მოაშორეთ აქედან სტალინი
შარშანდელი 8 და 9 აგვისტოს ქრონიკებს საღამოსკენ დავწერ, ცოტა უკეთ მჭირდება იმდროინდელი მოვლენების აღდგენა, ახლა კი გუშინ გორის ცენტრში გამართულ აქციაზე ვისაუბრებ.
როგორც ცნობილია, დაახლოებით სამი კვირის წინ, თეა თუთბერიძისა და საზოგადოებრივი ჯგუფის აქტიურობით, დაიწყო მსჯელობა 8 აგვისტოს სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით. რა თქმა უნდა ცხადი იყო, რომ 8 აგვისტოს ეს საქმე არ გამოვიდოდა (რატომ არის ეს საკითხი ასეთი პრობლემატური, მაინც ვერ გავიგე ოღონდ) მაგრამ ყინულის დაძვრაც საქმე იყო, ამიტომაც გუშინ ძალიან გამიხარდა ფეისბუქზე აქციის ორგანიზატორისგან, გიორგი გოცირიძისგან მიღებული შეტყობინება, რომ 4 საათზე აქცია იმართებოდა სტალინის ძეგლის წინ, ძეგლის გადატანის მოთხოვნით.
ნახევარი საათი უშედეგოდ ვრეკე აქეთ – იქით ხალხის შესაკრებად, ბოლოს 3 მეგობარი შევკრიბე და მათთან ერთად მივედი ცენტრში (გზაშიც ვცდილობდი ხალხის აყოლიებას, შეიძლება ზოგი მოვიდა კიდეც) აქცია კარგად იყო ორგანიზებული, აშუქებდა სხვადასხვა მედიასაშუალება (ოღონდ როგორც მერე გავიგე ბევრმა არ უჩვენა) ახალგაზრდებმა წაიკითხეს მიმართვის ტექსტი, ავაფრიალეთ ბანერები და შევაგროვეთ ხელმოწერები, ამასთან ფრიად ვტკბებოდი იმ ალაგ – ალაგ შემოხეტებული “ჰომო სოვიეტიკუსების” რიტორიკით. ღმერთმანი მიყვარს ეგ ხალხი, რომ არა ეგენი, რაზე იმხიარულებდა უბრალო მოკვდავი?
კიდევ მინდოდა აქციაზე გაჩერება, მაგრამ მეგობართან ვიყავი წასასვლელი ფრიად საჭირბოროტო საქმეზე. გზად მიმავალს, რამდენიმე ნაცნობი შემომხვდა, რომლებსაც შორიდან დავულანდივარ ბანერით ხელში მდგომი და ახლა “ხელში ჩავუვარდი”. მოკლედ წავიდა იქ სტალინიზმის ქადაგება “ეგ რო არა ძმაო, რა ვისი ძეგლი უნდა იდგეს” და ა.შ. მაგრამ ყველაზე საოცარი ის შეკითხვა იყო, რამაც აგერ 20 წლისა მოვყრილვარ და ჯერ არ მსმენია. “სტალინის ძეგლის აღება რო გინდა, იაღოველი ხარ?” ჭეშმარიტად ყბა ჩამომივარდა.
რა ლამაზია სტალინის ძეგლზე წითლად მითხაპნილი “ჩამოკვარცხლბეკდი სოსელო”. ნოდარ ლადარიას ეს ფრაზა, ამის მერე კვარცხლბეკს დაამშვენებს
პ.ს გუშინ იმდენად ბევრი საფერავი ვშთანთქე, რომ 2 საათი ქალაქში დავდიოდით მე და ვანო, ხალხს ვაჩერებდით, მანქანებში ვხტებოდით, მაღაზიებში შევდიოდით და ვეკითხებოდით: “სტალინს რააა?” ზოგი პირდაპირ კაცურად გვპასუხობდა რაც საჭირო იყო, ზოგი უხერხულად დუმდა და იღიმებოდა, მაშინ ჩვენ ვამატებდით, “გულში მაინც” და ამაზე ყველა ბედნიერი გვიქნევდა თავს. მაგარი იყო ძალიან, მაგრამ პატრულთან რაღამ მიმიყვანა ვერ გავიგე, კიდევ კარგი ეს ღამე განყოფილებაში არ გავათენე
))
პირველი გასაუბრება პოლიციასთან
კიევის პოლიციისაგან მეტად დამფრთხალი ჩამოვიდა ჩემი ძმა… რაღაც საოცარი ამბები მომიყვა მათ უნამუსობასა და ქართველების შევიწროებაზე და ეს დღეები რაღაც თავისუფლად ვერ გრძნობს თავს ქუჩაში. ჯერ იყო და უბნის ბოლოში ისე არ გამოდის პასპორტი და ყველა საბუთი რომ არ ჩაიჩურთოს, პატრულის მანქანის დანახვაზე კი ელეთ – მელეთი მოსდის… ნამდვილად მესმის მისი, იმ მოყოლილი ამბების მერე.
ძმაკაცებმა კი აქაური ამბებით “გაახარეს”, რომელსაც მეც პირდაღებული ვუსმენდი, იმიტომ რომ პოლიციასთან პრობლემები არასოდეს მქონია და ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა დავეგდე ვიღაცას, გავეჩხრიკე, სურათები გადაეღო ან თუნდაც ვეგინებინე…ამიტომაც ინტერესით მივიღე შემოთავაზება შუაღამის 3 საათზე ქალაქში გასეირნების შესახებ და ცენტრში მდებარე ერთ – ერთი საბილიარდოსკენ დავუყევით ქუჩას…
ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი….
ბილიარდის თამაში რომ დავამთავრეთ და უკან ვბრუნდებოდით, პატარა ლურჯმა ფოლკსვაგენმა უხეშად გადაგვიჭრა და გზა და როგორც იტყვიან “ფეხებთან წაგვიტორმუზა”. გვერდზე მდგომმა ჩემმა მეგობარმა ჩუმად ჩაილაპარაკა: “კრიმპოლი”
ვინაიდან საღამოს გამართული დისკუსიისას, ყველაზე მეტს მე ვქაქანებდი იმის შესახებ, რომ პოლიცია ასეთ სინაგლეს არ გამოიჩენდა, პოლიციასთან სპიკერის როლი ლოგიკურად მე მერგო და ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა
საჭესთან მჯდომი: რას აკეთებთ ბიჭებო?
მე: სახლში მივდივართ
ის: სადაურები ხართ?
მე: გორელები ვართ, თქვენ ვინ ხართ უკაცრავად?
ის: სად ცხოვრობთ? (ვითომ ვერ გაიგო რა ვკითხე)
მე: სააკაძის ქუჩაზე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
ამ დროს მეორე ფანჯრის შუშაც ჩამოიწია და ვიღაცის უტიფარმა თვალებმა შემომანათა ამ სიტყვებთან ერთად:
რას ჰქვია რა მნიშვნელობა აქვს? გგონია მეხალისება თქვენი შემოწმება?
მე: არც ჩვენ გვეხალისება აქ დამნაშავეებივით დგომა
ამ სიტყვებზე ორივე კარი გაიღო და საჭესთან მჯდომი და მეორე რეპლიკის ავტორი ერთად გადმოხტნენ და მოგვიახლოვდნენ…რა დასამალია და ტანში უსიამოვნოდ დამბურძგლა.
საჭესთან მჯდომი: აქ რას აკეთებთ?
მე: ხომ გითხარით, სახლში მივდივართ და არც კაიფში ვართ და არც მთვრალები.
ის: მერე ეგ შუბლზე ხომ არ გაწერიათ, ჩვენი მოვალეობაა ამ დროს ყველა საეჭვოდ მოსიარულე პირი შევამოწმოთ (ეტყობა დარწმუნდა, რომ “სუფთები ვიყავით”)
მე: დიახ, მესმის, ეგ თქვენი მოვალეობაა. ვიცით, რომ შუბლზე არ გვაწერია
ამ დიალოგის შემდეგ, ორივე ხმისამოუღებლად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ჩემი მეგობრები კი ნიშნის მოგებით მიცქერდნენ, ესეც შენ ჩვენი რომ არ გჯეროდაო… მე კი ისევ პოლიციელების ბოროტი მზერა და იარაღზე წავლებული ხელი მახსენდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, რომ ქალაქში პოლიცია გამართულად ფუნქციონირებს და ისიც ვაღიარე, რომ ღამის 5 – ის ნახევარზე ქალაქში რომ რამოდენიმე ბიჭისაგან შემდგარი ჯგუფი მოძრაობს, ეს უდავოდ დააინტერესებს პოლიციას… ასე რომ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა,უბრალოდ ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური საუბარი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან
გორული “პონტები”
“გორო ქართლის შუაგულო, მეთაურო ქართლისაო, ადრეც ბევრჯერ წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო” – როგორ მიყვარს ეს სიტყვები, ერთ დროს დიდ აბრაზე გამოსახული რომ ამშვენებდა გორის ერთ – ერთ უბანს.
ბავშვობიდან რატომღაც მეამაყებოდა გორელი რომ ვიყავი, მახსოვს ერთხელ, ბორჯომში ვიღაც ქალმა რომ გაგვიღიმა მე და ჩემ ძმას და გვითხრა: რა კარგი ქართველი ბიჭები ხართო (უეჭველი ლექსების მოყოლით დაგვღალა) და მე უმალ შევუსწორე: ქართველი არა გორელი მეთქი
ყველა ჩემი მეგობარი, ჩემი თანაკლასელი, ვისთან ერთადაც “ეროვნულების” ჩაბარების შემდეგ თბილისის “სიტკბოების” გაზიარება მხვდა წილად, თავის მამულიშვილურ ვალად თვლის ყველანაირად დაამციროს გორი, ჭაობი და მკვდარი ქალაქი უწოდოს მას, ხოლო ჩემი და ჩემნაირების შეფასებისას (ყოველ პარასკევს გორში გამოქცევაზე რომ უჭირავთ თვალი) “სოფელზე შეყვარებული” – ს მსგავსი სიტყვათა კონსტრუქცია გამოიყენონ…
განა მე არ ვიცი, რომ გორს ბევრი აკლია წარმატებულ და “მაგარ” ქალაქად ქცევამდე? მაგრამ ასეთი ცინიზმი და ზღვარგადასული ნიჰილიზმი ამ პატარა ქალაქის მიმართ შეიძლება? თუმცა ზოგჯერ მეც მიჭირს ხოლმე, გორული “მარგალიტების” შეფასებისას თავის შეკავება, თუნდაც:
1) როდესაც ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი მაღაზიიდან მიდიხარ ერთ – ერთში პურის საყიდლად, ხოლო მეორე მაღაზიის გამყიდველი ამჩნევს რა იმას, რომ გვერდზე მაღაზიაში შედიხარ, თავგანწირვით კივის: “პური ხომ არ გინდა?”…. რა არის ეს? ძალადობა მომხმარებელზე! ამიტომ მშვიდად ვპასუხობ რომ სწორედაც პური მინდა, ვყიდულობ პირველ მაღაზიაში და მეორეს (მკივანას) წარმატებულ ვაჭრობას ვუსურვებ (ამას შედარებით არა უშავს)
2) ქუჩაში მიმავალი მანქანის ან ფეხით მოსიარულის “მოჩეხინება”, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ “მოჩეხინების” ობიექტს უძახი საკუთარ სახელს (გორში ყველა ყველას იცნობს) ხოლო მას შემდეგ, რაც იგი “მოჩეხავს”(თავს მოატრიალებს ან მთელი ტანით მობრუნდება) იმალები, იგი აგრძელებს გზას, შენ კვლავ უძახი და ეს პროცედურა რამდენჯერმე მეორდება… ფინალის ნაცვლად შენ ჩნდები სამალავიდან და ხმამაღლა გასძახი: “იუუუ, გამოიღეეეე” :ვაიმე დედა რა დღეში ვართ სმაილი: თანაც ამ “საქმიანობით” ახალგაზრდებთან ერთად ასაკოვანი ხალხიცაა დაკავებული… ჰო სტვენაც დასაშვებია…
3) ზაფხულობით სტალინის ბაღში სეირნობა… ბაღში, სადაც როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა ენამოსწრებულად შენიშნა “იაფფასიანი სუნამოების და ლილოზე შეძენილი შმოტკების” დეფილე ეწყობა…კვირაში ერთხელ როგორც მინიმუმ “ვალდებული” ხარ იქ გადახვიდე რათა “ხალხი ნახო” (მუდო ხომ არ ხარ შეჩემა) ხოლო შემდეგ მშვიდად უსმინო როგორ გასძახებენ სიბნელეში თავშეფარებულ წყვილებს “კუჭის წვენი არ ამოუღო ბიჯოო” და აუღელვებლად გაატარო გოგონების მისალმება ერთმანეთისადმი: “შენა კუჭი კიდე გაქ აშლილი?” :სასოწარკვეთის სმაილი: ასევე გრეხია სკამზე პირდაპირ დაჯდომა, უნდა დაჯდე საზურგეზე (ფეხები კი იქ დაალაგო სადაც წესით უნდა იჯდე) ხოლო ვინმეს შენიშვნაზე “წესიერად დაჯექიო” თავდაჯერებულად უნდა გასცე პასუხი “ჭუჭყიანია და სად დავჯდეო” (შე ვირიშვილო, ჭუჭყიანი იქნება აბა რა, შენნაირი მუტრუკი რამდენი ალაგებს მანდ ფეხებს)
4) ყოველ 23 ნოემბერსა და 6 მაისს, როდესაც გიორგობასთან ერთად გორიჯვრობაც აღინიშნება, აუცილებლად გჭირდება რაიმეთი “დაავადება” იმიტომ, რომ “თუ არაფერი არ გჭირს გორიჯვარზე რატომ არ მიდიხარ?” (მომაკვდინებელი შეკითხვა) “წამო მაგარი პონტი იქნება” (სალოცავზე!!!) :ლოყების ჩამოხოკვის სმაილი:
და ასეთი კიდევ რამდენი ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა
ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ………
როგორ მაინტერესებს სხვა ქალაქების “პონტები”… ყველგან ასეა თუ ჩვენ დაგვერხა მხოლოდ…
და მაინც – გორი მამაცი ქალაქია
სააკაძის უბანი
ახლა 5 აპრილის 23 საათი და 50 წუთია (პოსტის წერის დასაწყისი) 10 წუთში, 6 აპრილი, ანუ ორშაბათი დღე დადგება, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ დილით ადრე უნდა ავეთრე და საქართველოს თვალწარმტაც (!!!) დედაქალაქში გავემგზავრო, რაც ასევე ლოგიკის კანონზომიერების სრული დაცვით ნიშნავს იმასაც, რომ ჩემ უსაყვარლეს სააკაძის უბანს, მინიმუმ ერთი სამუშაო კვირა ვეღარ ვნახავ (სურათები არ ითვლება)
ამ არც თუ ისე მთვარიან ღამეს, არც თუ ისე რომანტიკული განწყობით, ჩემი არც თუ ისე თბილი ოთახიდან მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემ სააკაძის ქუჩას.
ნაციზმის იმდენივე სახეობის შესახებ მსმენია, რამდენი ჯიშის სოსისსაც გერმანიაში ამზადებენ და რამდენი სახეობის მწერიც ამაზონის ჯუნგლებში ბზუის, მაგრამ ახალი ტერმინის შემოტანა მინდა – უბნის ნაცისტი ვარ… კი, კი, ვიფიქრე ამაზე და მართლა ეგრეა…
15 წელზე ოდნავ მეტია, რაც პირველად ჩავისუნთქე ამ უბნის ჰაერი და იმის შემდეგ, დედამიწის ზურგზე უკეთესი ადგილი (ჩემთვის რა თქმა უნდა) აღარ მეგულება…აქ ყველაფერი ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლობელი, თითოეული სახლი, თითოეული გახუნებული ჭიშკარი, ქუჩაზე თბილად დაცემული მზის სხივები, გაზაფხულის მიწურულს ატეხილი ფოთლების შრიალი, მეზობლების ხმაური, უბნის თავსა და ბოლოში მოწყობილი პატარა ბირჟები, საღამოს გამოშლილი ბავშვების წკრიალა ხმა, ქუჩაზე დარბაისლურად მოსეირნე მოხუცთა ალერსიანი სალამი, ზუსტად ჩვენ უბანს გადმომზირალი პატარა ეკლესია და საოცარი, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება, როდესაც ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პატარა, მდუმარე კუნძულზე გამოიღვიძე, სადაც ტრასაზე მიმქროლი მანქანების ხმაური, ნაპირს მოხეთქებული ტალღების მსგავსად ჩაგესმის…
ასეთია ჩემი პატარა სააკაძე, თავისი ტკივილითა და სიხარულით, სიცილითა და ცრემლით…
ხანდახან მგონია რომ ქუჩა ცოცხლობს და ერთხელაც იქნება გამომელაპარაკება კიდეც, როდესაც ერთი ან მეორე ბოლოდან ღიმილით გავყურებ ხოლმე და ვცდილობ სულ უფრო და უფრო უკეთ აღვიბეჭდო გონებაში… აქ ყველა კედელი ნაცნობია, ყველა “იამა” გათელილია, ყველა სახლის კარებთან გვითამაშია ბურთი ბავშვობაში და ჩვენი ანცობისაგან დაუზიანებელი ფანჯრების მქონე სახლის მოძებნა ჩინურ გრამატიკასავით ძნელია…
შეავლებ მზერას სახლის კედლებზე მიწერილ სახელებს და უცებ წარმოიდგენ უბნის ისტორიას, გაცოცხლდება იმ ბიჭების თუ გოგონების პატარაობა, ჩვენზე უწინ რომ ავსებდნენ სიცოცხლით ამ უბანს, დღეს უკვე ყველა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა და დარწმუნებული ვარ ამ კედელზე შეხედვისას, საკუთარი არც თუ ისე ლამაზი კალიგრაფიის დანახვისას, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ეძალებათ…
ალბათ გავა დრო და ჩვენც ანალოგიური ფიქრებით მიველაციცებით სააკაძის უბნის ბებერ კედლებს…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებლებსაც ასე უყვართ იგი…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის ყველა მაცხოვრებელსაც აქ უნდა ცხოვრება…
ალბათ ერთადერთია ასეთი პატარა უბანი, რომლის მაცხოვრებელიც მას საკუთარ ბლოგზე ერთ (ჯერჯერობით) პოსტს უძღვნის…
გაგვიმარჯოს სააკაძელებს!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS