გორელი ბრაუნაუში
ისტორიის ნებისმიერი მოყვარული ავსტრო-უნგრეთის იმპერიის (სიტყვა ყოფილი არ გამომრჩენია, ჩემთვის ის კვლავ ძველი, მრისხანე ჰაბსბურგების იმპერიაა, მოდიფიცირებული ტერიტორიული დაყოფითა და ოდნავ სახეცვლილი ადმინისტრაციული სისტემით) მიწებზე ფეხის დადგმამაც კი შეიძლება სიამოვნებით შეაკანკალოს. იმის წარმოსადგენად, რომ ეს სწორედ ის ადგილია სადაც ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაშობი დასავლური ცივილიზაცია გაიფურჩქნა, თვალების მაგრად დახუჭვა და ფანტაზიებში წასვლა სულაც არაა საჭირო. პირიქით. უხეშად და ხარბად უნდა შეხედო იმ ნატიფ ნაგებობებსა და ადგილებს, რომელთა შესახებ მხოლოდ წიგნებიდან გსმენია და რომელთა სილამაზემაც შეიძლება დაახლოებით ისეთი ბგერები გამოგაცემინოს, როგორიც მეექვეკლასელს პლეიბოის უახლესი ნომრის ფურცვლისას.
ვენა ეს ქალაქი მუზეუმია. მისი ცენტრალური ნაწილი, სადაც განსაკუთრებით უხვადაა თავმოყრილი არქიტექტურული შედევრები, ესთეტიური ტკბობის გარდა კისრის კუნთების ტკივილსაც გჩუქნის, ვინაიდან შეუძლებელია უემოციოდ, უმოძრაოდ უყურო იმ შედევრებს რომელთა ამგებებზე ფიქრისას სიტყვა დიდოსტატი ფერმკრთალდება, რადგან ეს სულაც არაა ის სიტყვა, მათ გენიას რომ სათანადოდ აღწერს. შედიხარ წმინდა სტეფანის საკათედრო ტაძარში და მომენტალურად აცნობიერებ თუ როგორ და რატომ იყო ეს ქვეყანა კათოლიციზმის ბურჯი და მადლიერებით იხსენებ ფიქრებში მამაც პოლონელებს იან სობიესკის მეთაურობით, რომელთაც ოტომანთა ველური ურდოებისგან იხსნეს ქრისტიანობის ეს მარგალიტი. ბავშვური აღფრთოვანების გრძნობა გეუფლება ვენის ოპერისა და თეატრის შენობების წინ ჩავლისას, როდესაც გულისფანცქალით და თავშეკავებული მღელვარებით უმზერ იმ გოროზ სახელებსა და მონუმენტებს, რომელთაც შექმნეს ცივილიზაცია, შექმნეს იმპერია, შექმნეს დასავლეთი!
და ამავდროულად თვალში საოცრად უშნოდ გეჩხირება საბჭოთა „განმათავისუფლებლებისადმი“ მიძღვნილი ობელისკი, სადაც იმ ადამიანთა გვარებია ამოტვიფრული რომელთაც მილიონობით ქალი გააუპატიურეს მათი ბინძური ჩექმით დამორჩილებულ ქვეყნებში და ძარცვეს მდიდრული გერმანული მიწები, თუმცა საპასუხო რისხვის ნაცვლად, მადლიერება მიიღეს. ამაყი ჰაბსბურგების მიწაზე, უთავმოყვარეობის ამ სიმბოლოს არსებობა ნამდვილად გულსატკენია. თუკი ვინმეს აინტერესებს ხუროთმოძღვრული დემოტივატორი, შეუძლია იხილოს.
ვენის ბრწყინვალებასთან შედარებით ზალცბურგი შედარებით მოკრძალებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა როდესაც იქ მოცარტის დაბადების ადგილია ამასაც გადაიტან და იმასაც, რომ დაკავებული ჰოსტელების გამო, წვიმიან ზალცბურგში არც თუ ისე რომანტიკული ღამის გარეთ გატარება გიწევს. ამას დავუმატოთ ღამის სამ საათზე კლუბებიდან გამოშლილი ახალგაზრდობა, რომელთაც ჩემი მეგობრის ენამოსწრებული გამონათქვამის თანახმად, ზალცბურგი ‘ზასბურგად’ გადააქციეს და უშვერად არწყიეს იმ შენობების წინ სადაც ერთ დროს შთაგონებული მოცარტი და ძმანი მისნი დააბიჯებდნენ. ჭეშმარიტად: O tempora, o mores!
მოცარტის მუზეუმი პატარა, თუმცა დატვირთულია. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ამძაფრებს სახლის ყველა კუთხიდან გადმოღვრილი სასიამოვნო მელოდია, რა დროსაც სურვილი გიჩნდება ვინმე მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ავსტრიელი ბარონი დაიმარტოხელო და სადოვასთან წარუმატებელი ბრძოლის დეტალებზე სევდიანი გამომეტყველებით ესაუბრო, ანაც სასახლის კარის ინტრიგები გამოკითხო, რეალურად კი ხელში გაკრეჭილი და ფოტოაპარატის მომაბეზრებლად მოჩხაკუნე ჩინელი (იაპონელი/კორეელი/ტაივანელი/) ტურისტი შეგრჩება. სასიამოვნოა, როდესაც დასავლური კლასიკური მუსიკის კორიფეს ამდენი ადამიანი აფასებს, სამწუხაროა, რომ მათი უმრავლესობა ევრაზიის აღმოსავლეთ სტეპებიდანაა.
ავსტრიული ოდისეის სანახაობრივად ყველაზე უინტერესო, თუმცა ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილი ბრაუნაუში ჩასვლა იყო, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია გორში დაბადებული ადამიანისთვის. ჰიტლერის დაბადების ადგილას მიყრდნობილს ანგარიშმიუცემლად მეცინებოდა (თუმცა სასაცილო არაფერი იყო, ნამდვილად) იმის წარმოდგენისას, თუ როგორ შეანარცხა ორი დიდი ერი ერთმანეთს, ამ ორ მიყრუებულ ადგილას დაბადებულმა არამზადამ. შესაძლოა სიცილის მიზეზი იმ ბრაუნაუელების გამომეტყველება იყო, რომელთაც ალბათ ვერ გაეგოთ რაში აინტერესებდა ორ წვერგაუპარსაც ქართველს ჰიტლერის დაბადების ადგილი, ან სულაც ბრაუნაუში გახსნილი თურქული საშაურმე (ო, წმინდაო ღმერთო!) მაგრამ მთავარი ეს სულაც არაა. მთავარი ისაა, რომ ის ოცნება ავისრულე, რომელსაც 1 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი და იმ ადგილას დავადგი ფეხი, სადაც პატარა ფიურერის ბღავილი მეზობლებს აწუხებდა.
პ.ს. სურათებს მოგვიანებით ავტვირთავ.
აგვისტოს 5 დღე
ფილმების დიდი მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, შესაბამისად არც რაიმე კომპეტენცია გამაჩნია მათ შესაფასებლად. ნებისმიერ ფილმს ვუყურებ მხოლოდ უბრალო მაყურებლის თვალით, რომელიც ‘კომანდოზე’, ‘დამოუკიდებლობის დღეზე’ და ‘მეხუთე ელემენტზე’ გაიზარდა და ალბათ ბევრისთვის განვეკუთვნები იმ უფერულ მასას, რომელსაც არ დახვეწილი კინოგემოვნება გააჩნია და არც შარფის ყელზე მოხდენილად შესწორების უნარი.
ამის მიუხედავად თავს უფლებას ვაძლევ დავწერო ჩემი პირადი მოსაზრება იმ ფილმზე, რომელმაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბევრ ჩემ მეგობარში. სწორედ ეს მომენტი იყო ჩემთვის უცნაური და არა ვთქვათ რომელიმე კინოკრიტიკოსის ან ზეინტელექტუალი გვამის შეფასება, რომელთაც გული დაწყდათ რომ ფილმის სიუჟეტი ორი ტრანსსექსუალის ურთიერთობას არ დაეფუძნა, ან არასაკმარისად იყო ნაჩვენები გეების როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრთა სახე, ანაც ცხოველთა დახოცვის სცენამ აღაშფოთათ.
გასაკვირი არაა, რომ უარყოფითად შემფასებელთა უდიდესი ნაწილი თბილისიდანაა. იმის მიუხედავად რომ აგვისტოს რეალურმა ხუთმა (და მეტმა) დღემ მთელი საქართველო შეძრა, თბილისს არ უხილავს უწყვეტი დაბომბვა, ჯარის უკან დახევა, დამპყრობლების ტანკების შლიგინი საკუთარი სახლების წინ, გადამწვარი სახლები და დაქირავებულ სისხლისმსმელთა მხეცობა. ძალიან ხშირად, ტრაგედიის გასაცნობიერებლად, საჭიროა თავად იყო ტრაგედიის ნაწილი. სხვაგვარად, კი როგორც ვხედავთ თანაგრძნობის ხარისხი უკიდურესად დაბალია.
ფილმი რა თქმა უნდა არ არის პანაცეა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ შესაძლებელია ყველაფრის გაუმჯობესება და დახვეწა. ჩემი აზრით საინტერესო იქნებოდა ჰარლინს ეჩვენებინა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა შინდისთან, რომელიც ფილმის სიუჟეტს უფრო დაძაბულსა და სევდიანს გახდიდა და ა.შ. ცოტა ღიმილისმომგვრელია დამტვრეული ქართულის და აქცენტიანი რუსულის მოსმენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ წვრილმანებია. ამას სავსებით ფარავს ხაზგასმა ქართველების სათუთ დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ და წმინდა გიორგის იდეალებით მცხოვრებ ერად წარმოჩენა. ქართული კულტურული ნიშან-თვისებების ჩვენება, ფილმის უდავო პლიუსია.
თუმცა, რაც განსაკუთრებით მომეწონა, ფილმში არაა გამოტოვილი ის მნიშვნელოვანი მომენტები რაც ამ ომს ახლდა თან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულ მცირე გაგონილი მაინც უნდა გქონდეს როგორ მუშაობს კონფლიქტის ზონაში პოლიცია, რომ გაიაზრო ის მომენტი, რატომ კლავენ გამორჩევით პოლიციის უფროსს სოფლის აღებისას, ყურმოკვრით მაინც უნდა გსმენოდეს იმ იმ ქართულ სოფლებში მცხოვრებ ხალხზე კბილებით და მუშტებით რომ იცავდნენ ქართულ სულს მტრებით გარემოცული და თავისი ქონება (და სიცოცხლეც) ბოლო გროშამდე რომ დაკარგეს. ერთხელ მაინც უნდა ჩასულიყავი სარდაფში, როდესაც ცას რუსული ავიაცია სერავდა და ‘ნაკურთხ’ ბომბებს გვაყრიდა, რომ ელემენტარულად აღიქვა და გაიაზრო ის ტრაგედია რაც მაშინ დაგვატყდა თავს. ალბათ თუ გორელი არ ხარ ძნელია გაიგო, რატომ მომერია ცრემლები მაშინ, როდესაც კაპიტანი ავალიანი ამბობს, მე არ წავალ რადგან გორი დაეცემაო… ღვთის ანაბარად მიტოვებულ, დამალულ ოჯახზე გული არავის შეეძრა? როდესაც თათია ჟურნალისტს ეკითხება სად არიან ამერიკელებიო, საქართველოს მთელი ისტორია წინ არავის დაუტრიალდა? და ასეთი მძიმე მომენტები რამდენია ნახეთ? ბოლო კადრებში, ლტოლვილების თავსდამტყდარ უბედურებაზე მეტი ტრაგედია რა გინდათ? ესეც პროპაგანდაა? არის ვინმე ვინც ამ კადრების ყურებამ ბოღმით არ დაახრჩო?
ეს ყველაფერი ქართველებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელსაც პირველ რიგში მოეთხოვება ამ ფილმის ჯეროვნად აღქმა და შეფასება.
უცხოელი მაყურებელს კი რომლის დიდ უმრავლესობასაც თავი არ შეუწუხებია ტალიავინის დასკვნის კითხვით, ვერ ვიტყვი რომ ბრმად, მაგრამ ემოციურად მაინც დადგება ჩვენ მხარეზე და სულ მცირე სხვა პროპაგანდისტულ სატყუარას მაინც არ გადაყლაპავს. ფილმის მოქმედი გმირების გარდა, იქ არაფერია ცრუ ან გამოგონილი და სულაც არ აღწერს ისეთი დამახინჯებით ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ბევრი გაჰკივის. რა, ვითომ არ ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ისეთი ცინიკური რეაქცია ‘ევროკავშირის მინისტრების საგანგებო სხდომის მოწვევის’ ამბის შეტყობისას სინამდვილეში, როგორც ეს ფილმში ჩანს?
ჯობდა თუ არა ამ ფილმის გადაღება ფილმის არგადაღებას? პასუხი ცალსახად დადებითია.
შევძელით თუ არა გვეჩვენებინა 3 წლის წინანდელი ტრაგედიის სიმართლესთან ყველაზე ახლოს მყოფი ანუ ჩვენეული ვერსია? შევძელით.
შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი ვერსიის გადაღება? მჯობნის მჯობნი არ დაილევა.
მოვახერხეთ აღქმა და გააზრება იმ ყველაფრისა რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და დღემდე ხდება? აი აქ მწარედ ჩავისვარეთ!
ვაირა ვიკე-ფრეიბერგა: უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ მოკავშირე
საჯარო ლექციებზე სიარული დიდად არ მხიბლავს, რატომღაც მგონია რომ ახალს და ღირებულს ვერაფერს გავიგებ, ის 2 საათი კი უფრო ნაყოფიერად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. თუმცა, როდესაც შევიტყვე რომ 9 მაისს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა აპირებდა სტუდენტების წინაშე წარდგომას, უყოყმანოდ გადავწყვიტე დასწრება.
ორიოდ სიტყვით ქალბატონ ფრეიბერგაზე. მას ლატვიის პრეზიდენტის პოსტი 1999-2007 წლებში ეკავა, ანუ მაშინ, როდესაც ქვეყანამ ბევრისთვის სანუკვარ მიზანს (ჰმ!) მიაღწია, შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, ანუ გახდა დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი. ხსენებული ქალბატონის წვლილი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია. მისმა მტკიცე და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და იმ ფაქტმა რომ იგი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის პირველი ქალი მმართველი იყო, გამოიწვია ის რომ საკმაოდ ხშირად ადარებდნენ მარგარეტ ტეტჩერს.
ქალბატონ პრეზიდენტს არ დაუგვიანია და ლექცია ზუსტად მითითებულ დროს დაიწყო. იქამდე კი, რა დროსაც დარბაზში შემოაბიჯა, ერთი კითხვა ამეკვიატა: არის თუ არა ზოგიერთ ადამიანში თანდაყოლილი ის გრაციოზულობა, მოხდენილი მანერები და არისტოკრატიულობა რასაც ეს ადამიანი ასხივებდა, თუ ეს დროთა განმავლობაში პრაქტიკის და უნარ-ჩვევების დახვეწის ამბავია. რაც არ უნდა იყოს, ვიკე-ფრეიბერგას გამომეტყველება უმალ აღუძრავს ადამიანს მოწიწების და პატივისცემის გრძნობას.
თავის 40 წუთიან გამოსვლაში ლატვიის მეექვსე პრეზიდენტი ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხო, ისაუბრა მკაფიოდ, გარკვევით და რაც მთავარია არაორაზროვნად. ვეცდები, გავიხსენო მისი რამდენიმე ფრაზა და მოკლედ დავწერო შინაარსი.
1) ‘ევროპა ვერასოდეს იქნება ბედნიერი, ვერ განაგრძობს ცხოვრებას სიმდიდრეში, სიმშვიდესა და ბედნიერებისკენ სწრაფვაში, თუკი იგი ყურადღებას არ მიაქცევს მის აღმოსავლეთ საზღვრებს, თუკი არ დასრულდება ევროპის გაერთიანება’
2) ‘დღევანდელ ევროპაში მოდურია ამერიკის, მისი ცხოვრების სტილის და დემოკრატიის გავრცელების სურვილის კრიტიკა. მინდა შეგახსენოთ, ათწლეულები მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც თავისუფლების შუქურა, იბრძოდა ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ, ქმნიდა, ზრდიდა და იცავდა ევროპულ დემოკრატიას ევროპის კონტინენტზე რომელიც დღეს ბევრისთვის საოცნებო მიწად იქცა’
3) ‘რამდენიმე დღის წინ ერთმა ლატვიელმა ოლიგარქმა საჯაროდ მოითხოვა ჩემი დაპატიმრება იმის გამო, რომ ლატვია ევროკავშირში შეყვანით ეკონომიკურად ვაზარალე. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის იმაზე დიდი კომპლიმენტი, ვიდრე ხალხის სურვილის შესრულებაში ‘ბრალის დადებაა’ არ არსებობს. ეს იყო ბრალის დადება იმაში, რომ ჩემი ხალხი, აღარასოდეს აღარ მიიღებს დირექტივებს მოსკოვიდან’
4) ევროპამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ტირანიასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპის ნახევარს მიეცა საკუთარი ბედის და მომავლის თავად შექმნის შესაძლებლობა, მეორე ნახევარი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ჩათვლით, ბოროტების იმპერიას ჰყავდა დამონებული. ჩვენ მათ არჩევანი მოგვისპეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს’
5) დღეს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ სოლიდარობის გრძნობა თითქოს იკარგება. ადამიანებს საკუთარი პენსია, შემოსავალი და სითბო უფრო აღელვებთ. მე გეკითხებით, რა სოლიდარობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი, გაზპრომის რიგითი მუშაკი ხდება?
6) დღეს 9 მაისია, რუსეთში ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გამარჯვების დღეს. ალბათ ამ წუთებშიც, რიგაში მოსკოვის საელჩოს დაფინანსებით ცას ფოიერვერკები ანათებს, ხოლო მავანნი კი ტანსაცმელზე მიკრული წმინდა გიორგის სამფეროვანი კოკარდებით დაიარებიან, ლატვიის გათავისუფლების აღსანიშნავად. მინდა შეგახსენოთ, ნაციზმის დამარცხებით ლატვია არ გათავისუფლებულა, საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დაიწყო ლატვიის 50 წლიანი ოკუპაცია, დღეს კი რიგის მერს ძალითაც ვერ წამოაცდენინებ სიტყვა ოკუპაციას.’
სტუმრის სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ციტატების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მან მკაცრად დაგმო ჩინეთის ტოტალიტარული ხელისუფლება და მის მიერ აფრიკის კონტინენტის ექსპლუატაცია, რასაც სხვა ევროპელი ფუნქციონერებისგან ხშირად ვერ მოვისმენთ. ყურადღება გაამახვილა მზარდ საფრთხეებზე, როგორიცაა მაგალითად ბრაზილია-ინდოეთ-რუსეთ-ჩინეთის ბლოკი და ხაზი გაუსვა საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება დასავლურ, ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც ზუსტად 61 წლის წინ, შუმანის დეკლარაციაში გახმოვანდნენ და ერთიანი ევროპის ქვაკუთხედად იქცნენ.
ვაირა ვიკე-ფრაიბერგას მოსმენისას, იმის მიუხედავად რომ იგი ქალია, ნებისმიერი ღირსეული ჯარისკაცი ინატრებდა მის მთავარსარდლობას. ალბათ რამდენიმე სხვა ღირსეულ პოლიტიკოსთა შორის, მასაც შეგვიძლია სამართლიანად ვუწოდოთ ‘ევროპის სინდისი’. სამწუხაროა, რომ იგი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ თაობის წარმომადგენელთა შორის, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს დანგრეული და შემდგომ აღდგენილი ევროპა, ბრძოლა სიბნელესთან და სინათლის ტრიუმფი ამ სიბნელეზე. მტკიცე მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით აირჩიეს სწორი კურსი და საკუთარი ქვეყნების ისტორიაში ახალი, დიდებული ფურცლები ჩაწერეს.
ფრეიბერგას მოსმენისას ხვდები, რომ თავისუფლებისთვის ამგვარად მებრძოლი ადამიანების იმედის გაცრუება არ შეიძლება და თავისუფლების დროშა არ უნდა დაეშვას. ქალბატონ პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის და ამასთან ერთად აცნობიერებს იმასაც, რომ ამის მიღწევა ერთადერთი გზითაა შესაძლებელი, რომელიც საკუთარი გამოსვლის დასასრულს, ღიმილით დასძინა:
‘ჩემო სტუდენტებო, ჩემო ახალგაზრდებო, დაიკაპიწეთ ხელები და იშრომეთ!’
ღმერთო, დედოფალს რომ დაიფარავ, არც ბრიტანეთი დაივიწყო


მართლა გეუბნები ღმერთო, გულწრფელად.
შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის და იქაური ცოდნის ქალაქის, ოქსფორდის მონახულების შემდეგ. სიმპათიები და კეთილგანწყობა ამ პატარა კუნძულის და მისი მაცხოვრებლების მიმართ არც აქამდე მაკლდა, თუმცა გაგონილს ნანახი რომ ჯობია, ამ გამოთქმამ აქაც ივარგა.
დავიწყებ იმით, რომ პირველი სასიამოვნო შეგრძნება საფრანგეთ – ინგლისის დამაკავშირებელი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბიდან ამოსვლის შემდეგ გეუფლება. ქრება ყურების ტკივილი, მოსაბეზრებელი სიბნელე და კაშკაშა სინათლის ფონზე მწვანედ ახასხასებული ცამოწმენდილი (!) ალბიონი გეგებება, მინდორზე ცხვრების სიმრავლეა, რომელთა დიდი წინაპრებიც ევროპას ამარაგებდნენ მატყლით, კიდევ ცოტაც წმინდა პანკრასის სადგურზე ვჩერდებით, რომელსაც სტერეოტიპულად წმინდა ინგლისური იერი დაჰკრავს შიგნიდანაც და გარედანაც, ოლიმპიური 5 რგოლი კი შეგვახსენებს, რომ ერთ წელიწადში სამყაროს დაღუპვის კი არა, ადამიანთა ძალის, ნიჭის, მოხერხებულობის და სიმტკიცის კიდევ ერთხელ ზეიმის მომსწრენი გავხდებით.
შთაბეჭდილებების ძებნამ დიდხანს არ მოგვიწია. წმინდა პანკრასის სადგურს კინგს კროსის ის სადგური ესაზღვრება, რომელსაც ჯოან როულინგის მიხედვით ლონდონელი ჯადოქრები იყენებდნენ ჰოგვორსტში გასამგზავრებლად. თუმცა მე როგორც მაგლს, რა ხეირი?
პირველი დღე სეირნობას მივუძღვენით, მოვინახულეთ ცნობილი ჰაიდ პარკი და ბუკინგემის სასახლე, გავისეირნეთ ოქსფორდსტრიტზე და პიკადილის მოედანზე და რა თქმა უნდა წუთით არ შეგვიწყვეტია ტკბობა შთამბეჭდავი ინგლისური არქიტექტურით. ვიმგზავრეთ გადაჭედილი ‘Double – Decker’ – ით (საოცარი დეჟავიუს გრძნობა: ავტობუსმა რომ გააჩერა, უკანა კარიდან ავედით, მძღოლმა კი გამოგვძახა, რომ ყოველთვის წინიდან უნდა ავსულიყავით. დაახლოებით იმის მსგავსი იყო, თბილისში რომ ყვიროდნენ: უკანა კარი გააღე და გადავიხდი)
ლონდონის მეტრო, ეს კიდევ ცალკე საოცრებაა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ მსოფლიოში უძველესია, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილიცაა და ალბათ ტრაგიკულიც 2005 წლის ტერაქტების შემდეგ, რომლის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალური დაფა, სწორედ კინგს კროსის სადგურზეა, აფეთქება კი ამ სადგურსა და ჩვენი ჰოსტელის უკან მდებარე მეტროსადგურ ‘Russel Square’ - ს შორის მომხდარა.
თუმცა, ნებისმიერ ისეთ ქალაქში ჩასვლისას, რომელსაც სულ მცირე ისტორიული ღირებულება მაინც გააჩნია, მოუთმენლად ველი იმ შეგრძნებას, რასაც ისტორიის გაცოცხლება ჰქვია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მასშტაბებისაა ეს შეგრძნება ლონდონში. უაითჰოლზე სიარულისას ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამსახურის (მოკლედ foreign office) გრანდიოზული შენობა, გოროზად გიმზერს და მკაფიოდ, დამარცვლით გეუბნება: ‘დიახ, სწორედ აქ, ჩემ ტალანებში იჭედებოდა ევროპის და მსოფლიოს ბედი, აქ იქმნებოდა და ნადგურდებოდა ქვეყნები, აქედან ნაწილდებოდა სიმდიდრე, აქ იწერებოდა ისტორია!’ გაიხედავ გვერდით და თვალს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პირმოქუფრული შენობა მოგხვდება, რომლის წინაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის გმირთა წარბშეჭმუხნული სახეებია ნაქანდაკები. დაუნინგ სტრიტი კი ტურისტებისთვის დაკეტილია, ბატონი პრემიერი არ უნდა შეწუხდეს.
ისტორია აქ ყველგან იგრძნობა, იმპერიული ისტორია თითქმის ყველგან. თავიდან ვცადე, მსოფლიო ომებისათვის მიძღვნილი მემორიალების დათვლა, მაგრამ 15 რომ ავცდი სათვალავი ამერია და თავი გავანებე. ბრიტანეთში ამაყობენ საკუთარი დიდებული ისტორიით და გმირებით. ის სიტყვები და ფრაზები, რასაც მადლიერი ბრიტანელი ხალხი სამშობლოს და მეფის დამცველებს უძღვნის, ნებისმიერი ადამიანის გულის შეძვრას შეძლებს.
ამ დიდებული ადგილის გვერდითაა პარლამენტი, ბიგ ბენი და ვესტმინსტერი, როგორც დიდი ბრიტანეთის დემოკრატიის, გამძლეობის, რწმენისა და სიდიადის სიმბოლოები. ჩერჩილის ძეგლის წინ გახსენდება მისი მონუმენტური სიტყვები: “I have nothing to offer but blood, toil, tears and sweat.” და ნაცისტური გერმანიის გაუჩერებელი სამხედრო საჰაერო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და მათი საყვარელი კუნძულის დამცველი ერთი მუჭა, თავგანწირული ბრიტანელი პილოტები.
რადგან ჩემს იქ ყოფნას ბზობის კვირადღე დაემთხვა, შანსი ხელიდან არ გამიშვია და ვესტმინსტერში წირვასაც დავესწარი. სანახაობა და ცერემონია დიდებულია, კათოლიციზმის ბრწყინვალება, პროტესტანტული ელფერით და პასტორის ხავერდოვანი, თბილი ბრიტანული აქცენტით. შეგრძნებას ისიც ამძაფრებდა, იმ ადგილას სადაც მე ვიჯექი, ერთ კვირაში ბრიტანეთის სამეფო ქორწილის დროს, რომელიმე ლორდი ან თავად სამეფო ოჯახის წევრი დაიკავებდა.
ლონდონური ცხოვრების რიტმი გასაოცარია. ჩემთვის, როგორც გორში დაბადებულ გაზრდილი კაცისთვის ეს ნამეტანი აღმოჩნდა. აქ მართლა იგრძნობა სამყაროს ცენტრობა და იგებ ბრიტანულ ევროსკეპტიციზმსაც - მართლაც და როგორ შეიძლება ბრიუსელიდან მომავალი დირექტივები არ გეზიზღებოდეს, ამაყად მოფრიალე ‘იუნიონ ჯეკის’ შემხედვარეს, როდესაც იცი, რომ ეგ ქალაქი ერთ დროს იმიტომ იქცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად, რომ შენ პაპის პაპას სურდა ასე.
პოსტი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ორი სიტყვით ოქსფორდსაც შევეხები. ადგილი სადაც ცოდნის და სიძველის ნაზავი ქმნიდა და ქმნის თანამედროვეობას. ჯერ იმ დონეზე არ გავთავხედებულვარ, რომ ოქსფორდის აღწერის ტვირთი ვიკისრო. უბრალოდ გაგაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მანდაურ წიგნების მაღაზიაში სავსე ჯიბით შესვლა, რადგან ჩემი თვიური სტიპენდიის 15% მანდ დავტოვე.
ამ პოსტით ჩემ ბრიტანულ შთაბეჭდილებებს ვერ ამოვწურავ. იმედია მექნება დრო, რომ დავწერო სხვა კუთხით დანახულ ბრიტანეთზე და იმ სასაცილო შემთხვევებზე რაც იქ გადაგხვდა (როგორიც იყო ‘ასეთია ქურდი კაცის ბედის’ მღერა ოქსფორდის ქუჩებში და უსახლკაროდ დარჩენილი ორი ქართველის ღამის თავგადასავალი ლონდონში)
ქართული ტოლერანტობის კრიზისი?
თუ გვსურს ქართული საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, ფორუმ.გე სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. ქვეყანაში მომხდარი თუნდაც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აქ შესაძლოა უმწვავესი დისკუსიის თემად იქცეს და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა “კლავიატურის ლომების” კბილთა ღრჭენა გამოიწვიოს. იქ გახსნილი თემების მიხედვით კი ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ თუ რა თემაა ამჟამად საქართველოში აქტუალური, რა აწუხებს და ტკივა საქართველოს მოქალაქეს.
ეს თემაც http://forum.ge/?f=29&showtopic=34217046 ერთი შეხედვით გადაღეჭილ და გადამღერებულ საკითხს ეხება: ქართველთა ტოლერანტობა, მათი დამოკიდებულება ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა მიმართ. ანალიზიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს – ან “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” ანაც “ქართული ტოლერანტობა მითია, ეს სად ვკვდები ამის…”. ერთი მხარე ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილ და დღემდე არსებულ უპირობო შემწყნარებლობაზე საუბრობს, მეორეს კი ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის და იდეაფიქსად დაუსახავს ამ ყალბი სტერეოტიპის ნგრევა.
რაიმე მოვლენის ან საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვის მოწინააღმდეგე არასოდეს ვყოფილვარ. არსებობს შავი და თეთრი, არსებობს ბოროტი და კეთილი, არსებობს სიმართლე და სიცრუე. თუმცა, ამ შემთხვევაში ზემოთხსენებულ ორ მიმართულებას მოვლენის ასახსნელად ტერმინოლოგიური და მორალური სიცხადე აკლია და ხელიდან უსხლტებათ მთავარი აზრი, ანუ რას ვგულისხმობთ ტოლერანტულობით და სად გადის ზღვარი სასურველ ტოლერანტობასა და არასასურველ იდიოტიზმს შორის.
სიტყვა ტოლერანტობა, რომელიც შემწყნარებლობას ნიშნავს და რომელსაც თავდაპირველად ვიწრო რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვა რელიგიური კონფესიების “გულდანდობილ სუფევას” უმრავლესობის რელიგიასთან ერთად, თანდათან იქცა ზოგადად ყოველივე განსხვავებულის შეწყნარების აღმნიშვნელ სიტყვად და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე ლიბერალის ლექსიკაში. მაგრამ არის კი ეს სიტყვა იმ დატვირთვის მატარებელი რასაც დღეს მივაკუთვნებთ?
რა თქმა უნდა ამ პოსტში ლინგვისტურ – სემანტიკური კვლევებს ვერ შემოგთავაზებთ, საამისოდ არც თავხედობა და არც კომპეტენცია არ მეყოფა. მე უბრალოდ მინდა რომ მეტნაკლებად გავფანტოთ ის მისტიციზმის ღრუბელი რაც ამ სიტყვას აჰკიდებია და ყველაფერს თავისი (შეიძლება არც ისე ისე სასიამოვნოდ გასაგონი) სახელი დავარქვათ.
1) ტოლერანტობა როგორც ასეთი, მოიაზრებს იმას, რომ რელიგიურ, პოლიტიკურ ან სხვა სახის დოქტრინას, იდეებს ან მოძღვრებას, აქვს უფლება რომ იარსებოს მის დომინანტ ანალოგთან ერთად. იარსებოს და არამც და არამც ძირი გამოუთხაროს ან ფარულ კონკურენციაში ჩაებას. მას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის მიუნიჭებია გაბატონების ან საკუთარი მრწამსის თავსმოხვევის უფლებას.
2) ნებისმიერი ინდივიდი მოვალეა პირველ რიგში საკუთარი კულტურის და სახელმწიფოს მიმართ იყოს ტოლერანტული და მის არსებობას უჭერდეს მხარს უპირობოდ. თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი კულტურის (საკუთარში ვგულისხმობ იმ კულტურას, რომელშიც იგი გაიზარდა და მისთვის მშობლიურია) დაცვა და პატივისცემა, მისი ტოლერანტობა სხვა დანარჩენი კულტურისა თუ რელიგიის მიმართ საპნის ბუშტზე უფრო მყიფე და დემოკრატიულ რუსეთზე უფრო არარეალურია.
3) როდესაც ნათელი ხდება, რომ ტოლერანტობის უბასრესი მორალური მახვილით შეიარაღებული ელემენტები იმას უქადიან საფრთხეს, რაც შენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია (კიდევ ერთი დაზუსტება: აქ იგულისხმება ნამდვილი საფრთხე და არა ჭიქაში შექმნილი ქარიშხალი ‘გარყვნილი დასავლეთის’ წინააღმდეგ, რაც უბრალოდ სასაცილოა) საპასუხო რეაგირების მექანიზმი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს და არსებული საფრთხის განეიტრალებას ცდილობს. ცდილობს მის ხელთ არსებული საშუალებებით და მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით და ეს მცდელობა ბუნებრივი და ლოგიკურია.
ვცადოთ და მოვარგოთ ეს მსჯელობა დღევანდელ ქართულ რეალობას. სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე მდგომსა და სამხედრო წარუმატებლობით დათრგუნულ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება ძლიერი საერთო მორალური და კულტურული ფასეულობები, რომლებიც შეკრავს და სათანადო მიმართულებას მიუჩენს იმ ნაციონალისტურ სენტიმენტებს, რომლის ნაკლებობასაც ჩვენნაირი პატარა და ბედისგან არც თუ განებივრებული ერები არასოდეს განიცდიან. ტოლერანტობა ჭეშმარიტად ამ ფასეულობათა შემადგენელი ნაწილია და მისი უარყოფა ძნელია აზრად გაივლო. დღევანდელი ევროპული სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოში არასოდეს ყოფილა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი დევნა და დღესაც შეუწყნარებლობის და რეალური დისკრიმინაციის ნებისმიერ მცდელობას საზოგადოების ყველაზე კონსერვატიულად მოაზროვნე ნაწილიც კი უარყოფითად ეკიდება.
ამავე დროს, ძნელია ხელაღებით დაგმო ის ნაკლებად პოლიტკორექტული გამონათქვამები, რომელიც იმ თემაში დაიწერა. მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს ქართული კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების აშკარა და ხელაღებით მიტაცება ან ფალსიფიკაცია, თანაც იმ ფასეულობების, რომელთა მიმართაც ქართველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა (მხედველობაში მაქვს ‘მოძმე’ სომეხი ერის “საქმენი სამამაცონი”) ძნელია ამის ჩამდენებს ტოლერანტობის ურღვევი ჯაჭვის პერანგი მოარგო და დაიცვა.
ტოლერანტობა ამას არ ითვალისწინებს!
ტოლერანტობა არ გულისხმობს გულხელდაკრეფით ჯდომას და იმის ყურებას როგორ უჩინარდება ის ყველაფერი (დიახ ყველაფერი, დაივიწყეთ ვიწრო კულტურული გაგება) რაც სხვა ქართველებმა შექმნეს!
ტოლერანტობა არ გულისხმობს მოყვრულად მოსული მტრის გულში ჩაკვრას. მის მიერ შემოთავაზებული სატყუარის გადაყლაპვას!
შესაბამისად ქართველთა ლეგიტიმურ გულისწყრომას და სიბრაზეს იმ ერების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც ცნება ქართული ადვილად მოსანელებელი ჰგონიათ, არაფერი აქვს საერთო ქართული ტოლერანტობის კრიზისთან. ეს არის სავსებით კანონზომიერი რეაქცია მაშინ, როდესაც თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს. საინტერესოა რომ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში: საკუთარი უნიკალური კულტურის გაქრობით შეშფოთებული დასავლური სამყაროს წევრები, ხშირად ისეც იქცევიან რომ მსგავსი მოვლენა საქართველოში, ქართული ტოლერანტობის ყბედ კრიტიკოსებს დაახლოებით 6 თვე ეყოფოდათ თავის შესაქცევად.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედამიწაზე რაიმე სრულყოფილი შეიძლება არსებობდეს, ქართული ტოლერანტობაც შორს დგას მისგან, მაგრამ დროა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ქართული ტოლერანტობა მითი კი არა მრავალსაუკუნოვანი სინამდვილეა და ის, თუ როგორ პასუხობენ (რომელიც ვისურვებდი, რომ ბევრად მკაცრი იყოს) ქართველები უტიფრობაზე, ტოლერანტობის ცნებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ამყარებს.
შვედეთის გაერთიანებული ემირატები ანუ იდიოტის ოცნება ასრულდა
მოგზაურობის დიდი ტრფიალი არ ვარ, მითუმეტეს ისეთ ადგილებში რომლებიც მარტო იმიტომ უნდა ნახო, რომ “ყველა ნახულობს”, მაგრამ არის სამი ქალაქი, რომელთა ნახვაც თითქმის ოცნების რანგში მყავს აყვანილი. პირველი პარიზია, მეორე ვაშინგტონი, მესამე კი სტოკჰოლმი. ახალი წელი ჯერ არ გაცივებულა, შესაბამისად ბედის ირონიაც ისევ ბობოქრობს და ამ სიაში ქალაქების გადახაზვა ბოლოდან დავიწყე ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 5 – 8 იანვარი სტოკჰოლმში გავატარე.
ეს ქალაქი ერთდროულად ასოცირდება ჩემთვის ლინდგრენის საყვარელ პერსონაჟებთან, სიცივესთან, უზარმაზარ თოვლთან, რომლის ნახვაც მეტად იშვიათია მშობლიურ ქვეყანაში, ლამაზ და მდიდრულ შვედურ სახლებთან და რაც ყველაზე მთავარია ხალხთან, რომლის ბევრისთვის ბანალური სილამაზე კვლავაც ჩემი ტრფობის ობიექტად რჩება.
აღტაცების გრძნობა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დამეუფლა, ყინვა, სუსხი, თოვა და მთლიანად გათეთრებული მიდამო თბილად ჩაფუთნული შვედები და სხვა მრავალი ჯურის ხალხი და ამაყად მოფრიალე შვედური დროშები. ჩქმეტის საჭიროება არ იყო - ყველა გარემო ფაქტორი ჩემ სკანდინავიაში ყოფნაზე მიუთითებდა.
მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ გაორების შეგრძნება მთელი ამ 2,5 დღიანი ვოიაჟის მანძილზე თან მდევდა. ერთ მოსაწონს აუცილებლად ახლდა თან ერთი დასაგმობი თუ არა “ძნელად მოსაწონი” მაინც. ამ უკანასკნელის კატეგორიაში შეგვიძლია თავისუფლად გავიყვანოთ შვედეთის ევროზონაში არყოფნა, რის გამოც გვიწევდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ძებნა, ხშირად უსარგებლო ხურდებით ჯიბის დამძიმება და ათეულებში ანგარიში, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ არის.
ავად თუ კარგად კომფორტულმა ავტობუსმა, დაახლოებით 100 კილომეტრი 1,5 საათში დაფარა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ე.წ. “სიტიტერმინალენში” მიგვიყვანა. ენთუზიასტი ახალგაზრდები ქალაქს შევესიეთ და სანამ ჩვენი სტოკჰოლმში მცხოვრები მეგობრები გამოჩნდებოდნენ ქალაქის ცენტრის ცენტრალური ნაწილი დავათვალიერეთ. ჩემს აღტაცებულ შეძახილებს ნამდვილი შვედების დანახვაზე ხშირად ცვლიდა ამოოხვრა წვერგაუპარსავი მუსლიმების გამოჩენისას ანაც “ლოცვა – კურთხევა” ჩვენი ჩრდილოელი მართლმადიდებელი ძმების ენის გაგონებისას, რომელიც ისე ხშირად გვესმოდა, რომ მხოლოდ ჯიბეში კარლ გუსტავის გამოსახულებიანი მონეტა და შვედური წარწერები გვაგრძნობინებდა განსხვავებას სტოკჰოლმსა და ვოლგოგრადს შორის.
მეორე დღე უფრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ვესტუმრეთ გალმა სტანს ანუ ძველ ქალაქს და მოვინახულეთ მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. იმის მიუხედავად, რომ ეს არაა თვალშისაცემი, იმპერია მაინც “იგრძნობა”. ამ გასეირნების დროს შემთხვევით აკრძალულ ზონაში შევუხვიე უდარდელად, სასახლისთვის ახლოდან მინდოდა სურათების გადაღება. ეს კი შვედური კანონმდებლობით ძაღლისთვის პანღურის ამორტყმაზე უარესი დანაშაულია ალბათ, რადგან ახოვანი მცველი ავტომატის სწორებით გამომიდგა და ჩემი სიმკვირცხლე შეამოწმა.
შვედი გოგონებზე მინდოდა დამეწერა ერთი – ორი სიტყვა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. ისინი თავად ბუნებამ “დაწერა” და შესაბამისად ჩემი ცდა მხოლოდ ბუნების შემოქმედების უბადრუკი ასახვა იქნებოდა. თანამედროვე მსოფლიოს 7 ტრაგედიის სია რომ შედგეს, პირველ ადგილზე სწორედ ასეთი ხალხის გეომეტრიული პროგრესიით კლება გავიდოდა. გაკვირვება და სიბრაზე ერთმანეთს ცვლის მაშინ, როდესაც 1 შვედზე 5 არაშვედი (ან უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვი ანტიშვედი) მოდის. არალეგალი იმიგრანტების ასეთი დიდი ნაკადი, შვედური, დასავლური კულტურული პარადიგიმისგან ასე შორს მყოფი ქვეყნებიდან შეიძლება ეროვნული საფრთხედაც კვალიფიცირდეს. როდესაც ღამის გათევა გიწევს ისეთ უბანში, სადაც არაშვედების რაოდენობა 85 – 90% შეადგენს და ისეთი ხალხი მოძრაობს, რომელთა დიდი უმრავლესობაც ქრესტომათიული თალიბანელის ნიმუშად ივარგებს, ხვდები რომ დემოგრაფიულ მკვლევართა პროგნოზები შვედეთთან მიმართებაში სამწუხარო რეალობაა. ამის დამადასტურებლად კი ერთ – ერთ მაღაზიაში ნანახი კატლეტის შეკვრაც იკმარებს, დიდი ასოებით halal
ჭამეთ, 72 ქალიშვილის ფანებო!!
გუშინ ინტერნეტში ქექვისას აღმოვაჩინეთ, რომ შვედეთის დასაქმებული მოსახლეობის 32% “მთავრობაზე მუშაობს” და საერთოდ მატერიალური დოვლათი იქმნება 10 – 15% – ის მიერ, რომელიც მერე ნაწილდება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილზე. ძნელია გაერკვე იმ სოციალური ბენეფიტების და დახმარების სისტემაში, რომელიც მართლაც ათას მუქთახორას ეძლევა. სახელმწიფოს ასეთი დიდი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მართლაც გამაღიზიანებელია.
თუ არ ჩავთვლით ჩემ იმედგაცრუებას იმიგრანტების სიმრავლით და მზის სინათლის მწვავე დეფიციტით, სტოკჰოლმი საშუალო ქალაქია, ოდნავ დეპრესიული. დასათვალიერებელი მართლაც ბევრია და გული მწყდება რომ ყველაფერი ვერ ვნახე (მათ შორის შვედეთის “აღმაშენებელი” გუსტავ II ადოლფის მოედანი და მისი ძეგლი) მაგრამ შთაბეჭდილებები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგი ამ ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც ჯერ კიდევ წინაა.
პ.ს. 3 დღიანმა სიარულმა თოვლში, აეროპორტში გატარებულმა უძილო ღამემ და 5 საათიანმა მგზავრობამ ისე გადამღალა, რომ როდესაც მემანქანემ ჩვეული ჰოლანდიური აქცენტით წარმოთქვა სადგურ მაასტრიხტის დასახელება, უნებურად გავიფიქრე: გავარტყი ერევანს, Маастрихт построен ранше чем на самом деле.
1 / 10
რატომ 1/10? დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც საქართველოდან წამოვედი და კიდევ 9 ამდენი უნდა გავიდეს, სანამ კიდევ შევძლებ მის მიწაზე ფეხის დადგმას. საქართველოსგან შორს მყოფი, სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ მასზე, მის წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე. ამ პოსტსაც ზუსტად ეს ფიქრები მაწერინებს. ახლა კი თუ ვინმე აპირებს პათეტიკურობაში დამდოს ბრალი, ჯობია პოსტის წაკითხვის მაგივრად სხვა, უკეთესი საქმით დაკავდეს.
1 თვე, არა თუ ქვეყნიდან, ჩემი სახლიდანაც არასოდეს წავსულვარ და რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ჩემ სამშობლოსთან მაკავშირებს უზომოდ მენატრება. მენატრება ჩემი ლამაზი მთები, მენატრება ჩემი მტვრიანი ქუჩა, მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი ოთახი, ჩვენი ონკანიდან წამოსული წყალი, ჩვენი კერძები, ჩემი ქართველები მენატრებიან, ჩემი ხალხი, ზოგი ცუდი, მეტი კარგი, ღიმილიანი, გამრჯე, ხმაურიანი და უკეთესი მომავლის რწმენით აღვსილი.
არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე შენი სამშობლოა, იქ სადაც შენი სახლია, სადაც ყოველი ადგილი შენ ღიმილიან და უდარდელ (ჰმ, 90 – იანი წლების საქართველოს კრიტერიუმებით) ბავშვობას გახსენებს.
ერთი რამ რაც აქ მაძლებინებს, ის იმედია, რომ მომავალში შეიძლება ჩემ ქვეყანას და ქალაქს რამეში გამოვადგე, თორემ მიმიფურთხებია ამათი ლამაზი და ვიწრო ქუჩებისთვის, ლამაზი არქიტექტურისთვის და გამართული ინფრასტრუქტურისთვის, აქაურ მაღალი ხარისხის ასფალტსაც ჩემი უბნის წინ რომ “იამკაა” ეგ მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ ჩემია!
აქამდე გაზვიადებულად მეჩვენებოდა ჩვენი ბუნების სილამაზისთვის ნამღერი დითირამბები, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ თუკი მოვუვლით და მივხედავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენც არა ნაკლები სილამაზით შეგვეძლება ვიტრაბახოთ, თუკი უაზრო კრიტიკის და სნობურად ენით ზურგის ფხანის გარდა რაიმე ხელშესახებს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. საოცრად, ძალიან გვჭირდება ერთად დგომა, რომ მცირედით მაინც დავიძრათ წინ, დავძლიოთ ჩამორჩენა სახელმწიფოებთან, დღეს რომ განვითარებულებად მიიჩნევიან. ოღონდ ერთად დგომა არა მონურად, ვინმეს უღლის ან მათრახის ქვეშ, არამედ როგორც ევროკავშირის დევიზი ღაღადებს: United in Diversity! ეს ერთობა კი რა თქმა უნდა მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო ნაციონალური ინტერესების გასატარებლად, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ფორმებით.
ამ ყველაფრისთვის კი მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია უმთავრესი კომპონენტი – ეს არის მოტივაცია. მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, მოტივაცია იმისათვის რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, მოტივაცია იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და შემდგომი თაობების მომავალი იყოს დაცული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს (და არის) ისტორიული ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ “თუ არ გამოგვდის დღეს, აუცილებლად (აუცილებლად!) გამოგვივა ხვალ”.
ყველა უსწორებს თვალს იმ საზარელ კულტურულ დამღას, რაც საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ დაგვიტოვა, მაგრამ დღეს XXI საუკუნეა, ინფორმაციის და ტექნოლოგიების ხანა, რაც საშუალებას გვაძლევს სწორი ორიენტირების აღების და შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩამორჩენა სწრაფად დავძლიოთ, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი უნდა შეეწყოს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით, რომელშიც არა მარტო კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება მოიაზრება, არამედ ისიც, რომელსაც ბავშვი საკუთარი განვითარების პირველ ეტაპზე, პიროვნებად ჩამოყალიბებისას იღებს და რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ან დიდწილად იგნორირებულია ან იმდენად ქაოტური და არაორგანიზებული ხასიათი აქვს, რომ განათლებას ნაკლებად თუ ვუწოდებთ. ძლიერი ოჯახის კულტურა და ოჯახში მიღებული განათლება ადამიანის მსოფლმხედველობის ერთ – ერთი მთავარი საყრდენი ბოძი უნდა იყოს.
დიახ, მე მინდა რომ საქართველოში ყველა დედა, შვილს ანბანის სწავლის მერე წასაკითხად აძლევდეს, მაგალითად სანიკიძის “დედა ისტორიას” და უნერგავდეს ეროვნული სიამაყის გრძნობას, ასწავლიდეს, რომ ეს ქვეყანა კრიტიკის და განქიქების შედეგად კი არ შემორჩა ცისფერ პლანეტას, არამედ იმის გამო რომ მისი წინაპრები “რკინას კვნეტდნენ კბილებით”. ასწავლოს, რომ მატერიალური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რაც დღეს მას სიამოვნებას ანიჭებს, ყველა ის პერსპექტივა რაც მას ცხოვრებაში მოელის, ყველაფერი რაც მის გარშემოა, ფასს დაკარგავს და არარად შეიქმნება, თუკი მას არ ექნება ყველაზე ძვირფასი და ღირებული ამ ქვეყანაზე – საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!
გაუგებარია კრიტიკის და კრიტიკანარევი ღლიცინის ის ნიაღვარი რაც პრეზიდენტის ინიციატივებს, სკოლაში სამხედრო სწავლების და ქართული ცეკვის გაკვეთილების (ეს უკანასკნელი არც ჩემთვის იქნებოდა ურიგო
) შემოღების შესახებ დაატყდა თავს. თუმცა პირიქით კი უნდა იყოს: ერი სახელმწიფოს ჩასახვისა და განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის გამოტოვების და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში ყოფნის გამო, ყველას ვალია ხელი შეუწყოს ეროვნული იდენტიფიკაციის იმ ელემენტების შენარჩუნებას და წახალისებას რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, იქნება ეს ქართული სიამაყის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ცეკვა, თუ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საამაყო საქმე – საქართველოს დროშით დამშვენებული ხაკისფერი მუნდირის ტარება. შენი კულტურა და პოლიტიკური სუვერენეტიტეტია ის რასაც ჰქვია საკუთარი, თავისუფალი სახელმწიფო!
გენერალი პატონი მეორე მსოფლიო ომის საბრძოლოს ოპერაციებში ჩართვის წინა ღამეს, თავის ჯარისკაცებს ეუბნებოდა, რომ ყველაზე ღირებული რაც მათ ამ ომში მონაწილეობის მერე შემორჩებოდათ, იქნებოდა ის, რომ 20 წლის მერე ბუხრის წინ მოკალათებულები, კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომში, ამაყად მიუგებდნენ მათ მუხლებზე მოკალათებულ შვილიშვილებს, რომ ისინი გენერალ პატონთან და მესამე არმიასთან ერთად იბრძოდნენ.
ჩემი ოცნებაც მას ეხმაურება: როდესაც მოვა დრო და შვილიშვილი დამეკითხება, თუ რა მიკეთებია, მსურს რომ პატონის ჯარისკაცივით თვალებში ჩავხედო და ისე ვუპასუხო: მე საკუთარ, თავისუფალ სამშობლოს ვემსახურებოდი!
ჩემ სამშობლოს, თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს გაუმარჯოს!
პირველი შთაბეჭდილებები მაასტრიხტიდან
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან შემჯავრდა თვითმფრინავით მგზავრობა, იმის მიუხედავად რომ სულ მესამედ გავფრინდი. ვერც წესიერად ვიძინებ, ილუმინატორიდან ცქერაც დიდი ვერაფერი ბედენა ყოფილა და გამაგრილებელი სასმელები კიდევ თბილია.
შესაბამისად, ძალიან გამიხარდა როდესაც ჩვენმა თვითმფრინავმა ღრუბლები გაკვეთა და ამსტერდამის აეროპორტში მსუბუქად დაეშვა. ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქი პირქუშად, თავსხმა წვიმით შეგვეგება. საპასპორტო შემოწმება XXI საუკუნის ევროპული სეგრეგაციის პირობებში გავიარეთ (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რიგები მიღება ცალკე რიგებით ხდებოდა) ბარგის აღების შემდეგ, ბედად აეროპორტიდან გასვლამ არც მოგვიწია, რადგან მატარებლის სადგური იქვეა. შევიძინეთ ბილეთები მაასტრიხტამდე და ბაქნის დაზუსტების, ვაგონში ბარგის ათრევის და ადგილების დაკავების შემდგომ, უკვე წვიმიანი ჰოლანდიის ცქერით ვიქცევდით თავს. ნათქვამია პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვსო და მეც პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე მწვანეში ჩაფლული, კოპწია და მყუდრო დაჩთა ქვეყნით. ულამაზეს პეიზაჟს ქმნიდა გზის პირიდან დანახული სოფლები, ლამაზი და დიდრონი სოფლური სახლებით, მობალახე ცხოველებით, მინდვრებით და არხებით.
მაასტრიხტში, სადაც ჩემი ცხოვრების მომდევნო 10 თვის გატარება მომიწევს დაახლოებით 3 საათში ჩამოვედით. დაღლილობის მიუხედავად უყოყმანოდ გადავწყვიტეთ ქალაქის დათვალიერება და არც გვინანია. მოვინახულეთ თითქმის ყველა ძირითადი ადგილი (მაკდონალდსის ჩათვლით) და მეტნაკლები წარმატებით დავიმახსოვრეთ ის ვიწრო ქუჩები, რომლებზე ხეტიალიც ხშირად მოგვიწევს.
ქალაქი ძალიან სუფთა და ლამაზია, გვხვდება როგორც ძველი არქიტექტურის ნიმუშები, ისე ახალი, თანამედროვე ნაგებობები. ქუჩებზე სიარულს არაფერი სჯობს თუკი იმასაც დავძენთ რომ ამ ქუჩებში მოსიარულეთა 75% – ს ოქროსფერი თმა და ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს, სიარული ორმაგად სასიამოვნო ხდება
ვფიქრობ ხალხი ჰოლანდიის ნომერ პირველი მშვენებაა! მომღიმარი, ზრდილობიანი, ტანადი და დამხმარე.
საქართველოდან ჩასული ძნელად ვეგუები მანქანების უჩვეულოდ “ზრდილობიან” მოძრაობას და გზის დათმობას ფეხით მოსიარულეებისათვის. ერთი ორჯერ ვცადე ხელის აწევით მადლობა გადამეხადა, მაგრამ მერე მძღოლების უემოციო სახეების დანახვისას მივხვდი, რომ ტყუილად ვირჯებოდი. ვფიქრობ ეს ის დაუწერელი წესია, რომელსაც ისე იცავენ, რომ ამისთვის მადლობის გადახდა ეუცნაურებათ
სასიამოვნოა ისიც, რომ ქალაქში დიდიან – პატარიანად ყველა საუბრობს ინგლისურად და ენობრივი ბარიერი თითქმის არ არსებობს. ასევე ძლიერია ფრანგული და გერმანული ენების გავლენაც და ხშირად გვხვდებიან ამ ენებზე მოსაუბრე მაასტრიხტელები. (მეტა: ჩამოვიყვანოთ მეტი native speaker – ი და 10 – 15 წელიწადში ჩვენც საგრძნობი პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით) ჰოლანდიური ენის სწავლა ჯერ-ჯერობით შორეული პერსპექტივაა.
ველოსიპედების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულება ცნობილი ამბავია, თუმცა ნამდვილად გამაოცა “ველიკზე” ამხედრებული ასაკოვანი ხალხის სიმრავლემ. ქართული სტანდარტებით (warning: explicit agism) გვარიანად გადაღრძუებული ჭაღარა ბებო ისე მონდომებით ატრიალებს პედლებს და მიჰქრის, რომ ხშირად შურით ვაყოლებ თვალს და ვეჭვობ მეც შევძლებ თუ არა მსგავს მანევრებს.
დადებითი შთაბეჭდილებების მოზაიკას ავსებს დაბალი ფასები იმ პროდუქტებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. კერძოდ: ჩიპსები, ხორეული, წვენები, შოკოლადი და ა.შ. 5 ევროს ფარგლებში საკაიფოდ შეგიძლია აკრიფო პროდუქტი და ისიამოვნო. მაგალითად დიდი ჩიპსი, რომლის ფასი საქართველოში 4 – 5 ლარამდე მერყეობს, აქ 90 ცენტი ღირს, ასე რომ “არ შეჩერდე – წაუხრამუნე” დევიზს წარმატებით შეგვიძლია ვუერთგულოთ.
ჩემი საცხოვრებელი, უნივერსიტეტის guesthouse – ია, რომელიც მდინარის მეორე მხარეს, ხელოვნების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოშორებით მდებარეობს, თუმა ველოსიპედის შეძენის შემთხვევაში სიარული საგრძნობლად გაადვილდება.
მოკლედ, ეს პატარა პროვინციული ქალაქი უკვე შემიყვარდა
P.S. რა კარგია როდესა გარშემო ეკლესებია და არა მეჩეთები!
კონსტანტინოპოლი 2
ამ პოსტში გავაგრძელებ ჩემს კონსტანტინოპოლიადას, მოსაყოლი დაგროვდა.
ზუსტად ერთმა კვირამ განვლო მას მერე, რაც აქ ვიმყოფები და საქართველოს მონატრება დღითი დღე უფრო მიძლიერდება, აქ ყველაფერი ძალიან უცხო და შორეულია, უცხო ხალხით, უცხო ჰაერით უცხო მზით და უცხო ცით. . . ალბათ მალე დავიწყებ კალენდარზე დღეების გადახაზვას და იმაზე ფიქრით დაძინებას, როდის დავადგამ ფეხს ჩემი სამშობლოს მიწაზე.
უნივერსიტეტი, სადაც ლექციები გვიტარდება სტამბულში (მძულს ეს სახელი!) ერთ – ერთი ახალი და დახვეწილია, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, ბიბლიოთეკით, ინფრასტრუქტურით და 2 კაფეტერიით, სადაც ყველაზე უგემურ კერძებს ამზადებენ, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და რომელსაც მხოლოდ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად თუ გაეკარება ადამიანი. ერთადერთი რაც მომწონს, ეს არის მანდარინის წვენი, რომელსაც რატომღაც თურქულ ლიმონათს ეძახიან და რომელიც ძალიან გემრიელია.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მეტად დატვირთული და პროდუქტიულია. დილით გვაქვს აკადემიური წერის ლექციები, რომელსაც გვიტარებს აქ მცხოვრები ავსტრალიელი, რომელიც თავის საგნის პროფესიონალია მაგრამ გაგნებაში არ არის რა განსხვავებაა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის, ან საქართველო უფრო დიდია ტერიტორიულად თუ უკრაინა. ახატია კაცს და მოსთხოვე ახლა ამ “წვრილმანების” ცოდნა.
კვირაში ორჯერ გვაქვს ე.წ. “დებატების ლექცია” სადაც მეტად დაბნეული, მაგრამ ჭკვიანი უნგრელი ლექტორი გვაცნობს აკადემიური დებატების წარმართვის ძირითად ხერხებსა და კონცეფციებს, რომელიც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ლექტორმაც რამდენჯერმე მაჩვენა აღმართული თითი
))) ცერა რა თქმა უნდა
)))))
და ასევე გვაქვს ჩემი საყვარელი საგნის - ევროპის ინტეგრაციის ისტორიის, უსაყვარლესი ლექტორის – ანეტა სპენჯაროვას მიერ წაკითხული ლექციები, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად დატვირთული, ინფორმატიული და დაძაბულია. საგნის სირთულეზე და მასალის უსაზღვრობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ყურებადე ვარ შეყვარებული სპენჯაროვაზე. 1980 წელს დაბადებული ბულგარელი გოგონა, რომელიც უკვე დოქტორია (დისერტაციის თემაც ვიცი) და თავისი საგნის სპეციალისტი. მუდამ იღიმის, ენერგიული და მხიარულია, აქვს ძალიან საყვარელი ხმა და ჭორფლები ოდნავ ფუმფულა ლოყებზე, მოკლედ I love Aneta.
დღეს ასევე მეტად მნიშვნელოვანი გასვლითი ტური გვქონდა ჩვენი დორმის მიდამოებში. თავდაპირველად ვესტუმრეთ ლურჯ მეჩეთს, რომელიც პირველი მეჩეთი იყო რომელშიც შევედი. ძალიან არ აღვფრთოვანებულვარ და ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მეჩეთია. მის გვერდით მოვინახულეთ სულთის სასახლე, რომელიც ნამდვილად ლამაზი და ეგზოტიკურია, განსაკუთრებით ის სიძველეები და ძვირფასეულობა რომელიც მანდაა დაცული, თუმცა მათზე უფრო საინტერესოდ სკანდინავიური ჰაბიტუსის მქონე ტურისტების სიმრავლე მომეჩვენა
სამწუხაროდ სურათების გადაღება აკრძალული იყო და მხოლოდ გონებაში თუ შემოვინახავ ზურმუხტით მოოჭვილ დაშნას ან მურად IV – ის მუზარადს.
დღის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ჩემთვის აია სოფიას ნახვა იყო. ქრისტიანული კულტურის ამ უბრწყინვალესი ძეგლის ნახვა იმ დროიდან იყო ჩემთვის ოცნება, რა დროიდანაც მის შესახებ შევიტყვე და ადვილი წარმოსადგენია ის გრძნობა რაც იქ შებიჯებისას დამეუფლა. თავბრუდახვეული დავდიოდი აღმა – დაღმა და ვაჩხაკუნებდი ფოტოაპარატს. შემზარა ქრისტიანული ფრესკების გვერდით მუსლიმური სიმბოლიკის არსებობას, რადგან ისეთი ამაზრზენი, შეუსაბამო და გულისამრევი იყო ეს ყველაფერი, ამ დიდებულ ტაძარში, რომელმაც მოწიწების გრნობით ამავსო, რომ ვერ ვიკავებდი თავს, აშკარად არ გამომეხატა ზიზღი და რისხვა. ძალიან შთამბეჭდავი იყო ტახტი, სადაც ერთ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბრძანდებოდა, ტალანები, რომელსაც ზემოთ ავყავართ და რომელიც შუა საუკუნეებსი გვაბრუნებს, ზედა იარუსი, საიდანაც ტაძრის ულამაზესი ხედი იშლება, უძველესი ფრესკები საიდანაც მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ბიზანტიელი იმპერატორები შემოგვცქერიან, უზარმაზარი სვეტები, საიდანაც იგრძნობა იმპერია და ისტორია თავისით ცოცხლდება… თუმცა ეს მირაჟი წამიერია, რადგან თვალი უნებურად მუსლიმურ ყაიდაზე გადაკეთებულ საკურთხეველს აწყდება და ყურში უსიამოვნო ყეფის მაგვარი თურქული საუბარი ჩაესმის… ხ, ტფუ!
აია სოფიას ნახვის შემდეგ, სტამბულის”გრანდ ბაზარსაც” ვეწვიე, რომელაც მხოლოდ თავისი მასშტაბებით მომხიბლა, მცირედი რამ შევიძინეთ და წასვლის დროც მოახლოვდა. დღევანდელი დღე, აქ გატარებული დღეებიდან უდავოდ ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ადიოს.
კონსტანტინოპოლი
დიახ, კონსტანტინოპოლი და არა სტამბული, კენიგსბერგი და არა კალინინგრადი – ძირს დამპალი იმპერიალისტები!
3 ივლისს დილის 7 საათზე კონსტანტინოპოლში ჩავფრინდით. თვითმფრინავით მგზავრობა არ აღმოჩნდა მაინც და მაინც განსაკუთრებული, დაახლოებით ავტობუსში ჯდომის შეგრძნება იყო, რამაც ცოტა იმედი გამიცრუა.
როგორც წესი ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება აეროპორტით იქმნება, არც თურქეთი აღმოჩნდა გამონაკლისი, საკმაოდ დიდი და ლამაზი აეროპორტი აქვთ, აეროპორტიდან გამცილებლებმა ავტობუსით მიგვიყვანეს საერთო საცხოვრებელში და გზა დაგვილოცეს.
სწორედ მაშინ გავიაზრე პირველად, რომ საქართველოში აღარ ვიყავი: მესმოდა არეული ინგლისური და თურქული საუბარი, შეძახილები რუსულად, იდგა საოცრად დახუთული ჰაერი და უცნაური, აღმოსავლური სუნი. პირველი “ჩავარდნაც” ამ დროს მომივიდა, მთელი ღამის უძილომ, მისაღებში ხელი ვიღაც ბახრამოვის ან ბაირამოვის ადგილას მოვაწერე.
ამ ცოტა გაჭიანურებული შესავლის შემდეგ, ვიტყვი, რომ კონსტანტინოპოლი ლამაზი ქალაქია, მოვლილი გაზონებით და სკვერებით, მეტნაკლებად სუფთა ქუჩებით და მდიდრული შენობებით. ევროპული სული იგრძნობა, მაგრამ აზიური დომინირებს, ყოველ ნაბიჯზე მწვადის და შაურმას სუნია და კიდევ, რაც ყველაზე დამთრგუნველად მომეჩვენა, ეს არის ხმაური.
ორი დღის მანძილზე ვინახულე რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, მათ შორის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის რეზიდენცია, კონსტანტინოპოლის ძველი გალავანი და ჭიშკრები. ერთი წლის წინ, როდესაც კონსტანტინოპოლის დაცემას და გალავნის დამცველთა გმირობის შესახებ ვკითხულობდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ დროს იქ მომიწევდა ფეხის დადგმა, სადაც კონსტანტინე პალეოლოგოსი თავის მცირერიცხოვან რაზმთან ერთად თავგანწირვით ებრძოდა ბარბაროსთა ურდოებს, დაახლოებით იგივე შეგრძნება იყო ბოსფორის სრუტის დანახვისას, რა დროსაც ჩემთვის ისტორია გაცოცხლდა…
რაც შეეხება ხალხს, მეტწილად მშვიდობიანი და წყნარია, თუმცა რამდენჯერმე ისეთ ქუჩებზე შევბოდიალდით, რომელთაც რბილად რომ ვთქვათ “არასასურველს” უწოდებენ, თუმცა აგრესიულ გამოხედვაზე ადეკვატური პასუხი ნამდვილად ჭრიდა, ხშირ შემთხვევაში ჟესტიკულაციაც.
რაც შეეხება საზაფხულო სკოლას, გუშინ მიღება გვქონდა. სწორედ იქ გავიცანი ერთი პალესტინელი ყმაწვილი, რომელმაც ამაყად წაშალა თავის ბარათზე წარწერა “დასავლეთ ნაპირი” და მიაწერა – პალესტინა, რადგან ჩვენ უკვე სახელმწიფო გვაქვსო. მოკლედ, მასთან საუბარმა დამარწმუნა, რომ თუკი პალესტინის მოაზროვნე ახალგაზრდობის ნაწილი ისევე აზროვნებს, როგორც ეს ადამიანი, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, როგორ აზროვნებს შედარებით ნაკლებად ინტელექტუალური ფენა და როგორ ერხევა მაგ ტერიტორიულ წარმონაქმნს.
საოცრად მაღიზიანებს სტამბულში მოფრიალე ვეებერთელა თურქული დროშები (დაახლოებით თბილისის შემოსასვლელში რომ არის, ორი მაგხელაა) და ყველგანმყოფი ათათურქის უზარმაზარი სურათები, რაღაც big brother is watching you – ს ასოციაციას ქმნის. ამას თან ერთვის სოკოებივით მოდებული მეჩეთები და მოლას მოწოდება, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელია.
საინტერესო დიალოგი მქონდა დამლაგებელთან, რომელმაც გაიგო რა, რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე “ოჰ ესე იგი თურქი ხარო” დაასკვნა და პასუხად ჩემგან დაბეჯითებული ტონით ტაო – კლარჯეთის დაბრუნების მოთხოვნა მიიღო
)))
სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ თურქეთში იმის მიუხედავად, რომ მუსლიმური ქვეყანაა, სეკულარიზმს გამარჯვებამდე ჯერ ბევრი უკლია, ხოლო კონსტანტინოპოლი ის ქალაქია, სადაც 2 დღის სიარულის შემდეგ ბევრი აღმოაჩენს, რომ ამ მისი მთავარი დამახასიათებელი შტრიხი, ისტორიული უსამართლობის მსხვერპლობაა. . . . .
პ.ს. საშინელი წყალია, არაფრის გემო არ აქვს!
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS
