4 ნოემბერი
ეს წუთია კალენდარს შევხედე და რაღაცა სასიამოვნოდ მომხვდა თვალში. დღეს 4 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ჩემმა (და არა მარტო ჩემმა) ფავორიტმა კანდიდატმა – ბარაქ ობამამ.
დიდებული დღე იყო, მართლაც რომ შესანიშნავი.
ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუჭერ მხარს ამ პოლიტიკოსს, რა არის მისი დადებითი მხარე და რა პოზიტიური ნიშნების გამოკვეთა შეიძლება, მისი პრეზიდენტად ყოფნის ჯერ – ჯერობით არასრული ერთი წლის განმავლობაში.
მოდით ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრებები, რომ იგი “მასონების მოყვანილია, “მარიონეტია”, “მემარცხენე – კომუნისტია”, “გადაწყვეტილებას ვერ იღებს”, “აზრზე არ არ არის” და მივყვეთ პუნქტობრივად მის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებას. რა თქმა უნდა მხოლოდ მნიშნველოვან საკითხებში, რადგან სრულად ეს შეუძლებელია და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.
1) ეს არის ეკონომიკური კრიზისი – ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკური სტიმულირების მეტად თამამ გეგმას, ძალიან ბევრი კრახს უწინასწარმეტყველებდა. მოხდა პირიქით. ეკონომიკის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს დროულმა ჩარევამ თავიდან ააცილა ქვეყანას კრიზისის უფრო მეტად გამწვავება და მეტიც, ბოლო დროინდელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მ.შ.პ. და ეკონომიკა მატულობს და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას კი, რა თქმა უნდა კიდევ მეტი დრო დაჭირდება. მთავარი ერთია – ობამას ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება კრიზისს (აღსანიშნავია, რომ მიდის მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მისაღებად, რაც ნაკლებად მოწყვლადს გახდის ამერიკას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მხრივ)
2) უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა – არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ როგორ ძარცვავენ ხალხს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები. ამ სფეროში ფაქტიურად არანაირი კონტროლი არ არსებობს და მსხვილი კორპორაციები მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. ამერიკის მილიონობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს დაზღვევით, მისი მეტად მაღალი ფასების ან კაბალური პირობების გამო. პრეზიდენტ ობამას გეგმა, ითვალისწინებს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას და დღეს – დღეობით გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც კონგრესში ასე კულისებს მიღმა. წინააღმდეგობა მეტად დიდია და მე უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ ობამას, ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. რეფორმისა, რომლის გატარებაც ვერც ერთმა პრეზიდენტმა აქამდე ვერ შეძლო.
3) ომები ერაყსა და ავღანეთში – დაპირებისამებრ, ერაყიდან ამერიკული კარების ნაწილობრივ გამოყვანა უკვე დაწყებულია და ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ამერიკელი სამხედროები დატოვებენ ერაყის მიწას. მათთვის კი ვისაც ეგონა, რომ ობამას ჯარები გაპრეზიდენტებიდან ნახევარ საათში უნდა გამოეყვანა, უნდა ვთქვა რომ არსებობს ტერმინი: Responsible withdrawal.
რაც შეეხება ავღანეთს, აქ მხოლოდ ამერიკის კი არა ნატოს პრესტიჟიც დევს სასწორზე. ობამა, რომელიც ბუშისგან განსხვავებით, პირადად ესწრება უცხო მიწაზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესს, ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე არავის დაავიწყდეს, რომ მთავარი თალიბანის აღგვა კი არ არის პირისაგან მიწისა, არამედ ავღანეთში მეტნაკლებად გამართული დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა და ამუშავებაა. ასე რომ ე.წ. “ქორების” რიტორიკა ხშირად უსაფუძვლო და გონივრულობას მოკლებულია. ავღანეთის ომი მოსაგებია და მას ცხელი თავი კი არა, ცივი გონება მოიგებს.
4) ურთიერთობები რუსეთთან – აღარ არის ისეთი კონფრონტაციული და მუქარის ტონით აღსავსე, როგორც უწინ. ობამამ ხელი აიღო არაპრაქტიკულ და უსარგებლო გეგმაზე პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, თუმცა იგი ჩაანაცვლა ბევრად უფრო მოქნილი და გამოსადეგი ანტისარაკეტო ფარით, რითაც ერთის მხრივ მოხერხებულად მოუსპო რუსეთს სპეკულირების თემა და ამავდროულად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ ობამას ძალისხმევით დიდწილად მოხერხდა ქართულ – რუსული სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია (კრიტიკოსებს შეუძლიათ წაისისინონ რომ ტერიტორიები ისევ დაკარგულია, მაგრამ ამაში ობამას იმდენი წვლილი მიუძღვის, რამდენიც მე ამერიკის აღმოჩენაში)
და როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ობამას სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში: კერძოდ, პრეზიდენტ მედვედევის მხარდაჭერა და პრემიერ პუტინის “ჩაჩოჩება”, პრაგმატულია. ღია კონფრონტაცია რუსეთთან არახელსაყრელია, საჭიროა შედარებით ლიბერალური, ხისტი “კგბ” – შნიკური აზროვნებისგან თავისუფალი, შედარებით რეფორმისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. ეგ ქვეყანა, შესაძლოა მხოლოდ შიგნიდან შექმნილი სირთულეების, “თავიდან აყროლების” გამო მოიდრიკოს. თეორიულად ეს მიდგომა გამართლებულია, პრაქტიკულ შედეგებს დრო ჭირდება.
5) ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან. ირანი. – ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მართალია ობამამ ნათლად დააფიქსირა, რომ ირანთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ბილწ განზრახვაზე როგორც ჩანს უარის თქმას არ აპირებს. ვფიქრობ პრეზიდენტს მუშაობის გაქტიურება სწორედ ამ მიმართულებით მართებს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ჩიხური სიტუაცია რაც ამ მიმართულებითაა შექმნილი. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს კაიროს მიმართვა, სადაც ობამამ ნათლად გაუწოდა ხელი მუსლიმებს და ახალი ფურცელი გადაშალა ამერიკა მუსლიმური სამყაროს ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.
6) ურთიერთობები საქართველოსთან – ეს შეიძლება 4 საკითხის ქვეპუნქტიც ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ ობამას ადმინისტრაცია კვლავინდებურად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით არ ცდილობს უხეშად ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, რაც შეეხება მოწოდებებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ეს მხოლოდ სასიკეთო სიგნალებია (თუმცა უარყოფითი მმართველი რეჟიმისთვის)
ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ დიდი დრო აღარ დარჩა გუანტანამოს ბაზის დახურვამდე, რაც მეტნაკლებად გამოასწორებს ამერიკის შელახულ პრესტიჟს, გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპის და აზიის სახელმწიფოებთან და საერთოდ ის ახალი, იმედის და კეთილგანწყობის ტალღა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში.
ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ამ ადამიანმა, დაუმსახურებლად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?
რომ ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს რომ აფროამერიკელია?
რომ ის უმოქმედო პრეზიდენტია?
მისი ინაუგურაციიდან ჯერ მხოლოდ 10 თვე გავიდა…
4 ნოემბრიდან კი ზუსტად 12
YES WE DID!
რას ერჩიან ევროპელებს?
ქართველი კაცის ბუნება ყველამ ხუთი თითივით იცის… როგორ ურჩევნია საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება, ჭუჭყიანი ხელების სხვაზე შეწმენდა, საკუთარ წარუმატებლობაში ვინმე გადამთიელის დადანაშაულება…ხანდახან საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ პილატე, პონტოელი კი არა, სადღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მდებარე ტერიტორიიდან ჩამოთრეული პიროვნება იყო
თუ სწორად მახსოვს “თეთრ ბაირაღებში” მიდის საუბარი იმ საკითხზე, რომ სწორედ ქართველებს გვაქვს საკუთარ ფრიად მდიდარ ლექსიკურ მარაგში ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: “შემომეჭამა” შემომეფცქვნა” “შემომეხია” და ა.შ. სადაც ერთი შეხედვით გაუმართლებელ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვაში, გამართლების და “მამა აბრამის ბატკნობის” ქვეტექსტი დევს…
მხოლოდ ქართველს შეუძლია გამოცდაზე წარუმატებლობა მოშორებით მჯდომი ადამიანის მიერ ტესტის სწრაფად ფურცვლას და მისგან გამოწვეულ “ხმაურს” აჰკიდოს…
მხოლოდ ქართველს შეუძლია ქუჩაში ქვაზე ფეხის წამოკვრა სხვა გამვლელის “ავ თვალს” მიაწეროს…
და ასევე მხოლოდ ქართველს შეუძლია, საკუთარი უნიათობა და ჩამორჩენილობა იმ “ბოროტი, გაზულუქებულ, კარგი ცხოვრებით გამოლენჩებულ” ევროპელების დანაშაულად მონათლოსს, რომელთაც, ცოდვა გამხელილი ჯობს და ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით იმ ცოდვის კალოში, ჩვენ თავზე რომ ილეწება ამჟამად.
ჩემი უბნისგან ოდნავ მოშორებით, რამდენიმე “ევრომონიტორი” ცხოვრობს, ყოველ დილით დაბარებულივით ჩაივლიან ჩემი სახლის წინ, არც კეთილი სალამი ენანებათ და არც კითხვებზე პასუხის გაცემა, მათი საუბრიდან კი ჩვენი ქვეყნისადმი აშკარა სიმპატია სახეზეა… რა არის გაუგებარი იმაში, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც უხარიათ სიტყვაზე ის, რომ ვიღაც ხელს დაუქნევს ან ერთი ჭიქის დასალევად მიიპატიჟებს საქართველო – ევროკავშირის მეგობრობის დასალოცად…
მაგრამ ხალხის სამწუხაროდ დიდი ნაწილი, აშკარა აგრესიით ეკიდება მათ და უნდობლობითაა გამსჭვალული… არ იშურებენ არანაირს დამცინავ ეპითეტებს, რომელთა შორის “შეშფოთებული” “აღშფოთებული” “დამგმობი” და ამგვარი ზედსართავი სახელები ჭარბობს… არასოდეს დამავიწყდება, როგორ ჩამოართვა ხელი ერთმა შუახნის მამაკაცმა მონიტორს და ღიმილით უთხრა: “მოდი ერთი ჯიგრულად შევშფოთდეთო” ხოლო ჩემი ნათარგმნი შეკითხვა ასე ჟღერდა: “გეკითხებათ, როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა”
გუშინ ტოტალიზატორში სანამ ბილეთის შევსებაზე ვჯახირობდი, ტაიმებს შორის შესვენებაზე საინფორმაციო გადაცემაზე გადართეს, სადაც ხუთიოდე წამით ნიკოლა სარკოზიმ გაიელვა, თუმცა ეს ხუთი წამი საკმარისი აღმოჩნდა გინების იმ “საარტილერიო ცეცხლისათვის” რომელიც “ტოტალიზატორშიკებმა” გახსნეს, რასაც მოყვა მერკელის ხსენება ყველა ბრუნვაში და ობამა გემოვნებით… ამ ყველაფერს თან სდევდა “ჯანსაღი” პოლიტიკური დისკუსია… მთელი ამ ბზუილიდან კი ის დასკვნა გამოვიტანე, რომ აგვისტოში რუსულ ტანკებს სარკოზი მოუძღოდა, ხოლო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გერმანული საოკუპაციო ჯარები იდგნენ…
მართლა სასაცილოა რა…
ერთხელ მაინც თუ ჩაუხედავთ საკუთარ გულებში, როგორ ითხოვენ იგივე გერმანიისაგან საქართველოსადმი ისეთ ქცევას, როგორიც სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოს შეშვენის, როდესაც გერმანულ მაღაზიებში განცხადებები კიდია წარწერით: “ქართველებო არ მოიპაროთ”… ხოლო საფრანგეთში კი ქართველები მზად არიან “ოსების გენოციდის’ ამბავს ხელი მოაწერონ, ოღონდ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ… მერე გვიკვირს მეპს რატომ არ გვაძლევს გავასქელი მერკელი და ცოლის მონა სარკოზიო…
ქართველებში უკვე საფუძვლიანად დანერგეს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ევროპელები არაფრის მაქნისები არ არიან და იარაღის დანახვაზე ქალწულებივით თრთიან…ის კი ავიწყდებათ, რომ 1990 – იან წლებში, როდესაც ევროპის ზუსტად ყურისძირში, კარაჯიჩი, მლადიჩი და Co ბოსნიელ მუსულმანებს თავზე აფხრეწდა ყურანს (და მაგას ვინ ჩივის, ცოცხლად წვავდა) ევროპა მართლა გაყურსული იჯდა, სამაგიეროდ შენ, მართლაც გადამთიელს, უსწრაფესად გამოგიგზავნა დამკვირვებელთა მისია, რომლის დამსახურებითაც, დღეს ერგნეთში, ტყვიავში, კარალეთში, მეღვრეკისში და კიდევ სხვა სოფლებში ქართული ლაპარაკი კიდევ ისმის… გამოგიყო საკმაოდ დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება (კრიზისის პირობებში) და ა.შ. დანარჩენი წვრილამანებია უკვე….
არააა, ევროპელები რომ კარგები ყოფილიყვნენ ქუდზე კაცს დაუძახებდნენ და რუსებთან ომს დაიწყებდნენ (აი კარგი ევროპელი ქართველის გაგებით)
ამნაირ ევროპელებს უნდა აგინო, ლანძღო, გაქურდო ყველანაირად შეურაცხყო… ეგ ხომ “კაცი არ არის” (შენ ხარ სამაგიეროდ, სარკოზის ცოლზე რომ ხორხოცებ ხმამაღლა)
ყელში ამოვიდა უკვე ამდენი ცინიკური დამოკიდებულება, ბოლოს და ბოლოს საფრანგეთმა რომ ელზას – ლორენი დაკარგა ქართველებს სთხოვდა დაბრუნებაში დამეხმარეთო, თუ გერმანია იტყვის “ეკონომიკურ სასწაულში” ქართველებს გარეშე ჩვენ ფეხებს ვიზამდითო? რა ძნელია იმის გააზრება, რომ სახელმწიფოები “ლამაზი თვალების” გულისთვის არ იღწვიან არა?
ამ საუბარში ქართველი კაცის მეორე თვისებას მივადექი, წარმატებული ადამიანი რომ სძულს და შურით ივსება მისდამი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა ვგონებ…
-
არქივები
- November 2009 (3)
- ოქტომბერი 2009 (2)
- სექტემბერი 2009 (1)
- აგვისტო 2009 (4)
- ივლისი 2009 (6)
- ივნისი 2009 (4)
- მაისი 2009 (6)
- აპრილი 2009 (17)
- თებერვალი 2009 (1)
-
კატეგორიები
-
RSS
Entries RSS
კომენტარების RSS