4 ნოემბერი
ეს წუთია კალენდარს შევხედე და რაღაცა სასიამოვნოდ მომხვდა თვალში. დღეს 4 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ჩემმა (და არა მარტო ჩემმა) ფავორიტმა კანდიდატმა – ბარაქ ობამამ.
დიდებული დღე იყო, მართლაც რომ შესანიშნავი.
ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუჭერ მხარს ამ პოლიტიკოსს, რა არის მისი დადებითი მხარე და რა პოზიტიური ნიშნების გამოკვეთა შეიძლება, მისი პრეზიდენტად ყოფნის ჯერ – ჯერობით არასრული ერთი წლის განმავლობაში.
მოდით ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრებები, რომ იგი “მასონების მოყვანილია, “მარიონეტია”, “მემარცხენე – კომუნისტია”, “გადაწყვეტილებას ვერ იღებს”, “აზრზე არ არ არის” და მივყვეთ პუნქტობრივად მის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებას. რა თქმა უნდა მხოლოდ მნიშნველოვან საკითხებში, რადგან სრულად ეს შეუძლებელია და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.
1) ეს არის ეკონომიკური კრიზისი – ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკური სტიმულირების მეტად თამამ გეგმას, ძალიან ბევრი კრახს უწინასწარმეტყველებდა. მოხდა პირიქით. ეკონომიკის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს დროულმა ჩარევამ თავიდან ააცილა ქვეყანას კრიზისის უფრო მეტად გამწვავება და მეტიც, ბოლო დროინდელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მ.შ.პ. და ეკონომიკა მატულობს და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას კი, რა თქმა უნდა კიდევ მეტი დრო დაჭირდება. მთავარი ერთია – ობამას ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება კრიზისს (აღსანიშნავია, რომ მიდის მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მისაღებად, რაც ნაკლებად მოწყვლადს გახდის ამერიკას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მხრივ)
2) უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა – არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ როგორ ძარცვავენ ხალხს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები. ამ სფეროში ფაქტიურად არანაირი კონტროლი არ არსებობს და მსხვილი კორპორაციები მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. ამერიკის მილიონობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს დაზღვევით, მისი მეტად მაღალი ფასების ან კაბალური პირობების გამო. პრეზიდენტ ობამას გეგმა, ითვალისწინებს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას და დღეს – დღეობით გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც კონგრესში ასე კულისებს მიღმა. წინააღმდეგობა მეტად დიდია და მე უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ ობამას, ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. რეფორმისა, რომლის გატარებაც ვერც ერთმა პრეზიდენტმა აქამდე ვერ შეძლო.
3) ომები ერაყსა და ავღანეთში – დაპირებისამებრ, ერაყიდან ამერიკული კარების ნაწილობრივ გამოყვანა უკვე დაწყებულია და ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ამერიკელი სამხედროები დატოვებენ ერაყის მიწას. მათთვის კი ვისაც ეგონა, რომ ობამას ჯარები გაპრეზიდენტებიდან ნახევარ საათში უნდა გამოეყვანა, უნდა ვთქვა რომ არსებობს ტერმინი: Responsible withdrawal.
რაც შეეხება ავღანეთს, აქ მხოლოდ ამერიკის კი არა ნატოს პრესტიჟიც დევს სასწორზე. ობამა, რომელიც ბუშისგან განსხვავებით, პირადად ესწრება უცხო მიწაზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესს, ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე არავის დაავიწყდეს, რომ მთავარი თალიბანის აღგვა კი არ არის პირისაგან მიწისა, არამედ ავღანეთში მეტნაკლებად გამართული დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა და ამუშავებაა. ასე რომ ე.წ. “ქორების” რიტორიკა ხშირად უსაფუძვლო და გონივრულობას მოკლებულია. ავღანეთის ომი მოსაგებია და მას ცხელი თავი კი არა, ცივი გონება მოიგებს.
