პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

4 ნოემბერი

ეს წუთია კალენდარს შევხედე და რაღაცა სასიამოვნოდ მომხვდა თვალში. დღეს 4 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ჩემმა (და არა მარტო ჩემმა) ფავორიტმა კანდიდატმა – ბარაქ ობამამ.

დიდებული დღე იყო, მართლაც რომ შესანიშნავი.

ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუჭერ მხარს ამ პოლიტიკოსს, რა არის მისი დადებითი მხარე და რა პოზიტიური ნიშნების გამოკვეთა შეიძლება, მისი პრეზიდენტად ყოფნის ჯერ – ჯერობით არასრული ერთი წლის განმავლობაში.

მოდით ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრებები, რომ იგი “მასონების მოყვანილია, “მარიონეტია”, “მემარცხენე – კომუნისტია”, “გადაწყვეტილებას ვერ იღებს”, “აზრზე არ არ არის” და მივყვეთ პუნქტობრივად მის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებას. რა თქმა უნდა მხოლოდ მნიშნველოვან საკითხებში, რადგან სრულად ეს შეუძლებელია და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.

1) ეს არის ეკონომიკური კრიზისი – ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკური სტიმულირების მეტად თამამ გეგმას, ძალიან ბევრი კრახს უწინასწარმეტყველებდა. მოხდა პირიქით. ეკონომიკის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს დროულმა ჩარევამ თავიდან ააცილა ქვეყანას კრიზისის უფრო მეტად გამწვავება და მეტიც, ბოლო დროინდელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მ.შ.პ. და ეკონომიკა მატულობს და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას კი, რა თქმა უნდა კიდევ მეტი დრო დაჭირდება. მთავარი ერთია – ობამას ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება კრიზისს (აღსანიშნავია, რომ მიდის მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მისაღებად, რაც ნაკლებად მოწყვლადს გახდის ამერიკას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მხრივ)

2) უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა – არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ  როგორ ძარცვავენ ხალხს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები. ამ სფეროში ფაქტიურად არანაირი კონტროლი არ არსებობს და მსხვილი კორპორაციები მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. ამერიკის მილიონობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს დაზღვევით, მისი მეტად მაღალი ფასების ან კაბალური პირობების გამო. პრეზიდენტ ობამას გეგმა, ითვალისწინებს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას და დღეს – დღეობით გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც კონგრესში ასე კულისებს მიღმა. წინააღმდეგობა მეტად დიდია და მე უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ ობამას, ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. რეფორმისა, რომლის გატარებაც ვერც ერთმა პრეზიდენტმა აქამდე ვერ შეძლო.

3) ომები ერაყსა და ავღანეთში – დაპირებისამებრ, ერაყიდან ამერიკული კარების ნაწილობრივ გამოყვანა უკვე დაწყებულია და ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ამერიკელი სამხედროები დატოვებენ ერაყის მიწას. მათთვის კი ვისაც ეგონა, რომ ობამას ჯარები გაპრეზიდენტებიდან ნახევარ საათში უნდა გამოეყვანა, უნდა ვთქვა რომ არსებობს ტერმინი: Responsible withdrawal.

რაც შეეხება ავღანეთს, აქ მხოლოდ ამერიკის კი არა ნატოს პრესტიჟიც დევს სასწორზე. ობამა, რომელიც ბუშისგან განსხვავებით, პირადად ესწრება უცხო მიწაზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესს, ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე არავის დაავიწყდეს, რომ მთავარი თალიბანის აღგვა კი არ არის პირისაგან მიწისა, არამედ ავღანეთში მეტნაკლებად გამართული დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა და ამუშავებაა. ასე რომ ე.წ. “ქორების” რიტორიკა ხშირად უსაფუძვლო და გონივრულობას მოკლებულია. ავღანეთის ომი მოსაგებია და მას ცხელი თავი კი არა, ცივი გონება მოიგებს.

4) ურთიერთობები რუსეთთან – აღარ არის ისეთი კონფრონტაციული და მუქარის ტონით აღსავსე, როგორც უწინ. ობამამ ხელი აიღო არაპრაქტიკულ და უსარგებლო გეგმაზე პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, თუმცა იგი ჩაანაცვლა ბევრად უფრო მოქნილი და გამოსადეგი ანტისარაკეტო ფარით, რითაც ერთის მხრივ მოხერხებულად მოუსპო რუსეთს სპეკულირების თემა და ამავდროულად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ ობამას ძალისხმევით დიდწილად მოხერხდა ქართულ – რუსული სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია (კრიტიკოსებს შეუძლიათ წაისისინონ რომ ტერიტორიები ისევ დაკარგულია, მაგრამ ამაში ობამას იმდენი წვლილი მიუძღვის, რამდენიც მე ამერიკის აღმოჩენაში)

და როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ობამას სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში: კერძოდ, პრეზიდენტ მედვედევის მხარდაჭერა და პრემიერ პუტინის “ჩაჩოჩება”, პრაგმატულია. ღია კონფრონტაცია რუსეთთან არახელსაყრელია, საჭიროა შედარებით ლიბერალური, ხისტი “კგბ” – შნიკური აზროვნებისგან თავისუფალი, შედარებით რეფორმისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. ეგ ქვეყანა, შესაძლოა მხოლოდ შიგნიდან შექმნილი სირთულეების, “თავიდან აყროლების” გამო მოიდრიკოს. თეორიულად ეს მიდგომა გამართლებულია, პრაქტიკულ შედეგებს დრო ჭირდება.

5) ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან. ირანი. – ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მართალია ობამამ ნათლად დააფიქსირა, რომ ირანთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ბილწ განზრახვაზე როგორც ჩანს უარის თქმას არ აპირებს. ვფიქრობ პრეზიდენტს მუშაობის გაქტიურება სწორედ ამ მიმართულებით მართებს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ჩიხური სიტუაცია რაც ამ მიმართულებითაა შექმნილი. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს კაიროს მიმართვა, სადაც ობამამ ნათლად გაუწოდა ხელი მუსლიმებს და ახალი ფურცელი გადაშალა ამერიკა მუსლიმური სამყაროს ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.

6) ურთიერთობები საქართველოსთან – ეს შეიძლება 4 საკითხის ქვეპუნქტიც ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ ობამას ადმინისტრაცია კვლავინდებურად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით არ ცდილობს უხეშად ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, რაც შეეხება მოწოდებებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ეს მხოლოდ სასიკეთო სიგნალებია (თუმცა უარყოფითი მმართველი რეჟიმისთვის)

ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ დიდი დრო აღარ დარჩა გუანტანამოს ბაზის დახურვამდე, რაც მეტნაკლებად გამოასწორებს ამერიკის შელახულ პრესტიჟს, გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპის და აზიის სახელმწიფოებთან და საერთოდ ის ახალი, იმედის და კეთილგანწყობის ტალღა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ამ ადამიანმა, დაუმსახურებლად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?

რომ ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს რომ აფროამერიკელია?

რომ ის უმოქმედო პრეზიდენტია?

მისი ინაუგურაციიდან ჯერ მხოლოდ 10 თვე გავიდა…

4 ნოემბრიდან კი ზუსტად 12

YES WE DID!

November 4, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა, ობამა, პოლიტიკა, საზოგადოება | , , , , | 2 კომენტარი

10 ბუშიზმი

ამერიკის 43 – ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ჩემთვის დაახლოებით ისეთივე ოდიოზური პოლიტიკოსების რანგში გადის, როგორებიც არიან ახმადინეჯადი, ჩავესი, არაფატი, ყარზაი, ძინტაო, კასტრო, მორალესი და ძმანი მათნი. სულით და გულით მეზიზღება ეგეც და იმ სისხლისმსმელი რესპუბლიკელების (ჩეინი, ვოლფოვიცი) ბანდაც, რომელმაც ამერიკას ასე შეულახეს პრესტიჟი. და რადგანაც არ მაქვს იმის საშუალება, ბუშების ტეხასის რანჩოს “ვუმტვრიო საკეტურები და ვლეწო ტაძრები კელაპტრიანი”, ჩემი ბლოგიდან მოვიფხან გულს და დავწერ 10 ბუშიზმს (სულელურ, უაზრო გამონათქვამებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მის ბაგეთაგან იფრქვეოდა)

1) მე მინდა აქ ყოფნისთვის მადლობა გადავუხადო ჩემ მეგობარს, სენატორ ბილ ფრისტს. მსურს იცოდეთ, რომ მან ტეხასელ გოგონაზე იქორწინა. ისეთივე დასავლეთ ტეხასელ გოგონაზე, როგორიც მე ვარ.

2) უკვე საუკუნენახევარმა განვლო მას შემდეგ, რაც ამერიკამ და იაპონიამ თანამედროვეობის ერთ – ერთი ყველაზე დიადი და გამძლე ალიანსი შეკრეს.

3) ვფიქრობ ომი სახიფათო ადგილია.

4) ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აფრიკაზე. აფრიკა ეს არის ერი, რომელიც განუკურნებელი დაავადებით იტანჯება

5) მე ვიცი, რომ ადამიანს და თევზს ძალუძთ მშვიდობიანი თანაცხოვრება

6) ტეხასის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მე საშუალო სკოლებში მაღალი სტანდარტები დავაწესე და მე ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი

7) ვაცხადებ, რომ ისევ არსებობს მტერი. მტერი, რომელსაც სურს, რომ ისევ თავს დაესხას ამერიკას და ამერიკელებს. ეს არის რეალობა და მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

8) სანამ პრეზიდენტად მოვიდოდი, ჯერ პრეზიდენტში მოვედი.

9) ჩვენი მტრები ალღოიანები და წელგამართულნი არიან, ისევე როგორც ჩვენ. ისინი მუდამ ფიქრობენ, როგორ ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც ჩვენ.

10) მე არ მესმის რატომ არ უნდა იყოს ინგლისური საერთაშორისო ენა. ამ ენაზე ხომ იესო ქრისტე საუბრობდა.

სექტემბერი 12, 2009 Posted by polkovniki | Uncategorized | , , , | 10 კომენტარი

ჯორჯ პატონის უკვდავი მიმართვა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი

ერთ – ერთი უმაგრესი Speech კაცობრიობის ისტორიაში. ცოტა დიდია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, პირობას ვაძლევ რომ არ ინანებს. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილები გამუქებული მაქვს.
1944 წლის 5 ივნისი (სადღაც ინგლისში)

ჯარისკაცებო! მთელი ეს მოარული ჭორები, რომ ამერიკა თავს არიდებს ომს, ამერიკას არ სურს ბრძოლა და ა.შ. სულელური მონაჩმახია. ამერიკელებს ტრადიციულად უყვართ ბრძოლა. ყველა ამერიკელს უყვარს ბრძოლის ეშხი და სიმაფრე. თქვენ დღეს აქ სამი მიზეზის გამო იმყოფებით: პირველი იმიტომ, რომ აქ თქვენი სახლების და საყვარელი ადამიანების დასაცავად ხართ, მეორე იმიტომ, რომ აქ თქვენი პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის დგახართ, რადგან არ ისურვეთ სხვაგან ყოფნა, მესამე იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ და ყველა ნამდვილ მამაკაც უყვარს ბრძოლა. როდესაც თქვენ, ყველა აქ მყოფი ბავშვები იყავით, ყველანი აღმერთებდით ყველაზე დაკუნთულ მოვარჯიშეს, ყველაზე სწრაფ სპრინტერს, ყველაზე მაგარ მოკრივეს, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის ლიგის ყველაზე ძლიერ მოთამაშეს. ამერიკელებს გამარჯვებული უყვართ. ამერიკელებმა არ იციან დამარცხებული შეწყნარება. ამერიკელებს სძულთ მშიშრები. ამერიკელები მუდამ მოსაგებად თამაშობენ. ჯოჯოხეთში, ზედაც არ შევაფურთხებდი ისეთ კაცს, რომელიც დამარცხდა და გაიცინა. სწორედ ამიტომაც ამერიკელები არასოდეს დამარცხებულან ომში და არც არასდროს დამარცხდებიან. ამერიკელთათვის დამარცხების იდეაც კი საძულველია.
ყველა თქვენგანი არ დაიხოცება. მხოლოდ თქვენი 2 პროცენტი ემსხვერპლება მთავარ ბრძოლას. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს ეწვევა. დიახ, ნებისმიერ ადამიანს ეშინია თავისი პირველი ბრძოლის წინ და თუკი იძახის, რომ არ ეშინია, ესე იგი მატყუარაა. ზოგი ადამიანი მშიშარაა, მაგრამ ისე იბრძვის, როგორც მამაცი, ანდაც პირდაღებული შესცქერის, როგორ იბრძვიან მისსავით შეშინებული ჯარისკაცები და ჯოჯოხეთიდანაც ლანძღვით უმასპინძლდებიან. ნამდვილი გმირი ისაა, რომელიც მაინც იბრძვის იმის მიუხედავად, რომ ეშინია. ზოგი ტყვიების წვიმაში ერთ წუთში ახერხებს ხოლმე თავისი შიშის დაძლევას, ზოგს ერთი საათი ჭირდება, ზოგსაც ერთი დღე. მაგრამ ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ სიკვდილის შიშმა დაჯაბნოს მისი ღირსება, მოვალეობის გრძნობა და თანდაყოლილი ვაჟკაცობა. ბრძოლა ყველაზე დიდებული შეჯიბრია, სადაც ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს. მას მოაქვს ყოველივე საუკეთესო და ანადგურებს ყოველივე სულმდაბლურსა და ბილწს. ამერიკელები ამაყობენ საკუთარი მაგარი ბიჭობით (He man) და არიან კიდეც მაგარი ბიჭები. დაიმახსოვრეთ, რომ მტერს თქვენი არა ნაკლებ ეშინია, თუ მეტად არა. ისინი სუპერმენები არ არიან.

თქვენი სამხედრო კარიერის განმავლობაში, არასოდეს მოგწონდათ ეს “უაზრო წვრთნები” (Chicken shit drilling) როგორც თქვენ მას უწოდებდით. ამას, ისევე როგორც სხვა ყველაფერს არმიაში, განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ეს მიზანი იყო სიფხიზლე. სიფხიზლე ყოველ ჯარისკაცში უნდა იყოს ჩანერგილი. არაფრად მიღირს ის ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თითისწვერებზე არ დგას. ბიჭებო, თქვენ უკვე ვეტერანები ხართ, სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებოდით. თქვენ მზად ხართ იმისათვის, რაც გელით. ჯარისკაცი მუდამ უნდა ფხიზლობდეს, თუკი სურს რომ ცოცხალი გადარჩეს. თუ მოადუნებთ სიფხიზლეს, მაშინ რომელიმე გერმანელი ნაბიჭვარი უკნიდან მოგეპარებათ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ.

სადღაც სიცილიაზე 400 აკურატულად გათხრილი საფლავია და ეს იმიტომ, რომ ერთ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა. მინდა გითხრათ, რომ ისინი გერმანული საფლავებია, რადგან იმ ნაბიჭვარს ჩვენ უფრო ადრე მივაგენით, ვიდრე იმათ. არმია ერთი გუნდია. იგი ცხოვრობს, იძინებს, ჭამს და იბრძვის როგორც გუნდი. ეს ინდივიდუალური გმირობის ამბები ყურითაა მოთრეული. იმ ყეყეჩმა ნაბიჭვრებს, რომლებიც ამ უაზრობებს შაბათის “ივნინგ პოსტისთვის” თხზავენ, იმდენი გაეგებათ ნამდვილ ბრძოლაზე, ცეცხლის წვიმის ქვეშ, რამდენიც ჟიმაობაზე.

ჩვენ საუკეთესო საკვები, საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო საბრძოლო სული გვაქვს და საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს. ღმერთმანი, ნამდვილად მეცოდებიან ის საცოდავი ნაბიჭვრები, რომლებიც ჩვენ უნდა შეგვებრძოლონ. ღმერთმანი, ეს ნამდვილად ასეა.

ჩემი ჯარისკაცები არ ნებდებიან. არ მსურს გავიგოს ის ამბავი, რომ რომელიმე ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაჭრილი იყო. და თუნდაც დაიჭრათ, მაინც შეგიძლიათ ბრძოლის გაგრძელება, არც ესაა წარმოუდგენელი უაზრობა. მე მინდა ისეთ ჯარისკაცებს ვუსარდლო, როგორიც იყო მაგალითად ლიბიაში მებრძოლი ერთი ლეიტენანტი, რომელმაც პისტოლეტი მკერდზე მიიბჯინა, ჩაფხუტი მოიხადა, თოფი გვერდზე დააგდო და მოახლოებულ გერმანელს ჩაფხუტის ჩარტყმით გაუტეხა თავი. შემდეგ თოფს დაავლო ხელი და კიდევ ერთი გერმანელი გაისტუმრა საიქიოს, სანამ გერმანელებმა გაიგეს რა ეშმაკები ხდებოდა მათ თავს. და მთელი ეს მომენტი, ამ ადამიანს ტყვია ფილტვში ჰქონდა გაჩერებული და ისე იბრძოდა. ის ნამდვილი ჯარისკაცი იყო! ყველა ნამდვილი გმირი სულაც არაა ზღაპრის მებრძოლი. თითოეულ ადამიანს არმიაში სასიცოცხლო როლი აკისრია. არასოდეს მოეშვათ. არასოდეს დაუშვათ იმაზე ფიქრიც კი, რომ თქვენი საქმე უმნიშვნელოა. ყველა ჯარისკაცს თავისი საქმე აკისრია და მან ეს საქმე უნდა შეასრულოს. ყველა ჯარისკაცი დიდი საქმის მნიშვნელოვანი რგოლია. რა მოხდებოდა მაშინ, სატვირთო მანქანის ყველა მძღოლმა მოულოდნელად რომ გადაწყვიტოს, რომ ვეღარ უძლებს დაბომბვისა და აფეთქების გრუხუნს, გაყვითლდეს და თავით გადაეშვას ორმოში? მშიშარა არაკაცი იტყვის: “ჯანდაბას, ათას ჯარისკაცში მე არ მომისაკლისებენ”, მაგრამ რა მოხდება ყველა ჯარისკაცმა რომ ასე იფიქროს? რა ჯოჯოხეთში ვიქნებოდით ახლა? რას დაემსგავსებოდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი სახლები ან თუნდაც მსოფლიო? არა, ღმერთმა დასწყევლოს ამერიკელები ასე არ ფიქრობენ. ყოველი ჯარისკაცი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ყველა ჯარისკაცი ემსახურება საერთო საქმეს. ყველა განყოფილება, ყველა შენაერთია მნიშვნელოვანია ომის ამ ფართო სქემაში. იარაღით მომარაგება საჭიროა, ჩვენი თოფების და არტილერიის მუდმივი მზადყოფნისათვის, რათა მუდამ წინ ვიაროთ. კვარტერმაისტერი საკვებისა და ტანისამოსითვისაა საჭირო, რადგან იქ, სადაც მივდივართ, ბევრი არაფერია მოსაპარი. ყველა ჯარისკაცს თავისი მოვალეობა აქვს, იქნება ეს მზარეულობა, მრეცხავობა თუ წყლის გაცხელება.

ყველა ჯარისკაცმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მის გვერდით მებრძოლ მეგობარზეც უნდა იფიქროს. ამ არმიაში ყბამოქცეული მხდალები არ გვჭირდება. ისინი ვირთხებივით უნდა გაიჟუჟონ. თუ ასე არ მოხდება, ისინი ამ ომის მერე სახლებში დაბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტ მშიშარას გაამრავლებენ. ჩააძაღლეთ ეს მშიშარა ნაბიჭვრები და ჩვენ მამაცთა ერი გვეყოლება. ერთ – ერთი უმამაცესი ჯარისკაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ, იყო ტუნისში, გააფთრებული ღამის ბრძოლის დროს, ტყვიების წვიმაში ტელეგრაფის ბოძზე ამძვრალი ყმაწვილი. როდესაც შევჩერდი მის წინ და ვკითხე რა ეშმაკებს აკეთებდა იქ, მან გადმომძახა: “კაბელს ვაკეთებ სერ” მე შევეკითხე: “არ ფიქრობ, რომ ახლა ეს ცოტა სახიფათოა?” მან მიპასუხა: “სერ, დიახ სერ! მაგრამ წყეული კაბელი უნდა შეკეთდეს სერ!” მე ვკითხე: “ეს თვითმფრინავები, გზას განუწყვეტლივ რომ ბომბავენ ხელს არ გიშლიან?” მან კი მიპასუხა: “არა სერ, მაგრამ აუტანლად კი ხმაურობენ სერ!” აი ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი ჯარისკაცი! ეს იყო ადამიანი, რომელმაც მოვალეობას მიუძღვნა ყველაფერი რაც გააჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა, შედარებით როგორ უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს მისი მოვალეობა დროთა განმავლობაში, მნიშვნელობა არა აქვს დეტალებს.

თქვენ უნდა გეხილათ ტუნისის გზებზე მოძრავი ჩვენი სატვირთოები. ჩვენმა მძღოლებმა მართლაც რომ დიდებულად წარმოაჩინეს თავი. დღე და ღამე მოძრაობდნენ იმ წყეულ გზებზე სადაც განუწყვეტლივ სკდებოდა და ფეთქდებოდა ბომბები და მაინც, არასოდეს გაჩერებულან და არასოდეს გადაუხვევიათ გზიდან. ჩვენ ეს ყველაფერი ძველი, დიდებული ამერიკული სულის წყალობით გადავლახეთ. ამ მძღოლებიდან ბევრი 40 საათის განმავლობაში ზედიზედ იჯდა საჭესთან და მიჰქროდა. ისინი არ იყვნენ მებრძოლები, მაგრამ იყვნენ ჯარისკაცები, პირნათლად ასრულებდნენ თავის საქმეს ჯოჯოხეთურ პირობებში და შეძლეს კიდეც ეს. ისინი გუნდის შემადგენელი ნაწილები იყვნენ. გუნდური ძალისხმევის გარეშე, მათ გარეშე, ჩვენ დავმარცხებოდით. ჯაჭვის ყველა რგოლი მტკიცედ გადაეჭდო ერთმანეთს და ჯაჭვის გაწყვეტა ვერავინ შეძლო!!

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ იცით ჩემი აქ ყოფნის ამბავი. წერილებში არსად არ ახსენოთ ეს ფაქტი. მსოფლიომ არ უნდა იცოდეს თუ რა ეშმაკები ტრიალებს ჩემ თავს. არავინ არ მოელის იმას,რომ მე ვიქნები ამ არმიის სარდალი. არც იმას ელიან, რომ საერთოდ ინგლისში ვარ. დაე პირველები ვინც ამ ამბავს შეიტყობენ, გერმანელი ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც ერთ მშვენიერ დღესაც თავიანთ ჩაფსმულ უკანა ფეხებზე აეყუდებიან და შიშით ამოიკნავლებენ: “უფალო იესო, ეს ხომ ისევ წყეული მესამე არმია და ის ნაბიჭვარი პატონია!”

ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯოჯოხეთს აქ მოვუღოთ ბოლო. რაც უფრო სწრაფად გავწმენდთ აქაურობას ამ წყეული ნაგვისგან, მით უფრო სწრაფად მოვაწყობთ გასეირნებას წითელშარდიანი იაპონელებისაკენ და მათ ბუნაგსაც მოვასუფთავებთ დროულად, სანამ წყეულმა საზღვაო ქვეითებმა მთელი დიდება თავად მოიხვეჭეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა სახლებში დაბრუნება. გვინდა ამ ომის დამთავრება. ამ ომის დამთავრების უსწრაფესი საშუალება კი ამ ომის დამწყები ნაძირლების ჩაძაღლებაა. რაც უფრო მალე ვუტირებთ მაგათ დედას, მით მალე დავბრუნდებით სახლებში. უმოკლესი გზა სახლამდე ბერლინისა და ტოკიოს გავლით გადის და როდესაც ბერლინში შევაბიჯებთ, მე ვაპირებ, რომ პირადად დავახალო ტყვია იმ ნაბიჭვარ არამზადა ჰიტლერს! ზუსტად ისე, როგორც საზიზღარ ქვეწარმავალს!

როდესაც ჯარისკაცი მთელი დღე სანგარში ზის, მას ბოლოს გერმანელი მიაგნებს. ეშმაკსაც წაუღია ეს აზრი. ჩემი ჯარისკაცები სანგრებს არ თხრიან. მე არ მინდა, რომ მათ სანგრები თხარონ, ვინაიდან სანგრები მხოლოდ ანელებს შეტევას. იმოძრავეთ! და მტერსაც არ მისცეთ სანგრების გათხრის დრო და შესაძლებლობა. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ მოვიგებთ მხოლოდ ბრძოლით და იმის ჩვენებით გერმანელებისთვის, რომ ჩვენ უფრო მაგარი ვაჟკაცები ვართ, ვიდრე ისინი ახლა არიან, ან ოდესმე იქნებიან. ჩვენ უბრალოდ კი არ ვესვრით მაგ ნაბიჭვრებს, არამედ მთელ შიგნეულობას ამოვაცლით და მაგით ჩვენი ტანკების მუხლუხებს გავპოხავთ. ჩვენ ამ სულმდაბალ აქოთებულ ნაბიჭვრებს წარბშეუხრელად დავხოცავთ. ომი სისხლიანი, მომაკვდინებელი საქმეა. მოგიწევთ გერმანელების სისხლის დაქცევა, ან ისინი დაღვრიან თქვენ სისხლს. დაუხვრიტეთ სხეული, ესროლეთ პირდაპირ გულებში. როდესაც გარშემო ბომბები ფეთქდება, სახიდან ჭუჭყს იწმენდა და აღმოაჩენ, რომ ეს ჭუჭყი კი არა შენი საუკეთესო მეგობრის სისხლი და ნაწლავებია, რომელიც ერთი წუთის წინ შენ გვერდით იბრძოდა, მაშინ გეცოდინება რაც უნდა გააკეთო!

მე არ მივიღებ არანაირ შეტყობინებას შინაარსით: “პოზიცია მიკავია”. ჩვენ არ ვიკავებთ ამ წყეულ პოზიციებს. პოზიციები იმ ნაბიჭვარმა გერმანელებმა დაიკავონ. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ და მოწინააღმდეგის ყვერების გარდა არაფრის დაკავება და ხელში ჩაგდება არ გვაინტერესებს. მერე კი ყვერებით უნდა დავაბზრიალოთ და განავალი პირიდან ვაყრევინოთ. ჩვენი ოპერაციის მთავარი მიზანი არის წინსვლა და მუდამ წინსვლა. მტერზე გადაბიჯება, ქვეშ გასხლტომა ან მასში გავლაც რომ მოგვიხდეს, ჩვენ ისე უნდა გავიაროთ მასში, როგორც განავალი მოძრობა უკანალში.

დრო და დრო წამოვა საყვედურები, რომ ჩვენ ხალხს მკაცრად მივერეკებით. მე სულ ფეხებზე მკიდია მსგავსი საყვედურები, რადგან მწამს ერთი ძველი და ბრძნული წესისა, რომ ერთ უნცია ოფლს ერთი გალონი სისხლის გადარჩენა შეუძლია. რაც უფრო მაგრად მივაწვებით, მით მეტ გერმანელს მოვკლავთ, რაც უფრო მეტ გერმანელს მოვკლავთ, მით უფრო ნაკლები ჩვენიანი დაიღუპება. მიწოლა ნიშნავს ნაკლებ მსხვერპლს. მინდა ეს კარგად დაიხსომოთ.

არის კიდევ ერთი დიდებული რამ ჯარისკაცებო, რისი თქმაც ამ ომის დასრულების და სახლებში დაბრუნების შემდეგ შეგეძლებათ. თქვენ მადლობლები იქნებით იმისა, რომ, როდესაც 20 წლის შემდგომ, ბუხართან მჯდომს, მუხლებზე მოთამაშე შვილიშვილი გკითხავთ, თუ რას აკეთებდით დიდ, მეორე მსოფლიო ომში, თქვენ არ მოგიწევთ ჩახველება, შვილიშვილის მეორე მუხლზე გადასმა და წალუღლუღება: “იცი შენი ბაბუა ლუიზიანაში განაბალს ხვეტდა”. არა სერ! თქვენ მას თვალებში ჩახედავთ და ეტყვით: “შვილო! შენი ბაბუა დიად მესამე არმიასა და იმ წყეულ ნაბიჭვარ ჯორჯ პატონთან ერთად იბრძოდა!”

ივლისი 24, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა, ჯარი | , , , , , , , , | 6 კომენტარი

Time to Boldly Go Once More

ამერიკა და ამერიკული იდეალები რომ ძალიან მიყვარს, ამაში საოცარი არაფერია, ეს ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უყვარს მგონია, ან სულ მცირე აფასებს და პატივს სცემს მაინც. მაგრამ ძალიან ხშირად ისეთ ეპითეტებს ვიმსახურებ ხოლმე როგორიცაა: “სულ გაგარეკინა შენ ამ ამერიკის სიყვარულმა, გამოდებილდი ხომ იცი, რა ამერიკა მასონები არიან ეგენი, ამერიკა ბიბლიაში მოხსენიებული დიდი მეძავია” და ა.შ. მაგრამ მტკიცედ ვდგავარ და ვიდგები მანამ, სანამ ამერიკელ ერი კიდევ შობს ბაზ ოლდრინის ნაირ ხალხს

და მჯერა, რომ ამერიკაში ბაზ ოლდრინები და მასზე უკეთესები კიდევ დაიბადებიან და ახალ სიმაღლეებზე აიყვანენ ამ ქვეყანას.

დანარჩენი ვისაც აინტერესებს, ამ ლინკზე შევიდეს და ეს სტატია წაიკითხოს: http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2009/07/15/AR2009071502940.html?wpisrc=newsletter

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

ივლისი 16, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა | , | 1 კომენტარი

4 ივლისი

აგერ 4 ივლისიც დადგა და ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ჩემი ბლოგიდან ვუერთდები და მეც ვულოცავ ამერიკელებს და ქართველ ამერიკოფილებს ამ მშვენიერ დღეს.

საქართველოს გარდა ორად – ორი ქვეყანა მეგულება დედამიწაზე, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ეს ორი ქვეყანა ამერიკა და საფრანგეთია. ამ უკანასკნელს პოსტს დაახლოებით 10 დღეში მივუძღვნი :) :) :) დღეს კი 4 ივლისია და მინდა ამერიკაზე ვთქვა ერთი ორი სიტყვა.

შეიძლება ძალიან იდეალისტური პრიზმიდან ვჭვრეტ ყველაფერს, რაც ამერიკას უკავშირდება, მაგრამ მართლა გულწრფელად მწამს, რომ ამ სახელმწიფოს გარეშე მსოფლიო ბევრად უარესი იქნებოდა და რომ ამერიკა ერთგვარად აკეთილშობილებს ამ ბიწიერ სამყაროს.

დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკის კონსტიტუცია, ლინკონის სიტყვები, ამერიკელი გენერლების სიდიადე, ამერიკული იდეალების ბრწყინვალება ჭეშმარიტად აღმაფრთოვანებს. ვიხსენებ, როგორი დაძაბული ვაკვირდებოდი ბოლო წინაასაარჩევნო კამპანიას და როგორ ვუკრავდი ტაშს 4 ნოემბერს ამ დიდებულ ხალხს, მას შემდეგ, რაც მათ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ჩაუტარეს დემოკრატიის მასტერკლასი.

ადგილი, საიდანაც მსოფლიოს ეფინება თავისუფლების, შემოქმედების, ინდივიდუალიზმის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის იდეები… ეს ამერიკაა…

მახსენდება 2004 წლის დემოკრატების ყრილობაზე ბარაქ ობამას გამოსვლის დროს ნათქვამი ფრაზა: “ჩვენი სიძლიერე გამომდინარეობს არა ჩვენი სამხედრო მანქანის სიმძლავრიდან, ჩვენი ცათამბჯენების სიმაღლიდან და ჩვენი ეკონომიკის მოცულობიდან, არამედ იმ უბრალო აზრიდან, რომელიც დიდოსტატურადაა შეჯამებული და გადმოცემული 200 წლის წინათ მიღებულ დეკლარაციაში: ჩვენ გვწამს იმის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რომ შემოქმედმა უბოძა მათ ერთიანი და განუყოფელი უფლებები და მათ შორისაა სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება” – ორი ხელით გეთანხმებით ბატონო პრეზიდენტო!

დიდებულად ემსახურებიან სამშობლოს ერაყის და ავღანეთის, კოსოვოსა და ბოსნიის მიწაზე მოსიარულე ამერიკელი ჯარისკაცები, რომელთაც თავისუფლების და სილაღის ჰაერი ჩააქვთ ამ ხალხებში. მამაცურად იცავენ იმ იდეალებს, რითაც მათი ქვეყანა მუდამ იდგა და იდგება სხვებზე მაღლა!

ფილმში “დამოუკიდებლობის დღე” ყველაზე მეტად მიყვარს პრეზიდენტ უაიტმორის სიტყვით გამოსვლის სცენა და ძალიან ხშირად ცრემლებიც წამომსვლია ამ სცენის ყურებისას….

მინდა რომ ეს ქვეყანა ისევ დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, დაივიწყოს ის 8 წლიანი პოლიტიკური წყვდიადი და ახალ, იმედისმომცემ პრეზიდენტთან ერთად, ახალი ძალით და ენერგიით გაუძღვეს მსოფლიოს საერთო მიზნებისთვის ბრძოლაში.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

ივლისი 4, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა | , , | 5 კომენტარი

60 წელიწადი

დღეს 4 აპრილია…დიახ 4 აპრილი, რა მერე? 19 ჯერ ვნახე უკვე 4 აპრილი და ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი დღეა რა.
მაგრამ დღეს…
დღეს მსოფლიო ისტორიაში უძლიერესსა და ყველაზე ეფექტურ სამხედრო – პოლიტიკურ გაერთიანებას – ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, მოკლედ კი ნატოს დაარსებიდან 60 წლისთავი შეუსრულდა.

დიახ, დიახ – ექვსმა ათწლეულმა განვლო… ექვსმა მჩქეფარე ათწლეულმა…

მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის დიდი ადამიანები, რომლებმაც ითავეს შეექმნათ მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მოქნილი და საიმედო სისტემა, სისტემა, რომელმაც დროის ქარტეხილებს გაუძლო და მჯერა დღეს არსებულ პრობლემებსაც წარმატებით გაართმევს თავს.
მაშ ასე, ეს ადამიანები არიან:
1 ) ბელგია – პოლ ანრი ჩარლზ სპააკი
2 ) კანადა – ლესტერ ბოულზ “მაიკ” პარსონი
3 ) დანია – გუსტავ რასმუსენი
4 ) საფრანგეთი – რობერტ შუმანი
5 ) ისლანდია – ბიარნი ბენედიქტსონი
6 ) იტალია – კარლო სფორცა
7 ) ლუქსემბურგი – იოზეფ ბეკი
8 ) ნიდერლანდები – დირკ უიპკო სტიკერი
9 ) ნორვეგია – ჰალვარდ მანთჰეი ლანგე
10 ) პორტუგალია – ხოსე კაერიო და მატა
11 ) გაერთიანებული სამეფო – ერნესტ ბევინი
12 ) ამერიკის შეერთებული შტატები – დინ აჩესონი

ამ ადამიანების ძალისხმევით, სახელმწიფოებმა შეკრეს ისეთი კავშირი, რომელმაც ბევრს გაუჩინა რწმენა ადამიანური იდეალებისადმი და გადაჰყარა ის პესიმიზმი, შავი ღრუბელივით რომ ჩამოსწოლდა სამყაროს 2 მსოფლიო “ცხელი” და ერთი “ცივი” ომის გამო…

ნატოს სახელმწიფოებმა დაამტკიცეს, რომ დიუმასეული პრინციპები, მარტო მამაცი ფრანგი მუშკეტერების ექსკლუზივი არ არის და სახელმწიფოებმაც შეიძლება გამოიყენონ…გამოიყენონ და თანაც როგორ გარემოში…

‘ნატოელებმა” აჩვენეს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ მშვიდობიანად მოაგვარონ სახელმწიფოებრივი დავები, აჩვენეს რომ ადამიანი, გონიერი, ცივილიზებული არსებაა, მაგრამ აჩვენეს ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში საფრთხეები ისევ არსებობს და ამ საფრთხეებს მტკიცედ და ერთად უნდა ებრძოლონ…

პირადად ჩემთვის ნატო იმედის სიმბოლოა…

დღეს, როდესაც მსოფლიოს 60 წლოვანმა Wind of Changes – მა გადაუარა, და ჩვენი პლანეტა აღარ არის ისეთი, როგორიც 60, 50, 25 ან თუნდაც 10 წლის წინ იყო, ნატო კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემებითა და სირთულეებით, შეიმჩნევა უთანხმოება ბლოკის შიგნით და საზღვარგარეთული მემარცხენე – ლიბერალური პრესა, სულ უფრო ხშირად აკერებს მას “უხერხემლოსა” და ”არაეფექტურის” იარლიყს…

მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს, როდესაც ნატოს რიგები კიდევ ორმა ახალმა სახელმწიფომ შეავსო, საფრანგეთმა უარი თქვა ტრადიციულ გოლიზმზე და დაბრუნდა სამხედრო სტრუქტურებში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც აცნობიერებს ევრო ატლანტიკური პარტნიორობის მონოლითურობის აუცილებლობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ღირსეულად ატარებს ნატოს წევრის სტატუსს, ნატოს უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება…და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც აფრიალდება…

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნატოელებო, მესამოცე იუბილეს!!!!!

აპრილი 4, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა, მსოფლიო | , , , , | No Comments Yet