პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

ომის ქრონიკები 8,9,10 აგვისტო

გავაგრძელო ამბავნარი…

8 აგვისტო
რადგან 7 – ში გვიან დავიძინე, 8 აგვისტოს დაახლოებით 11 – ის ნახევარზე გამეღვიძა დილით. ავდექი, ფანჯარასთან მივედი და უცებ ფანჯარა მთლიანად გაიღო და რაღაც ხმაურმაც მოაღწია. გუშინდელი ამბების გამო, გადავწყვიტე რომ ეს უბრალო რამ არ იქნებოდა და ტელევიზორი ჩავრთე, მართლაც აღმოჩნდა, რომ გორი პირველად დაიბომბა (ახალბაღის მიმდებარე ტერიტორია) გასაგები იყო, რომ კარგი რამ არ ხდებოდა.

უბანში, რომ გამოვედი ჩოჩქოლი შევნიშნე, მეზობლები შეშფოთებული აჰყურებდნენ ცას და ნერვიულად საუბრობდნენ, თუმცა ბიჭები მაინც მხნეობას ვინარჩუნებდით და უადგილოდ ვლაზღანდარობდით კოკოითსა და კულახმეტოვზე.

დედაჩემი წინა დღეს ბორჯომში იყო და მეტად შეშინებული ჩამოვიდა, ქარელთან მაშინ ჩამოუგდიათ ბომბი, სახლში რომ მოდიოდა უკვე და დაფეთებული შემოვარდა. შევეცადე მაქსიმალურად “გაქვავებული” სახე მიმეღო და დამემშვიდებინა.

ქალაქში განუწყვეტლივ ისმოდა სასწრაფოების სირენების ხმა და ელვისისწრაფით მიმქროლი მანქანების ხმაური, რეზერვისტების მწვანე კამუფლიაჟებს თვალს ვერ მოარიდებდი, ნათელი იყო რომ ქვეყანა კისრამდე გადაეშვა ომში, რომელიც, ვაგლახ რომ ასე ცუდად დამთავრდა ჩვენთვის.

ღამის 9 – ის ნახევარზე, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ რუსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, ქუჩის ბოლოში მეგობარმა ამოიარა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა კონტრდაზვერვის სამმართველოსთან და მითხრა: “თუ წასასვლელი გაქვს, წადი, ბიჭებმა დამირეკეს ძლივს გამოვასწარით რუსებს, უკან ვიხევთო” თვითონ წასვლას არ აპირებდა.

სახლში შევბრუნდი და ჰოი საოცრებავ, 9 საათიან კურიერში წამყვანებმა უდარდელი სახით გვამცნეს, რომ ქართული ჯარები ცხინვალს მთლიანად აკონტროლებდნენ და ჯავისკენ მიიწევდნენ. ერთი წყრომით გავიფიქრე იმ ჩემ მეგობარზე და დედაჩემს ვაიძულე უარით გაესტუმრებინა მეზობელი, რომელიც თბილისში წაყვანას გვთავაზობდა.

ამ პერიოდში ჩვენ სახლში უკვე მოგროვილი იყო სადღაც 10 – მდე ადამიანი, რომლებსაც ჩვენი სარდაფის კედლების სიმტკიცის იმედი ჰქონდათ, ხმები დაირხა ამ ღამით გორი დაიბომბებაო და ჩვენც ღამის გათევა სარდაფში მოგვიხდა. უგემური ღამე გავატარეთ, ღმერთმანი.

9 აგვისტო
ამ დღეს უკვე რეზერვისტების სრული მობილიზაცია გამოცხადდა, შადრევანპირველმაც ოფიციალურად გვამცნო, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების 58 – ე არმია გვიტევდა და გამძლეობისკენ და ერთობისკენ მოგვიწოდა. ქალაქში გაზი გამოირთო. ცოტა ხანში ჩემი მეგობარი ვანოც მოვიდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გაწვევა არ მოსვლია, რეზერვისტობის გამო კომისარიატში საკუთარი ინიციატივით მივიდა და რაკი იქ არავინ დახვდა ჩემთან შემოვლა გადაწყვიტა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და უკვე წასვლას რომ აპირებდა საშინელი გრუხუნის ხმა გავიგეთ, მომეჩვენა რომ სახლის კედლები შემოიწია და მერე გაიწია. როგორც გავარკვიეთ რუსებს დაუბომბავთ სატანკო ბაზის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. “ვერხვები”(დაახლოებით1200 მეტრი ჩემი სახლიდან) სადაც ვანოს სახლი იდგა. ვანო სწრაფად გაეშურა სახლისკენ და აღმოჩნდა ბომბი ზუსტად მის კორპუსს დაეცა, ბინა თითქმის განადგურდა. ეს კადრები კი ყველას აქვს ნანახი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული გორთან მიმოსვლა უაღრესად გართულდა და იმატა ჩვენ ტელეფონებზე შემოსული ზარების რაოდენობამ. ჩემი ძმა და მამაჩემი კიევიდან უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავშირებას. ქალაქიდან ვისაც შეეძლო ყველა გადიოდა, საინფორმაციო ცენტრიდანაც გვირჩიეს, დაგვეტოვებინა ქალაქი, ვინაიდან მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ. მოკლედ სიტუაცია ქაოსისკენ მიემართებოდა.

