პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

გუშინ

გუშინ ქართული სპორტის მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო დღე იყო, რადგან საქართველოს ორი ნაკრები გუნდი თამაშობდა. 2 საათზე 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ისლანდიას მასპინძლობდა, ხოლო 4 საათზე ქართველი მორაგბეების გუნდი არგენტინის “ა” ნაკრებს უნდა დახვედროდა.

მოხდა ისე, რომ ორივე თამაშზე მომიწია ყოფნა – ფეხბურთის პირველ და რაგბის მეორე ტაიმზე. საერთოდ ხშირად ვერ ვახერხებ ნაკრების თამაშზე სიარულს, სულ 5 – 6 ჯერ ვარ ნამყოფი (მხოლოდ ფეხბურთზე) და არასოდეს გამჩენია სურვილი ტაშის დაკვრის გარდა, რაიმე სხვა მოქმედებით ან ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება, ალბათ ცუდი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მინდორზე დუნედ მოძუნძულე ფეხბურთელებს მთელი გულით ვუქომაგო. არც ის იქნება ახალი, თუ დავამატებ, რომ მორაგბეების შემთხვევაში საქმე სრულებით სხვაგვარადაა. ჰოდა მეგობართან თამაშების დროს რომ ვაზუსტებდი ჩემდა უნებურად წამომცდა:  ”ფეხბურთი ლოკომოტივზეა და ნაკრები დინამოზე თამაშობს არა?” მეთქი და მერე გამეცინა.

აქვე მინდა დავამატო, რომ გუშინ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო (პირველ ტაიმში) არაფერი მქონია, პირიქით, მაგრამ რაც მე გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე ვნახე, მართლა არასოდეს დამავიწყდება…

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მეორე ტაიმს მაინც მივუსწარი.

აი რას ჰქვია ნაკრები! აი, რას ჰქვია თამაში, როდესაც შენ ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს! აი რას ჰქვია მონდომება, როდესაც იცი, რომ სრულიად საქართველო შენ შემოგყურებს და შენი წარმატებით ხარობს! აი რას ნიშნავს იმის გაცნობიერება რომ შენ საქართველოს ღირსებას იცავ!

დასაჯდომის მოძებნა არც მიცდია, თვალი მოვკარი თუ არა ყველაფერი დამავიწყდა.

გუშინ გავაცნობიერე რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყანა გამარჯვებულია. ჯერ არასოდეს არ მენახა ცოცხლად, როგორ იმარჯვებდა საქართველოს ნაკრები…

იმარჯვებდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და იმარჯვებდა ისე, რომ ნებისმიერ მორაგბეს ეტყობოდა – უმალ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერდა ხელს, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის მოედანზე რაიმის დათმობაზე.

საოცარი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ.

გუშინვე მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონს “დამატებით მოთამაშეს” უწოდებენ. არც ერთი ტრიბუნა არ გაჩერებულა! დიახ, სწორედ მორაგბეები იმსახურებენ ასეთ მხარდაჭერას ასეთ შეუპოვარი და ჯიგრიანი ბრძოლისთვის!

გუშინ მე გამარჯვებული საქართველო ვნახე…

 

გმადლობთ ბიჭებო! საქართველო ამაყობს თქვენით!

November 15, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო, სპორტი, ჩემები | , , , | 2 Comments

ისევ ლიბერალიზმზე

ეს ბოლო პერიოდია, ხშირად მიწევს კამათი და დისკუსია ისეთ ერთი შეხედვით ბანალურ და გაცვეთილ თემაზე, როგორიცაა ლიბერალურ – დემოკრატიული ფასეულობები ზოგადად და მასთან დაკავშირებული საკითხი, ამ ფასეულობების დანერგვა საქართველოში, თანმდევი პროცესები, უკუჩვენებები, ნეგატიური თუ პოზიტიური შედეგები და ა.შ.

ჯერ – ჯერობით, ისეთი ტენდენცია მხვდება თვალში, რომ იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი განსხვავება ორი საპირისპირო ბანაკის წარმომადგენელთა შორის, რომელთაც მე პირობითად ლიბერალებად და კონსერვატორებად დავყოფ, განუწყვეტლივ ღრმავდება. საერთო შეხების წერტილების პოვნისა და კონსესუსის ძიების სანაცვლოდ, ორივე მხარე თავაწყვეტილი მიერეკება თავისას და სულ უფრო უხეში, ცინიკური და უაზრო ქმედებებით უპირისპირდება მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. ესეც თუ გნებავთ ქართული ელემენტის გავლენა :) ))

კონსერვატორთა იდეოლიგიურ პლატფორმას შეფარებულნი, ხშირად გამოდიან ხისტი, ხშირ შემთხვევაში ძალადობის შემცველი არგუმენტებით და აცხადებენ, რომ დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაცია კრიზისშია. შესაბამისად მას მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ გადაარჩენს, არავითარი შემწყნარებლობა ისლამოფაშიზმით გაჟღენთილი მუსლიმების, თუ ასოციალური ელემენტების (ფერადკანიანები, ლათინოსები მათი გაგებით) მიმართ. ასევე არ ერიდებიან ბრალდებას ლიბერალთა მისამართით, რომ ისინი უწყობენ ხელს თავისი ასეთი შემწყნარებლური და მომთმენი დამოკიდებულებით ანტაგონიზმის ზრდას.

“ყოველთვის გეტყვი, რომ შენ, ჩემი თანამემამულე, უფრო მეტად აშავებ, ვიდრე ის ჩამოთრეული აფრიკელი (აქ ვიგულისხმოთ ნებისმიერი ეთნიკურად არაქართველი. ანგლოსაქსონური წარმომავლობის პირის გარდა), რადგან შენ შენი შეხედულებებით და იმით, რომ ნებას აძლევ აქ ცხოვრების, საკუთარ სახელმწიფოს უქმნი საფრთხეს” – ასეთია ზუსტი ციტატა, ზემოთხსენებული დაჯგუფების ერთი წარმომადგენლისა.

ვითომ ასე კატასტროფულადაა საქმე?

ჩემი აზრით არა.

როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალიზმზე, ეს არ ნიშნავს ყოველგვარი იმ გაუმართლებელი ნაბიჯის გადადგმას რაზეც “კონსერვები” საუბრობენ. მე მჯერა, რომ გამართული და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის დიდი ნაწილის სრული ინტეგრირება მოვახდინოთ საზოგადოებაში და სპეციალური შეღავათების დაწესებით უმაღლეს სასწავლებლებში, გონივრული პროპაგანდის და სპეცსამსახურების შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ისეთი ნაღმის ამოქმედება, როგორიც ჯავახეთია. (სწორედ ამ რეგიონთან დაკავშირებულმა საუბარმა შთამაგონა ამ პოსტის დაწერა)

ლიბერალიზმი არ ნიშნავს ყველაფრის თავის დინებაზე მიშვებას. ჩვენ,იმიტომაც ვაფორმებთ სოციალურ კონტრაქტს სახელმწიფოსთან, რომ ეს საჭირო და აუცილებელია. არავინ აპირებს საზღვრების გახსნას და სიტყვაზე ბანგლადეშელი ლტოლვილების შემორეკვას, მაგრამ ასეთი ქსენოფობიური გადახრებით, ქართული სახელმწიფო კი არ ძლიერდება, როგორც ამას ამტკიცებენ, პირიქით – სუსტდება.

დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ კუნთებზე ვიყუროთ და იარაღი ვაჟღარუნოთ. გვიდგას ძალიან რთული პერიოდი (პრეზიდენტმაც ახსენა დღეს თავის გამოსვლაში) და რაც მთავარია, ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გავიაროთ და შევეშვათ “მძინარე ნინოწმინდის” დაბომბვაზე ფიქრებს (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)

ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია, ჯავახეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება (ან სხვა გზით განეიტრალება) რადგან მათი პარპაში უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ჩვენ ვეუბნებით ე.წ. “ქორებს”,რომ ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ დაპყრობილია, ფუნქციონირებს არანორმალურ რეჟიმში და შესაბამისად, ამ პერიოდში შეიძლება ასეთ თემებზე თვალის დახუჭვა, რათა მომავალში უფრო კატასტროფული შედეგი არ მივიღოთ. ცალ ფეხზე მკიდია ისეთი ლიბერალები, რომლებიც ყველა ძაღლისა და მამაძაღლის უფლებას იცავენ და საკუთარი სახელმწიფოს უფლება არსებობასა და გადარჩენაზე სულაც არ ადარდებთ.

ჩემთვის ნებისმიერი საკითხი, რომლის ავკარგიანობის შეფასებაც მიხდება, წყდება ერთი კრიტერიუმით: არის თუ არა ეს სახელმწიფოსთვის უკეთესი? დღეს ლიბერალურ – დემოკრატიული იდეოლოგია ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს ამ იდეოლოგიის ყველა პოსტულატის ზედმიწევნით დაცვა საზიანოა. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ამ, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ პერიოდში (თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო უფლებათა შელახვამ მასშტაბური ხასიათი მიიღოს, როგორც ეს დღეს ხდება)

როგორ წარმომიდგენია საქართველოში ამ იდეოლოგიის დამკვიდრება და რა სახის რეაქციაა მოსალოდნელი, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ.

July 20, 2009 Posted by | პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო, ჩემები | , , , , , | 9 Comments

ქსენოფობი ვარ?

იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც გულწრფელად მწამდა, რომ მთელ სამყაროში, მხოლოდ ჩემი საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც არსებობას ნამდვილად იმსახურებდა. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ისეთი წარსული, რომელსაც სხვა ვერც ინატრებდა. მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა იყო რელიგია, რომელიც ფლობდა ჭეშმარიტების ექსკლუზივს და მხოლოდ ქართველი (არავინ ქართველის გარდა) იყო ნამდვილი ადამიანი. სხვა დანარჩენებს ვერ ვიტყვი რომ ზიზღით ან ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ქართული ისტორიისა და პროპაგანდის საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი ვიყავი. ახლაც არ ვარ მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ ასეთი აქოთებული აზრები აღარ მაწუხებს. პირიქით, ერთი პერიოდი იმასაც კი ვოცნებობდი, მთელ მსოფლიოს ერთად ეცხოვრა და ერთი ხელისუფალი ჰყოლოდა. ამაზე კი ერთმა ახლო ნაცნობმა უხეშად მომიჭრა, ეგეთი სამყარო მარტო ჯონ ლენონის სიმღერებში არისო. მართალი იყო ის ადამიანი, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დალახვროს ეშმაკმა :)

ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება აქვს მინიჭებული და ეს განუხრელად უნდა სრულდებოდეს, ამაზე არავინ დავობს. ამაზრზენია ადამიანთა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გამორჩევა და ამის გამკეთებელი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა…

ნამდვილად არ ვაპირებ კუდიანებზე გამოდევნებას და შეთქმულების თეორიის აპოლოგეტობას, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ ეთნიკური უმცირესობათა დაცვის მოტივით, ძალიან ხშირად მოქმედებენ ამ უკანასკნელთა სახელმწიფოების სპეცსამსახურები. ისინი ქმნიან სხვადასხვა ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლუბებს ერთი შეხედვით მეტად დადებითი ფუნქციით, მაგრამ სინამდვილეში მათ მთავარ ფუნქციას ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს და როდესაც ამას ვიაზრებ, ნამდვილად მაქვს ბრაზის საფუძველი.

ძალიან ხშირად მათი სამიზნე ხდებიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველები, რომელთაც ვერ მოუსწრიათ ლიბერალიზმის პრინციპების ჯეროვნად გადახარშვა თავში და ყველაფერს ურჩევნიათ თუ ქართველების უხეშობაზე, ნაციზმზე და არატოლერანტობაზე ალაპარაკებ. ეს მათ გმირული საქციელი ჰგონიათ და შეიძლება უკვირთ, რატომ არავინ უმშვენებს მკერდს მედლით “საბრძოლო მამაცობისათვის”

განა ქართველებს საკრიტიკო არა გვაქვს? არა ბატონო, ბევრი. ძალიან ბევრი. განა არ უნდა ვაკრიტიკოთ? ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ დაე ყველას ახსოვდეს რომ “სახელმწიფო ესე მაინც არის საქართველო” და ლიბერალიზმის პრინციპების დაცვისკენ მიმართული გულმხურვალე ზრუნვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისაკენ მოქნეულ მახვილად არ უნდა გვექცეს.

ნებისმიერი შეგნებული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს, სხვა მისგან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ ეს ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებით, მუდმივი ცდით, რომ ასეთ მოქალაქეებს კარგად ჰქონდეთ შეგნებულნი, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან გადმონერგილი სიმსივნე კი არა, მრავალფეროვანი, მულტიკულტურალური და მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს ბურჯები არიან და თავი შორს დაიჭირონ იმ აზრებისა და იდეებისაგან, (აქ პირველობას არავის უთმობენ სომხები) რასაც როგორც უკვე ვთქვი სხვადასხვა ენჯეოების სახელს ამოფარებული ჩვენი სამშობლოს მტრები ქადაგებენ (სამწუხაროდ უნდა დავძინო, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებია)

ვისთვის გამომდგარა კარგი და სასარგებლო პაპზე დიდი კათოლიკობა ჩვენ რომ გამოგვადგეს? მაგრამ, მოსწონთ ამ ახლადგამოჩეკილ ადამიანის უფლებათა დამცველებს სულიშემძვრელი იდეებისა და აზრების დეკლარირება “ჩაგრულ რუსზე, უსამართლოდ შეურაცხყოფილ სომეხზე, ცინიკურად მოხსენიებულ თათარზე, დაბომბილ ოსზე” და ა.შ. იმას კი არ უფიქრდებიან, რა მდგომარებაში არიან საქართველოს მოქალაქენი იმ ქვეყნებში… არ ვიძახი, რომ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ, ეს არც ხდება ასე და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით პროგრესი აშკარაა. რა თქმა უნდა სასურველისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ რეგიონის მასშტაბით უდავოდ ლიდერები ვართ და ეს ძალიან მახარებს. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და წინ ვიაროთ.

პ.ს.ამ პოსტის დაწერა, ერთ – ერთ ასეთ “ენჯეოში” მომუშავე ჩემ მეგობართან გამართულმა არაერთმა დისკუსიამ მომაფიქრებინა, რომლებიც როგორც წესი “ქსენოფობოს” ტიპის სიტყვის მოძახებით მთავრდებოდა მისი მხრიდან, ჩემი ცოდვით კი, უდაბნოში მღაღადებელიც დაიწვებოდა :) მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას: შენ შეიძლება, სისულელედ გეჩვენება რასაც გეუბნები, მაგრამ ისე არ გაგიხდეს საქმე, საფლავში ჩამომძახო, რა მართალი ყოფილხარო :)

პ.პ.ს ისე მე ხომ არ ვარ ქსენოფობი და ჩემ თავსაც კი ვერ ვუტყდები? :)

June 2, 2009 Posted by | საზოგადოება, საქართველო, ჩემები | , , , , , , , , , | 11 Comments

მოვალეობა, ღირსება, სამშობლო

სადღაც ერთი წლის თუ წელიწადნახევრის წინ, მახსოვს ინტერნეტში დავძვრებოდი, რაღაც მასალებს ვეძებდი ცნობილ ამერიკელ (ღმერთმა დალოცოს ამერიკა) გენერლებზე. რა თქმა უნდა ერთ – ერთი პირველი ძიებაში დუგლას მაკარტური ამომიგდო გუგლმა და რამდენიმე ლინკს თან მოჰყვა მისი ორი სიტყვით გამოსვლის ტრანსკრიპტი (ქართულად როგორ არის არ ვიცი) რომლებმაც უმალ მიიქციეს ჩემი ყურადღება. ერთს ერქვა Old soldiers never die,they just fade away ხოლო მეორეს “Duty, Honor, Country” – ამ უკანასკნელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ასე ლამაზად, ასე დახვეწილად, ხოტბის შესხმა ამერიკელი ჯარისკაცისადმი სადაც თითოეული სტრიქონი მისი სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთია გამსჭვალული, ნამდვილად იშვიათობაა.

დღესაც, როდესაც მომინდება, ხშირად ამოვქექავ ხოლმე უჯრიდან ამ სიტყვას (რომელიც იმდენად მომეწონა რომ გავკადნიერდი და გადავაქართულე) და კიდევ ერთხელ ვკითხულობ იმ უკვდავ სტრიქონებს, რომელიც ყველა ღირსეულ ჯარისკაცს და არა მარტო ჯარისკაცს, გულისფიცარზე უნდა ეწეროს. გენერალ მაკარტურის ეს სიტყვა, ნამდვილი კოდექსია, რამდენიმე გვერდზე შეჯამებული ცხოვრების ფილოსოფიაა, პირადად მე, მისი სიტყვიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, აქ მინდა დავწერო რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი ციტატა, თუმცა ერთი უკვე მიწერია ბლოგის სათაურში: “ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული” – ეს მოხუცი გენერლის სიტყვებია.

“ამერიკელი ჯარისკაცი ისტორიის საკუთრებაა, როგორც წარმატებული პატრიოტიზმის ერთ – ერთი უბრწყინვალესი მაგალითის შემოქმედი. იგი შთამომავლობის საკუთრებაა, როგორც საძირკველი მომავალი თაობებისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაფუძნებით. იგი ეკუთვნის აწმყოსაც, გვეკუთვნის ჩვენც, მთელი თავისი ღირსებებითა და მიღწევებით”

“მე არ ვიცი მათი დაბადების ღირსება, მაგრამ მე მესმის მათი დაღუპვის სიდიადე. ისინი დაიღუპნენ ისე, რომ არ დაუსვამთ კითხვები, არ უწუწუნიათ და არ უკვენესიათ, დაიღუპნენ რწმენით აღსავსე გულებით და ტუჩებზე აღბეჭდილი იმედით, რომელიც ჩვენ გამარჯვებისკენ მიგვიძღოდა. მუდამ მათთვის: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

“ჯარისკაცი, რომელიც მოწოდებულია, რომ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნას და შესწიროს სამშობლოს, ჭეშმარიტად კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილებაა”

“თქვენი პროფესია ჯარისკაცობაა, გამარჯვების ჟინია, უყოყმანო შეგნებაა იმისა, რომ ომში გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რომ თუ დამარცხდები სამშობლო დაინგრევა და შენი სამსახურის თანმდევი აზრი, შენი მრწამსი და შეგნება მუდამ უნდა იყოს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

“თქვენი უზენაესი კანონი, რომელიც თავისი ბრწყინვალე ნათელით შუქს ფენს სიბნელეს, უდრეკად ჟღერს: მოვალეობა, ღირსება, სამშობლო!

და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი ციტატა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც სამშობლოსთვის, წრფელი გულით და იმედით იღუპება, მუდამ ცოცხლობს თავისი ქვეყნისთვის.

“ჩვენ არასოდეს შევუშინებივართ გრძელ ნაცრისფერ მწკრივებს. თუკი იქნებოდა ბრძანება, ყავისფერსა და ხაკისფერ, ლურჯსა და ნაცრისფერ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მილიონობით აჩრდილი, ამაყად წამოდგებოდა მათ გულებზე დადგმული თეთრი ჯვრებიდან და დედამიწას შეარყევდა მათი გულებიდან ამოხეთქილი გუგუნი: “მოვალეობა, ღირსება, სამშობლო”

რამდენჯერაც შევათვალიერებ ამ სიტყვებს, იმდენჯერ მეამაყება, რომ დედამიწაზე არსებობს და მოღვაწეობს ასეთი ხალხი. სამხედრო საქმე წმინდა საქმეა და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩემს გულთბილ დამოკიდებულებას იმსახურებს.

და რა თქმა უნდა, როდესაც ვკითხულობ ამ ყველაფერს, ერთი სურვილი მკლავს – მინდა საქართველოშიც იყვნენ ასეთი გენერლები, ასეთი დიადი ოფიცრები, რომელთათვისაც სამშობლო და მუნდირის ღირსება უპირველესია, რომელიც კი არ უყვირის, თავსლაფს ასხამს და ამცირებს ჯარისკაცს, არამედ საკუთარ სისხლად და ხორცად მიიჩნევს მას, საკუთარი ხალხის საუკეთესო ნაწილად თვლის, ეფერება, უყვავებს, გულში იკრავს და სამშობლოს შეგნებულ დამცველად ამზადებს.

რა სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი გენერლის რიგითი ჯარისკაცი…

May 12, 2009 Posted by | ამერიკა, მილიტარიზმი, საქართველო, ჩემები, ჯარი | , , , , , , , , , | 3 Comments

რეისი კიევი – თბილისი

სულ რაღაც 2 დღე და რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ წუთამდე, როცა აეროპორტში ატუზული გულისფანცქალით დავუგდებ ყურს შემდეგ სიტყვებს: “ჩამოფრინდა რეისი კიევი – თბილისი”… რადგან მეცოდინება რომ ამ რეისს ექვსი თვის უნახავი დედაჩემი, წლინახევრის უნახავი ძმა და სამი წლის უნახავი მამის მოკითხვა ჩამოყვება….

როგორ იწელება ამ დროს საათები, წუთები და წამები… გგონია რომ წესით მთელი საუკუნე გავიდა და ამ დროს საათის პატარა ისარი 6 – მდეც არ ჩამოთრეულა, რა უბედურებაა ბუბლიკ რაა…

გიო, გიო, გიო შენ რას გაიგებ მე რას ვწერ ახლა შენზე და როგორ მენატრები, მაგრამ ამხელა კაცი რომ ინტერნეტ – კაფეში წასვლაზე და იქ სკაიპის შექმნაზე ან თუნდაც “ადნაკლასნიკების” გაკეთებაზე დაიჯღანება და ძმას ერთ სურათს არ გამოუგზავნის, იმას რა უნდა ელაპარაკო.. აა, ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე “გაკაჩავებ” :) რა მაგრად არ მოგწონდა წიგნებით ხელში რომ დაგდევდი და ჩემგან ახსნილი ალგებრის ფორმულები სინათლის სიჩქარით ტოვებდნენ შენი ტვინის ხვეულებს ;) მე ის არ მომწონდა ყოველ კვირას ეკლესიაში რომ დაეთრეოდი:) ბარი ბარში ვართ

უკვე წელიწადნახევარია აღარ მომისმენია შენი ჯიჯღინი: “დამსვი კომპიუტერთან,ჯე ტე ა – ს თამაში მინდა”…”სკოლაში ნუ დამადგები ხოლმე”, “ნუ გამიტრ.. შენი აფორიზმებით”…. პირობას გაძლევ, ერთი კვირა მორჩილად ავიტან და მერე ჩააფურთხე ;)

შენც როგორ გიხარია ალბათ, საქართველოში ჩამოსვლა, აგვისტოში რომ ჩამორბოდი რამდენი ვიცინეთ…მთელი უბანი გელოდება დიდიან – პატარიანად… შენი “ჭკუისკოლოფა” მიჯნურებიც გელოდებიან…ერთმა დარეკა, გიკითხა, ვუთხარი საქართველოში არ არის მეთქი და “დღეს იქნებაო?” ლეგენდა შეკითხვა დასვა…

რამდენი სალაპარაკო დაგვიგროვდა, რამდენი გასახსენებელი…

ჩამოფრინდა რეისი კიევი – თბილისი”

April 14, 2009 Posted by | ჩემები | | 7 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.