პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

გუშინ

გუშინ ქართული სპორტის მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო დღე იყო, რადგან საქართველოს ორი ნაკრები გუნდი თამაშობდა. 2 საათზე 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ისლანდიას მასპინძლობდა, ხოლო 4 საათზე ქართველი მორაგბეების გუნდი არგენტინის “ა” ნაკრებს უნდა დახვედროდა.

მოხდა ისე, რომ ორივე თამაშზე მომიწია ყოფნა – ფეხბურთის პირველ და რაგბის მეორე ტაიმზე. საერთოდ ხშირად ვერ ვახერხებ ნაკრების თამაშზე სიარულს, სულ 5 – 6 ჯერ ვარ ნამყოფი (მხოლოდ ფეხბურთზე) და არასოდეს გამჩენია სურვილი ტაშის დაკვრის გარდა, რაიმე სხვა მოქმედებით ან ემოციით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება, ალბათ ცუდი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ არ შემიძლია მინდორზე დუნედ მოძუნძულე ფეხბურთელებს მთელი გულით ვუქომაგო. არც ის იქნება ახალი, თუ დავამატებ, რომ მორაგბეების შემთხვევაში საქმე სრულებით სხვაგვარადაა. ჰოდა მეგობართან თამაშების დროს რომ ვაზუსტებდი ჩემდა უნებურად წამომცდა:  ”ფეხბურთი ლოკომოტივზეა და ნაკრები დინამოზე თამაშობს არა?” მეთქი და მერე გამეცინა.

აქვე მინდა დავამატო, რომ გუშინ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო (პირველ ტაიმში) არაფერი მქონია, პირიქით, მაგრამ რაც მე გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე ვნახე, მართლა არასოდეს დამავიწყდება…

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მეორე ტაიმს მაინც მივუსწარი.

აი რას ჰქვია ნაკრები! აი, რას ჰქვია თამაში, როდესაც შენ ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს! აი რას ჰქვია მონდომება, როდესაც იცი, რომ სრულიად საქართველო შენ შემოგყურებს და შენი წარმატებით ხარობს! აი რას ნიშნავს იმის გაცნობიერება რომ შენ საქართველოს ღირსებას იცავ!

დასაჯდომის მოძებნა არც მიცდია, თვალი მოვკარი თუ არა ყველაფერი დამავიწყდა.

გუშინ გავაცნობიერე რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყანა გამარჯვებულია. ჯერ არასოდეს არ მენახა ცოცხლად, როგორ იმარჯვებდა საქართველოს ნაკრები…

იმარჯვებდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და იმარჯვებდა ისე, რომ ნებისმიერ მორაგბეს ეტყობოდა – უმალ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერდა ხელს, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის მოედანზე რაიმის დათმობაზე.

საოცარი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ.

გუშინვე მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონს “დამატებით მოთამაშეს” უწოდებენ. არც ერთი ტრიბუნა არ გაჩერებულა! დიახ, სწორედ მორაგბეები იმსახურებენ ასეთ მხარდაჭერას ასეთ შეუპოვარი და ჯიგრიანი ბრძოლისთვის!

გუშინ მე გამარჯვებული საქართველო ვნახე…

 

გმადლობთ ბიჭებო! საქართველო ამაყობს თქვენით!

November 15, 2009 Posted by polkovniki | საზოგადოება, საქართველო, სპორტი, ჩემები | , , , | 1 კომენტარი

4 ნოემბერი

ეს წუთია კალენდარს შევხედე და რაღაცა სასიამოვნოდ მომხვდა თვალში. დღეს 4 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ჩემმა (და არა მარტო ჩემმა) ფავორიტმა კანდიდატმა – ბარაქ ობამამ.

დიდებული დღე იყო, მართლაც რომ შესანიშნავი.

ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუჭერ მხარს ამ პოლიტიკოსს, რა არის მისი დადებითი მხარე და რა პოზიტიური ნიშნების გამოკვეთა შეიძლება, მისი პრეზიდენტად ყოფნის ჯერ – ჯერობით არასრული ერთი წლის განმავლობაში.