სწორედ ამ დროს გორის რაიონის სოფელი სკრიდან, მანქანით რაღაც სასწაულით შემოაღწია ჩვენმა ნათესავმა და იქ წასვლა შემოგვთავაზა, ჩვენც გადავწყვიტეთ რომ უკეთესი იქნებოდა თუ გორიდან დროებით მაინც გავიდოდით. დეიდაჩემმა კი სასტიკად იუარა წამოსვლა, მე მაინც აქ დავრჩებიო. სწრაფად გავიარეთ ქალაქის ცარიელი ქუჩები და ის ღამე სკრაში გავათიეთ. მთელი ღამე აღწევდა ყრუ გრუხუნის ხმა სახლში.

10 აგვისტო
სკრაში ჩასულები, ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ძველი ტელევიზორი თითქმის ვერ იჭერდა ვერცერთ არხს, ხოლო თუკი ვინმე მოახერხებდა ტელეფონებზე დაკავშირებას, მხოლოდ შეშინებული ხმით გვამცნობდნენ ხოლმე, თუ სად რამდენი ადამიანი დაიღუპა და რომელი დასახლებული პუნქტი დაიბომბა. ამ ზარებს თან ერთვოდა ბომბდამშენების ზუზუნი და აფეთქებების ხმა, რომელიც გორიდან მოდიოდა. ერთი ბომბი ჩამოვარდა სკრასთანაც, ტრასის ახლოს.

ეს კადრები ახლაც შენახული მაქვს.

მოკლედ 10 აგვისტო ჩვეულებრივი დღე გამოდგა, რომლის დროსაც კიდევ უფრო მატულობდა სასოწარკვეთილების და საკუთარი უძლურების შეგრძნებით გამოწვეული ზიზღის გრძნობა, როგორც გამოირკვა, ყველაზე საინტერესო და დრამატული სწორედ მომდევნო დღეები აღმოჩნდა.

August 15, 2009 Posted by | ომის დღიურები | , , , , , , , | 2 Comments

მოაშორეთ აქედან სტალინი

შარშანდელი 8 და 9 აგვისტოს ქრონიკებს საღამოსკენ დავწერ, ცოტა უკეთ მჭირდება იმდროინდელი მოვლენების აღდგენა, ახლა კი გუშინ გორის ცენტრში გამართულ აქციაზე ვისაუბრებ.

როგორც ცნობილია, დაახლოებით სამი კვირის წინ, თეა თუთბერიძისა და საზოგადოებრივი ჯგუფის აქტიურობით, დაიწყო მსჯელობა 8 აგვისტოს სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით. რა თქმა უნდა ცხადი იყო, რომ 8 აგვისტოს ეს საქმე არ გამოვიდოდა (რატომ არის ეს საკითხი ასეთი პრობლემატური, მაინც ვერ გავიგე ოღონდ) მაგრამ ყინულის დაძვრაც საქმე იყო, ამიტომაც გუშინ ძალიან გამიხარდა ფეისბუქზე აქციის ორგანიზატორისგან, გიორგი გოცირიძისგან მიღებული შეტყობინება, რომ 4 საათზე აქცია იმართებოდა სტალინის ძეგლის წინ, ძეგლის გადატანის მოთხოვნით.

ნახევარი საათი უშედეგოდ ვრეკე აქეთ – იქით ხალხის შესაკრებად, ბოლოს 3 მეგობარი შევკრიბე და მათთან ერთად მივედი ცენტრში (გზაშიც ვცდილობდი ხალხის აყოლიებას, შეიძლება ზოგი მოვიდა კიდეც) აქცია კარგად იყო ორგანიზებული, აშუქებდა სხვადასხვა მედიასაშუალება (ოღონდ როგორც მერე გავიგე ბევრმა არ უჩვენა) ახალგაზრდებმა წაიკითხეს მიმართვის ტექსტი, ავაფრიალეთ ბანერები და შევაგროვეთ ხელმოწერები, ამასთან ფრიად ვტკბებოდი იმ ალაგ – ალაგ შემოხეტებული “ჰომო სოვიეტიკუსების” რიტორიკით. ღმერთმანი მიყვარს ეგ ხალხი, რომ არა ეგენი, რაზე იმხიარულებდა უბრალო მოკვდავი?

კიდევ მინდოდა აქციაზე გაჩერება, მაგრამ მეგობართან ვიყავი წასასვლელი ფრიად საჭირბოროტო საქმეზე. გზად მიმავალს, რამდენიმე ნაცნობი შემომხვდა, რომლებსაც შორიდან დავულანდივარ ბანერით ხელში მდგომი და ახლა “ხელში ჩავუვარდი”. მოკლედ წავიდა იქ სტალინიზმის ქადაგება “ეგ რო არა ძმაო, რა ვისი ძეგლი უნდა იდგეს” და ა.შ. მაგრამ ყველაზე საოცარი ის შეკითხვა იყო, რამაც აგერ 20 წლისა მოვყრილვარ და ჯერ არ მსმენია. “სტალინის ძეგლის აღება რო გინდა, იაღოველი ხარ?” ჭეშმარიტად ყბა ჩამომივარდა.

რა ლამაზია სტალინის ძეგლზე წითლად მითხაპნილი “ჩამოკვარცხლბეკდი სოსელო”. ნოდარ ლადარიას ეს ფრაზა, ამის მერე კვარცხლბეკს დაამშვენებს :)

პ.ს გუშინ იმდენად ბევრი საფერავი ვშთანთქე, რომ 2 საათი ქალაქში დავდიოდით მე და ვანო, ხალხს ვაჩერებდით, მანქანებში ვხტებოდით, მაღაზიებში შევდიოდით და ვეკითხებოდით: “სტალინს რააა?” ზოგი პირდაპირ კაცურად გვპასუხობდა რაც საჭირო იყო, ზოგი უხერხულად დუმდა და იღიმებოდა, მაშინ ჩვენ ვამატებდით, “გულში მაინც” და ამაზე ყველა ბედნიერი გვიქნევდა თავს. მაგარი იყო ძალიან, მაგრამ პატრულთან რაღამ მიმიყვანა ვერ გავიგე, კიდევ კარგი ეს ღამე განყოფილებაში არ გავათენე :) ))

August 9, 2009 Posted by | საზოგადოება, ჩემი გორი | , , , , , , | 5 Comments

ომის დღიურები

ადრე გადავწყვიტე ომის დღიურები უნდა დავწერო მეთქი, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. დღეს კი, მომინდა ერთი წლის წინანდელი მოვლენები მრავალი ბლოგერის მსგავსად აღმედგინა და ბლოგზე პოსტებად დამეწერა. 7 აგვისტოთი დავიწყებ.

7 აგვისტო.

ჩვეულებრივი, ზაფხულის ცხელი, მზიანი დღე გათენდა. დილით მაღაზიაში პურის საყიდლად რომ გადავედი, სამმა “ჯიპმა” აიქროლა ცხინვალის მიმართულებით. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მინისტრი იაკობაშვილი მიდიოდა იქაურებთან მოსალაპარაკებლად. მაღაზიაში შეკრებილი ხალხი გაცხარებული ბჭობდა მომავალ ომზე, თუმცა მე რატომღაც ბრიყვულად მწამდა, რომ ომი არ დაიწყებოდა.

შუადღით კომპს მივუჯექი და ახალ ამბებში ვნახე ნიუსი სათაურით “კოკოითი ომს აცხადებს”. ჰოი საოცრებავ და არც ამ ნიუსზე მქონია რეაქცია, ოსი არამზადის მორიგ ბოდვად ჩავთვალე და ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე.

შუადღით ქალაქს, ომის დაწყების მოახლოების არაფერი ემჩნეოდა. თეატრის ბაღში მეგობრებს შევხვდი და მწვავე დისკუსია გავაჩაღეთ, მიმდინარე მოვლენების შესახებ. ერთი მათგანი, ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ომის შემთხვევაში, ქართულ არმიას შესწევდა ძალა 3 დღეში მოეხდინა მთელი ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება, მაგრამ საფუძველშივე გამოვრიცხავდით მოვლენების ასე მარტივად განვითარებას, შევთანხმდით, რომ რუსეთის სამხედრო ჩარევის პირობებში, საქართველო ფაქტიურად მარცხისთვის იყო განწირული.

საღამოს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მეგობრები უკვე ჩემთან სახლში შევიკრიბეთ და აქედან მივადევნეთ თვალი პრეზიდენტ სააკაშვილის ტელე მიმართვას. “უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე” – ეს ფრაზა და სააკაშვილის გამომეტყველება დღემდე მახსოვს. თუმცა, მაინც იმ იმედით დავშორდით ერთმანეთს, რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა.

საღამოს 10 საათისთვის უბანში გავედი, ე.წ. “ბირჟაზე” და იქ მომჭრა თვალი პირველად ქართული არტილერიის ცეცხლმა. ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები, ერთნაირად სუნთქვაშეკრული ადევნებდნენ თვალს ცაზე მიმქროლ წითელ ალს და რამდენიმე წუთის მანძილზე ყველა მონუსხული შეჰყურებდა ამ სანახაობას, თუმცა ეს მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მყუდროება გამაყრუებელმა გრუხუნმა დაარღვია – ტრასაზე ქართული ტანკების ლულები გამოჩნდა.

ახლა რომ მახსენდება, მაშინდელი სიტუაცია ფრიად რომანტიული იყო, ახალდაგებულ ტრასაზე მოხრიგინე ქართული ტანკების პატარა კოლონა ნელი სვლით მიემართებოდა ცხინვალის მიმართულებით. მთვარის და ლამპიონების შუქით განათებულ ქუჩაში გამოფენილი მოსახლეობა კი დაძაბული და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ერთგვარი ენთუზიაზმით ადევნებდა თვალს ამ სანახაობას. თავი, სამხრეთ ან ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში მეგონა, სადაც სახელმწიფო გადატრიალება იწყებოდა.

სულ მალე ტანკების ხმაური მიწყდა და ერთი მეგობრის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. დედამისმა დაურეკა და ამცნო, რომ რამდენიმე წუთის წინ კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ჯარების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იწყებდნენ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას” ცხინვალის რეგიონში.

სავსებით ლოგიკურად, უბანში მდგომი მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი, პატრიოტული ექსკლამაციით და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა ამ ამბავს… შორიდან ვიღაცის კივილი გავიგეთ, ერთმა მამაკაცმა გაიხუმრა: “გაიგეს დრო აირია და უკვე სამარადიოროდ გამოვიდნენო”. ყველამ გადაიხარხარა, თუმცა არავინ იცოდა, რომ 6 დღეში, ამის მთქმელს ენა ავბედითად უყივლებდა.

რადგან სახლში მარტო ვიყავი (დედაჩემი ბორჯომში იყო, ჩემი ძმა და მამაჩემი კიევში) მალევე შევბრუნდი და ისევ კომპი ჩავრთე. ახალი ამბები ძალიან ნელა ვრცელდებოდა, ტელევიზორის საყურებლად გვერდზე ოთახში გასვლა კი ჭირის დღესავით მეზარებოდა, ამიტომ ვანოს (ჩემ მეგობარს) სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდი და ღამის 5 საათამდე (ანუ დაახლოებით ამ დრომდე) მისი ვიდეოთვალით ვუმზერდი იაკობაშვილის გამოსვლებს, სადაც ის აცხადებდა, რომ ქართველები “ოსურ ბანდფორმირებებს ანადგურებდნენ”

ყოველ ნახევარ საათში ახალი სოფლის აღებას გვამცნობდა სახელმწიფო მინისტრი, ვანო კი, რომელიც კონფლიქტის ზონას 5 თითივით იცნობს, დაწვრილებით მიხსნიდა, რომელ სოფელს რა სამხედრო – სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. მე ყურებამდე გაღიმებული ვუსმენდი და გულში ჩუმად ვფიქრობდი: “ღმერთო რა ხდება, ნუთუ საქართველო ერთიანდება?… ნუთუ?…

ამ ფიქრებით გაბრუებულმა 6 – ის ნახევარზე დავიძინე, მეორე დილით გერმანულის მასწავლებელთან უნდა წავსულიყავი.

August 8, 2009 Posted by | ომის დღიურები, საქართველო | , , | 6 Comments

ჩემი ძმა, კომპიუტერი, მუხროვანის ამბოხი, პიეს 2009, სამაგისტრო გამოცდები და სხვა

ბევრ საკითხს მინდა მივედ – მოვედო ამ პოსტში და ჩემი ბლოგის არქივში შევინახო ის ფიქრები, ახლა 2009 წლის 29 ივნისს რომ მიტრიალებს თავში.

სათაურში არ მიწერია, მაგრამ საქართველოში დღეს მგონი ყველა ამაზე ფიქრობს. დიახ, კავკასია 2009 დაიწყო… ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, იქნება თუ არა ახალი ომი ან თუ იქნება როდის. მე პირადად ისევ მშვიდად ვარ და მგონია, რომ ომი არ იქნება. დედაჩემსაც ვამშვიდებ. რომ ჩამოვედი გორში ძალიან აღელვებული დამხვდა, მაგრამ ჩემი გამოსვლის მერე ის გამახსენა, შარშან 8 აგვისტოს გერმანულზე რომ მივდიოდი და ვიძახდი არაფერი საშიში არ არის მეთქი :) სამწუხაროდ გერმანულის გაკვეთილებსაც მანდ დაესვა წერტილი, იმიტომ რომ ქალბატონმა მასწავლებელმა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გორში ჩამოსვლა ვერ გაბედა :) მოკლედ ომი არ იქნება რა, ნამდვილად მჯერა და ვუცხადებ ბრძოლას პანიკიორებს.

