პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

ომის ქრონიკები 8,9,10 აგვისტო

გავაგრძელო ამბავნარი…

8 აგვისტო
რადგან 7 – ში გვიან დავიძინე, 8 აგვისტოს დაახლოებით 11 – ის ნახევარზე გამეღვიძა დილით. ავდექი, ფანჯარასთან მივედი და უცებ ფანჯარა მთლიანად გაიღო და რაღაც ხმაურმაც მოაღწია. გუშინდელი ამბების გამო, გადავწყვიტე რომ ეს უბრალო რამ არ იქნებოდა და ტელევიზორი ჩავრთე, მართლაც აღმოჩნდა, რომ გორი პირველად დაიბომბა (ახალბაღის მიმდებარე ტერიტორია) გასაგები იყო, რომ კარგი რამ არ ხდებოდა.

უბანში, რომ გამოვედი ჩოჩქოლი შევნიშნე, მეზობლები შეშფოთებული აჰყურებდნენ ცას და ნერვიულად საუბრობდნენ, თუმცა ბიჭები მაინც მხნეობას ვინარჩუნებდით და უადგილოდ ვლაზღანდარობდით კოკოითსა და კულახმეტოვზე.

დედაჩემი წინა დღეს ბორჯომში იყო და მეტად შეშინებული ჩამოვიდა, ქარელთან მაშინ ჩამოუგდიათ ბომბი, სახლში რომ მოდიოდა უკვე და დაფეთებული შემოვარდა. შევეცადე მაქსიმალურად “გაქვავებული” სახე მიმეღო და დამემშვიდებინა.

ქალაქში განუწყვეტლივ ისმოდა სასწრაფოების სირენების ხმა და ელვისისწრაფით მიმქროლი მანქანების ხმაური, რეზერვისტების მწვანე კამუფლიაჟებს თვალს ვერ მოარიდებდი, ნათელი იყო რომ ქვეყანა კისრამდე გადაეშვა ომში, რომელიც, ვაგლახ რომ ასე ცუდად დამთავრდა ჩვენთვის.

ღამის 9 – ის ნახევარზე, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ რუსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, ქუჩის ბოლოში მეგობარმა ამოიარა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა კონტრდაზვერვის სამმართველოსთან და მითხრა: “თუ წასასვლელი გაქვს, წადი, ბიჭებმა დამირეკეს ძლივს გამოვასწარით რუსებს, უკან ვიხევთო” თვითონ წასვლას არ აპირებდა.

სახლში შევბრუნდი და ჰოი საოცრებავ, 9 საათიან კურიერში წამყვანებმა უდარდელი სახით გვამცნეს, რომ ქართული ჯარები ცხინვალს მთლიანად აკონტროლებდნენ და ჯავისკენ მიიწევდნენ. ერთი წყრომით გავიფიქრე იმ ჩემ მეგობარზე და დედაჩემს ვაიძულე უარით გაესტუმრებინა მეზობელი, რომელიც თბილისში წაყვანას გვთავაზობდა.

ამ პერიოდში ჩვენ სახლში უკვე მოგროვილი იყო სადღაც 10 – მდე ადამიანი, რომლებსაც ჩვენი სარდაფის კედლების სიმტკიცის იმედი ჰქონდათ, ხმები დაირხა ამ ღამით გორი დაიბომბებაო და ჩვენც ღამის გათევა სარდაფში მოგვიხდა. უგემური ღამე გავატარეთ, ღმერთმანი.

9 აგვისტო
ამ დღეს უკვე რეზერვისტების სრული მობილიზაცია გამოცხადდა, შადრევანპირველმაც ოფიციალურად გვამცნო, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების 58 – ე არმია გვიტევდა და გამძლეობისკენ და ერთობისკენ მოგვიწოდა. ქალაქში გაზი გამოირთო. ცოტა ხანში ჩემი მეგობარი ვანოც მოვიდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გაწვევა არ მოსვლია, რეზერვისტობის გამო კომისარიატში საკუთარი ინიციატივით მივიდა და რაკი იქ არავინ დახვდა ჩემთან შემოვლა გადაწყვიტა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და უკვე წასვლას რომ აპირებდა საშინელი გრუხუნის ხმა გავიგეთ, მომეჩვენა რომ სახლის კედლები შემოიწია და მერე გაიწია. როგორც გავარკვიეთ რუსებს დაუბომბავთ სატანკო ბაზის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. “ვერხვები”(დაახლოებით1200 მეტრი ჩემი სახლიდან) სადაც ვანოს სახლი იდგა. ვანო სწრაფად გაეშურა სახლისკენ და აღმოჩნდა ბომბი ზუსტად მის კორპუსს დაეცა, ბინა თითქმის განადგურდა. ეს კადრები კი ყველას აქვს ნანახი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული გორთან მიმოსვლა უაღრესად გართულდა და იმატა ჩვენ ტელეფონებზე შემოსული ზარების რაოდენობამ. ჩემი ძმა და მამაჩემი კიევიდან უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავშირებას. ქალაქიდან ვისაც შეეძლო ყველა გადიოდა, საინფორმაციო ცენტრიდანაც გვირჩიეს, დაგვეტოვებინა ქალაქი, ვინაიდან მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ. მოკლედ სიტუაცია ქაოსისკენ მიემართებოდა.

სწორედ ამ დროს გორის რაიონის სოფელი სკრიდან, მანქანით რაღაც სასწაულით შემოაღწია ჩვენმა ნათესავმა და იქ წასვლა შემოგვთავაზა, ჩვენც გადავწყვიტეთ რომ უკეთესი იქნებოდა თუ გორიდან დროებით მაინც გავიდოდით. დეიდაჩემმა კი სასტიკად იუარა წამოსვლა, მე მაინც აქ დავრჩებიო. სწრაფად გავიარეთ ქალაქის ცარიელი ქუჩები და ის ღამე სკრაში გავათიეთ. მთელი ღამე აღწევდა ყრუ გრუხუნის ხმა სახლში.

10 აგვისტო
სკრაში ჩასულები, ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ძველი ტელევიზორი თითქმის ვერ იჭერდა ვერცერთ არხს, ხოლო თუკი ვინმე მოახერხებდა ტელეფონებზე დაკავშირებას, მხოლოდ შეშინებული ხმით გვამცნობდნენ ხოლმე, თუ სად რამდენი ადამიანი დაიღუპა და რომელი დასახლებული პუნქტი დაიბომბა. ამ ზარებს თან ერთვოდა ბომბდამშენების ზუზუნი და აფეთქებების ხმა, რომელიც გორიდან მოდიოდა. ერთი ბომბი ჩამოვარდა სკრასთანაც, ტრასის ახლოს.

ეს კადრები ახლაც შენახული მაქვს.

მოკლედ 10 აგვისტო ჩვეულებრივი დღე გამოდგა, რომლის დროსაც კიდევ უფრო მატულობდა სასოწარკვეთილების და საკუთარი უძლურების შეგრძნებით გამოწვეული ზიზღის გრძნობა, როგორც გამოირკვა, ყველაზე საინტერესო და დრამატული სწორედ მომდევნო დღეები აღმოჩნდა.

August 15, 2009 Posted by | ომის დღიურები | , , , , , , , | 2 Comments

ომის დღიურები

ადრე გადავწყვიტე ომის დღიურები უნდა დავწერო მეთქი, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. დღეს კი, მომინდა ერთი წლის წინანდელი მოვლენები მრავალი ბლოგერის მსგავსად აღმედგინა და ბლოგზე პოსტებად დამეწერა. 7 აგვისტოთი დავიწყებ.

7 აგვისტო.

ჩვეულებრივი, ზაფხულის ცხელი, მზიანი დღე გათენდა. დილით მაღაზიაში პურის საყიდლად რომ გადავედი, სამმა “ჯიპმა” აიქროლა ცხინვალის მიმართულებით. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მინისტრი იაკობაშვილი მიდიოდა იქაურებთან მოსალაპარაკებლად. მაღაზიაში შეკრებილი ხალხი გაცხარებული ბჭობდა მომავალ ომზე, თუმცა მე რატომღაც ბრიყვულად მწამდა, რომ ომი არ დაიწყებოდა.

შუადღით კომპს მივუჯექი და ახალ ამბებში ვნახე ნიუსი სათაურით “კოკოითი ომს აცხადებს”. ჰოი საოცრებავ და არც ამ ნიუსზე მქონია რეაქცია, ოსი არამზადის მორიგ ბოდვად ჩავთვალე და ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე.

შუადღით ქალაქს, ომის დაწყების მოახლოების არაფერი ემჩნეოდა. თეატრის ბაღში მეგობრებს შევხვდი და მწვავე დისკუსია გავაჩაღეთ, მიმდინარე მოვლენების შესახებ. ერთი მათგანი, ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ომის შემთხვევაში, ქართულ არმიას შესწევდა ძალა 3 დღეში მოეხდინა მთელი ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება, მაგრამ საფუძველშივე გამოვრიცხავდით მოვლენების ასე მარტივად განვითარებას, შევთანხმდით, რომ რუსეთის სამხედრო ჩარევის პირობებში, საქართველო ფაქტიურად მარცხისთვის იყო განწირული.

საღამოს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მეგობრები უკვე ჩემთან სახლში შევიკრიბეთ და აქედან მივადევნეთ თვალი პრეზიდენტ სააკაშვილის ტელე მიმართვას. “უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე” – ეს ფრაზა და სააკაშვილის გამომეტყველება დღემდე მახსოვს. თუმცა, მაინც იმ იმედით დავშორდით ერთმანეთს, რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა.

საღამოს 10 საათისთვის უბანში გავედი, ე.წ. “ბირჟაზე” და იქ მომჭრა თვალი პირველად ქართული არტილერიის ცეცხლმა. ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები, ერთნაირად სუნთქვაშეკრული ადევნებდნენ თვალს ცაზე მიმქროლ წითელ ალს და რამდენიმე წუთის მანძილზე ყველა მონუსხული შეჰყურებდა ამ სანახაობას, თუმცა ეს მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მყუდროება გამაყრუებელმა გრუხუნმა დაარღვია – ტრასაზე ქართული ტანკების ლულები გამოჩნდა.

ახლა რომ მახსენდება, მაშინდელი სიტუაცია ფრიად რომანტიული იყო, ახალდაგებულ ტრასაზე მოხრიგინე ქართული ტანკების პატარა კოლონა ნელი სვლით მიემართებოდა ცხინვალის მიმართულებით. მთვარის და ლამპიონების შუქით განათებულ ქუჩაში გამოფენილი მოსახლეობა კი დაძაბული და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ერთგვარი ენთუზიაზმით ადევნებდა თვალს ამ სანახაობას. თავი, სამხრეთ ან ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში მეგონა, სადაც სახელმწიფო გადატრიალება იწყებოდა.

სულ მალე ტანკების ხმაური მიწყდა და ერთი მეგობრის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. დედამისმა დაურეკა და ამცნო, რომ რამდენიმე წუთის წინ კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ჯარების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იწყებდნენ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას” ცხინვალის რეგიონში.

სავსებით ლოგიკურად, უბანში მდგომი მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი, პატრიოტული ექსკლამაციით და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა ამ ამბავს… შორიდან ვიღაცის კივილი გავიგეთ, ერთმა მამაკაცმა გაიხუმრა: “გაიგეს დრო აირია და უკვე სამარადიოროდ გამოვიდნენო”. ყველამ გადაიხარხარა, თუმცა არავინ იცოდა, რომ 6 დღეში, ამის მთქმელს ენა ავბედითად უყივლებდა.

რადგან სახლში მარტო ვიყავი (დედაჩემი ბორჯომში იყო, ჩემი ძმა და მამაჩემი კიევში) მალევე შევბრუნდი და ისევ კომპი ჩავრთე. ახალი ამბები ძალიან ნელა ვრცელდებოდა, ტელევიზორის საყურებლად გვერდზე ოთახში გასვლა კი ჭირის დღესავით მეზარებოდა, ამიტომ ვანოს (ჩემ მეგობარს) სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდი და ღამის 5 საათამდე (ანუ დაახლოებით ამ დრომდე) მისი ვიდეოთვალით ვუმზერდი იაკობაშვილის გამოსვლებს, სადაც ის აცხადებდა, რომ ქართველები “ოსურ ბანდფორმირებებს ანადგურებდნენ”

ყოველ ნახევარ საათში ახალი სოფლის აღებას გვამცნობდა სახელმწიფო მინისტრი, ვანო კი, რომელიც კონფლიქტის ზონას 5 თითივით იცნობს, დაწვრილებით მიხსნიდა, რომელ სოფელს რა სამხედრო – სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. მე ყურებამდე გაღიმებული ვუსმენდი და გულში ჩუმად ვფიქრობდი: “ღმერთო რა ხდება, ნუთუ საქართველო ერთიანდება?… ნუთუ?…

ამ ფიქრებით გაბრუებულმა 6 – ის ნახევარზე დავიძინე, მეორე დილით გერმანულის მასწავლებელთან უნდა წავსულიყავი.

August 8, 2009 Posted by | ომის დღიურები, საქართველო | , , | 6 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.