ქართული ტოლერანტობის კრიზისი?
თუ გვსურს ქართული საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, ფორუმ.გე სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. ქვეყანაში მომხდარი თუნდაც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აქ შესაძლოა უმწვავესი დისკუსიის თემად იქცეს და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა “კლავიატურის ლომების” კბილთა ღრჭენა გამოიწვიოს. იქ გახსნილი თემების მიხედვით კი ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ თუ რა თემაა ამჟამად საქართველოში აქტუალური, რა აწუხებს და ტკივა საქართველოს მოქალაქეს.
ეს თემაც http://forum.ge/?f=29&showtopic=34217046 ერთი შეხედვით გადაღეჭილ და გადამღერებულ საკითხს ეხება: ქართველთა ტოლერანტობა, მათი დამოკიდებულება ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა მიმართ. ანალიზიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს – ან “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” ანაც “ქართული ტოლერანტობა მითია, ეს სად ვკვდები ამის…”. ერთი მხარე ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილ და დღემდე არსებულ უპირობო შემწყნარებლობაზე საუბრობს, მეორეს კი ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის და იდეაფიქსად დაუსახავს ამ ყალბი სტერეოტიპის ნგრევა.
რაიმე მოვლენის ან საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვის მოწინააღმდეგე არასოდეს ვყოფილვარ. არსებობს შავი და თეთრი, არსებობს ბოროტი და კეთილი, არსებობს სიმართლე და სიცრუე. თუმცა, ამ შემთხვევაში ზემოთხსენებულ ორ მიმართულებას მოვლენის ასახსნელად ტერმინოლოგიური და მორალური სიცხადე აკლია და ხელიდან უსხლტებათ მთავარი აზრი, ანუ რას ვგულისხმობთ ტოლერანტულობით და სად გადის ზღვარი სასურველ ტოლერანტობასა და არასასურველ იდიოტიზმს შორის.
სიტყვა ტოლერანტობა, რომელიც შემწყნარებლობას ნიშნავს და რომელსაც თავდაპირველად ვიწრო რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვა რელიგიური კონფესიების “გულდანდობილ სუფევას” უმრავლესობის რელიგიასთან ერთად, თანდათან იქცა ზოგადად ყოველივე განსხვავებულის შეწყნარების აღმნიშვნელ სიტყვად და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე ლიბერალის ლექსიკაში. მაგრამ არის კი ეს სიტყვა იმ დატვირთვის მატარებელი რასაც დღეს მივაკუთვნებთ?
რა თქმა უნდა ამ პოსტში ლინგვისტურ – სემანტიკური კვლევებს ვერ შემოგთავაზებთ, საამისოდ არც თავხედობა და არც კომპეტენცია არ მეყოფა. მე უბრალოდ მინდა რომ მეტნაკლებად გავფანტოთ ის მისტიციზმის ღრუბელი რაც ამ სიტყვას აჰკიდებია და ყველაფერს თავისი (შეიძლება არც ისე ისე სასიამოვნოდ გასაგონი) სახელი დავარქვათ.
1) ტოლერანტობა როგორც ასეთი, მოიაზრებს იმას, რომ რელიგიურ, პოლიტიკურ ან სხვა სახის დოქტრინას, იდეებს ან მოძღვრებას, აქვს უფლება რომ იარსებოს მის დომინანტ ანალოგთან ერთად. იარსებოს და არამც და არამც ძირი გამოუთხაროს ან ფარულ კონკურენციაში ჩაებას. მას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის მიუნიჭებია გაბატონების ან საკუთარი მრწამსის თავსმოხვევის უფლებას.
2) ნებისმიერი ინდივიდი მოვალეა პირველ რიგში საკუთარი კულტურის და სახელმწიფოს მიმართ იყოს ტოლერანტული და მის არსებობას უჭერდეს მხარს უპირობოდ. თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი კულტურის (საკუთარში ვგულისხმობ იმ კულტურას, რომელშიც იგი გაიზარდა და მისთვის მშობლიურია) დაცვა და პატივისცემა, მისი ტოლერანტობა სხვა დანარჩენი კულტურისა თუ რელიგიის მიმართ საპნის ბუშტზე უფრო მყიფე და დემოკრატიულ რუსეთზე უფრო არარეალურია.
3) როდესაც ნათელი ხდება, რომ ტოლერანტობის უბასრესი მორალური მახვილით შეიარაღებული ელემენტები იმას უქადიან საფრთხეს, რაც შენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია (კიდევ ერთი დაზუსტება: აქ იგულისხმება ნამდვილი საფრთხე და არა ჭიქაში შექმნილი ქარიშხალი ‘გარყვნილი დასავლეთის’ წინააღმდეგ, რაც უბრალოდ სასაცილოა) საპასუხო რეაგირების მექანიზმი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს და არსებული საფრთხის განეიტრალებას ცდილობს. ცდილობს მის ხელთ არსებული საშუალებებით და მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით და ეს მცდელობა ბუნებრივი და ლოგიკურია.
ვცადოთ და მოვარგოთ ეს მსჯელობა დღევანდელ ქართულ რეალობას. სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მდგომსა და სამხედრო წარუმატებლობით დათრგუნულ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება ძლიერი საერთო მორალური და კულტურული ფასეულობები, რომლებიც შეკრავს და სათანადო მიმართულებას მიუჩენს იმ ნაციონალისტურ სენტიმენტებს, რომლის ნაკლებობასაც ჩვენნაირი პატარა და ბედისგან არც თუ განებივრებული ერები არასოდეს განიცდიან. ტოლერანტობა ჭეშმარიტად ამ ფასეულობათა შემადგენელი ნაწილია და მისი უარყოფა ძნელია აზრად გაივლო. დღევანდელი ევროპული სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოში არასოდეს ყოფილა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი დევნა და დღესაც შეუწყნარებლობის და რეალური დისკრიმინაციის ნებისმიერ მცდელობას საზოგადოების ყველაზე კონსერვატიულად მოაზროვნე ნაწილიც კი უარყოფითად ეკიდება.
ამავე დროს, ძნელია ხელაღებით დაგმო ის ნაკლებად პოლიტკორექტული გამონათქვამები, რომელიც იმ თემაში დაიწერა. მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს ქართული კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების აშკარა და ხელაღებით მიტაცება ან ფალსიფიკაცია, თანაც იმ ფასეულობების, რომელთა მიმართაც ქართველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა (მხედველობაში მაქვს ‘მოძმე’ სომეხი ერის “საქმენი სამამაცონი”) ძნელია ამის ჩამდენებს ტოლერანტობის ურღვევი ჯაჭვის პერანგი მოარგო და დაიცვა.
ტოლერანტობა ამას არ ითვალისწინებს!
ტოლერანტობა არ გულისხმობს გულხელდაკრეფით ჯდომას და იმის ყურებას როგორ უჩინარდება ის ყველაფერი (დიახ ყველაფერი, დაივიწყეთ ვიწრო კულტურული გაგება) რაც სხვა ქართველებმა შექმნეს!
ტოლერანტობა არ გულისხმობს მოყვრულად მოსული მტრის გულში ჩაკვრას. მის მიერ შემოთავაზებული სატყუარის გადაყლაპვას!
შესაბამისად ქართველთა ლეგიტიმურ გულისწყრომას და სიბრაზეს იმ ერების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც ცნება ქართული ადვილად მოსანელებელი ჰგონიათ, არაფერი აქვს საერთო ქართული ტოლერანტობის კრიზისთან. ეს არის სავსებით კანონზომიერი რეაქცია მაშინ, როდესაც თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს. საინტერესოა რომ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში: საკუთარი უნიკალური კულტურის გაქრობით შეშფოთებული დასავლური სამყაროს წევრები, ხშირად ისეც იქცევიან რომ მსგავსი მოვლენა საქართველოში, ქართული ტოლერანტობის ყბედ კრიტიკოსებს დაახლოებით 6 თვე ეყოფოდათ თავის შესაქცევად.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედამიწაზე რაიმე სრულყოფილი შეიძლება არსებობდეს, ქართული ტოლერანტობაც შორს დგას მისგან, მაგრამ დროა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ქართული ტოლერანტობა მითი კი არა მრავალსაუკუნოვანი სინამდვილეა და ის, თუ როგორ პასუხობენ (რომელიც ვისურვებდი, რომ ბევრად მკაცრი იყოს) ქართველები უტიფრობაზე, ტოლერანტობის ცნებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ამყარებს.
1 / 10
რატომ 1/10? დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც საქართველოდან წამოვედი და კიდევ 9 ამდენი უნდა გავიდეს, სანამ კიდევ შევძლებ მის მიწაზე ფეხის დადგმას. საქართველოსგან შორს მყოფი, სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ მასზე, მის წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე. ამ პოსტსაც ზუსტად ეს ფიქრები მაწერინებს. ახლა კი თუ ვინმე აპირებს პათეტიკურობაში დამდოს ბრალი, ჯობია პოსტის წაკითხვის მაგივრად სხვა, უკეთესი საქმით დაკავდეს.
1 თვე, არა თუ ქვეყნიდან, ჩემი სახლიდანაც არასოდეს წავსულვარ და რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ჩემ სამშობლოსთან მაკავშირებს უზომოდ მენატრება. მენატრება ჩემი ლამაზი მთები, მენატრება ჩემი მტვრიანი ქუჩა, მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი, ჩვენი ონკანიდან წამოსული წყალი, ჩვენი კერძები, ჩემი ქართველები მენატრებიან, ჩემი ხალხი, ზოგი ცუდი, მეტი კარგი, ღიმილიანი, გამრჯე, ხმაურიანი და უკეთესი მომავლის რწმენით აღვსილი.
არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე შენი სამშობლოა, იქ სადაც შენი სახლია, სადაც ყოველი ადგილი შენ ღიმილიან და უდარდელ (ჰმ, 90 – იანი წლების საქართველოს კრიტერიუმებით) ბავშვობას გახსენებს.
ერთი რამ რაც აქ მაძლებინებს, ის იმედია, რომ მომავალში შეიძლება ჩემ ქვეყანას და ქალაქს რამეში გამოვადგე, თორემ მიმიფურთხებია ამათი ლამაზი და ვიწრო ქუჩებისთვის, ლამაზი არქიტექტურისთვის და გამართული ინფრასტრუქტურისთვის, აქაურ მაღალი ხარისხის ასფალტსაც ჩემი უბნის წინ რომ “იამკაა” ეგ მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ ჩემია!
აქამდე გაზვიადებულად მეჩვენებოდა ჩვენი ბუნების სილამაზისთვის ნამღერი დითირამბები, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ თუკი მოვუვლით და მივხედავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენც არა ნაკლები სილამაზით შეგვეძლება ვიტრაბახოთ, თუკი უაზრო კრიტიკის და სნობურად ენით ზურგის ფხანის გარდა რაიმე ხელშესახებს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. საოცრად, ძალიან გვჭირდება ერთად დგომა, რომ მცირედით მაინც დავიძრათ წინ, დავძლიოთ ჩამორჩენა სახელმწიფოებთან, დღეს რომ განვითარებულებად მიიჩნევიან. ოღონდ ერთად დგომა არა მონურად, ვინმეს უღლის ან მათრახის ქვეშ, არამედ როგორც ევროკავშირის დევიზი ღაღადებს: United in Diversity! ეს ერთობა კი რა თქმა უნდა მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო ნაციონალური ინტერესების გასატარებლად, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ფორმებით.
ამ ყველაფრისთვის კი მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია უმთავრესი კომპონენტი – ეს არის მოტივაცია. მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, მოტივაცია იმისათვის რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და შემდგომი თაობების მომავალი იყოს დაცული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს (და არის) ისტორიული ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ “თუ არ გამოგვდის დღეს, აუცილებლად (აუცილებლად!) გამოგვივა ხვალ”.
ყველა უსწორებს თვალს იმ საზარელ კულტურულ დამღას, რაც საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ დაგვიტოვა, მაგრამ დღეს XXI საუკუნეა, ინფორმაციის და ტექნოლოგიების ხანა, რაც საშუალებას გვაძლევს სწორი ორიენტირების აღების და შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩამორჩენა სწრაფად დავძლიოთ, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი უნდა შეეწყოს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით, რომელშიც არა მარტო კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება მოიაზრება, არამედ ისიც, რომელსაც ბავშვი საკუთარი განვითარების პირველ ეტაპზე, პიროვნებად ჩამოყალიბებისას იღებს და რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ან დიდწილად იგნორირებულია ან იმდენად ქაოტური და არაორგანიზებული ხასიათი აქვს, რომ განათლებას ნაკლებად თუ ვუწოდებთ. ძლიერი ოჯახის კულტურა და ოჯახში მიღებული განათლება ადამიანის მსოფლმხედველობის ერთ – ერთი მთავარი საყრდენი ბოძი უნდა იყოს.
დიახ, მე მინდა რომ საქართველოში ყველა დედა, შვილს ანბანის სწავლის მერე წასაკითხად აძლევდეს, მაგალითად სანიკიძის “დედა ისტორიას” და უნერგავდეს ეროვნული სიამაყის გრძნობას, ასწავლიდეს, რომ ეს ქვეყანა კრიტიკის და განქიქების შედეგად კი არ შემორჩა ცისფერ პლანეტას, არამედ იმის გამო რომ მისი წინაპრები “რკინას კვნეტდნენ კბილებით”. ასწავლოს, რომ მატერიალური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რაც დღეს მას სიამოვნებას ანიჭებს, ყველა ის პერსპექტივა რაც მას ცხოვრებაში მოელის, ყველაფერი რაც მის გარშემოა, ფასს დაკარგავს და არარად შეიქმნება, თუკი მას არ ექნება ყველაზე ძვირფასი და ღირებული ამ ქვეყანაზე – საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!
გაუგებარია კრიტიკის და კრიტიკანარევი ღლიცინის ის ნიაღვარი რაც პრეზიდენტის ინიციატივებს, სკოლაში სამხედრო სწავლების და ქართული ცეკვის გაკვეთილების (ეს უკანასკნელი არც ჩემთვის იქნებოდა ურიგო
) შემოღების შესახებ დაატყდა თავს. თუმცა პირიქით კი უნდა იყოს: ერი სახელმწიფოს ჩასახვისა და განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის გამოტოვების და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში ყოფნის გამო, ყველას ვალია ხელი შეუწყოს ეროვნული იდენტიფიკაციის იმ ელემენტების შენარჩუნებას და წახალისებას რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, იქნება ეს ქართული სიამაყის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ცეკვა, თუ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საამაყო საქმე – საქართველოს დროშით დამშვენებული ხაკისფერი მუნდირის ტარება. შენი კულტურა და პოლიტიკური სუვერენეტიტეტია ის რასაც ჰქვია საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!
გენერალი პატონი მეორე მსოფლიო ომის საბრძოლოს ოპერაციებში ჩართვის წინა ღამეს, თავის ჯარისკაცებს ეუბნებოდა, რომ ყველაზე ღირებული რაც მათ ამ ომში მონაწილეობის მერე შემორჩებოდათ, იქნებოდა ის, რომ 20 წლის მერე ბუხრის წინ მოკალათებულები, კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომში, ამაყად მიუგებდნენ მათ მუხლებზე მოკალათებულ შვილიშვილებს, რომ ისინი გენერალ პატონთან და მესამე არმიასთან ერთად იბრძოდნენ.
ჩემი ოცნებაც მას ეხმაურება: როდესაც მოვა დრო და შვილიშვილი დამეკითხება, თუ რა მიკეთებია, მსურს რომ პატონის ჯარისკაცივით თვალებში ჩავხედო და ისე ვუპასუხო: მე საკუთარ, თავისუფალ სამშობლოს ვემსახურებოდი!
ჩემ სამშობლოს, თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს გაუმარჯოს!
პირველი შთაბეჭდილებები მაასტრიხტიდან
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან შემჯავრდა თვითმფრინავით მგზავრობა, იმის მიუხედავად რომ სულ მესამედ გავფრინდი. ვერც წესიერად ვიძინებ, ილუმინატორიდან ცქერაც დიდი ვერაფერი ბედენა ყოფილა და გამაგრილებელი სასმელები კიდევ თბილია.
შესაბამისად, ძალიან გამიხარდა როდესაც ჩვენმა თვითმფრინავმა ღრუბლები გაკვეთა და ამსტერდამის აეროპორტში მსუბუქად დაეშვა. ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქი პირქუშად, თავსხმა წვიმით შეგვეგება. საპასპორტო შემოწმება XXI საუკუნის ევროპული სეგრეგაციის პირობებში გავიარეთ (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რიგები მიღება ცალკე რიგებით ხდებოდა) ბარგის აღების შემდეგ, ბედად აეროპორტიდან გასვლამ არც მოგვიწია, რადგან მატარებლის სადგური იქვეა. შევიძინეთ ბილეთები მაასტრიხტამდე და ბაქნის დაზუსტების, ვაგონში ბარგის ათრევის და ადგილების დაკავების შემდგომ, უკვე წვიმიანი ჰოლანდიის ცქერით ვიქცევდით თავს. ნათქვამია პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვსო და მეც პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე მწვანეში ჩაფლული, კოპწია და მყუდრო დაჩთა ქვეყნით. ულამაზეს პეიზაჟს ქმნიდა გზის პირიდან დანახული სოფლები, ლამაზი და დიდრონი სოფლური სახლებით, მობალახე ცხოველებით, მინდვრებით და არხებით.
მაასტრიხტში, სადაც ჩემი ცხოვრების მომდევნო 10 თვის გატარება მომიწევს დაახლოებით 3 საათში ჩამოვედით. დაღლილობის მიუხედავად უყოყმანოდ გადავწყვიტეთ ქალაქის დათვალიერება და არც გვინანია. მოვინახულეთ თითქმის ყველა ძირითადი ადგილი (მაკდონალდსის ჩათვლით) და მეტნაკლები წარმატებით დავიმახსოვრეთ ის ვიწრო ქუჩები, რომლებზე ხეტიალიც ხშირად მოგვიწევს.
ქალაქი ძალიან სუფთა და ლამაზია, გვხვდება როგორც ძველი არქიტექტურის ნიმუშები, ისე ახალი, თანამედროვე ნაგებობები. ქუჩებზე სიარულს არაფერი სჯობს თუკი იმასაც დავძენთ რომ ამ ქუჩებში მოსიარულეთა 75% – ს ოქროსფერი თმა და ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს, სიარული ორმაგად სასიამოვნო ხდება
ვფიქრობ ხალხი ჰოლანდიის ნომერ პირველი მშვენებაა! მომღიმარი, ზრდილობიანი, ტანადი და დამხმარე.
საქართველოდან ჩასული ძნელად ვეგუები მანქანების უჩვეულოდ “ზრდილობიან” მოძრაობას და გზის დათმობას ფეხით მოსიარულეებისათვის. ერთი ორჯერ ვცადე ხელის აწევით მადლობა გადამეხადა, მაგრამ მერე მძღოლების უემოციო სახეების დანახვისას მივხვდი, რომ ტყუილად ვირჯებოდი. ვფიქრობ ეს ის დაუწერელი წესია, რომელსაც ისე იცავენ, რომ ამისთვის მადლობის გადახდა ეუცნაურებათ
სასიამოვნოა ისიც, რომ ქალაქში დიდიან – პატარიანად ყველა საუბრობს ინგლისურად და ენობრივი ბარიერი თითქმის არ არსებობს. ასევე ძლიერია ფრანგული და გერმანული ენების გავლენაც და ხშირად გვხვდებიან ამ ენებზე მოსაუბრე მაასტრიხტელები. (მეტა: ჩამოვიყვანოთ მეტი native speaker – ი და 10 – 15 წელიწადში ჩვენც საგრძნობი პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით) ჰოლანდიური ენის სწავლა ჯერ-ჯერობით შორეული პერსპექტივაა.
ველოსიპედების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულება ცნობილი ამბავია, თუმცა ნამდვილად გამაოცა “ველიკზე” ამხედრებული ასაკოვანი ხალხის სიმრავლემ. ქართული სტანდარტებით (warning: explicit agism) გვარიანად გადაღრძუებული ჭაღარა ბებო ისე მონდომებით ატრიალებს პედლებს და მიჰქრის, რომ ხშირად შურით ვაყოლებ თვალს და ვეჭვობ მეც შევძლებ თუ არა მსგავს მანევრებს.
დადებითი შთაბეჭდილებების მოზაიკას ავსებს დაბალი ფასები იმ პროდუქტებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. კერძოდ: ჩიპსები, ხორეული, წვენები, შოკოლადი და ა.შ. 5 ევროს ფარგლებში საკაიფოდ შეგიძლია აკრიფო პროდუქტი და ისიამოვნო. მაგალითად დიდი ჩიპსი, რომლის ფასი საქართველოში 4 – 5 ლარამდე მერყეობს, აქ 90 ცენტი ღირს, ასე რომ “არ შეჩერდე – წაუხრამუნე” დევიზს წარმატებით შეგვიძლია ვუერთგულოთ.
ჩემი საცხოვრებელი, უნივერსიტეტის guesthouse – ია, რომელიც მდინარის მეორე მხარეს, ხელოვნების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოშორებით მდებარეობს, თუმა ველოსიპედის შეძენის შემთხვევაში სიარული საგრძნობლად გაადვილდება.
მოკლედ, ეს პატარა პროვინციული ქალაქი უკვე შემიყვარდა
P.S. რა კარგია როდესა გარშემო ეკლესებია და არა მეჩეთები!
კონსტანტინოპოლი 2
ამ პოსტში გავაგრძელებ ჩემს კონსტანტინოპოლიადას, მოსაყოლი დაგროვდა.
ზუსტად ერთმა კვირამ განვლო მას მერე, რაც აქ ვიმყოფები და საქართველოს მონატრება დღითი დღე უფრო მიძლიერდება, აქ ყველაფერი ძალიან უცხო და შორეულია, უცხო ხალხით, უცხო ჰაერით უცხო მზით და უცხო ცით. . . ალბათ მალე დავიწყებ კალენდარზე დღეების გადახაზვას და იმაზე ფიქრით დაძინებას, როდის დავადგამ ფეხს ჩემი სამშობლოს მიწაზე.
უნივერსიტეტი, სადაც ლექციები გვიტარდება სტამბულში (მძულს ეს სახელი!) ერთ – ერთი ახალი და დახვეწილია, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, ბიბლიოთეკით, ინფრასტრუქტურით და 2 კაფეტერიით, სადაც ყველაზე უგემურ კერძებს ამზადებენ, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და რომელსაც მხოლოდ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად თუ გაეკარება ადამიანი. ერთადერთი რაც მომწონს, ეს არის მანდარინის წვენი, რომელსაც რატომღაც თურქულ ლიმონათს ეძახიან და რომელიც ძალიან გემრიელია.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მეტად დატვირთული და პროდუქტიულია. დილით გვაქვს აკადემიური წერის ლექციები, რომელსაც გვიტარებს აქ მცხოვრები ავსტრალიელი, რომელიც თავის საგნის პროფესიონალია მაგრამ გაგნებაში არ არის რა განსხვავებაა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის, ან საქართველო უფრო დიდია ტერიტორიულად თუ უკრაინა. ახატია კაცს და მოსთხოვე ახლა ამ “წვრილმანების” ცოდნა.
კვირაში ორჯერ გვაქვს ე.წ. “დებატების ლექცია” სადაც მეტად დაბნეული, მაგრამ ჭკვიანი უნგრელი ლექტორი გვაცნობს აკადემიური დებატების წარმართვის ძირითად ხერხებსა და კონცეფციებს, რომელიც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ლექტორმაც რამდენჯერმე მაჩვენა აღმართული თითი
))) ცერა რა თქმა უნდა
)))))
და ასევე გვაქვს ჩემი საყვარელი საგნის - ევროპის ინტეგრაციის ისტორიის, უსაყვარლესი ლექტორის – ანეტა სპენჯაროვას მიერ წაკითხული ლექციები, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად დატვირთული, ინფორმატიული და დაძაბულია. საგნის სირთულეზე და მასალის უსაზღვრობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ყურებადე ვარ შეყვარებული სპენჯაროვაზე. 1980 წელს დაბადებული ბულგარელი გოგონა, რომელიც უკვე დოქტორია (დისერტაციის თემაც ვიცი) და თავისი საგნის სპეციალისტი. მუდამ იღიმის, ენერგიული და მხიარულია, აქვს ძალიან საყვარელი ხმა და ჭორფლები ოდნავ ფუმფულა ლოყებზე, მოკლედ I love Aneta.
დღეს ასევე მეტად მნიშვნელოვანი გასვლითი ტური გვქონდა ჩვენი დორმის მიდამოებში. თავდაპირველად ვესტუმრეთ ლურჯ მეჩეთს, რომელიც პირველი მეჩეთი იყო რომელშიც შევედი. ძალიან არ აღვფრთოვანებულვარ და ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მეჩეთია. მის გვერდით მოვინახულეთ სულთის სასახლე, რომელიც ნამდვილად ლამაზი და ეგზოტიკურია, განსაკუთრებით ის სიძველეები და ძვირფასეულობა რომელიც მანდაა დაცული, თუმცა მათზე უფრო საინტერესოდ სკანდინავიური ჰაბიტუსის მქონე ტურისტების სიმრავლე მომეჩვენა
სამწუხაროდ სურათების გადაღება აკრძალული იყო და მხოლოდ გონებაში თუ შემოვინახავ ზურმუხტით მოოჭვილ დაშნას ან მურად IV – ის მუზარადს.
დღის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ჩემთვის აია სოფიას ნახვა იყო. ქრისტიანული კულტურის ამ უბრწყინვალესი ძეგლის ნახვა იმ დროიდან იყო ჩემთვის ოცნება, რა დროიდანაც მის შესახებ შევიტყვე და ადვილი წარმოსადგენია ის გრძნობა რაც იქ შებიჯებისას დამეუფლა. თავბრუდახვეული დავდიოდი აღმა – დაღმა და ვაჩხაკუნებდი ფოტოაპარატს. შემზარა ქრისტიანული ფრესკების გვერდით მუსლიმური სიმბოლიკის არსებობას, რადგან ისეთი ამაზრზენი, შეუსაბამო და გულისამრევი იყო ეს ყველაფერი, ამ დიდებულ ტაძარში, რომელმაც მოწიწების გრნობით ამავსო, რომ ვერ ვიკავებდი თავს, აშკარად არ გამომეხატა ზიზღი და რისხვა. ძალიან შთამბეჭდავი იყო ტახტი, სადაც ერთ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბრძანდებოდა, ტალანები, რომელსაც ზემოთ ავყავართ და რომელიც შუა საუკუნეებსი გვაბრუნებს, ზედა იარუსი, საიდანაც ტაძრის ულამაზესი ხედი იშლება, უძველესი ფრესკები საიდანაც მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ბიზანტიელი იმპერატორები შემოგვცქერიან, უზარმაზარი სვეტები, საიდანაც იგრძნობა იმპერია და ისტორია თავისით ცოცხლდება… თუმცა ეს მირაჟი წამიერია, რადგან თვალი უნებურად მუსლიმურ ყაიდაზე გადაკეთებულ საკურთხეველს აწყდება და ყურში უსიამოვნო ყეფის მაგვარი თურქული საუბარი ჩაესმის… ხ, ტფუ!
აია სოფიას ნახვის შემდეგ, სტამბულის”გრანდ ბაზარსაც” ვეწვიე, რომელაც მხოლოდ თავისი მასშტაბებით მომხიბლა, მცირედი რამ შევიძინეთ და წასვლის დროც მოახლოვდა. დღევანდელი დღე, აქ გატარებული დღეებიდან უდავოდ ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ადიოს.
კონსტანტინოპოლი
დიახ, კონსტანტინოპოლი და არა სტამბული, კენიგსბერგი და არა კალინინგრადი – ძირს დამპალი იმპერიალისტები!
3 ივლისს დილის 7 საათზე კონსტანტინოპოლში ჩავფრინდით. თვითმფრინავით მგზავრობა არ აღმოჩნდა მაინც და მაინც განსაკუთრებული, დაახლოებით ავტობუსში ჯდომის შეგრძნება იყო, რამაც ცოტა იმედი გამიცრუა.
როგორც წესი ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება აეროპორტით იქმნება, არც თურქეთი აღმოჩნდა გამონაკლისი, საკმაოდ დიდი და ლამაზი აეროპორტი აქვთ, აეროპორტიდან გამცილებლებმა ავტობუსით მიგვიყვანეს საერთო საცხოვრებელში და გზა დაგვილოცეს.
სწორედ მაშინ გავიაზრე პირველად, რომ საქართველოში აღარ ვიყავი: მესმოდა არეული ინგლისური და თურქული საუბარი, შეძახილები რუსულად, იდგა საოცრად დახუთული ჰაერი და უცნაური, აღმოსავლური სუნი. პირველი “ჩავარდნაც” ამ დროს მომივიდა, მთელი ღამის უძილომ, მისაღებში ხელი ვიღაც ბახრამოვის ან ბაირამოვის ადგილას მოვაწერე.
ამ ცოტა გაჭიანურებული შესავლის შემდეგ, ვიტყვი, რომ კონსტანტინოპოლი ლამაზი ქალაქია, მოვლილი გაზონებით და სკვერებით, მეტნაკლებად სუფთა ქუჩებით და მდიდრული შენობებით. ევროპული სული იგრძნობა, მაგრამ აზიური დომინირებს, ყოველ ნაბიჯზე მწვადის და შაურმას სუნია და კიდევ, რაც ყველაზე დამთრგუნველად მომეჩვენა, ეს არის ხმაური.
ორი დღის მანძილზე ვინახულე რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, მათ შორის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის რეზიდენცია, კონსტანტინოპოლის ძველი გალავანი და ჭიშკრები. ერთი წლის წინ, როდესაც კონსტანტინოპოლის დაცემას და გალავნის დამცველთა გმირობის შესახებ ვკითხულობდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ დროს იქ მომიწევდა ფეხის დადგმა, სადაც კონსტანტინე პალეოლოგოსი თავის მცირერიცხოვან რაზმთან ერთად თავგანწირვით ებრძოდა ბარბაროსთა ურდოებს, დაახლოებით იგივე შეგრძნება იყო ბოსფორის სრუტის დანახვისას, რა დროსაც ჩემთვის ისტორია გაცოცხლდა…
რაც შეეხება ხალხს, მეტწილად მშვიდობიანი და წყნარია, თუმცა რამდენჯერმე ისეთ ქუჩებზე შევბოდიალდით, რომელთაც რბილად რომ ვთქვათ “არასასურველს” უწოდებენ, თუმცა აგრესიულ გამოხედვაზე ადეკვატური პასუხი ნამდვილად ჭრიდა, ხშირ შემთხვევაში ჟესტიკულაციაც.
რაც შეეხება საზაფხულო სკოლას, გუშინ მიღება გვქონდა. სწორედ იქ გავიცანი ერთი პალესტინელი ყმაწვილი, რომელმაც ამაყად წაშალა თავის ბარათზე წარწერა “დასავლეთ ნაპირი” და მიაწერა – პალესტინა, რადგან ჩვენ უკვე სახელმწიფო გვაქვსო. მოკლედ, მასთან საუბარმა დამარწმუნა, რომ თუკი პალესტინის მოაზროვნე ახალგაზრდობის ნაწილი ისევე აზროვნებს, როგორც ეს ადამიანი, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, როგორ აზროვნებს შედარებით ნაკლებად ინტელექტუალური ფენა და როგორ ერხევა მაგ ტერიტორიულ წარმონაქმნს.
საოცრად მაღიზიანებს სტამბულში მოფრიალე ვეებერთელა თურქული დროშები (დაახლოებით თბილისის შემოსასვლელში რომ არის, ორი მაგხელაა) და ყველგანმყოფი ათათურქის უზარმაზარი სურათები, რაღაც big brother is watching you – ს ასოციაციას ქმნის. ამას თან ერთვის სოკოებივით მოდებული მეჩეთები და მოლას მოწოდება, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელია.
საინტერესო დიალოგი მქონდა დამლაგებელთან, რომელმაც გაიგო რა, რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე “ოჰ ესე იგი თურქი ხარო” დაასკვნა და პასუხად ჩემგან დაბეჯითებული ტონით ტაო – კლარჯეთის დაბრუნების მოთხოვნა მიიღო
)))
სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ თურქეთში იმის მიუხედავად, რომ მუსლიმური ქვეყანაა, სეკულარიზმს გამარჯვებამდე ჯერ ბევრი უკლია, ხოლო კონსტანტინოპოლი ის ქალაქია, სადაც 2 დღის სიარულის შემდეგ ბევრი აღმოაჩენს, რომ ამ მისი მთავარი დამახასიათებელი შტრიხი, ისტორიული უსამართლობის მსხვერპლობაა. . . . .
პ.ს. საშინელი წყალია, არაფრის გემო არ აქვს!
ორმაგი სტანდარტები
ეუფ, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, ობმოკიდებულია ჩემი ბლოგი….
ან ახალ წელზე დამეწერა რამე, ან სიახლეებზე, ან ისევ ობამასთვის მეკმია გუნდრუკი, ვერაფერმა ვერ შეძლო ჩემი სიზარმაცის უტეხი კედლის გაბზარვაც კი.
მაგრამ გუშინ გავიგე ერთი ამბავი, რამაც მოვალე გამხადა, რომ უბრალოდ ორი სიტყვით დამეწერა მის შესახებ.
მოკლედ ოპოზიციის წარუმატებელი გაზაფხულის აქციების შემდეგ, როდესაც სიტყვა ოპოზიცია უკვე რაღაც ნეგატიურთან ასოცირდება, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა შევიწროვება საგანგაშო მასშტაბებს იძენს, რეგიონებში თვალსაცემი ხდება პოლიციური ძალადობა და პირადად შემიძლია პოლიციელთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების უამრავი შემთხვევა გავიხსენო. თუმცა პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა წინააღმდეგ ამოქმედებულ პოლიციურ აპარატში არ არის. საკუთარი ძალაუფლების შეგრძნებით დამთვრალი სამართალდამცველები, უკვე ბეწვის ხიდზე გადიან იმ ორ ცნებას შორის, რასაც კანონის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების შელახვა ჰქვია.
დაახლოებით სამი თვის წინ ჩემი ორი მეგობარი შემეხმიანა. ღამის 3 საათი იქნებოდა. ბიჭებს ლუდის დალევა მოუნდათ და გადავწყვიტეთ გორის ცენტრში მდებარე ერთადერთ სადღეღამისო მაღაზიაში ჩავსულიყავით. ჩავედით კიდეც. ჩემი მეგობრები მაღაზიაში შევიდნენ, მე კი მაღაზიის წინ დავრჩი და ველოდებოდი. მაღაზიასთან სწრაფი გადახდის აპარატი დგას, სადაც იმ დროს სამი ბიჭი მივიდა და ფული ჩარიცხა. ამის შემდეგ სამივე მეტად წყნარად და უხმაუროდ (ხაზს ვუსვამ, წყნარად და უხმაუროდ) ქვემოთ გაუყვა გზას და პოლიციის მანქანის მუხრუჭების ხმამაც არ დააყოვნა.
„ბიჭებო რას აკეთებთ მანდ?“ გადმოსძახეს უკანა ფანჯრიდან
„სახლში მივდივართ“ უპასუხეს შეცბუნებულმა ბიჭებმა, რომლებმაც ორი აზრი არაა, იცნეს გორის პოლიციის მანქანა, რომლითაც ლამისაა უკვე დედებმა ბავშვები დააშინონ
„ჰოდა დროზე დაიშალეთ რა“ მოუჭრეს უკმეხად ფანჯრიდან
„კი, კი მივდივართ“ სწრაფად ჩაილაპარაკა სამივემ და ჩქარი ნაბიჯით ცალ – ცალკე გაემართნენ.
ამ სცენის შემყურეს სისხლმა ტვინში ამასხა. პოლიციელთა საქციელზე შემაძრწუნებელი ახალგაზრდების რეაქცია იყო: თავჩაღუნულები, მობუზულები ისე ჩუმად გაიძურწნენ, რომ ერთმაც ვერ გაბედა ეკითხა: „კი მაგრამ, თქვენი რა საქმეა ჩვენ როდის დავიშლებით?“ და ამავე დროს ძნელია გაამტყუნო კიდეც, ვინაიდან ასეთ კითხვას მინიმუმ გვარიანად ცემა და მაქსიმუმ რამის „ჩაგდება“ მოჰყვებოდა“
ამასობაში ჩემი მეგობრებიც გამოვიდნენ მაღაზიიდან. რაც ვნახე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ერთმა სწორი შეფასება მისცა, მაგრამ მეორემ მართლა გამაღიზიანა. მისი აზრით ეს აუცილებელი იყო წესრიგის და კანონის დასაცავად და ის პოლიციელები ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის იღწვოდნენ. (ალბათ ზედმეტია იმის დამატება, რომ ორთოდოქსი მიშმაკაკაა) ისედაც ნერვებმოშლილმა ხელი ჩავიქნიე და უბრალოდ ვუთხარი, რომ მთელი სისავსით მაშინ შეიგრძნობდა რაც მოხდა, როდესაც თვითონ აღმოჩნდებოდა ანალოგიურ სიტუაციაში.
ნეტავ ნატოში მიგვიღონ ისეთი სისწრაფით, როგორი სისწრაფითაც ჩემი სიტყვები ახდა…
ზუსტად 3 დღის წინ, ზუსტად იგივე 2 ადამიანი, დაახლოებით საღამოს 8 საათზე თეატრის ბაღში ისხდნენ და საუბრობდნენ. ავბედითმა (მართლაც!) პოლიციის მანქანამ ამჯერად მათთვის მოიცალა. „სამართალდამცავებმა“ ჯერ გვარ – სახელები და საცხოვრებელი კოორდინატები გამოჰკითხეს, იქ ჯდომის მიზეზებშიც ჩაეძიენ და ბოლოს საკმაოდ მკაცრად მოსთხოვეს იქაურობის მალე დატოვება.
აი მაშინ გენახათ ჩემი მეგობრის აღშფოთება, შეშფოთება თუ „ბეჯითი პროტესტი“….
ეს რა უბედურებააო, თავზე აქვთ „გადა…იო“, რა უფლებით მოვიდნენო, როგორ მითხრეს წადიო, ესაო და ისაო….
აი გულზე მომეშვა კი არა და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი რომ გავიგე. რადგან არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ნიმიოლერის ფრაზის ხმამაღლა და რამდენჯერმე გამეორება კედელზე ცერცვის შეყრის ტოლფასია და სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევენ ამა თუ იმ ბოროტებას, იქამდე მათი გონება 300 სპარტელივით ებრძვის უცხო აზრს.
ის ვინც გუშინ მედგრად იცავდა პოლიციელთა თავხედობას, დღეს ხმამაღლა აპროტესტებდა უსამართლობას.
კარგია ხომ?
დიდებული!
ამ პოსტით იმდენად პოლიციურ ძალადობაზე არ მინდოდა ყურადღების გამახვილება, რამდენადაც იმაზე, რაც პოსტის სათაურად დავწერე. იმ ორმაგ სტანდარტების გამოყენებაზე რომლებიც ადამიანთა გარკვეული კატეგორიას ნებას აძლევს იქიდან გამოაბას ქოთანს ყური, საიდანაც გაუხარდება, თუმცა ეს შეუმჩნეველი არავის რჩება და მეორეც მსგავსი წესებით თამაში, საბოლოოდ შენი უპირობო მარცხით მთავრდება. ისევე როგორც უპირობო მარცხით დამთავრდება პოლიციური საქართველოს შექმნის მცდელობა
პ.ს. რა თქმა უნდა ამით ერთი წუთით არ ვაკნინებ, პროფესიონალი და ღირსეული პოლიციელების საქმიანობას, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და კანონისა და წესრიგის სადარაჯოზე დგანან
პოსტი დამატებულია. ხოდა რუბიკონის…
ასე და ამგვარად, მადლობა ბლოგერ დალიელას “დათაგვისთვის” და დავიწყეთ.
მიყვარს – ყველაფერი ის, რასაც ბოროტება არ მოაქვს
ვოცნებობ – სკანდინავიის ქვეყნებში მოგზაურობაზე
ვფიქრობ – ახლა ავდექი და რა ვჭამო იმაზე ვფიქრობ
მძულს – სიჯიუტე და სიკერპე
ვნანობ – სკოლის წლების უქმად გაფანტვას
კმაყოფილი ვარ – თითქმის არასდროს
მენატრება – მამაჩემი
მსურს – ნორმან შვარცკოფის ავტობიოგრაფია
მაღიზიანებს – ლოდინი
ვგრძნობ – ეს მართლა რა უცნაური კითხვაა
მეშინია – ბირთვული ომის
ვიცი – ვენი ვიდი
არ ვიცი – რამდენი სახის რეაქციაა ქიმიაში და რამდენია ჰელიუმის ფარდობითი ატომური მასა
შემიძლია – 5 კილომეტრზე სირბილი
არ შემიძლია – 15 კილომეტრზე სირბილი
ვმეგობრობ – იმათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებს
ვტირი – პრეზიდენტ უაიტმორის “სფიჩზე” ფილმიდან “დამოუკიდებლობის დღე”
ვიცინი – ნებისმიერ ისეთ ხუმრობაზე, რომელიც არ გამიგია
ვეძებ – ადამიანს, “რომელსაც ღამითაც არ სძინავს თავის სამშობლოზედ ფიქრით გულაღტყინებულსა” (უზუსტო ციტატისთვის მომიტევეთ)
ღირსი ვარ – იმის, რასაც ვიმსახურებ
ვკარგავ – სამგზავრო ბარათს ჩემ აურაცხელ ჯიბეებში
მშურს – ამერიკელი ხალხის
ვემტერები – ყველა ჯიშის მწერს
მაინტერესებს – კოკა – კოლას რეცეპტი
არ მაინტერესებს – მაიას კულტურა
მახსოვს – ვისი გორისა ვარ
მრცხვენია – როდესაც რაღაც არ ვიცი
უარვყოფ – დილით ხაშზე წასვლის შემოთავაზებას
ვავადმყოფობ – მხოლოდ ზამთარში
ვმალავ – ტოტალიზატორის წაგებულ ბარათებს (აქვე ბაიერნის დედა!)
ვინახავ – რამდენიმე საიდუმლოს
მწამს – ადამიანური იდეალების
მიკვირს – ეჰ აღარაფერი აღარ მიკვირს
მიხარია – როდესაც რეალი იგებს
ვჭორაობ – ჰმმ
ვდარდობ – ირანის ბირთვულ პროგრამაზე (მართლა)
ვამაყობ – მხოლოდ გულის სიღრმეში
ვაკეთებ – მერე ვინ არის დამნახავი?
ვეფერები – ახლადშეძენილ წიგნს
მსიამოვნებს – მეგობრების წრეში ყოფნა
მესიზმრება – რომ დავფრინავ (ცხადშიც მინდა
((
ვეხმარები – იმას, ვისაც მართლა სჭირდება (ხოლო ვის ჭირდება მართლა და ვის არა, ამას მე ვწყვეტ)
მწყინს – როცა ვერ მიგებენ
ვხარჯავ – ყველაფერს რისი დახარჯვაც შეიძლება
ვღალატობ – კი
ვკამათობ – იმაზე, რომ ლიბერალიზმი კონსერვატიზმს “იხევს”
ვუხეშობ – იშვიათად
ვუსმენ – ყველას, ვინც კი 2 წინადადებას ერთმანეთზე აბამს
ვყოყმანობ – ეს პოსტი ჩავამთავრო, თუ ჯერ ვჭამო?
ვკითხულობ – ავტობუსების მარშრუტს
ვკლავ – ქათამს, გოჭს, ინდაურს (შესაძლებელია ბინაზე მისვლაც)
ვაფუჭებ – კალმებს
ვცხოვრობ – მამაც ქალაქში
ვცემ – ბოლთას
ვყვირი – როდესაც ჩემი არ ესმით (პიდაპირი მნიშვნელობით)
ვმღერი – Road to Walhala – ს
ვასრულებ – არა, მე ახლა ვიწყებ
დავდივარ – თვალების ცეცებით და მუდამ დაბნეული
ვმკურნალობ – გააჩნია რას ვიგულისხმებთ სიტყვა მკურნალობაში
ვერიდები – უაზრო კამათს
ვთამაშობ – ფარმვილს ფეისბუქზე
ვიტყუები – დღეში 200ჯერ (სტატისტიკურად არის დათვლილი)
ვიხდი – ყველა გადასახადს
ვეჭვიანობ – ეს რა არის?
ვკაიფობ – ჩემი ფიურერის გამონათქვამებზე
ვიზიდავ – კოღოებს
ვალამაზებ – ჩემ სამუშაო მაგიდას
დამეწვა საჭმელი?
არა უშავს
მოკლედ ახლა მითაგვ – მოთაგვები მეზარება. ვინც წაიკითხავთ და მოგინდებათ ამის შევსება, შეავსეთ, ოღონდ კომენტარი დატოვეთ რომ გესტუმროთ და შეგიფასოთ
)))
ფუ რა სუნიააა
ჩემი ძმა, კომპიუტერი, მუხროვანის ამბოხი, პიეს 2009, სამაგისტრო გამოცდები და სხვა
ბევრ საკითხს მინდა მივედ – მოვედო ამ პოსტში და ჩემი ბლოგის არქივში შევინახო ის ფიქრები, ახლა 2009 წლის 29 ივნისს რომ მიტრიალებს თავში.
სათაურში არ მიწერია, მაგრამ საქართველოში დღეს მგონი ყველა ამაზე ფიქრობს. დიახ, კავკასია 2009 დაიწყო… ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, იქნება თუ არა ახალი ომი ან თუ იქნება როდის. მე პირადად ისევ მშვიდად ვარ და მგონია, რომ ომი არ იქნება. დედაჩემსაც ვამშვიდებ. რომ ჩამოვედი გორში ძალიან აღელვებული დამხვდა, მაგრამ ჩემი გამოსვლის მერე ის გამახსენა, შარშან 8 აგვისტოს გერმანულზე რომ მივდიოდი და ვიძახდი არაფერი საშიში არ არის მეთქი
სამწუხაროდ გერმანულის გაკვეთილებსაც მანდ დაესვა წერტილი, იმიტომ რომ ქალბატონმა მასწავლებელმა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გორში ჩამოსვლა ვერ გაბედა
მოკლედ ომი არ იქნება რა, ნამდვილად მჯერა და ვუცხადებ ბრძოლას პანიკიორებს.
გამოჩნდა ახალი პრობლემა: ჩემი ძმის ინტერნეტით გატაცება. უკვე ხვეწნა მჭირდება იმისთვის, რომ ცოტა ხანი მაუსი ხელში ვიგრძნო და ამის მთავარი მიზეზი, ჯოკერის სათამაშო პროგრამაა, სადაც ძალიან სურს “ჩაინიკი” რომ უწერია სტატუსში ეგ შეცვალოს
ჰოდა ათენებს და აღამებს კომპთან მე კი უბნის “ბირჟავიკებთან” ენის ფხანის საშუალებას მაძლევს.
გუშინ ვესაუბრე მუხროვანის ე.წ. “ამბოხის” მონაწილე ერთ – ერთ ტანკისტს. ბიჭმა ლამის ხატზე დაიფიცა რომ არაფერი ამბოხი იქ არ მზადდებოდა და ჩემ ვიშინსკისეულად დასმულ კითხვას “მართლა აპირებდით თბილისისკენ დაძვრას?” ჩემთვის საყვარელი, მსუბუქი ქართლური კილოთი ისე მიპასუხა: “არა ძმაო, შემომხედე მე ქართველებზე ხელს ავწევდი ძმაო? არავინ იყო ამის გამკეთებელი” რომ შემრცხვა. მოდულში როგორ დაკითხეს ეგ საწყალი, მაგას არ დავწერ, იმედია ისედაც დამამახსოვრდება.
ვემზადები ორი გამოცდისათვის: საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 8 – 10 ივლისს და Ielts – ის გამოცდისათვის 23 ივლისს. რომ ვთქვა არ ვღელავ მეთქი ცხვირი გამეზრდება
ამიტომაც ვიტყვი, რომ მცირედი მღელვარებით ვხვდები ამ ყველაფერს, მჯერა ბაკალავრიატის გამოცდაზე ჩემ მიერ გამოგონილი “უნარების მფარველი ანგელოზი” არც ამჯერად გამწირავს
მაგრამ მას ხელს შეუშლის ბოროტი ანგელოზი, რომელიც მაიძულებს დღე და ღამე მეზობლის კომპზე პიეს 2009 ვითამაშო და სახლში ღამის საათებში მივიდე. არა და ეს ფეხაკრეფით შემოსვლაც ამოვიდა ყელში რა
და ზაფხულია ტრადიციულად უნდა ამოვიქშინო და დავამატო, რომ საშინლად ცხელა თბილისში. ახლა მინდა ჩემი პატარა და გრილი გორი, მაგრამ ხუთშაბათამდე ვერ ვეღირსები და ამიტომაც ბლოგზე მაინც გავიხსენებ მამაც ქალაქს.
ეჰ წავედი, წავედი….
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS