ამ მიმართულებითაა შექმნილი. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს კაიროს მიმართვა, სადაც ობამამ ნათლად გაუწოდა ხელი მუსლიმებს და ახალი ფურცელი გადაშალა ამერიკა მუსლიმური სამყაროს ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.

6) ურთიერთობები საქართველოსთან – ეს შეიძლება 4 საკითხის ქვეპუნქტიც ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ ობამას ადმინისტრაცია კვლავინდებურად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით არ ცდილობს უხეშად ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, რაც შეეხება მოწოდებებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ეს მხოლოდ სასიკეთო სიგნალებია (თუმცა უარყოფითი მმართველი რეჟიმისთვის)

ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ დიდი დრო აღარ დარჩა გუანტანამოს ბაზის დახურვამდე, რაც მეტნაკლებად გამოასწორებს ამერიკის შელახულ პრესტიჟს, გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპის და აზიის სახელმწიფოებთან და საერთოდ ის ახალი, იმედის და კეთილგანწყობის ტალღა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ამ ადამიანმა, დაუმსახურებლად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?

რომ ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს რომ აფროამერიკელია?

რომ ის უმოქმედო პრეზიდენტია?

მისი ინაუგურაციიდან ჯერ მხოლოდ 10 თვე გავიდა…

4 ნოემბრიდან კი ზუსტად 12

YES WE DID!

November 4, 2009 Posted by | ამერიკა, ობამა, პოლიტიკა, საზოგადოება | , , , , | 2 Comments

ისევ ლიბერალიზმზე

ეს ბოლო პერიოდია, ხშირად მიწევს კამათი და დისკუსია ისეთ ერთი შეხედვით ბანალურ და გაცვეთილ თემაზე, როგორიცაა ლიბერალურ – დემოკრატიული ფასეულობები ზოგადად და მასთან დაკავშირებული საკითხი, ამ ფასეულობების დანერგვა საქართველოში, თანმდევი პროცესები, უკუჩვენებები, ნეგატიური თუ პოზიტიური შედეგები და ა.შ.

ჯერ – ჯერობით, ისეთი ტენდენცია მხვდება თვალში, რომ იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი განსხვავება ორი საპირისპირო ბანაკის წარმომადგენელთა შორის, რომელთაც მე პირობითად ლიბერალებად და კონსერვატორებად დავყოფ, განუწყვეტლივ ღრმავდება. საერთო შეხების წერტილების პოვნისა და კონსესუსის ძიების სანაცვლოდ, ორივე მხარე თავაწყვეტილი მიერეკება თავისას და სულ უფრო უხეში, ცინიკური და უაზრო ქმედებებით უპირისპირდება მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. ესეც თუ გნებავთ ქართული ელემენტის გავლენა :) ))

კონსერვატორთა იდეოლიგიურ პლატფორმას შეფარებულნი, ხშირად გამოდიან ხისტი, ხშირ შემთხვევაში ძალადობის შემცველი არგუმენტებით და აცხადებენ, რომ დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაცია კრიზისშია. შესაბამისად მას მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ გადაარჩენს, არავითარი შემწყნარებლობა ისლამოფაშიზმით გაჟღენთილი მუსლიმების, თუ ასოციალური ელემენტების (ფერადკანიანები, ლათინოსები მათი გაგებით) მიმართ. ასევე არ ერიდებიან ბრალდებას ლიბერალთა მისამართით, რომ ისინი უწყობენ ხელს თავისი ასეთი შემწყნარებლური და მომთმენი დამოკიდებულებით ანტაგონიზმის ზრდას.

“ყოველთვის გეტყვი, რომ შენ, ჩემი თანამემამულე, უფრო მეტად აშავებ, ვიდრე ის ჩამოთრეული აფრიკელი (აქ ვიგულისხმოთ ნებისმიერი ეთნიკურად არაქართველი. ანგლოსაქსონური წარმომავლობის პირის გარდა), რადგან შენ შენი შეხედულებებით და იმით, რომ ნებას აძლევ აქ ცხოვრების, საკუთარ სახელმწიფოს უქმნი საფრთხეს” – ასეთია ზუსტი ციტატა, ზემოთხსენებული დაჯგუფების ერთი წარმომადგენლისა.

ვითომ ასე კატასტროფულადაა საქმე?

ჩემი აზრით არა.

როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალიზმზე, ეს არ ნიშნავს ყოველგვარი იმ გაუმართლებელი ნაბიჯის გადადგმას რაზეც “კონსერვები” საუბრობენ. მე მჯერა, რომ გამართული და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის დიდი ნაწილის სრული ინტეგრირება მოვახდინოთ საზოგადოებაში და სპეციალური შეღავათების დაწესებით უმაღლეს სასწავლებლებში, გონივრული პროპაგანდის და სპეცსამსახურების შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ისეთი ნაღმის ამოქმედება, როგორიც ჯავახეთია. (სწორედ ამ რეგიონთან დაკავშირებულმა საუბარმა შთამაგონა ამ პოსტის დაწერა)

ლიბერალიზმი არ ნიშნავს ყველაფრის თავის დინებაზე მიშვებას. ჩვენ,იმიტომაც ვაფორმებთ სოციალურ კონტრაქტს სახელმწიფოსთან, რომ ეს საჭირო და აუცილებელია. არავინ აპირებს საზღვრების გახსნას და სიტყვაზე ბანგლადეშელი ლტოლვილების შემორეკვას, მაგრამ ასეთი ქსენოფობიური გადახრებით, ქართული სახელმწიფო კი არ ძლიერდება, როგორც ამას ამტკიცებენ, პირიქით – სუსტდება.

დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ კუნთებზე ვიყუროთ და იარაღი ვაჟღარუნოთ. გვიდგას ძალიან რთული პერიოდი (პრეზიდენტმაც ახსენა დღეს თავის გამოსვლაში) და რაც მთავარია, ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გავიაროთ და შევეშვათ “მძინარე ნინოწმინდის” დაბომბვაზე ფიქრებს (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)

ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია, ჯავახეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება (ან სხვა გზით განეიტრალება) რადგან მათი პარპაში უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ჩვენ ვეუბნებით ე.წ. “ქორებს”,რომ ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ დაპყრობილია, ფუნქციონირებს არანორმალურ რეჟიმში და შესაბამისად, ამ პერიოდში შეიძლება ასეთ თემებზე თვალის დახუჭვა, რათა მომავალში უფრო კატასტროფული შედეგი არ მივიღოთ. ცალ ფეხზე მკიდია ისეთი ლიბერალები, რომლებიც ყველა ძაღლისა და მამაძაღლის უფლებას იცავენ და საკუთარი სახელმწიფოს უფლება არსებობასა და გადარჩენაზე სულაც არ ადარდებთ.

ჩემთვის ნებისმიერი საკითხი, რომლის ავკარგიანობის შეფასებაც მიხდება, წყდება ერთი კრიტერიუმით: არის თუ არა ეს სახელმწიფოსთვის უკეთესი? დღეს ლიბერალურ – დემოკრატიული იდეოლოგია ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს ამ იდეოლოგიის ყველა პოსტულატის ზედმიწევნით დაცვა საზიანოა. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ამ, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ პერიოდში (თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო უფლებათა შელახვამ მასშტაბური ხასიათი მიიღოს, როგორც ეს დღეს ხდება)

როგორ წარმომიდგენია საქართველოში ამ იდეოლოგიის დამკვიდრება და რა სახის რეაქციაა მოსალოდნელი, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ.

July 20, 2009 Posted by | პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო, ჩემები | , , , , , | 9 Comments

ქსენოფობი ვარ?

იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც გულწრფელად მწამდა, რომ მთელ სამყაროში, მხოლოდ ჩემი საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც არსებობას ნამდვილად იმსახურებდა. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ისეთი წარსული, რომელსაც სხვა ვერც ინატრებდა. მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა იყო რელიგია, რომელიც ფლობდა ჭეშმარიტების ექსკლუზივს და მხოლოდ ქართველი (არავინ ქართველის გარდა) იყო ნამდვილი ადამიანი. სხვა დანარჩენებს ვერ ვიტყვი რომ ზიზღით ან ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ქართული ისტორიისა და პროპაგანდის საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი ვიყავი. ახლაც არ ვარ მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ ასეთი აქოთებული აზრები აღარ მაწუხებს. პირიქით, ერთი პერიოდი იმასაც კი ვოცნებობდი, მთელ მსოფლიოს ერთად ეცხოვრა და ერთი ხელისუფალი ჰყოლოდა. ამაზე კი ერთმა ახლო ნაცნობმა უხეშად მომიჭრა, ეგეთი სამყარო მარტო ჯონ ლენონის სიმღერებში არისო. მართალი იყო ის ადამიანი, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დალახვროს ეშმაკმა :)

ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება აქვს მინიჭებული და ეს განუხრელად უნდა სრულდებოდეს, ამაზე არავინ დავობს. ამაზრზენია ადამიანთა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გამორჩევა და ამის გამკეთებელი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა…

ნამდვილად არ ვაპირებ კუდიანებზე გამოდევნებას და შეთქმულების თეორიის აპოლოგეტობას, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ ეთნიკური უმცირესობათა დაცვის მოტივით, ძალიან ხშირად მოქმედებენ ამ უკანასკნელთა სახელმწიფოების სპეცსამსახურები. ისინი ქმნიან სხვადასხვა ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლუბებს ერთი შეხედვით მეტად დადებითი ფუნქციით, მაგრამ სინამდვილეში მათ მთავარ ფუნქციას ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს და როდესაც ამას ვიაზრებ, ნამდვილად მაქვს ბრაზის საფუძველი.

ძალიან ხშირად მათი სამიზნე ხდებიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველები, რომელთაც ვერ მოუსწრიათ ლიბერალიზმის პრინციპების ჯეროვნად გადახარშვა თავში და ყველაფერს ურჩევნიათ თუ ქართველების უხეშობაზე, ნაციზმზე და არატოლერანტობაზე ალაპარაკებ. ეს მათ გმირული საქციელი ჰგონიათ და შეიძლება უკვირთ, რატომ არავინ უმშვენებს მკერდს მედლით “საბრძოლო მამაცობისათვის”

განა ქართველებს საკრიტიკო არა გვაქვს? არა ბატონო, ბევრი. ძალიან ბევრი. განა არ უნდა ვაკრიტიკოთ? ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ დაე ყველას ახსოვდეს რომ “სახელმწიფო ესე მაინც არის საქართველო” და ლიბერალიზმის პრინციპების დაცვისკენ მიმართული გულმხურვალე ზრუნვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისაკენ მოქნეულ მახვილად არ უნდა გვექცეს.

ნებისმიერი შეგნებული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს, სხვა მისგან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ ეს ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებით, მუდმივი ცდით, რომ ასეთ მოქალაქეებს კარგად ჰქონდეთ შეგნებულნი, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან გადმონერგილი სიმსივნე კი არა, მრავალფეროვანი, მულტიკულტურალური და მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს ბურჯები არიან და თავი შორს დაიჭირონ იმ აზრებისა და იდეებისაგან, (აქ პირველობას არავის უთმობენ სომხები) რასაც როგორც უკვე ვთქვი სხვადასხვა ენჯეოების სახელს ამოფარებული ჩვენი სამშობლოს მტრები ქადაგებენ (სამწუხაროდ უნდა დავძინო, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებია)

ვისთვის გამომდგარა კარგი და სასარგებლო პაპზე დიდი კათოლიკობა ჩვენ რომ გამოგვადგეს? მაგრამ, მოსწონთ ამ ახლადგამოჩეკილ ადამიანის უფლებათა დამცველებს სულიშემძვრელი იდეებისა და აზრების დეკლარირება “ჩაგრულ რუსზე, უსამართლოდ შეურაცხყოფილ სომეხზე, ცინიკურად მოხსენიებულ თათარზე, დაბომბილ ოსზე” და ა.შ. იმას კი არ უფიქრდებიან, რა მდგომარებაში არიან საქართველოს მოქალაქენი იმ ქვეყნებში… არ ვიძახი, რომ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ, ეს არც ხდება ასე და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით პროგრესი აშკარაა. რა თქმა უნდა სასურველისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ რეგიონის მასშტაბით უდავოდ ლიდერები ვართ და ეს ძალიან მახარებს. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და წინ ვიაროთ.

პ.ს.ამ პოსტის დაწერა, ერთ – ერთ ასეთ “ენჯეოში” მომუშავე ჩემ მეგობართან გამართულმა არაერთმა დისკუსიამ მომაფიქრებინა, რომლებიც როგორც წესი “ქსენოფობოს” ტიპის სიტყვის მოძახებით მთავრდებოდა მისი მხრიდან, ჩემი ცოდვით კი, უდაბნოში მღაღადებელიც დაიწვებოდა :) მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას: შენ შეიძლება, სისულელედ გეჩვენება რასაც გეუბნები, მაგრამ ისე არ გაგიხდეს საქმე, საფლავში ჩამომძახო, რა მართალი ყოფილხარო :)

პ.პ.ს ისე მე ხომ არ ვარ ქსენოფობი და ჩემ თავსაც კი ვერ ვუტყდები? :)

June 2, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო, ჩემები | , , , , , , , , , | 11 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.