გამოჩნდა ახალი პრობლემა: ჩემი ძმის ინტერნეტით გატაცება. უკვე ხვეწნა მჭირდება იმისთვის, რომ ცოტა ხანი მაუსი ხელში ვიგრძნო და ამის მთავარი მიზეზი, ჯოკერის სათამაშო პროგრამაა, სადაც ძალიან სურს “ჩაინიკი” რომ უწერია სტატუსში ეგ შეცვალოს :) ჰოდა ათენებს და აღამებს კომპთან მე კი უბნის “ბირჟავიკებთან” ენის ფხანის საშუალებას მაძლევს.

გუშინ ვესაუბრე მუხროვანის ე.წ. “ამბოხის” მონაწილე ერთ – ერთ ტანკისტს. ბიჭმა ლამის ხატზე დაიფიცა რომ არაფერი ამბოხი იქ არ მზადდებოდა და ჩემ ვიშინსკისეულად დასმულ კითხვას “მართლა აპირებდით თბილისისკენ დაძვრას?” ჩემთვის საყვარელი, მსუბუქი ქართლური კილოთი ისე მიპასუხა: “არა ძმაო, შემომხედე მე ქართველებზე ხელს ავწევდი ძმაო? არავინ იყო ამის გამკეთებელი” რომ შემრცხვა. მოდულში როგორ დაკითხეს ეგ საწყალი, მაგას არ დავწერ, იმედია ისედაც დამამახსოვრდება.

ვემზადები ორი გამოცდისათვის: საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 8 – 10 ივლისს და Ielts – ის გამოცდისათვის 23 ივლისს. რომ ვთქვა არ ვღელავ მეთქი ცხვირი გამეზრდება :) ამიტომაც ვიტყვი, რომ მცირედი მღელვარებით ვხვდები ამ ყველაფერს, მჯერა ბაკალავრიატის გამოცდაზე ჩემ მიერ გამოგონილი “უნარების მფარველი ანგელოზი” არც ამჯერად გამწირავს :) მაგრამ მას ხელს შეუშლის ბოროტი ანგელოზი, რომელიც მაიძულებს დღე და ღამე მეზობლის კომპზე პიეს 2009 ვითამაშო და სახლში ღამის საათებში მივიდე. არა და ეს ფეხაკრეფით შემოსვლაც ამოვიდა ყელში რა :)

და ზაფხულია ტრადიციულად უნდა ამოვიქშინო და დავამატო, რომ საშინლად ცხელა თბილისში. ახლა მინდა ჩემი პატარა და გრილი გორი, მაგრამ ხუთშაბათამდე ვერ ვეღირსები და ამიტომაც ბლოგზე მაინც გავიხსენებ მამაც ქალაქს.

ეჰ წავედი, წავედი….

June 29, 2009 Posted by | Uncategorized | , , , , , , , , , | 6 Comments

პირველი გასაუბრება პოლიციასთან

კიევის პოლიციისაგან მეტად დამფრთხალი ჩამოვიდა ჩემი ძმა… რაღაც საოცარი ამბები მომიყვა მათ უნამუსობასა და ქართველების შევიწროებაზე და ეს დღეები რაღაც თავისუფლად ვერ გრძნობს თავს ქუჩაში. ჯერ იყო და უბნის ბოლოში ისე არ გამოდის პასპორტი და ყველა საბუთი რომ არ ჩაიჩურთოს, პატრულის მანქანის დანახვაზე კი ელეთ – მელეთი მოსდის… ნამდვილად მესმის მისი, იმ მოყოლილი ამბების მერე.

ძმაკაცებმა კი აქაური ამბებით “გაახარეს”, რომელსაც მეც პირდაღებული ვუსმენდი, იმიტომ რომ პოლიციასთან პრობლემები არასოდეს მქონია და ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა დავეგდე ვიღაცას, გავეჩხრიკე, სურათები გადაეღო ან თუნდაც ვეგინებინე…ამიტომაც ინტერესით მივიღე შემოთავაზება შუაღამის 3 საათზე ქალაქში გასეირნების შესახებ და ცენტრში მდებარე ერთ – ერთი საბილიარდოსკენ დავუყევით ქუჩას…

ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი….

ბილიარდის თამაში რომ დავამთავრეთ და უკან ვბრუნდებოდით, პატარა ლურჯმა ფოლკსვაგენმა უხეშად გადაგვიჭრა და გზა და როგორც იტყვიან “ფეხებთან წაგვიტორმუზა”. გვერდზე მდგომმა ჩემმა მეგობარმა ჩუმად ჩაილაპარაკა: “კრიმპოლი”

ვინაიდან საღამოს გამართული დისკუსიისას, ყველაზე მეტს მე ვქაქანებდი იმის შესახებ, რომ პოლიცია ასეთ სინაგლეს არ გამოიჩენდა, პოლიციასთან სპიკერის როლი ლოგიკურად მე მერგო და ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა

საჭესთან მჯდომი: რას აკეთებთ ბიჭებო?
მე: სახლში მივდივართ
ის: სადაურები ხართ?
მე: გორელები ვართ, თქვენ ვინ ხართ უკაცრავად?
ის: სად ცხოვრობთ? (ვითომ ვერ გაიგო რა ვკითხე)
მე: სააკაძის ქუჩაზე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

ამ დროს მეორე ფანჯრის შუშაც ჩამოიწია და ვიღაცის უტიფარმა თვალებმა შემომანათა ამ სიტყვებთან ერთად:
რას ჰქვია რა მნიშვნელობა აქვს? გგონია მეხალისება თქვენი შემოწმება?
მე: არც ჩვენ გვეხალისება აქ დამნაშავეებივით დგომა

ამ სიტყვებზე ორივე კარი გაიღო და საჭესთან მჯდომი და მეორე რეპლიკის ავტორი ერთად გადმოხტნენ და მოგვიახლოვდნენ…რა დასამალია და ტანში უსიამოვნოდ დამბურძგლა.

საჭესთან მჯდომი: აქ რას აკეთებთ?
მე: ხომ გითხარით, სახლში მივდივართ და არც კაიფში ვართ და არც მთვრალები.
ის: მერე ეგ შუბლზე ხომ არ გაწერიათ, ჩვენი მოვალეობაა ამ დროს ყველა საეჭვოდ მოსიარულე პირი შევამოწმოთ (ეტყობა დარწმუნდა, რომ “სუფთები ვიყავით”)
მე: დიახ, მესმის, ეგ თქვენი მოვალეობაა. ვიცით, რომ შუბლზე არ გვაწერია

ამ დიალოგის შემდეგ, ორივე ხმისამოუღებლად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ჩემი მეგობრები კი ნიშნის მოგებით მიცქერდნენ, ესეც შენ ჩვენი რომ არ გჯეროდაო… მე კი ისევ პოლიციელების ბოროტი მზერა და იარაღზე წავლებული ხელი მახსენდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, რომ ქალაქში პოლიცია გამართულად ფუნქციონირებს და ისიც ვაღიარე, რომ ღამის 5 – ის ნახევარზე ქალაქში რომ რამოდენიმე ბიჭისაგან შემდგარი ჯგუფი მოძრაობს, ეს უდავოდ დააინტერესებს პოლიციას… ასე რომ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა,უბრალოდ ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური საუბარი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან :)

April 18, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო, ჩემი გორი | , , | 2 Comments

სტალინი

დღეს არაფრის დაწერას აღარ ვაპირებდი, იმიტომ, რომ გამოუძინებელი როცა ვარ, ჭამაც კი მეზარება, არამც თუ ბლოგზე აზრების ფრქვევა, მაგრამ ერთმა ფაქტმა მოსვენება არ მომცა და ისე შემიკიკინა, გადავწყვიტე აქ გამერჩია ეგ საკითხი.

საოცრად ბანალური თემა, საოცრადვე ბანალურ კონტექსტში – სტალინი და მისი “დამსახურება ქართველების მიმართ”… (ვერაფერს იტყვი, ქვას ხეთქავს უკვე დასაწყისი)

საღამოს, როდესაც ბიძაჩემი სახლში დაბრუნდა, ჰაერში გამიშეშდა მისასალმებლად გაწვდილი ხელი და ხველა ამიტყდა მას შემდეგ, რაც მან გაღიმებული სახით მომაწოდა ქაღალდის ფურცელი, რომელსაც თავიდან “with simple curiosity” დავხედე, შემდეგ კი სასოწარკვეთილი მზერა ავაპარე ბიძაჩემისაკენ და დიდი გულთმისნობა არ უნდოდა იმას, რომ თვალებში დიდი ასოებით “შეეენც ბრუტუს (ახლა ვიტირებ)” მეწერა. ეს კი იმიტომ, რომ ქაღალდის ფურცელი წარმოადგენდა ქსეროასლს ქართული პრესის ფლაგმანის (ენა მომტყდეს ამ სიტყვებს რომ ვწერ, ან ენა რა შუაშია და კლავიატურა ადუღდეს) “ასავალ – დასავალის” მორიგი სტატია – პანეგრიკისა სტალინის შესახებ, სადაც დატანილი იყო 1950 – იანი წლების დასაწყისის საქართველოს რუკა (როდესაც 6 თუ 7 წლით ქლუხორი და ახალხევი მოგვიერთა სტალინმა) და “ასავალ – დასავალისთვის” დამახასიათებელი მონუმენტური, გამყინავი ტონით ედო სათაური – “ეს ტერიტორიები სტალინის დამსახურებით საქართველოს ეკუთვნოდა”

ვაიმე ბეჩააა…

“ასავალ – დასავალთან” პრობლემა არა მაქვს, თავისი გაჭირვებაც ეყოფა და ისიც ყველამ იცის რომ “ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა”, სტალინისტებზეც არ ვჯავრობ, იმიტომ, რომ “ნეტარ არიან მორწმუნენი” (მამენტ გლახაკნიც ნეტარ არიან) მაგრამ იმაზე ვდარდობ და ვწუხვარ, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ახალგაზრდა, ან ძველგაზრდა, რომელიც უკრიტიკოდ მიიღებს “ასავალ – დასავალის” მაღალპოლიგრაფიულ ფურცლებზე (რაღაც კლავიატურას ორთქლი ასდის) დაბეჭდილ ამ მართლაც პრიმიტიული, უტიფარი და მე ვიტყოდი თაღლითური პუბლიცისტიკის “მარგალიტს”… ხოლო შემდეგ, ქუჩებში კვლავ ივლიან ისეთები, რომლებიც მენტორული ტონით მოგვახსენებენ, რომ თურმე სტალინი “დიდი ადამიანი” იყო, “ქართველები უყვარდა”,”მსოფლიო დააჩოქა”, “ფაშისტები გატენა”, “რელიგიურობა დააბრუნა” (ვფიცავ, გამიგია ესეც) და ამასთან გათანაბრებულ სისულელეებს… ამნაირი ქართველების შემყურეს იმედი გიჩნდება, რომ იქნებ ინგლისელებმა ჩერჩილი უკუღმა დამარხეს (კი, მაგ საქმისთვის) რომელმაც მიმიქარავს ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, ისეთი ჭეშმარიტება თქვა, როდესაც “სტალინს და ჰიტლერს რა განასხვავებთ” – ო ჰკითხეს და პირში სიგარაგაჩრილმა (ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია) უპასუხა – “ულვაშები” – ო :) :) :)

ჩემი საყვარელი გორელების დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ სხვა საკითხია…სიმართლე რომ ვთქვა, რაკი ჩემ სამეგობროში სტალინი სირცხვილის სინონიმია, კარგა ხანი მეგონა, რომ გორელებიც არ იკლავდნენ თავს მისი სიყვარულით…ეეე, ფირუზჯაან, შამაგილაწუნო?… ახალი თაობისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ცივმა ოფლმა დამასხა მაშინ, სტალინის სახლმუზეუმის წინ მშვიდად მოსიარულე ბიჭუნას (იქნებოდა მეხუთე – მეექვსე კლასელი) რომ ჩავეკითხე, სტალინი როგორი პიროვნება იყო მეთქი და პანტელეიმონ გიორგაძე რომ მოჯვა პასუხში… აღარ მინდა გახსენება, გაიზრდება და მიხვდება, ან ვერ მიხვდება და იყოს სტალინის “სიდიადეში” დარწმუნებული…

აღარაფერს ვამბობ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სტალინის ძეგლის ქვეშ შეკრებილ დიდი ფეხბურთის მომზირალთა (დიდი ეკრანიდან სხვათაშორის) მიერ ლუდით შესმულ სადღეგრძელოზე: “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სტალინის ძეგლის ქვეშ რომ დგას და გერმანიას ბალელშჩიკობს” – ო :)

რა თქმა უნდა ბიძაჩემმა ეგ რუკა ჩემ გასახალისებლად მოიტანა (რა ეგონა, თუ პირიქით მოხდებოდა) მაგრამ არის ხალხი, რომელიც მაგ რუკას საწოლის თავზე გაიკრავს (სავარაუდოდ სტალინისა და ილია მეორის ხატების გვერდით) და დილა – საღამოს ლოცვას აღუვლენს მოწყალე ბელადს….

სანთელი მაინც აანთეთ… ჭრაქი მაინც გვიბოძოს ვინმე მადლიანმა…

ყველა გორელის ნაცვლად, მე მრცხვენია ქალაქის ცენტრში წამოჭიმულ იმ სიმახინჯეზე, სტალინის ძეგლი რომ ჰქვია და რომელიც ვითომ ტურისტული მიზნებისთვისაა ზედგამოჭრილი… მე კი არ მსურს, ჩემი ქალაქს, კაციჭამიების დაბადების ადგილად სცნობდნენ და სტუმრობდნენ…არ მსურს, იმ ადამიანის ძეგლი იყოს ჩემი ქალაქის სიმბოლო, რომელმაც ჩემს სამშობლოს უღელი დაადგა და მაგრად გაუყარა აპეურები… არ მსურს “ბოროტი გენიის” ქვაში განსხეულებული სული ზემოდან მიცქერდეს, ხოლო მისი ძეგლის წინ, მისივე ბოროტების მარცვლებით ნაზარდი ხალხის მიერ ნასროლი კასეტური ბომბისგან დატოვებულ ორმოში ფეხი მივარდებოდეს და ყოველ დანახვაზე მოსიარულე ზიზღად მაქცევდეს…

ვოცნებობ იმ დღეს მოვესწრო, როცა მაგ არამზადის ძეგლს ნაწილ – ნაწილ დაამტვრევენ, ხოლო მაგ ადგილას, აგვისტოს ომში ჩვენი, მართლაც რომ გმირულად დაღუპული ბიჭების მემორიალს აღმართავენ

მეღირსება ვითომ ლაშარის გორზე შადგომა?

April 6, 2009 Posted by | პოლიტიკა, საზოგადოება | , , , , , , | 1 Comment

სააკაძის უბანი

ახლა 5 აპრილის 23 საათი და 50 წუთია (პოსტის წერის დასაწყისი) 10 წუთში, 6 აპრილი, ანუ ორშაბათი დღე დადგება, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ დილით ადრე უნდა ავეთრე და საქართველოს თვალწარმტაც (!!!) დედაქალაქში გავემგზავრო, რაც ასევე ლოგიკის კანონზომიერების სრული დაცვით ნიშნავს იმასაც, რომ ჩემ უსაყვარლეს სააკაძის უბანს, მინიმუმ ერთი სამუშაო კვირა ვეღარ ვნახავ (სურათები არ ითვლება)

ამ არც თუ ისე მთვარიან ღამეს, არც თუ ისე რომანტიკული განწყობით, ჩემი არც თუ ისე თბილი ოთახიდან მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემ სააკაძის ქუჩას.

ნაციზმის იმდენივე სახეობის შესახებ მსმენია, რამდენი ჯიშის სოსისსაც გერმანიაში ამზადებენ და რამდენი სახეობის მწერიც ამაზონის ჯუნგლებში ბზუის, მაგრამ ახალი ტერმინის შემოტანა მინდა – უბნის ნაცისტი ვარ… კი, კი, ვიფიქრე ამაზე და მართლა ეგრეა…

15 წელზე ოდნავ მეტია, რაც პირველად ჩავისუნთქე ამ უბნის ჰაერი და იმის შემდეგ, დედამიწის ზურგზე უკეთესი ადგილი (ჩემთვის რა თქმა უნდა) აღარ მეგულება…აქ ყველაფერი ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლობელი, თითოეული სახლი, თითოეული გახუნებული ჭიშკარი, ქუჩაზე თბილად დაცემული მზის სხივები, გაზაფხულის მიწურულს ატეხილი ფოთლების შრიალი, მეზობლების ხმაური, უბნის თავსა და ბოლოში მოწყობილი პატარა ბირჟები, საღამოს გამოშლილი ბავშვების წკრიალა ხმა, ქუჩაზე დარბაისლურად მოსეირნე მოხუცთა ალერსიანი სალამი, ზუსტად ჩვენ უბანს გადმომზირალი პატარა ეკლესია და საოცარი, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება, როდესაც ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პატარა, მდუმარე კუნძულზე გამოიღვიძე, სადაც ტრასაზე მიმქროლი მანქანების ხმაური, ნაპირს მოხეთქებული ტალღების მსგავსად ჩაგესმის…

ასეთია ჩემი პატარა სააკაძე, თავისი ტკივილითა და სიხარულით, სიცილითა და ცრემლით…

ხანდახან მგონია რომ ქუჩა ცოცხლობს და ერთხელაც იქნება გამომელაპარაკება კიდეც, როდესაც ერთი ან მეორე ბოლოდან ღიმილით გავყურებ ხოლმე და ვცდილობ სულ უფრო და უფრო უკეთ აღვიბეჭდო გონებაში… აქ ყველა კედელი ნაცნობია, ყველა “იამა” გათელილია, ყველა სახლის კარებთან გვითამაშია ბურთი ბავშვობაში და ჩვენი ანცობისაგან დაუზიანებელი ფანჯრების მქონე სახლის მოძებნა ჩინურ გრამატიკასავით ძნელია…

შეავლებ მზერას სახლის კედლებზე მიწერილ სახელებს და უცებ წარმოიდგენ უბნის ისტორიას, გაცოცხლდება იმ ბიჭების თუ გოგონების პატარაობა, ჩვენზე უწინ რომ ავსებდნენ სიცოცხლით ამ უბანს, დღეს უკვე ყველა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა და დარწმუნებული ვარ ამ კედელზე შეხედვისას, საკუთარი არც თუ ისე ლამაზი კალიგრაფიის დანახვისას, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ეძალებათ…

ალბათ გავა დრო და ჩვენც ანალოგიური ფიქრებით მიველაციცებით სააკაძის უბნის ბებერ კედლებს…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებლებსაც ასე უყვართ იგი…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის ყველა მაცხოვრებელსაც აქ უნდა ცხოვრება…

ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებელიც მას საკუთარ ბლოგზე ერთ (ჯერჯერობით) პოსტს უძღვნის…

გაგვიმარჯოს სააკაძელებს!

April 6, 2009 Posted by | საზოგადოება, საძმო, ჩემი გორი | , , , | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.