მოდით ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრებები, რომ იგი “მასონების მოყვანილია, “მარიონეტია”, “მემარცხენე – კომუნისტია”, “გადაწყვეტილებას ვერ იღებს”, “აზრზე არ არ არის” და მივყვეთ პუნქტობრივად მის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებას. რა თქმა უნდა მხოლოდ მნიშნველოვან საკითხებში, რადგან სრულად ეს შეუძლებელია და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.

1) ეს არის ეკონომიკური კრიზისი – ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკური სტიმულირების მეტად თამამ გეგმას, ძალიან ბევრი კრახს უწინასწარმეტყველებდა. მოხდა პირიქით. ეკონომიკის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს დროულმა ჩარევამ თავიდან ააცილა ქვეყანას კრიზისის უფრო მეტად გამწვავება და მეტიც, ბოლო დროინდელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მ.შ.პ. და ეკონომიკა მატულობს და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას კი, რა თქმა უნდა კიდევ მეტი დრო დაჭირდება. მთავარი ერთია – ობამას ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება კრიზისს (აღსანიშნავია, რომ მიდის მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მისაღებად, რაც ნაკლებად მოწყვლადს გახდის ამერიკას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მხრივ)

2) უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა – არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ  როგორ ძარცვავენ ხალხს ამერიკული სადაზღვევო კომპანიები. ამ სფეროში ფაქტიურად არანაირი კონტროლი არ არსებობს და მსხვილი კორპორაციები მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. ამერიკის მილიონობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს დაზღვევით, მისი მეტად მაღალი ფასების ან კაბალური პირობების გამო. პრეზიდენტ ობამას გეგმა, ითვალისწინებს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას და დღეს – დღეობით გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც კონგრესში ასე კულისებს მიღმა. წინააღმდეგობა მეტად დიდია და მე უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ ობამას, ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. რეფორმისა, რომლის გატარებაც ვერც ერთმა პრეზიდენტმა აქამდე ვერ შეძლო.

3) ომები ერაყსა და ავღანეთში – დაპირებისამებრ, ერაყიდან ამერიკული კარების ნაწილობრივ გამოყვანა უკვე დაწყებულია და ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ამერიკელი სამხედროები დატოვებენ ერაყის მიწას. მათთვის კი ვისაც ეგონა, რომ ობამას ჯარები გაპრეზიდენტებიდან ნახევარ საათში უნდა გამოეყვანა, უნდა ვთქვა რომ არსებობს ტერმინი: Responsible withdrawal.

რაც შეეხება ავღანეთს, აქ მხოლოდ ამერიკის კი არა ნატოს პრესტიჟიც დევს სასწორზე. ობამა, რომელიც ბუშისგან განსხვავებით, პირადად ესწრება უცხო მიწაზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესს, ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე არავის დაავიწყდეს, რომ მთავარი თალიბანის აღგვა კი არ არის პირისაგან მიწისა, არამედ ავღანეთში მეტნაკლებად გამართული დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა და ამუშავებაა. ასე რომ ე.წ. “ქორების” რიტორიკა ხშირად უსაფუძვლო და გონივრულობას მოკლებულია. ავღანეთის ომი მოსაგებია და მას ცხელი თავი კი არა, ცივი გონება მოიგებს.

4) ურთიერთობები რუსეთთან – აღარ არის ისეთი კონფრონტაციული და მუქარის ტონით აღსავსე, როგორც უწინ. ობამამ ხელი აიღო არაპრაქტიკულ და უსარგებლო გეგმაზე პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, თუმცა იგი ჩაანაცვლა ბევრად უფრო მოქნილი და გამოსადეგი ანტისარაკეტო ფარით, რითაც ერთის მხრივ მოხერხებულად მოუსპო რუსეთს სპეკულირების თემა და ამავდროულად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ ობამას ძალისხმევით დიდწილად მოხერხდა ქართულ – რუსული სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია (კრიტიკოსებს შეუძლიათ წაისისინონ რომ ტერიტორიები ისევ დაკარგულია, მაგრამ ამაში ობამას იმდენი წვლილი მიუძღვის, რამდენიც მე ამერიკის აღმოჩენაში)

და როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ობამას სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში: კერძოდ, პრეზიდენტ მედვედევის მხარდაჭერა და პრემიერ პუტინის “ჩაჩოჩება”, პრაგმატულია. ღია კონფრონტაცია რუსეთთან არახელსაყრელია, საჭიროა შედარებით ლიბერალური, ხისტი “კგბ” – შნიკური აზროვნებისგან თავისუფალი, შედარებით რეფორმისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. ეგ ქვეყანა, შესაძლოა მხოლოდ შიგნიდან შექმნილი სირთულეების, “თავიდან აყროლების” გამო მოიდრიკოს. თეორიულად ეს მიდგომა გამართლებულია, პრაქტიკულ შედეგებს დრო ჭირდება.

5) ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან. ირანი. – ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მართალია ობამამ ნათლად დააფიქსირა, რომ ირანთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ბილწ განზრახვაზე როგორც ჩანს უარის თქმას არ აპირებს. ვფიქრობ პრეზიდენტს მუშაობის გაქტიურება სწორედ ამ მიმართულებით მართებს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ჩიხური სიტუაცია რაც ამ მიმართულებითაა შექმნილი. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს კაიროს მიმართვა, სადაც ობამამ ნათლად გაუწოდა ხელი მუსლიმებს და ახალი ფურცელი გადაშალა ამერიკა მუსლიმური სამყაროს ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში.

6) ურთიერთობები საქართველოსთან – ეს შეიძლება 4 საკითხის ქვეპუნქტიც ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ ობამას ადმინისტრაცია კვლავინდებურად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით არ ცდილობს უხეშად ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, რაც შეეხება მოწოდებებს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ეს მხოლოდ სასიკეთო სიგნალებია (თუმცა უარყოფითი მმართველი რეჟიმისთვის)

ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ დიდი დრო აღარ დარჩა გუანტანამოს ბაზის დახურვამდე, რაც მეტნაკლებად გამოასწორებს ამერიკის შელახულ პრესტიჟს, გაუმჯობესებული ურთიერთობები ევროპის და აზიის სახელმწიფოებთან და საერთოდ ის ახალი, იმედის და კეთილგანწყობის ტალღა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ამ ადამიანმა, დაუმსახურებლად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?

რომ ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს რომ აფროამერიკელია?

რომ ის უმოქმედო პრეზიდენტია?

მისი ინაუგურაციიდან ჯერ მხოლოდ 10 თვე გავიდა…

4 ნოემბრიდან კი ზუსტად 12

YES WE DID!

November 4, 2009 Posted by polkovniki | ამერიკა, ობამა, პოლიტიკა, საზოგადოება | , , , , | 2 კომენტარი

პოსტი დამატებულია. ხოდა რუბიკონის…

ასე და ამგვარად, მადლობა ბლოგერ დალიელას “დათაგვისთვის” და დავიწყეთ.

მიყვარს – ყველაფერი ის, რასაც ბოროტება არ მოაქვს

ვოცნებობ – სკანდინავიის ქვეყნებში მოგზაურობაზე

ვფიქრობ – ახლა ავდექი და რა ვჭამო იმაზე ვფიქრობ

მძულს – სიჯიუტე და სიკერპე

ვნანობ – სკოლის წლების უქმად გაფანტვას

კმაყოფილი ვარ – თითქმის არასდროს

მენატრება – მამაჩემი

მსურს – ნორმან შვარცკოფის ავტობიოგრაფია

მაღიზიანებს – ლოდინი

ვგრძნობ – ეს მართლა რა უცნაური კითხვაა

მეშინია – ბირთვული ომის

ვიცი – ვენი ვიდი

არ ვიცი – რამდენი სახის რეაქციაა ქიმიაში და რამდენია ჰელიუმის ფარდობითი ატომური მასა

შემიძლია – 5 კილომეტრზე სირბილი :)

არ შემიძლია – 15 კილომეტრზე სირბილი

ვმეგობრობ – იმათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებს

ვტირი – პრეზიდენტ უაიტმორის “სფიჩზე” ფილმიდან “დამოუკიდებლობის დღე”

ვიცინი – ნებისმიერ ისეთ ხუმრობაზე, რომელიც არ გამიგია

ვეძებ – ადამიანს, “რომელსაც ღამითაც არ სძინავს თავის სამშობლოზედ ფიქრით გულაღტყინებულსა” (უზუსტო ციტატისთვის მომიტევეთ)

ღირსი ვარ – იმის, რასაც ვიმსახურებ

ვკარგავ – სამგზავრო ბარათს ჩემ აურაცხელ ჯიბეებში

მშურს – ამერიკელი ხალხის

ვემტერები – ყველა ჯიშის მწერს

მაინტერესებს – კოკა – კოლას რეცეპტი

არ მაინტერესებს – მაიას კულტურა

მახსოვს – ვისი გორისა ვარ

მრცხვენია – როდესაც რაღაც არ ვიცი

უარვყოფ – დილით ხაშზე წასვლის შემოთავაზებას

ვავადმყოფობ – მხოლოდ ზამთარში

ვმალავ – ტოტალიზატორის წაგებულ ბარათებს (აქვე ბაიერნის დედა!)

ვინახავ – რამდენიმე საიდუმლოს

მწამს – ადამიანური იდეალების

მიკვირს – ეჰ აღარაფერი აღარ მიკვირს

მიხარია – როდესაც რეალი იგებს

ვჭორაობ – ჰმმ

ვდარდობ – ირანის ბირთვულ პროგრამაზე (მართლა)

ვამაყობ – მხოლოდ გულის სიღრმეში

ვაკეთებ – მერე ვინ არის დამნახავი?

ვეფერები – ახლადშეძენილ წიგნს

მსიამოვნებს – მეგობრების წრეში ყოფნა

მესიზმრება – რომ დავფრინავ (ცხადშიც მინდა :( ((

ვეხმარები – იმას, ვისაც მართლა სჭირდება (ხოლო ვის ჭირდება მართლა და ვის არა, ამას მე ვწყვეტ)

მწყინს – როცა ვერ მიგებენ

ვხარჯავ – ყველაფერს რისი დახარჯვაც შეიძლება

ვღალატობ – კი

ვკამათობ – იმაზე, რომ ლიბერალიზმი კონსერვატიზმს “იხევს”

ვუხეშობ – იშვიათად

ვუსმენ – ყველას, ვინც კი 2 წინადადებას ერთმანეთზე აბამს

ვყოყმანობ – ეს პოსტი ჩავამთავრო, თუ ჯერ ვჭამო?

ვკითხულობ – ავტობუსების მარშრუტს

ვკლავ – ქათამს, გოჭს, ინდაურს (შესაძლებელია ბინაზე მისვლაც)

ვაფუჭებ – კალმებს

ვცხოვრობ – მამაც ქალაქში

ვცემ – ბოლთას

ვყვირი – როდესაც ჩემი არ ესმით (პიდაპირი მნიშვნელობით)

ვმღერი – Road to Walhala – ს

ვასრულებ – არა, მე ახლა ვიწყებ

დავდივარ – თვალების ცეცებით და მუდამ დაბნეული

ვმკურნალობ – გააჩნია რას ვიგულისხმებთ სიტყვა მკურნალობაში

ვერიდები – უაზრო კამათს

ვთამაშობ – ფარმვილს ფეისბუქზე

ვიტყუები – დღეში 200ჯერ (სტატისტიკურად არის დათვლილი)

ვიხდი – ყველა გადასახადს

ვეჭვიანობ – ეს რა არის?

ვკაიფობ – ჩემი ფიურერის გამონათქვამებზე

ვიზიდავ – კოღოებს

ვალამაზებ – ჩემ სამუშაო მაგიდას

დამეწვა საჭმელი?

არა უშავს

მოკლედ ახლა მითაგვ – მოთაგვები მეზარება. ვინც წაიკითხავთ და მოგინდებათ ამის შევსება, შეავსეთ, ოღონდ კომენტარი დატოვეთ რომ გესტუმროთ და შეგიფასოთ :) )))

ფუ რა სუნიააა

November 4, 2009 Posted by polkovniki | Uncategorized | | 4 კომენტარი