4) ურთიერთობები რუსეთთან – აღარ არის ისეთი კონფრონტაციული და მუქარის ტონით აღსავსე, როგორც უწინ. ობამამ ხელი აიღო არაპრაქტიკულ და უსარგებლო გეგმაზე პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, თუმცა იგი ჩაანაცვლა ბევრად უფრო მოქნილი და გამოსადეგი ანტისარაკეტო ფარით, რითაც ერთის მხრივ მოხერხებულად მოუსპო რუსეთს სპეკულირების თემა და ამავდროულად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ ობამას ძალისხმევით დიდწილად მოხერხდა ქართულ – რუსული სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია (კრიტიკოსებს შეუძლიათ წაისისინონ რომ ტერიტორიები ისევ დაკარგულია, მაგრამ ამაში ობამას იმდენი წვლილი მიუძღვის, რამდენიც მე ამერიკის აღმოჩენაში)
და როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ობამას სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში: კერძოდ, პრეზიდენტ მედვედევის მხარდაჭერა და პრემიერ პუტინის “ჩაჩოჩება”, პრაგმატულია. ღია კონფრონტაცია რუსეთთან არახელსაყრელია, საჭიროა შედარებით ლიბერალური, ხისტი “კგბ” – შნიკური აზროვნებისგან თავისუფალი, შედარებით რეფორმისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. ეგ ქვეყანა, შესაძლოა მხოლოდ შიგნიდან შექმნილი სირთულეების, “თავიდან აყროლების” გამო მოიდრიკოს. თეორიულად ეს მიდგომა გამართლებულია, პრაქტიკულ შედეგებს დრო ჭირდება.
5) ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან. ირანი. – ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მართალია ობამამ ნათლად დააფიქსირა, რომ ირანთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ბილწ განზრახვაზე როგორც ჩანს უარის თქმას არ აპირებს. ვფიქრობ პრეზიდენტს მუშაობის გაქტიურება სწორედ ამ მიმართულებით მართებს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ჩიხური სიტუაცია რაც ამ მიმართულებითაა შექმნილი. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს კაიროს მიმართვა, სადაც ობამამ ნათლად გაუწოდა ხელი მუსლიმებს და ახალი ფურცელი გადაშალა ამერიკა მუსლიმური სამყაროს ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.
6) ურთიერთობები საქართველოსთან – ეს შეიძლება 4 საკითხის ქვეპუნქტიც ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ ობამას ადმინისტრაცია კვლავინდებურად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით არ ცდილობს უხეშად ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, რაც შეეხება მოწოდებებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ეს მხოლოდ სასიკეთო სიგნალებია (თუმცა უარყოფითი მმართველი რეჟიმისთვის)
ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ დიდი დრო აღარ დარჩა გუანტანამოს ბაზის დახურვამდე, რაც მეტნაკლებად გამოასწორებს ამერიკის შელახულ პრესტიჟს, გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპის და აზიის სახელმწიფოებთან და საერთოდ ის ახალი, იმედის და კეთილგანწყობის ტალღა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში.
ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ამ ადამიანმა, დაუმსახურებლად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?
რომ ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს რომ აფროამერიკელია?
რომ ის უმოქმედო პრეზიდენტია?
მისი ინაუგურაციიდან ჯერ მხოლოდ 10 თვე გავიდა…
4 ნოემბრიდან კი ზუსტად 12
YES WE DID!
IELTS გამოცდა, ბაიდენის ვიზიტი და გადაკეტილი ქუჩები
როგორც იქნა მოაღწია 23 ივლისმა, რომელსაც ივნისის დააწყისიდან მოუთმენლად ველოდი და გადავაგორე ეს ოხერი გამოცდაც. მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ისეთი იყო როგორსაც მოველოდი, ანუ მოსმენა სუსტად, წაკითხულის გააზრება კარგად და თემის დაწერა საშუალოდ გამომივიდა. რაც შეეხება საუბარს, მაგას ნისლიანი ალბიონის ძვირფასი და ხელიხელ საგოგმანები წარმომადგენელი შემიფასებს 25 რიცხვში.
გუშინ ძალიან მინდოდა ქალაქში გასვლა და ბაიდენის დახვედრა. როგორც ობამას თანამებრძოლი და სტაჟიანი დემოკრატი, ჩემი დიდი სიმპატიებით სარგებლობს ეს ბაბუა (რაღა უჭირს) მაგრამ სამწუხაროდ მეგობრისთვის თემა მქონდა დასაწერი, უარის თქმაც არ გამოდიოდა და მთელი დღე ბისმარკის საგარეო პოლიტიკაზე არსებული მასალების ქექვას მოვანდომე.
მერე გავიგე გზები რომ გადაუკეტავთ და ის იყო ჩავფიქრდი, ცოცხზე ხომ არ შევჯდე და ისე მივაღწიო მარიოტამდე მეთქი, რომ ბრიტანეთის საბჭოდან დარეკეს, შენი ჭირიმე ცოტა ადრე გამოეთრიე სახლიდან არ გვალოდინო ეს პატიოსანი ხალხიო. მეთქი (ქალ)ბატონი ბრძანდებით და შაქარყინულს მიირთმევთ, სხვა რა მეთქვა.
ამის გამო, დეიდაჩემმა დილის 7 საათზე ამაგდო საწოლიდან და 8 – ის ნახევარზე უკვე გაჩერებაზე ვიყავი დარჭობილი დიდ დიღომში მოსიარულე ტრანსპორტის ფრიად საეჭვო გრაფიკის გამო, თუმცა ჩემდა გასაოცრად ტრანსპორტმა არ დაიგვიანა და სულ მალე მივაღწიეთ ადგილს, რომელიც კი ვიცი რა ადგილიცაა, მაგრამ სახელი ნაღდად არ მახსოვს :მეიდ ინ გორი: და მანდაურობა გადაკეტილი დაგვხვდა. ეუფ, შემოვირტყი თავში ხელი, სად ვიბოდიალო ახლა, მომაწვა დეპრესიული ფიქრები.
თან ვიღაც ჩემი ტოლი ბიჭის ნათქვამმა მომჭრა ყური: თავისუფლების სახელითაა კაცი ჩამოსული და თავისუფლებას გვიზღუდავენო” ეჰ ბიძიკო, თუ აგიფეთქეს “ვაის ფრესიდენთი” შუა დედაქალაქში, მერე სხვა რამეც შეგვეზღუდება.
როგორც იქნა მივაღწიე ალექსანდროვის ბაღამდე და ერთბაშად ხუთმა პოლიციელმა დამარტყა ალყა. თანამშრომელი ხარო? ხუმრობის ხასიათზე დავდექი და კი, მომავალი მეთქი ვუპასუხე. ბლა ბლა ბლა და მოკლედ არ ამიშვა შემოვლითი გზით გამგზავნა და ავაღწიე “ბიჩოკების ამოყრით” რუსთაველზე.
სადღაც საკნების მიდამოს მივუახლოვდი და ამჯერად 4 – მა პოლიციელმა “დამატყვევა”. სად მიდიხარ, რა საქმე გაქვს, რა გამოცდა, რომელ საათზე, რისთვის და ა.შ. ცოტა არ იყოს გავღიზიანდი. პოლიციასთან ბავშვობიდან შეხება მაქვს, პოლიციელის ოჯახში გავიზარდე და არც თანამშრომლობა მეშლება და არც ნორმალური ურთიერთობა, ვიცი რაც არის მათი სამუშაო და მოკლედ , როგორც ამბობენ Respect men and women in blue მაგრამ ამათ აშკარად შეტოპეს, ჰოდა, რომ განვუცხადე სრული უფლება მაქვს არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხოთ მეთქი, შეცბნენ, დაკითხვა აღარ გაუგრძელებიათ,მაგრამ არც რუსთაველზე გავლის ნება დამრთეს, ქვევით გამიშვეს.
კიდევ ცოტა ვიბოდიალე და მივაღწიე თავისუფლების მოედნამდე, ჩამოვჯექი სკვერში და 20 წუთი ათასგვარ უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს ვათვალიერებდი. ვუყურებდი ახალგაზრდა, ჯინსებში გამოწყობილ, რეზინის ხელკეტებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს და ერთი ფიქრი მიტრიალებდა: “აი როგორები არიან ზონდერები”
გამოცდაზე მშვიდობით ავედი, დავწერე და რომ გამოვედი გამახსენდა რომ ტელეფონი დამრჩა, შევბრუნდი, დავურღვიე სიმშვიდე გამოსაცდელებს და ქუჩაში რომ გამოვედი კიდევ ერთხელ დავღონდი. დიდ დიღომში წასვლა არ გინდა კაცო?
როგორც იქნა, პოლიციელების კორდონის, ცხრა კობრისა და ცხრა ავტობუსის გავლის შემდეგ, ვიღაც ღვთისნიერმა პოლიციელმა კოლმეურნეობაზე გასავლელი გზა მიმასწავლა, ისეთი ვიწრო ქუჩებით გავძვერი სულ ზემოთ ვიყურებოდი, თავში არაფერი დამეცეს მეთქი. მივაღწიე 14 ნომერ ავტობუსამდე და მძღოლს იმედდაკარგული ხმით ვკითხე: “დიდ დიღმამდე ჩავაღწევთ?” კიო, თავი დამიქნია და გაიღიმა, ბილეთი ავიღე, წავბანცალდი სულ უკანა სკამზე, გავთიშე გონება და მხოლოდ ახლა, პოსტის დასაწერად ჩავრთე. ესაა ჩემი კომენტარი დღევანდელ დღეზე.
პ.ს საღამოს ბაიდენს მოვუსმენ პარლამენტში გამოდისო სიტყვით…
პ.პ.ს სფიქინგი რომ 25 რიცხვში დამინიშნეს გორში წასვლა თავისთავად გადაიდო
უჩემოდ იმოძრავებენ დღეს გზატკეცილზე თბილისი – გორის ავტობუსები…
მიდი ობამა!
დღეს ეტყობა გაზეთების თვალიერებამ დამაავადა, თუ რა არის, მაგრამ სულ პოლიტიკაზე გამომდის წერა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გულმოსული ვწერ ამ პოსტს
ეს – ეს არის, ისეთ საზოგადოებაში მომიხდა ყოფნა, სადაც რბილად რომ ვთქვა, ბარაქ ობამა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, არა და ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ…როდესაც ხელთ ჩამივარდა დემოკრატების 2004 წლის ყრილობაზე გაკეთებული მისი მიმართვა, იმდენად მოვიხიბლე, რომ 3 საათში გადმოვაქართულე და დღესაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე იქიდან ამოღებულ ციტატებს…ვცდილობ უფრო კარგად გავეცნო მის პოლიტიკურ ფილოსოფიას და სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა, რომ ეს ადამიანი, ერთ – ერთი დიდი პოლიტიკური ლიდერის სახელით დაივანებს მსოფლიო ისტორიაში.
რა თქმა უნდა იყვნენ ისეთები (ზემოთხსენებულ საზოგადოებაში) რომლებიც უბრალოდ მემარჯვენე იდეოლოგიას ატარებენ და ობამას სოციალისტური “გადახრები” არ მოსწონთ, არ პატიობენ “57 შტატს” და ნაწილობრივ პოპულისტად მიაჩნიათ (სხვა საქმეა მათი საყვარელი პაწუკა ბუში, როგორი ხვითო ბრძანდებოდა ინტელექტისა და განათლების ამბავში) მათთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უმეტესობა ისეთი ხალხი იყო, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჯონ მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა ისე “ჩააჯმევინებდა” რუსეთს, რომ იგი ხონჩით მოგვართმევდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და მაკკეინის პრეზიდენტობის მეორე ვადაში სოჭის დაბრუნებაზეც დაიწყებდა ფიქრს, ამიტომაც მათთვის ობამა, ერთი “ზანგი დეგენერატია” რომელმაც ჩვენი ბედის ჩარხის წაღმა დატრიალებას ხელი შეუშალა. :ყბისჩამოვარდნის სმაილი: რა ვქნა, მართლა ჭეშმარიტ ღმერთზე ხომ არ გავესაუბრები ასეთებს???
განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მის ზანგობაზე (ყველა ზანგი განუვითარებელია, კენიელი მონა, წაეთრეს ჰარლემში, ბერლუსკონიმ ნაღდი თქვა ზაგარზე)) მშვიდობიან მიდგომაზე (მაკკეინი ყოფილიყო დედას მოუ…და, ირანთან ჯდება ეს სირცხვილია) გონებრივ სისუსტეზე (მაგან რა კრიზისი უნდა მოაგვაროს) და ა.შ. შეიძლება მართლა დაგჭირდეს ვალერიანის წვეთები დიდხანს და გულდასმით რომ უსმინო ამ ‘სიბრძნეს”
ობამა არც ბიძაშვილია ჩემი და არც მე ვარ მისი ნათლია, მაგრამ როდესაც ასე უსამართლოდ მსჯელობენ მასზე, სამართლიანი პროტესტის გრძნობა მიჩნდება… ობამა კი არა, გორის დილას ფეხბურთელებს რომ აგინებდნენ გახელებული გულშემატკივრები, მაშინ ვენთებოდი, იმიტომ, რომ ბოდიში და მარადონა რომ ყოფილიყო ის ფეხბურთელი, მაშინ გორის დილაშიც არ გაჩერდებოდა… ყველაფერს ხომ უნდა სამართლიანობის ერთი მისხალი არა?
ვისაც არ ესმის ბუშმა რა ქვეყანა ჩააბარა ობამას…
ვისაც არ ესმის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ობამაა და არა ჰარი პოტერი ..
ვისაც არ ესმის, რომ მშვიდობა უმთავრესია…
ვისაც არ ესმის, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული პრეზიდენტი ეს წარმატებული ამერიკაა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული ამერიკა, წარმატებული საქართველოა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული ქვეყანა მისივე წარმატების საწინდარია…
ლანძღეთ ბატონებო, ვინც გინდათ ლანძღეთ, ვისაც გინდათ ამოუტრიალეთ წინაპრები საფლავში და თავსლაფი დაასხით…ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მერე ალღოიანი კაცების სახელი არ დაკარგოთ, თორემ ობამას თქვენი არც გინება ეყურება და ვერც ქება შეაღწევს მის “სასმენელში”, დედამიწაც ჩვეულებრივად განაგრძობს ბრუნვას და როგორც ჩვენი ნოდარ დუმბაძე იტყოდა: “მზეც ექვს საათზე წამოადგება კონცხოულას მთას”…
YES WE CAN! YES WE CAN! YES WE CAN! YES WE CAN!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS