პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

ჯორჯ პატონის უკვდავი მიმართვა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი

ერთ – ერთი უმაგრესი Speech კაცობრიობის ისტორიაში. ცოტა დიდია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, პირობას ვაძლევ რომ არ ინანებს. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილები გამუქებული მაქვს.
1944 წლის 5 ივნისი (სადღაც ინგლისში)

ჯარისკაცებო! მთელი ეს მოარული ჭორები, რომ ამერიკა თავს არიდებს ომს, ამერიკას არ სურს ბრძოლა და ა.შ. სულელური მონაჩმახია. ამერიკელებს ტრადიციულად უყვართ ბრძოლა. ყველა ამერიკელს უყვარს ბრძოლის ეშხი და სიმაფრე. თქვენ დღეს აქ სამი მიზეზის გამო იმყოფებით: პირველი იმიტომ, რომ აქ თქვენი სახლების და საყვარელი ადამიანების დასაცავად ხართ, მეორე იმიტომ, რომ აქ თქვენი პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის დგახართ, რადგან არ ისურვეთ სხვაგან ყოფნა, მესამე იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ და ყველა ნამდვილ მამაკაც უყვარს ბრძოლა. როდესაც თქვენ, ყველა აქ მყოფი ბავშვები იყავით, ყველანი აღმერთებდით ყველაზე დაკუნთულ მოვარჯიშეს, ყველაზე სწრაფ სპრინტერს, ყველაზე მაგარ მოკრივეს, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის ლიგის ყველაზე ძლიერ მოთამაშეს. ამერიკელებს გამარჯვებული უყვართ. ამერიკელებმა არ იციან დამარცხებული შეწყნარება. ამერიკელებს სძულთ მშიშრები. ამერიკელები მუდამ მოსაგებად თამაშობენ. ჯოჯოხეთში, ზედაც არ შევაფურთხებდი ისეთ კაცს, რომელიც დამარცხდა და გაიცინა. სწორედ ამიტომაც ამერიკელები არასოდეს დამარცხებულან ომში და არც არასდროს დამარცხდებიან. ამერიკელთათვის დამარცხების იდეაც კი საძულველია.
ყველა თქვენგანი არ დაიხოცება. მხოლოდ თქვენი 2 პროცენტი ემსხვერპლება მთავარ ბრძოლას. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს ეწვევა. დიახ, ნებისმიერ ადამიანს ეშინია თავისი პირველი ბრძოლის წინ და თუკი იძახის, რომ არ ეშინია, ესე იგი მატყუარაა. ზოგი ადამიანი მშიშარაა, მაგრამ ისე იბრძვის, როგორც მამაცი, ანდაც პირდაღებული შესცქერის, როგორ იბრძვიან მისსავით შეშინებული ჯარისკაცები და ჯოჯოხეთიდანაც ლანძღვით უმასპინძლდებიან. ნამდვილი გმირი ისაა, რომელიც მაინც იბრძვის იმის მიუხედავად, რომ ეშინია. ზოგი ტყვიების წვიმაში ერთ წუთში ახერხებს ხოლმე თავისი შიშის დაძლევას, ზოგს ერთი საათი ჭირდება, ზოგსაც ერთი დღე. მაგრამ ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ სიკვდილის შიშმა დაჯაბნოს მისი ღირსება, მოვალეობის გრძნობა და თანდაყოლილი ვაჟკაცობა. ბრძოლა ყველაზე დიდებული შეჯიბრია, სადაც ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს. მას მოაქვს ყოველივე საუკეთესო და ანადგურებს ყოველივე სულმდაბლურსა და ბილწს. ამერიკელები ამაყობენ საკუთარი მაგარი ბიჭობით (He man) და არიან კიდეც მაგარი ბიჭები. დაიმახსოვრეთ, რომ მტერს თქვენი არა ნაკლებ ეშინია, თუ მეტად არა. ისინი სუპერმენები არ არიან.

თქვენი სამხედრო კარიერის განმავლობაში, არასოდეს მოგწონდათ ეს “უაზრო წვრთნები” (Chicken shit drilling) როგორც თქვენ მას უწოდებდით. ამას, ისევე როგორც სხვა ყველაფერს არმიაში, განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ეს მიზანი იყო სიფხიზლე. სიფხიზლე ყოველ ჯარისკაცში უნდა იყოს ჩანერგილი. არაფრად მიღირს ის ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თითისწვერებზე არ დგას. ბიჭებო, თქვენ უკვე ვეტერანები ხართ, სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებოდით. თქვენ მზად ხართ იმისათვის, რაც გელით. ჯარისკაცი მუდამ უნდა ფხიზლობდეს, თუკი სურს რომ ცოცხალი გადარჩეს. თუ მოადუნებთ სიფხიზლეს, მაშინ რომელიმე გერმანელი ნაბიჭვარი უკნიდან მოგეპარებათ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ.

სადღაც სიცილიაზე 400 აკურატულად გათხრილი საფლავია და ეს იმიტომ, რომ ერთ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა. მინდა გითხრათ, რომ ისინი გერმანული საფლავებია, რადგან იმ ნაბიჭვარს ჩვენ უფრო ადრე მივაგენით, ვიდრე იმათ. არმია ერთი გუნდია. იგი ცხოვრობს, იძინებს, ჭამს და იბრძვის როგორც გუნდი. ეს ინდივიდუალური გმირობის ამბები ყურითაა მოთრეული. იმ ყეყეჩმა ნაბიჭვრებს, რომლებიც ამ უაზრობებს შაბათის “ივნინგ პოსტისთვის” თხზავენ, იმდენი გაეგებათ ნამდვილ ბრძოლაზე, ცეცხლის წვიმის ქვეშ, რამდენიც ჟიმაობაზე.

ჩვენ საუკეთესო საკვები, საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო საბრძოლო სული გვაქვს და საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს. ღმერთმანი, ნამდვილად მეცოდებიან ის საცოდავი ნაბიჭვრები, რომლებიც ჩვენ უნდა შეგვებრძოლონ. ღმერთმანი, ეს ნამდვილად ასეა.

ჩემი ჯარისკაცები არ ნებდებიან. არ მსურს გავიგოს ის ამბავი, რომ რომელიმე ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაჭრილი იყო. და თუნდაც დაიჭრათ, მაინც შეგიძლიათ ბრძოლის გაგრძელება, არც ესაა წარმოუდგენელი უაზრობა. მე მინდა ისეთ ჯარისკაცებს ვუსარდლო, როგორიც იყო მაგალითად ლიბიაში მებრძოლი ერთი ლეიტენანტი, რომელმაც პისტოლეტი მკერდზე მიიბჯინა, ჩაფხუტი მოიხადა, თოფი გვერდზე დააგდო და მოახლოებულ გერმანელს ჩაფხუტის ჩარტყმით გაუტეხა თავი. შემდეგ თოფს დაავლო ხელი და კიდევ ერთი გერმანელი გაისტუმრა საიქიოს, სანამ გერმანელებმა გაიგეს რა ეშმაკები ხდებოდა მათ თავს. და მთელი ეს მომენტი, ამ ადამიანს ტყვია ფილტვში ჰქონდა გაჩერებული და ისე იბრძოდა. ის ნამდვილი ჯარისკაცი იყო! ყველა ნამდვილი გმირი სულაც არაა ზღაპრის მებრძოლი. თითოეულ ადამიანს არმიაში სასიცოცხლო როლი აკისრია. არასოდეს მოეშვათ. არასოდეს დაუშვათ იმაზე ფიქრიც კი, რომ თქვენი საქმე უმნიშვნელოა. ყველა ჯარისკაცს თავისი საქმე აკისრია და მან ეს საქმე უნდა შეასრულოს. ყველა ჯარისკაცი დიდი საქმის მნიშვნელოვანი რგოლია. რა მოხდებოდა მაშინ, სატვირთო მანქანის ყველა მძღოლმა მოულოდნელად რომ გადაწყვიტოს, რომ ვეღარ უძლებს დაბომბვისა და აფეთქების გრუხუნს, გაყვითლდეს და თავით გადაეშვას ორმოში? მშიშარა არაკაცი იტყვის: “ჯანდაბას, ათას ჯარისკაცში მე არ მომისაკლისებენ”, მაგრამ რა მოხდება ყველა ჯარისკაცმა რომ ასე იფიქროს? რა ჯოჯოხეთში ვიქნებოდით ახლა? რას დაემსგავსებოდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი სახლები ან თუნდაც მსოფლიო? არა, ღმერთმა დასწყევლოს ამერიკელები ასე არ ფიქრობენ. ყოველი ჯარისკაცი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ყველა ჯარისკაცი ემსახურება საერთო საქმეს. ყველა განყოფილება, ყველა შენაერთია მნიშვნელოვანია ომის ამ ფართო სქემაში. იარაღით მომარაგება საჭიროა, ჩვენი თოფების და არტილერიის მუდმივი მზადყოფნისათვის, რათა მუდამ წინ ვიაროთ. კვარტერმაისტერი საკვებისა და ტანისამოსითვისაა საჭირო, რადგან იქ, სადაც მივდივართ, ბევრი არაფერია მოსაპარი. ყველა ჯარისკაცს თავისი მოვალეობა აქვს, იქნება ეს მზარეულობა, მრეცხავობა თუ წყლის გაცხელება.

ყველა ჯარისკაცმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მის გვერდით მებრძოლ მეგობარზეც უნდა იფიქროს. ამ არმიაში ყბამოქცეული მხდალები არ გვჭირდება. ისინი ვირთხებივით უნდა გაიჟუჟონ. თუ ასე არ მოხდება, ისინი ამ ომის მერე სახლებში დაბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტ მშიშარას გაამრავლებენ. ჩააძაღლეთ ეს მშიშარა ნაბიჭვრები და ჩვენ მამაცთა ერი გვეყოლება. ერთ – ერთი უმამაცესი ჯარისკაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ, იყო ტუნისში, გააფთრებული ღამის ბრძოლის დროს, ტყვიების წვიმაში ტელეგრაფის ბოძზე ამძვრალი ყმაწვილი. როდესაც შევჩერდი მის წინ და ვკითხე რა ეშმაკებს აკეთებდა იქ, მან გადმომძახა: “კაბელს ვაკეთებ სერ” მე შევეკითხე: “არ ფიქრობ, რომ ახლა ეს ცოტა სახიფათოა?” მან მიპასუხა: “სერ, დიახ სერ! მაგრამ წყეული კაბელი უნდა შეკეთდეს სერ!” მე ვკითხე: “ეს თვითმფრინავები, გზას განუწყვეტლივ რომ ბომბავენ ხელს არ გიშლიან?” მან კი მიპასუხა: “არა სერ, მაგრამ აუტანლად კი ხმაურობენ სერ!” აი ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი ჯარისკაცი! ეს იყო ადამიანი, რომელმაც მოვალეობას მიუძღვნა ყველაფერი რაც გააჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა, შედარებით როგორ უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს მისი მოვალეობა დროთა განმავლობაში, მნიშვნელობა არა აქვს დეტალებს.

თქვენ უნდა გეხილათ ტუნისის გზებზე მოძრავი ჩვენი სატვირთოები. ჩვენმა მძღოლებმა მართლაც რომ დიდებულად წარმოაჩინეს თავი. დღე და ღამე მოძრაობდნენ იმ წყეულ გზებზე სადაც განუწყვეტლივ სკდებოდა და ფეთქდებოდა ბომბები და მაინც, არასოდეს გაჩერებულან და არასოდეს გადაუხვევიათ გზიდან. ჩვენ ეს ყველაფერი ძველი, დიდებული ამერიკული სულის წყალობით გადავლახეთ. ამ მძღოლებიდან ბევრი 40 საათის განმავლობაში ზედიზედ იჯდა საჭესთან და მიჰქროდა. ისინი არ იყვნენ მებრძოლები, მაგრამ იყვნენ ჯარისკაცები, პირნათლად ასრულებდნენ თავის საქმეს ჯოჯოხეთურ პირობებში და შეძლეს კიდეც ეს. ისინი გუნდის შემადგენელი ნაწილები იყვნენ. გუნდური ძალისხმევის გარეშე, მათ გარეშე, ჩვენ დავმარცხებოდით. ჯაჭვის ყველა რგოლი მტკიცედ გადაეჭდო ერთმანეთს და ჯაჭვის გაწყვეტა ვერავინ შეძლო!!

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ იცით ჩემი აქ ყოფნის ამბავი. წერილებში არსად არ ახსენოთ ეს ფაქტი. მსოფლიომ არ უნდა იცოდეს თუ რა ეშმაკები ტრიალებს ჩემ თავს. არავინ არ მოელის იმას,რომ მე ვიქნები ამ არმიის სარდალი. არც იმას ელიან, რომ საერთოდ ინგლისში ვარ. დაე პირველები ვინც ამ ამბავს შეიტყობენ, გერმანელი ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც ერთ მშვენიერ დღესაც თავიანთ ჩაფსმულ უკანა ფეხებზე აეყუდებიან და შიშით ამოიკნავლებენ: “უფალო იესო, ეს ხომ ისევ წყეული მესამე არმია და ის ნაბიჭვარი პატონია!”

ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯოჯოხეთს აქ მოვუღოთ ბოლო. რაც უფრო სწრაფად გავწმენდთ აქაურობას ამ წყეული ნაგვისგან, მით უფრო სწრაფად მოვაწყობთ გასეირნებას წითელშარდიანი იაპონელებისაკენ და მათ ბუნაგსაც მოვასუფთავებთ დროულად, სანამ წყეულმა საზღვაო ქვეითებმა მთელი დიდება თავად მოიხვეჭეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა სახლებში დაბრუნება. გვინდა ამ ომის დამთავრება. ამ ომის დამთავრების უსწრაფესი საშუალება კი ამ ომის დამწყები ნაძირლების ჩაძაღლებაა. რაც უფრო მალე ვუტირებთ მაგათ დედას, მით მალე დავბრუნდებით სახლებში. უმოკლესი გზა სახლამდე ბერლინისა და ტოკიოს გავლით გადის და როდესაც ბერლინში შევაბიჯებთ, მე ვაპირებ, რომ პირადად დავახალო ტყვია იმ ნაბიჭვარ არამზადა ჰიტლერს! ზუსტად ისე, როგორც საზიზღარ ქვეწარმავალს!

როდესაც ჯარისკაცი მთელი დღე სანგარში ზის, მას ბოლოს გერმანელი მიაგნებს. ეშმაკსაც წაუღია ეს აზრი. ჩემი ჯარისკაცები სანგრებს არ თხრიან. მე არ მინდა, რომ მათ სანგრები თხარონ, ვინაიდან სანგრები მხოლოდ ანელებს შეტევას. იმოძრავეთ! და მტერსაც არ მისცეთ სანგრების გათხრის დრო და შესაძლებლობა. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ მოვიგებთ მხოლოდ ბრძოლით და იმის ჩვენებით გერმანელებისთვის, რომ ჩვენ უფრო მაგარი ვაჟკაცები ვართ, ვიდრე ისინი ახლა არიან, ან ოდესმე იქნებიან. ჩვენ უბრალოდ კი არ ვესვრით მაგ ნაბიჭვრებს, არამედ მთელ შიგნეულობას ამოვაცლით და მაგით ჩვენი ტანკების მუხლუხებს გავპოხავთ. ჩვენ ამ სულმდაბალ აქოთებულ ნაბიჭვრებს წარბშეუხრელად დავხოცავთ. ომი სისხლიანი, მომაკვდინებელი საქმეა. მოგიწევთ გერმანელების სისხლის დაქცევა, ან ისინი დაღვრიან თქვენ სისხლს. დაუხვრიტეთ სხეული, ესროლეთ პირდაპირ გულებში. როდესაც გარშემო ბომბები ფეთქდება, სახიდან ჭუჭყს იწმენდა და აღმოაჩენ, რომ ეს ჭუჭყი კი არა შენი საუკეთესო მეგობრის სისხლი და ნაწლავებია, რომელიც ერთი წუთის წინ შენ გვერდით იბრძოდა, მაშინ გეცოდინება რაც უნდა გააკეთო!

მე არ მივიღებ არანაირ შეტყობინებას შინაარსით: “პოზიცია მიკავია”. ჩვენ არ ვიკავებთ ამ წყეულ პოზიციებს. პოზიციები იმ ნაბიჭვარმა გერმანელებმა დაიკავონ. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ და მოწინააღმდეგის ყვერების გარდა არაფრის დაკავება და ხელში ჩაგდება არ გვაინტერესებს. მერე კი ყვერებით უნდა დავაბზრიალოთ და განავალი პირიდან ვაყრევინოთ. ჩვენი ოპერაციის მთავარი მიზანი არის წინსვლა და მუდამ წინსვლა. მტერზე გადაბიჯება, ქვეშ გასხლტომა ან მასში გავლაც რომ მოგვიხდეს, ჩვენ ისე უნდა გავიაროთ მასში, როგორც განავალი მოძრობა უკანალში.

დრო და დრო წამოვა საყვედურები, რომ ჩვენ ხალხს მკაცრად მივერეკებით. მე სულ ფეხებზე მკიდია მსგავსი საყვედურები, რადგან მწამს ერთი ძველი და ბრძნული წესისა, რომ ერთ უნცია ოფლს ერთი გალონი სისხლის გადარჩენა შეუძლია. რაც უფრო მაგრად მივაწვებით, მით მეტ გერმანელს მოვკლავთ, რაც უფრო მეტ გერმანელს მოვკლავთ, მით უფრო ნაკლები ჩვენიანი დაიღუპება. მიწოლა ნიშნავს ნაკლებ მსხვერპლს. მინდა ეს კარგად დაიხსომოთ.

არის კიდევ ერთი დიდებული რამ ჯარისკაცებო, რისი თქმაც ამ ომის დასრულების და სახლებში დაბრუნების შემდეგ შეგეძლებათ. თქვენ მადლობლები იქნებით იმისა, რომ, როდესაც 20 წლის შემდგომ, ბუხართან მჯდომს, მუხლებზე მოთამაშე შვილიშვილი გკითხავთ, თუ რას აკეთებდით დიდ, მეორე მსოფლიო ომში, თქვენ არ მოგიწევთ ჩახველება, შვილიშვილის მეორე მუხლზე გადასმა და წალუღლუღება: “იცი შენი ბაბუა ლუიზიანაში განაბალს ხვეტდა”. არა სერ! თქვენ მას თვალებში ჩახედავთ და ეტყვით: “შვილო! შენი ბაბუა დიად მესამე არმიასა და იმ წყეულ ნაბიჭვარ ჯორჯ პატონთან ერთად იბრძოდა!”

July 24, 2009 Posted by | ამერიკა, ჯარი | , , , , , , , , | 7 Comments

რას ერჩიან ევროპელებს?

ქართველი კაცის ბუნება ყველამ ხუთი თითივით იცის… როგორ ურჩევნია საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება, ჭუჭყიანი ხელების სხვაზე შეწმენდა, საკუთარ წარუმატებლობაში ვინმე გადამთიელის დადანაშაულება…ხანდახან საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ პილატე, პონტოელი კი არა, სადღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მდებარე ტერიტორიიდან ჩამოთრეული პიროვნება იყო :)

თუ სწორად მახსოვს “თეთრ ბაირაღებში” მიდის საუბარი იმ საკითხზე, რომ სწორედ ქართველებს გვაქვს საკუთარ ფრიად მდიდარ ლექსიკურ მარაგში ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: “შემომეჭამა” შემომეფცქვნა” “შემომეხია” და ა.შ. სადაც ერთი შეხედვით გაუმართლებელ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვაში, გამართლების და “მამა აბრამის ბატკნობის” ქვეტექსტი დევს…

მხოლოდ ქართველს შეუძლია გამოცდაზე წარუმატებლობა მოშორებით მჯდომი ადამიანის მიერ ტესტის სწრაფად ფურცვლას და მისგან გამოწვეულ “ხმაურს” აჰკიდოს…

მხოლოდ ქართველს შეუძლია ქუჩაში ქვაზე ფეხის წამოკვრა სხვა გამვლელის “ავ თვალს” მიაწეროს…

და ასევე მხოლოდ ქართველს შეუძლია, საკუთარი უნიათობა და ჩამორჩენილობა იმ “ბოროტი, გაზულუქებულ, კარგი ცხოვრებით გამოლენჩებულ” ევროპელების დანაშაულად მონათლოსს, რომელთაც, ცოდვა გამხელილი ჯობს და ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით იმ ცოდვის კალოში, ჩვენ თავზე რომ ილეწება ამჟამად.

ჩემი უბნისგან ოდნავ მოშორებით, რამდენიმე “ევრომონიტორი” ცხოვრობს, ყოველ დილით დაბარებულივით ჩაივლიან ჩემი სახლის წინ, არც კეთილი სალამი ენანებათ და არც კითხვებზე პასუხის გაცემა, მათი საუბრიდან კი ჩვენი ქვეყნისადმი აშკარა სიმპატია სახეზეა… რა არის გაუგებარი იმაში, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც უხარიათ სიტყვაზე ის, რომ ვიღაც ხელს დაუქნევს ან ერთი ჭიქის დასალევად მიიპატიჟებს საქართველო – ევროკავშირის მეგობრობის დასალოცად…

მაგრამ ხალხის სამწუხაროდ დიდი ნაწილი, აშკარა აგრესიით ეკიდება მათ და უნდობლობითაა გამსჭვალული… არ იშურებენ არანაირს დამცინავ ეპითეტებს, რომელთა შორის “შეშფოთებული” “აღშფოთებული” “დამგმობი” და ამგვარი ზედსართავი სახელები ჭარბობს… არასოდეს დამავიწყდება, როგორ ჩამოართვა ხელი ერთმა შუახნის მამაკაცმა მონიტორს და ღიმილით უთხრა: “მოდი ერთი ჯიგრულად შევშფოთდეთო” ხოლო ჩემი ნათარგმნი შეკითხვა ასე ჟღერდა: “გეკითხებათ, როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა”

გუშინ ტოტალიზატორში სანამ ბილეთის შევსებაზე ვჯახირობდი, ტაიმებს შორის შესვენებაზე საინფორმაციო გადაცემაზე გადართეს, სადაც ხუთიოდე წამით ნიკოლა სარკოზიმ გაიელვა, თუმცა ეს ხუთი წამი საკმარისი აღმოჩნდა გინების იმ “საარტილერიო ცეცხლისათვის” რომელიც “ტოტალიზატორშიკებმა” გახსნეს, რასაც მოყვა მერკელის ხსენება ყველა ბრუნვაში და ობამა გემოვნებით… ამ ყველაფერს თან სდევდა “ჯანსაღი” პოლიტიკური დისკუსია… მთელი ამ ბზუილიდან კი ის დასკვნა გამოვიტანე, რომ აგვისტოში რუსულ ტანკებს სარკოზი მოუძღოდა, ხოლო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გერმანული საოკუპაციო ჯარები იდგნენ…

მართლა სასაცილოა რა…

ერთხელ მაინც თუ ჩაუხედავთ საკუთარ გულებში, როგორ ითხოვენ იგივე გერმანიისაგან საქართველოსადმი ისეთ ქცევას, როგორიც სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოს შეშვენის, როდესაც გერმანულ მაღაზიებში განცხადებები კიდია წარწერით: “ქართველებო არ მოიპაროთ”… ხოლო საფრანგეთში კი ქართველები მზად არიან “ოსების გენოციდის’ ამბავს ხელი მოაწერონ, ოღონდ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ… მერე გვიკვირს მეპს რატომ არ გვაძლევს გავასქელი მერკელი და ცოლის მონა სარკოზიო…

ქართველებში უკვე საფუძვლიანად დანერგეს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ევროპელები არაფრის მაქნისები არ არიან და იარაღის დანახვაზე ქალწულებივით თრთიან…ის კი ავიწყდებათ, რომ 1990 – იან წლებში, როდესაც ევროპის ზუსტად ყურისძირში, კარაჯიჩი, მლადიჩი და Co ბოსნიელ მუსულმანებს თავზე აფხრეწდა ყურანს (და მაგას ვინ ჩივის, ცოცხლად წვავდა) ევროპა მართლა გაყურსული იჯდა, სამაგიეროდ შენ, მართლაც გადამთიელს, უსწრაფესად გამოგიგზავნა დამკვირვებელთა მისია, რომლის დამსახურებითაც, დღეს ერგნეთში, ტყვიავში, კარალეთში, მეღვრეკისში და კიდევ სხვა სოფლებში ქართული ლაპარაკი კიდევ ისმის… გამოგიყო საკმაოდ დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება (კრიზისის პირობებში) და ა.შ. დანარჩენი წვრილამანებია უკვე….

არააა, ევროპელები რომ კარგები ყოფილიყვნენ ქუდზე კაცს დაუძახებდნენ და რუსებთან ომს დაიწყებდნენ (აი კარგი ევროპელი ქართველის გაგებით)

ამნაირ ევროპელებს უნდა აგინო, ლანძღო, გაქურდო ყველანაირად შეურაცხყო… ეგ ხომ “კაცი არ არის” (შენ ხარ სამაგიეროდ, სარკოზის ცოლზე რომ ხორხოცებ ხმამაღლა)

ყელში ამოვიდა უკვე ამდენი ცინიკური დამოკიდებულება, ბოლოს და ბოლოს საფრანგეთმა რომ ელზას – ლორენი დაკარგა ქართველებს სთხოვდა დაბრუნებაში დამეხმარეთო, თუ გერმანია იტყვის “ეკონომიკურ სასწაულში” ქართველებს გარეშე ჩვენ ფეხებს ვიზამდითო? რა ძნელია იმის გააზრება, რომ სახელმწიფოები “ლამაზი თვალების” გულისთვის არ იღწვიან არა?

ამ საუბარში ქართველი კაცის მეორე თვისებას მივადექი, წარმატებული ადამიანი რომ სძულს და შურით ივსება მისდამი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა ვგონებ…

April 12, 2009 Posted by | მსოფლიო, პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო | , , , , , , | 7 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.