გუშინ
გუშინ ქართული სპორტის მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო დღე იყო, რადგან საქართველოს ორი ნაკრები გუნდი თამაშობდა. 2 საათზე 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ისლანდიას მასპინძლობდა, ხოლო 4 საათზე ქართველი მორაგბეების გუნდი არგენტინის “ა” ნაკრებს უნდა დახვედროდა.
მოხდა ისე, რომ ორივე თამაშზე მომიწია ყოფნა – ფეხბურთის პირველ და რაგბის მეორე ტაიმზე. საერთოდ ხშირად ვერ ვახერხებ ნაკრების თამაშზე სიარულს, სულ 5 – 6 ჯერ ვარ ნამყოფი (მხოლოდ ფეხბურთზე) და არასოდეს გამჩენია სურვილი ტაშის დაკვრის გარდა, რაიმე სხვა მოქმედებით ან ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება, ალბათ ცუდი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მინდორზე დუნედ მოძუნძულე ფეხბურთელებს მთელი გულით ვუქომაგო. არც ის იქნება ახალი, თუ დავამატებ, რომ მორაგბეების შემთხვევაში საქმე სრულებით სხვაგვარადაა. ჰოდა მეგობართან თამაშების დროს რომ ვაზუსტებდი ჩემდა უნებურად წამომცდა: ”ფეხბურთი ლოკომოტივზეა და ნაკრები დინამოზე თამაშობს არა?” მეთქი და მერე გამეცინა.
აქვე მინდა დავამატო, რომ გუშინ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო (პირველ ტაიმში) არაფერი მქონია, პირიქით, მაგრამ რაც მე გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე ვნახე, მართლა არასოდეს დამავიწყდება…
ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მეორე ტაიმს მაინც მივუსწარი.
აი რას ჰქვია ნაკრები! აი, რას ჰქვია თამაში, როდესაც შენ ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს! აი რას ჰქვია მონდომება, როდესაც იცი, რომ სრულიად საქართველო შენ შემოგყურებს და შენი წარმატებით ხარობს! აი რას ნიშნავს იმის გაცნობიერება რომ შენ საქართველოს ღირსებას იცავ!
დასაჯდომის მოძებნა არც მიცდია, თვალი მოვკარი თუ არა ყველაფერი დამავიწყდა.
გუშინ გავაცნობიერე რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყანა გამარჯვებულია. ჯერ არასოდეს არ მენახა ცოცხლად, როგორ იმარჯვებდა საქართველოს ნაკრები…
იმარჯვებდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და იმარჯვებდა ისე, რომ ნებისმიერ მორაგბეს ეტყობოდა – უმალ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერდა ხელს, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის მოედანზე რაიმის დათმობაზე.
საოცარი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ.
გუშინვე მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონს “დამატებით მოთამაშეს” უწოდებენ. არც ერთი ტრიბუნა არ გაჩერებულა! დიახ, სწორედ მორაგბეები იმსახურებენ ასეთ მხარდაჭერას ასეთ შეუპოვარი და ჯიგრიანი ბრძოლისთვის!
გუშინ მე გამარჯვებული საქართველო ვნახე…
გმადლობთ ბიჭებო! საქართველო ამაყობს თქვენით!
რეალი არასოდეს დაეცემა!!!
მართლა შავბნელი დღე გაგვითენდა რეალის გულშემატკივრებს, რაც არ უნდა ყოფილიყო 2:6 მაინც ნამეტანია, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მთელი ბარსელონას მიმართ რაღაც საოცარი რევანშიზმის გრძნობა მამოძრავებს, დედაბუდიანად უნდა გაწყვიტო ეგ სეპარატისტები (ფეხებზე მკიდია პოლიტკორექტულობა)
არა და რა ფეხბურთს ეგენი თამაშობენ, მართლა ვერავითარ სილამაზეს, ვერავითარ სიცოცხლეს მაგათ თამაშში ვერ ვხედავ, უბრალოდ ფეხბურთელების მაგივრად ცხენები ყავთ, რომლებიც სულ არ გამიკვირდება დოპინგითაც რომ იჭყიპებოდნენ (ფეხებზე მკიდია ობიექტურობა)
რა გაუძლებს ახლა ბარსელონას ფანებს, რეალთან ყოველი მოგებული თამაშის მერე ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით რომ მომრავლდებიან ხოლმე და ნებისმიერ საფიხვნოზე ერთი ღრიანცელი გაუდით, ჯერ ის 0:3 არ ქონდათ დავიწყებული, ყარაულის დამპალი თოფივით რომ გაუვარდათ და ეს ხომ ეყოფათ ალბათ ჯოჯოხეთში ჩასატან ამბად
რაღაც შეურაცხყოფილივით ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა, რომელიც ისეთივე გარდაუვალია, როგორც ქორწილის ღამეს პატარძლის “გაიმასქნება” და ისიც ვიცი, რომ ამაზე დიდი ანგარიშებითაც მოგვიგია ბარსელონელი უსახურებისთვის და ბევრად უფრო დიადი კლუბის სახელიც დაგვიმკვიდრებია საფეხბურთო ისტორიაში…
ყველაზე მეტჯერ მოგებული ესპანეთის პრიმერა
ყველაზე მეტჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა
და ბოლოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად აღიარება! გუნდი, რომლის შესრულებულ ფეხბურთსაც “თეთრ ბალეტს”უწოდებენ, გუნდი რომელსაც ერთნაირად ქომაგობენ პირსისხლიანი დიქტატორი, ესპანეთის მონარქი და მსოფლიოს მილიონობით სხვა მოქალაქე
სანტიაგო ბერნაბეუ ყველაზე მოხდენილი სტადიონია მთელ მსოფლიოში, ბერნაბეუს ინჩადა ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი… რეალის შემადგენლობა კი მუდამ გამარჯვების და ტიტულებისთვის ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, უკვე ლეგედარული საფეხბურთო კოლექტივი!
რეალი ეს სიდიადეა, რეალი ეს ღირსებაა, რეალი ეს სიამაყეა!!!
ჩვენ დავბრუნდებით!!!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS