პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

IELTS გამოცდა, ბაიდენის ვიზიტი და გადაკეტილი ქუჩები

როგორც იქნა მოაღწია 23 ივლისმა, რომელსაც ივნისის დააწყისიდან მოუთმენლად ველოდი და გადავაგორე ეს ოხერი გამოცდაც. მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ისეთი იყო როგორსაც მოველოდი, ანუ მოსმენა სუსტად, წაკითხულის გააზრება კარგად და თემის დაწერა საშუალოდ გამომივიდა. რაც შეეხება საუბარს, მაგას ნისლიანი ალბიონის ძვირფასი და ხელიხელ საგოგმანები წარმომადგენელი შემიფასებს 25 რიცხვში.

გუშინ ძალიან მინდოდა ქალაქში გასვლა და ბაიდენის დახვედრა. როგორც ობამას თანამებრძოლი და სტაჟიანი დემოკრატი, ჩემი დიდი სიმპატიებით სარგებლობს ეს ბაბუა (რაღა უჭირს) მაგრამ სამწუხაროდ მეგობრისთვის თემა მქონდა დასაწერი, უარის თქმაც არ გამოდიოდა და მთელი დღე ბისმარკის საგარეო პოლიტიკაზე არსებული მასალების ქექვას მოვანდომე.

მერე გავიგე გზები რომ გადაუკეტავთ და ის იყო ჩავფიქრდი, ცოცხზე ხომ არ შევჯდე და ისე მივაღწიო მარიოტამდე მეთქი, რომ ბრიტანეთის საბჭოდან დარეკეს, შენი ჭირიმე ცოტა ადრე გამოეთრიე სახლიდან არ გვალოდინო ეს პატიოსანი ხალხიო. მეთქი (ქალ)ბატონი ბრძანდებით და შაქარყინულს მიირთმევთ, სხვა რა მეთქვა.

ამის გამო, დეიდაჩემმა დილის 7 საათზე ამაგდო საწოლიდან და 8 – ის ნახევარზე უკვე გაჩერებაზე ვიყავი დარჭობილი დიდ დიღომში მოსიარულე ტრანსპორტის ფრიად საეჭვო გრაფიკის გამო, თუმცა ჩემდა გასაოცრად ტრანსპორტმა არ დაიგვიანა და სულ მალე მივაღწიეთ ადგილს, რომელიც კი ვიცი რა ადგილიცაა, მაგრამ სახელი ნაღდად არ მახსოვს :მეიდ ინ გორი: და მანდაურობა გადაკეტილი დაგვხვდა. ეუფ, შემოვირტყი თავში ხელი, სად ვიბოდიალო ახლა, მომაწვა დეპრესიული ფიქრები.

თან ვიღაც ჩემი ტოლი ბიჭის ნათქვამმა მომჭრა ყური: თავისუფლების სახელითაა კაცი ჩამოსული და თავისუფლებას გვიზღუდავენო” ეჰ ბიძიკო, თუ აგიფეთქეს “ვაის ფრესიდენთი” შუა დედაქალაქში, მერე სხვა რამეც შეგვეზღუდება.

როგორც იქნა მივაღწიე ალექსანდროვის ბაღამდე და ერთბაშად ხუთმა პოლიციელმა დამარტყა ალყა. თანამშრომელი ხარო? ხუმრობის ხასიათზე დავდექი და კი, მომავალი მეთქი ვუპასუხე. ბლა ბლა ბლა და მოკლედ არ ამიშვა შემოვლითი გზით გამგზავნა და ავაღწიე “ბიჩოკების ამოყრით” რუსთაველზე.

სადღაც საკნების მიდამოს მივუახლოვდი და ამჯერად 4 – მა პოლიციელმა “დამატყვევა”. სად მიდიხარ, რა საქმე გაქვს, რა გამოცდა, რომელ საათზე, რისთვის და ა.შ. ცოტა არ იყოს გავღიზიანდი. პოლიციასთან ბავშვობიდან შეხება მაქვს, პოლიციელის ოჯახში გავიზარდე და არც თანამშრომლობა მეშლება და არც ნორმალური ურთიერთობა, ვიცი რაც არის მათი სამუშაო და მოკლედ , როგორც ამბობენ Respect men and women in blue მაგრამ ამათ აშკარად შეტოპეს, ჰოდა, რომ განვუცხადე სრული უფლება მაქვს არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხოთ მეთქი, შეცბნენ, დაკითხვა აღარ გაუგრძელებიათ,მაგრამ არც რუსთაველზე გავლის ნება დამრთეს, ქვევით გამიშვეს.

კიდევ ცოტა ვიბოდიალე და მივაღწიე თავისუფლების მოედნამდე, ჩამოვჯექი სკვერში და 20 წუთი ათასგვარ უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს ვათვალიერებდი. ვუყურებდი ახალგაზრდა, ჯინსებში გამოწყობილ, რეზინის ხელკეტებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს და ერთი ფიქრი მიტრიალებდა: “აი როგორები არიან ზონდერები”

გამოცდაზე მშვიდობით ავედი, დავწერე და რომ გამოვედი გამახსენდა რომ ტელეფონი დამრჩა, შევბრუნდი, დავურღვიე სიმშვიდე გამოსაცდელებს და ქუჩაში რომ გამოვედი კიდევ ერთხელ დავღონდი. დიდ დიღომში წასვლა არ გინდა კაცო?

როგორც იქნა, პოლიციელების კორდონის, ცხრა კობრისა და ცხრა ავტობუსის გავლის შემდეგ, ვიღაც ღვთისნიერმა პოლიციელმა კოლმეურნეობაზე გასავლელი გზა მიმასწავლა, ისეთი ვიწრო ქუჩებით გავძვერი სულ ზემოთ ვიყურებოდი, თავში არაფერი დამეცეს მეთქი. მივაღწიე 14 ნომერ ავტობუსამდე და მძღოლს იმედდაკარგული ხმით ვკითხე: “დიდ დიღმამდე ჩავაღწევთ?” კიო, თავი დამიქნია და გაიღიმა, ბილეთი ავიღე, წავბანცალდი სულ უკანა სკამზე, გავთიშე გონება და მხოლოდ ახლა, პოსტის დასაწერად ჩავრთე. ესაა ჩემი კომენტარი დღევანდელ დღეზე.

პ.ს საღამოს ბაიდენს მოვუსმენ პარლამენტში გამოდისო სიტყვით…

პ.პ.ს სფიქინგი რომ 25 რიცხვში დამინიშნეს გორში წასვლა თავისთავად გადაიდო :( უჩემოდ იმოძრავებენ დღეს გზატკეცილზე თბილისი – გორის ავტობუსები…

July 23, 2009 Posted by | ბოდვა, jemala | , , , , , , , | 11 Comments

რა ვუშველო ლისენინგს?

არ ვიცი ცუდია თუ კარგი (ალბათ უფრო ცუდი) მაგრამ საქართველოში ახალგაზრდა არ მეგულება, საქართველოდან წასვლაზე და იქ უცხოეთში განათლების მიღებაზე რომ არ ოცნებობდეს თუ არა, ძალიან მაინც არ სურდეს. ადრე მახსოვს, ძვირფასმა ბლოგერებმა ამ თემას რამდენიმე პოსტი მიუძღვნეს და საკმაოდ საინტერესოდაც იკამათეს. ჩემი აზრით საქართველოდან რამდენიმე წლით წასვლაში, განათლების მიღებასა და გამოცდილების დაგროვებაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით. უბრალოდ ეს წადილი იმ სულელურ ფრაზებში არ უნდა გადაიზარდოს: “საქართველოში დამბრუნებლის დედაც, ვინც აქ კიდევ ფეხი ჩამოადგას, აქედან წავიდე და თუ გინდა დარფურში ჩამაგდეთ” და ა.შ.

არც მე ვარ გამონაკლისი და მეც უზომოდ მინდა რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში განათლების მიღება და რადგანაც ნებისმიერი იქაური უნივერსიტეტი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს მოითხოვს, მეც ლოგიკურად გადავწყვიტე “აიელტისისათვის” მოვმზადებულიყავი და მისი გამოცდა ჩამებარებინა. მოვძებნე სასურველი სკოლა, პედაგოგი და დავიწყე მომზადება.

კითხვა და წერა ნამდვილად არ მომეჩვენა რთულად და ოპტიმიზმის ბაცილამაც სასიამოვნოდ შემიღიტინა, მაგრამ ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა ამ დედანაქაჩ ლისენინგს. რამდენიც არ ვწერე, რამდენიც არ ვუსმინე, გასკდა თავი და 24 ქულას ვერ ავცილდი 40 – დან და დღეს მეცადინეობიდან რომ დავბრუნდი, ვხვდები რომ ალბათ ვერც ავცდები. არავითარი პესიმიზმი, “ჩისტა” რეალიზმი.

თითქოს “ლაივში” რა ადამიანურად საუბრობენ და მაგნიტოფონში არ ვიცი მაგის შხრიალის ბრალია, თუ დემონები მებრძვიან, მხოლოდ ყურებად გადაქცევის ხარჯზე ვახერხებ რამდენიმე სიტყვის დაჭერას და დანარჩენები ბარათაშვილისეული მერანივით უგზო – უკვლოდ მიჰქრიან…

ამიტომაც, დიდი სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ ყველა რჩევას იმასთან დაკავშირებით თუ რა ვუშველო ამ ჩემი ცოდვით სავსე ლისენინგს. თუ ვინმე შემოიხედავს ჩემ ბლოგზე ვისაც ჩაუბარებია ეს გამოცდა და აზრზეა რა, როგორ, და რანაირად იქნებ მითხრას რა სირთულისაა მოსმენა გამოცდაზე და საერთოდ რა ხდება. დიდად დამავალებთ.

“წიბე შტო, მედვეძ ნა უხა ნასტუპილ” (ჩემი პედაგოგის შეფასება) :( :( :(

June 16, 2009 Posted by | jemala | , , | 4 Comments

წილი ნაყარია. . .

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, რომ ჯობია მეც ჩავეწერო ქართველ ბლოგერთა მცირე თუ მრავალრიცხოვან (ჩორტ ივო ზნაეტ) სიაში და ჩემი ნაბოდვარი აქ ამოვანთხიო, ასე რომ გილოცავ ჩემო თავო პირველ რიგში, შენ ნამდვილად დაიმსახურე, რომ შენი გონების ნაჟურმა აქ იხილოს მზის რა შუაშია და ალბათ ძირითადად ჩემი თვალებიდან წამოსული შუქი. Ave Caesar, Morituri Te Salutant!
და მაინც, ამ ბლოგის გამართვის რომ ბევრი არაფერი მესმის….

April 1, 2009 Posted by | jemala | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.