ჩემი ძმა, კომპიუტერი, მუხროვანის ამბოხი, პიეს 2009, სამაგისტრო გამოცდები და სხვა
ბევრ საკითხს მინდა მივედ – მოვედო ამ პოსტში და ჩემი ბლოგის არქივში შევინახო ის ფიქრები, ახლა 2009 წლის 29 ივნისს რომ მიტრიალებს თავში.
სათაურში არ მიწერია, მაგრამ საქართველოში დღეს მგონი ყველა ამაზე ფიქრობს. დიახ, კავკასია 2009 დაიწყო… ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, იქნება თუ არა ახალი ომი ან თუ იქნება როდის. მე პირადად ისევ მშვიდად ვარ და მგონია, რომ ომი არ იქნება. დედაჩემსაც ვამშვიდებ. რომ ჩამოვედი გორში ძალიან აღელვებული დამხვდა, მაგრამ ჩემი გამოსვლის მერე ის გამახსენა, შარშან 8 აგვისტოს გერმანულზე რომ მივდიოდი და ვიძახდი არაფერი საშიში არ არის მეთქი
სამწუხაროდ გერმანულის გაკვეთილებსაც მანდ დაესვა წერტილი, იმიტომ რომ ქალბატონმა მასწავლებელმა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გორში ჩამოსვლა ვერ გაბედა
მოკლედ ომი არ იქნება რა, ნამდვილად მჯერა და ვუცხადებ ბრძოლას პანიკიორებს.
გამოჩნდა ახალი პრობლემა: ჩემი ძმის ინტერნეტით გატაცება. უკვე ხვეწნა მჭირდება იმისთვის, რომ ცოტა ხანი მაუსი ხელში ვიგრძნო და ამის მთავარი მიზეზი, ჯოკერის სათამაშო პროგრამაა, სადაც ძალიან სურს “ჩაინიკი” რომ უწერია სტატუსში ეგ შეცვალოს
ჰოდა ათენებს და აღამებს კომპთან მე კი უბნის “ბირჟავიკებთან” ენის ფხანის საშუალებას მაძლევს.
გუშინ ვესაუბრე მუხროვანის ე.წ. “ამბოხის” მონაწილე ერთ – ერთ ტანკისტს. ბიჭმა ლამის ხატზე დაიფიცა რომ არაფერი ამბოხი იქ არ მზადდებოდა და ჩემ ვიშინსკისეულად დასმულ კითხვას “მართლა აპირებდით თბილისისკენ დაძვრას?” ჩემთვის საყვარელი, მსუბუქი ქართლური კილოთი ისე მიპასუხა: “არა ძმაო, შემომხედე მე ქართველებზე ხელს ავწევდი ძმაო? არავინ იყო ამის გამკეთებელი” რომ შემრცხვა. მოდულში როგორ დაკითხეს ეგ საწყალი, მაგას არ დავწერ, იმედია ისედაც დამამახსოვრდება.
ვემზადები ორი გამოცდისათვის: საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 8 – 10 ივლისს და Ielts – ის გამოცდისათვის 23 ივლისს. რომ ვთქვა არ ვღელავ მეთქი ცხვირი გამეზრდება
ამიტომაც ვიტყვი, რომ მცირედი მღელვარებით ვხვდები ამ ყველაფერს, მჯერა ბაკალავრიატის გამოცდაზე ჩემ მიერ გამოგონილი “უნარების მფარველი ანგელოზი” არც ამჯერად გამწირავს
მაგრამ მას ხელს შეუშლის ბოროტი ანგელოზი, რომელიც მაიძულებს დღე და ღამე მეზობლის კომპზე პიეს 2009 ვითამაშო და სახლში ღამის საათებში მივიდე. არა და ეს ფეხაკრეფით შემოსვლაც ამოვიდა ყელში რა
და ზაფხულია ტრადიციულად უნდა ამოვიქშინო და დავამატო, რომ საშინლად ცხელა თბილისში. ახლა მინდა ჩემი პატარა და გრილი გორი, მაგრამ ხუთშაბათამდე ვერ ვეღირსები და ამიტომაც ბლოგზე მაინც გავიხსენებ მამაც ქალაქს.
ეჰ წავედი, წავედი….
სიზარმაცეს მოუკვდა მომგონი
რაც ბლოგერის წმიდათაწმიდა საქმიანობას შევუდექი, ასეთი ხანგრძლივი პაუზა არასოდეს გამიკეთებია, არა და რა ენთუზიაზმით ვიწყებდი, ყოველდღე ახალი პოსტის დადებასაც ხომ ვაპირებდი ჩემი ჭკუით
თურმე ფირუზასთვის სახეში შემოლაწუნების თემა ისევ აქტუალურია.
მაგრამ როგორ გინდა ბლოგზე აფქვიო სიბრძნეები, როდესაც მთელი სემესტრის მანძილზე გასაკეთებელ დავალებებს მორცხვი ღიმილით ვტენიდი ჩემი საწერი მაგიდის ბოლო უჯრაში და ეტყობა იმის იმედი მქონდა, რომ რეფერატები თავისით დაიწერებოდა… მერე მეტყვიან ურჯულო ხარო და ვინ გაიგებს, რომ მე თავისით შესრულებული დავალებების მწამს ხოლმე (როგორც მინიმუმ აპრილის ბოლომდე)
ახლაც ამ პოსტს რომ ვწერ, კიდევ იმდენი მაქვს საწერი, რომ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, სულ მცირე მაუსზე მაინც განახორციელებდა ძალადობას, მე კი ვზივარ და ჩემ ბლოგს ვეწუწუნები: ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ბლოგი, მე და ბლოგი
და ეს ყველაფერი რატომ???? იმიტომ, რომ თავის დროზე არავინ დამარტყმევინა თავი მაგიდაზე და მითხრა, რომ გიგლა ტიტინა სწორედ ჩემნაირებისთვის დაწერა ვიღაც მადლიანმა და არა იმიტომ, რომ ახლა მისი სახელი ბლოგში მეხსენებინა… მაგრამ არა, არა და არა, მე ავადმყოფი ვარ, სიზარმაცის განუკურნებელი სენით შეპყრობილი, ამ ავადმყოფობისაგან გატეხილი ადამიანი…
გუშინ ზვიკიმ მითხრა, რაღაც სახალისო კვლევა ჩაუტარებიათ ამერიკელებს (მაგათ ვენაცვალე) და აღმოუჩენიათ პიროვნება, რომელმაც ასე ვთქვათ გამოიწვია ფინანსური კრიზისი, ანუ ის ადამიანი რომელმაც პირველმა არ გადაიხადა იპოთეკური ვალი (თუ რაც არის) რომელიღაც ბანკში, ჰოდა მეც ვფიქრობდი გუშინ (მართლა ვფიქრობდი) თუ ვინ იყო ის მიწაგასახეთქი, პირველად რომ დაეზარა რაღაცის გაკეთება, პირობითად მიიხედ – მოიხედა წაიბურდღუნა ამას ხომ მერეც გავაკეთებო და წამოკოტრიალდა….
ჰოდა ახლა მივმართავ მაგ უნამუსოს და სტანდარტული ქართველი ბებიის წყევლის ვერბალურ არსენალში არსებული მთელი მარაგის გამოყენებით “ყოველივე კარგს ვუსურვებ” სადაც არის…
საინტერესო იდეა იქნებოდა სიზარმაცის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება (ამაზე ალბათ ბევრს უფიქრია) ასცხებდი ერთ ტაბლეტს და მერე მთელი დღე, თუკი საქმისაგან მოწყვეტას დააპირებდი, ერთი კაი “ჯიგრული” კრუნჩხვა დაგივლიდა თხემით ტერფამდე … ცოტა დასახვეწია, მაგრამ დრაფტად გამოდგება
აბა სად ველოდო მე ახლა იმის შეგნების განვითარებას, რომ სიზარმაცე დამღუპველია
წავედი ახლა განვაგრძო ტანჯვა, მარტო ის მიკლავს გულს, რომ “წმინდა ლევან წამებულის” ტიტულს არავინ მომანიჭებს ;(
ვანუს ოქროს დღე
დღეს მაგარი დღე იყოოო. . . მართლა მაგარი. . .აი მართლა ჯემააააალ რა:)))
ჩვენი ვანუ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საორგანიზაციო კომიტეტის (ამას რომ ვწერ ნახევარი ბოთლი ვოდკა მაქვს ნაყლაპი) თავმჯდომარე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღაც ერთ თვეში უკვე სრულყოფილი თვითმმართველობის უსრულყოფილესი თავმჯდომარე გახდება. . . მერე ვნახოთ. . . ჩემი ბლოგიდანაც გილოცავ ვანუ და სულ წინსვლას გისურვებ :არყის ჭიქა და ენის ბორძიკი:
ჰოდა, ამ ამბის ეგრე გაშვება როგორ შეიძლებოდა ხელიდან, ამიტომაც დატრიალდნენ ხელმარჯვე ოსტატები და საგრძნობლად გაზარდეს ალკოჰოლის დონე ორგანიზმში, როგორც ყოველთვის ძველი ამბების გახსენება სიცილით და ახალ ამბებზე საუბარი ხარხარით. . .რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს დარა წისქვილის ქვამ თუ რუსულმა ბომბდამშენმა არ უნდა გადაიაროს ჩემ თავზე, მაინც არ მომბეზრდება ამ ხალხთან ერთად ერთად დროის ტარება.
ჩუვაკმა გადაგვაგდო მაგ ახვარმა, რეკლამა მაქვს გასაკეთებელიო, ხალხი არა ხააართ….მაგას მე ვიცი ვანუ ჩაუტარებს ვენდეტას (თუ როგორც არის) და მე კიდევ რაც მაგის სულიკოს და სხვა ლექტორებს თუ მენტორებს “მოკითხვა” შევუთვალე დღეს ტკბილად კი დაიძინებდნენ…
კაი რამეა რა ეს ბლოგი, დაჯდები საღამოს და მთელი დღის ამბებს მშვიდად გაიხსენებ, დრო გავა, შეხედავ, გაგეცინება (მამენტ აგეტირება კიდეც) და იფიქრება რა სლე ან რა კარგი ბავშვი ვიყავიო…
წავედი ახლა ჩემი ამერიკის ისტორია გადავამუშავო, როგორ მინდა ფურცელ – ფურცელ დავაფხრიწო ეგ წიგნი თავზე იმ სოვიეტა ბებია ბაბუებს ტუალეტშიც რომ ვეღარ გადიან დამოუკიდებლად და მაინც რომ ჩიფჩიფებენ: “ამერიკაშ რა იშტორია აქვშ შვილო, მაშონები არიან ეგენი” ღრრრრრრ რაააააა…..ის მოთხრობა მახსენდება დათვი რომ ბლატაობს, მე 2 წლის ვარ და აბა რამე გამიბედეთო, მაგრამ ეგ რა შუაში იყო კაცუ????
დღეს ჩავიფიქრე, რომ ყოველდღე ახალი პოსტი დავდო, თუ ინტერნეტმა არ შემიშალა ხელი…
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS